პოლიტMENU – სოფო ქაცარავას მსოფლიო გემო

დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთი ‒ საქართველო“ მაყურებელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით იხილა. ნამუშევრის მომდევნო პრემიერა ლონდონში შედგება. ფილმის ავტორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა ბრიტანეთისა და საქართველოს 25 ‒ წლიან დიპლომატიურ ურთიერთობაზე გვიყვება, ‒ ყველა იმ ეტაპზე, რომელმაც საელჩოში მუშაობის წლებში მისი უშუალო თანამონაწილეობით გაიარა. ვსაუბრობთ სტუდენტობისას აღმოჩენილ ნისლიან ლონდონზეც, დეგუსტაციებზე, რომელთა საშუალება უცხოეთში საქმიანი ვიზიტებისას თუ ტურისტული მოგზაურობისას მიეცა; გემოზე, რომელიც თითოეულ ქვეყანას აქვს და დიდწილად განსაზღვრავს მის განსაკუთრებულობას.

– სოფო, როგორ გაჩნდა ფილმის გადაღების იდეა? რას მიეძღვნა ის, რაში მდგომარეობს მისი მთავარი გზავნილი?

– შარშან პარლამენტიდან ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ დოკუმენტური ფილმი გადაიღო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომლის პრემიერაც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში შედგა, ჩვენების შემდეგ კი ფილმის ირგვლივ დისკუსია გაიმართა. მაშინ პირდაპირ ეთერში ვთქვი, რომ მეორე ფილმი ბრიტანეთ საქართველოს სტრატეგიულ ურთიერობაზე იქნებოდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ისევ „მაესტროზე“ ვაჩვენეთ ახალი ფილმიც.

ბრიტანეთის საელჩოში მისი გახსნის დღიდან ვმუშაობდი, უკლებლივ ყველა ელჩთან მქონდა კომუნიკაცია ფილმის გადაღების პერიოდშიც. მათი დიდი სურვილიც ის იყო, რომ ეს ფილმი შემდგარიყო და პროექტს წარმატება ჰქონოდა. რა თქმა უნდა, საპარლამენტო განზომილებაც ჩავრთეთ მუშაობის პროცესში. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გვეჩვენებინა ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კავშირები და მეგობრობა. ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა. მასში ყველანაირი გზავნილია, ‒ პოლიტიკური და ეკონომიკურიდან დაწყებული, კულტურულით დამთავრებული. ფილმში კარგად ჩანს, რომ ბრიტანეთი გულ წრფელად უდგას გვერდში საქართველოს, ქართველ ხალხს. ასე იყო 25 წლის წინაც და ასე გრძელდება დღემდე. ეს ემოციური ფონია ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი; ის, რომ წლების განმავლობაში ამ პროცესების ნაწილი თვითონაც ვიყავი, მეც შემქონდა ჩემი წვლილი ამ ურთიერთობების გამყარებაში და დღეს, ჩვენ გვაქვს ერთგვარი რეზიუმე ამ ფილმის სახით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ბევრ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს აღვნიშნავთ. ბრიტანეთთან ერთად, მათ შორისაა აშშ, გერმანია, ბევრი სახელმწიფო, რომელმაც 25 წლის წინ საელჩო დააარსა ჩვენთან. დღეს, როცა ამერიკასა და ბრიტანეთთან ჩვენს ურთიერთობებზე გადაღებულ ამ ორ ფილმს ვუყურებ, სრულიად თვალსაჩინოა, თუ რა გზა გავიარეთ; თუ სად იყო საქართველო 25 წლის წინ და სად ვართ ჩვენ დღეს. ეს ფილმები ერთ გვარი სიმბოლოა იმისა, თუ რა გზა გავიარეთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დამოუკიდებლობიდან დღემდე.

ესაა შეჯამება ‒ საიდან დავიწყეთ; რა ხდებოდა ჩვენთან მაშინ, როცა ბრიტანეთის საელჩო ერთი ოთახითა და ორი თანამშრომლით შემოიფარგლებოდა. აი, დღეს კი უკვე სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ!

– რა გხიბლავთ ბრიტანეთში ყველაზე მეტად?

– იმდენად დიდხანს ვმუშაობდი ბრიტანელებთან, იმდენად კარგად ვიცნობ მათ, თავად ბრიტანეთსაც, რომ მიჭირს ერთი-ორი თვისების ან ფაქტორის გამოყოფა, რამაც განსაკუთრებულად შეიძლება მოგხიბლოს. ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც წავედი, მაშინ სტუდენტი ვიყავი და ოთხი თვით დარჩი, ვსწავლობდი. პირველი შთაბეჭდლება ახლაც ზუსტად მახსოვს: ეს იყო ისტორიისა და თანამედროვეობის არაჩვეულებრივი შერწყმა. ხშირად მცდარი წარმოდგენა აქვთ სწორედ იმ კუთხით, რომ ბრიტანეთი მკაცრად კონსერვატიულ, ტრადიციების მიმდევარ ქვეყნად აღიქმება. რა თქმა უნდა, ეს ასეცაა, მაგრამ, ამის პარალელურად, ესაა მომავალზე ორიენტირებული, თანამედროვე სახელმწიფო, სადაც ძველი და ახალი ჰარმონიულადაა შერწმული ერთმანეთთან. ყველაფერშია ეს გამოხატული და იოლად აღსაქმელია იგივე არქიტექტურაში, ადამიანებში… ასევე თვალშისაცემი იყო ეთნიკური დიდი მრავალფეროვნება და ის, რომ ყველა ‒ ნაწილია ამ ქვეყნის. და, რაც მთავარია, ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთისა და შენ მიმართ, კეთილგანწყობა, ურთიერთობის, მოსმენის კულტურა, აზრის პატივისცემა…

– რომელია თქვენი ფავორიტი ქვეყანა ან ქალაქი?

– გამიჭირდება საყვარელი ქვეყნის დასახელება და იცით, რატომ? ყველა ქვეყანაშია რაღაც ისეთი, რამაც არ შეიძლება უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩინოს. ლონდონსაც კი არ გავუსვამ ხაზს, ‒ მიუხედავად იმისა, რომ ის იყო პირველი ქალაქი, სადაც ჩავედი და ვიცხოვრე კიდეც. ლონდონი სულ მენატრება, მაგრამ მსგავსი განცდა მაქვს აბსოლუტურად ყველა ქალაქისა და ქვეყნის მიმართ, სადაც ვყოფილვარ. თითოეულ მათგანში ან
ხალხია განსაკუთრებული, ან გარემო, ან სხვა რამ, რაც იქაურობას განსხვავებულ სივრცედ აქცევს.

– თავისუფალი დრო თუ გაქვთ და როგორ ატარებთ მას?

– თითქმის აღარ მაქვს და ეს სერიოზული გამოწვევის წინაშე მაყენებს. სამი შვილი მყავს, ‒ თექვსმეტი, ცხრა და რვა წლის. სამივეს თავისებური, ინდივიდალური მიდგომა უნდა, სამივეს აქვს თავისი მოთხოვნები. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად გაგებით ეკიდებიან ჩემს უკიდურესად გადატვირთულ გრაფიკს. თუკი წუთი მაინც მაქვს თავისუ ფალი, მას, რა თქმა უნდა, ბავშვებთან ვატარებ. მხოლოდ მათთან ერთად თუ წავალ მეგობრებთანაც. ის მამშვიდებს, რომ ჩემი მშობლების საიმედო ხელში არიან, სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო რთული იქნებოდა. დღის განმავლობაში ტელეფონით ვკონტაქტობთ ერთმანეთთან, როცა წასული ვარ, სოციალური ქსელი ხდება მთავარი საკომუნიკაციო საშუალება.

– სამზარეულოს, კულინარიას რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

– გაგიკვირდებათ, მაგრამ მართლა ძალიან მიყვარს სამზარეულო. ნამდვილად ვერ დავიბრალებ, რომ დიდი კულინარი ვარ, რამდენადაც ცოტა დრო მაქვს ამისთვის, მაგრამ რასაც ვამზადებ, კარგად გამომდის, მათ შორის, ტრადიციული ქართული კერ ძებიც. ასე მეუბნებიან სხვებიც. სამუშაო დღეებში გამორიცხულია, მაგრამ კვირას, თუ თავისუფალი ვარ, დიდი სიამოვნებით ვამზადებ. უმცროს შვილს განსაკუთრებულად უყვარს ჩემთან ერთად სამზარეულოში ყოფნა, მეხმარება და ერთად ვმზარეულობთ.

– რომელი ქვეყნის სამზარეულო გხიბლავთ ყველაზე მეტად? ფავორიტი კერძი თუ გაქვთ?

– მე მგონია, რომ ხაჭაპურს არცერთი სხვა კერძი არ შეედრება, ძალიან მიყვარს! ისე ძალიან მიყვარს, რომ მინდოდა საუკეთესოდ მცოდნოდა მისი ცხობა, ავდექი და ვისწავლე. ზოგადად, ქართულ კერძებს რაც შეეხება, გულწრფელად ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი, უმ დიდრესი სამზარეულო გვაქვს. უცხოეთში ყოფნისას მოგზაურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ‒ ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებაა. რამდენადაც ახალი ქვეყნების ნახვა მიყვარს, იმდენადვე მიყვარს ახალი კერძების გასინჯვაც. დიდ სიამოვნებას ვიღებ ამით. კულინარია ‒ კულტურის, ტრადიციის ნაწილია. ყველა სამზარეულო საინტერესოა ‒ ევროპულიც, აზიურიც, ვერ გეტყვით, რომ კონკრეტულად რომელიმეს დიდ უპირატესობას ვანიჭებ. სხვათა შორის, ლონდონში პირველად ჩასვლისას ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც დიდი შთა ბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ერთ ქალაქში თავმოყრილი სხვადასხვა ქვეყნის კერძების უდიდესი მრავალფეროვნება იყო.

– ჯანსაღი კვება რამდენად მნიშვნელოვანიათქვენთვის?

– სამი-ოთხი წლის წინ გავიაზრე ჯანსაღი კვების მნიშვნელობა. მანამდე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მთელი ცხოვრება ვმუშაობ, არასდროს მქონდა იმის ფუფუნება, რომ საუზმე, სადილი, ვახშამი საათების მიხედვით გადამენაწილებინა. ახლა სურვილი მაქვს, რომ მაქსიმალურად ჯანსაღად ვიკვებო, თუმცა რთული რეჟიმის პირობებში ეს რამდენად ხერხდება, მეორე საკითხია. იმას მაინც ვცდილობ, რომ სასარგებლო საკვები მივიღო, თუნდაც ქაოტურად. სამაგიეროდ, ჯანსაღი კვების პროპაგანდას აქტიურად ვეწევი სახლში, ბავშვებთან. ადრე, თვეები შეიძლება გასულიყო ისე, რომ ხილი არც კი გამხსენებოდა. არც ახლა მიყვარს, მაგრამ ბავშვებთან ხშირად ვლაპარაკობ მის მნიშვნელობაზე და ვცდილობ თვითონაც მაგალითი ვიყო მათთვის. შეიძლება ძალით შევჭამო ვაშლი, რომელზეც არ ვგიჟდები, იმისთვის, რომ ისინი მიეჩვიონ ჯანსაღ კვებას. ჩემს 16 წლის ბიჭს იმდენად გააზრებული აქვს ეს საკითხი, ვარჯიშის, სწორი კვების მნიშვნელობა, რომ მიკვირს კიდეც, ‒ ყველაფერი თავის ადგილზე აქვს. პატარებსაც იგივეს ვაჩვევ.

– რომელი პროდუქტის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი ყოველდღიური რაციონი?

– ყველივით არცერთი პროდუქტი არ მიყვარს. და კიდევ ხაჭო. შოკოლადისა და ხაჭოს კომბინაცია მიყვარს ძალიან, ან თაფლი და ხაჭო.

– სასმელებიდან რას ანიჭებთ უპირატესობას?

– ყავა. ისაა ჩემი მაცოცხლებელი სასმელი. ძალიან მიყვარს, იმის მიუხედავად, რომ დისონანსშია ჯანსაღი კვების პრინციპთან. ყავას ვერაფრით ვანაცვლებ, ამიტომ მის გასანეიტრალებლად დღის განმავლობაში ძალიან ბევრ წყალს ვსვამ. ადრე არც ამას ვაქცევდი დიდ ყურადღებას, რა საჭიროა-მეთქი, ვფიქრობდი. ბოლო წლებია დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ წყალს იმის გამო, რომ საჭიროა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com