დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ 19 წლის ქართველი მოდელისთვის უკვე სრულიად ჩვეულებრივი ამბავია მოდის ისეთ სახლებთან თანამშრომლობა, როგორიცაა: Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Moncler და სხვა. თავბრუდამხვევი წარმატება კი პარიზში Versace-ს ჩვენებისთვის მოდელების შერჩევიდან დაიწყო. აქედანვე დაიწყო თაკო ნაცვლიშვილის კოსმოპოლიტური სამოდელო კარიერაც და მსოფლიოს ეკლექტურ სამზარეულოში სასურველი გემოს ძიებაც.
– თაკო, როდის და ვისი გავლენით დაინტერესდით კულინარიით?
– ბავშვობიდან ვიყავი ჩართული სამზარეულოს საქმეებში. დედა და ბებია სულ ამზადებდნენ კერძებს, მეც მიყვარ და ყურება და ვეხმარებოდი ხოლმე. მერე უფრო გამიტაცა მზადებამ, ერთი-ორჯერ დამოუკიდებლად რომ ვცადე, კარგად გამომივიდა. ამ ეტაპზე იმდენად დაკავებული ვარ, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ ხშირად ვტრიალებ სამზარეულოში, მაგრამ როცა თბილისში ვარ და, მით უმეტეს, როცა მეგობრები ვიკრიბებით, სულ მიჩნდება იმის სურვილი, რომ რამე მოვამზადო.
– ყველაზე ხშირად რას ამზადებთ?
– ყველაზე კარგად ჩინური კერძები გამომდის. თვითონაც ძალიან მიყვარს მათი სამზარეულო. ასევე განსაკუთრებულად მიყვარს ცომეული და ცხობა. რასაც ვამზადებ, როგორც წესი, ზედმეტად კალორიულია ხოლმე. ჩემი უსაყვარლესი იტალიური კერძებიც კარგად გამომდის ‒ პასტა, ლაზანია.
– მოდელების კვების რეჟიმი, როგორც წესი, მკაცრადაა ხოლმე გაწერილი. თქვენც აკონტროლებთ რაციონს?
– მკაცრად ვაკონტროლებ, თან ვვარჯიშობ და ამ დროს თვითონვე გიჩნდება სურვილი, რომ კვებითაც ხელი შეუწყო საკუთარ ორგანიზმს. სადაც ვვარჯიშობ, იქ თვითონ დამიწერეს, რა საკვები უნდა მივიღო, რამდენი კალორია, რა ინტერვალებით. ეს რთულია, პირადად ჩემთვის სტრესია დიეტაც და ვარჯიშიც, რადგან ჭამაზე ვგიჟდები. ამიტომ კვირაში ერთხელ თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ კალორიები არ ვითვალო და მივირთვა ყველაფერი, რაც გამიხარდება. ეს აუცილებელია, ჩემი აზრით.
– ნიუ-იორკში რა გენატრებათ ხოლმე ქართული სამზარეულოდან?
– ქართული სამზარეულოდან ყველაზე მეტად აჭარული ხაჭაპური მიყვარს. საბედნიეროდ, ნიუ-იორკში ბევრი ქართული რესტორანია და ხშირად დავდივარ ხოლმე. მონატრებას ვერ ვასწრებ. თავად არასდროს მიცდია მისი გამოცხობა. ახლა იმდენად გადატვირთული განრიგი მაქვს ‒ კასტინგები, გადაღებები, რომ ძირითადად, გარეთ მიწევს კვება. ნიუ-იორკი ძალიან დიდი ქალაქია, ზოგი კასტინგი შეიძლება შორს იყოს ჩემი სახლიდან. ამიტომ უკან დაბრუნებას, კიდევ რაღაცის მომზადებას დიდი დრო მიაქვს და ვეღარ ვახერხებ.
– ამერიკულ სამზარეულოს როგორ დაახასიათებდით? აქვს მას თავისი გამოკვეთილი კულინარიული ხასიათი?
– ნიუ-იორკში ყველანაირი სამზარეულოა თავმოყრილი. ძალიან გემრიელ ჩინურ, იაპონურ, იტალიურ კერძებს დააგემოვნებთ. ასევე პოპულარული და გემრიელია ნიუ-იორკული სტილით მომზადებული პიცა. ზოგადად, თვითონ ადგილობრივი, ამერიკული სამზარეულოს, მათი ბურგერების დიდი მოყვარული არ ვარ, ზედმეტად კალორიულია.
– არის რომელიმე პროდუქტი, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებთ?
– დარიჩინი მიყვარს ძალიან, ყავაშიც და დესერტებშიც. მისი არომატი, მე მგონი, ყველაფერს უხდება.
– თქვენი საყვარელი დესერტი რომელია?
– ბრაუნი ნაყინით ყველა ნამცხვარს მირჩევნია, თუმცა დესერტები, ზოგადად, ძალიან მიყვარს.
– რა სჭირდება, თქვენი აზრით, კარგ მზარეულს?
– ალბათ, ნიჭი უნდა, პირველ რიგში. გემოს სწორი აღქმა, ექსპერიმენტებისთვის მზადყოფნა. ვისაც სიახლე შეაქვს კერძში, ვინც ამას არ უფრთხის, მას გამოსდის მზადება ყველაზე კარგად. გამოცდილებაც დიდ როლს თამაშობს. როცა ბევრი რაღაც გაქვს დაგემოვნებული, მარტივად ხვდები რას რა მოუხდება.
– ბევრს მოგზაურობთ და პრაქტიკულად უცხოეთში ცხოვრობთ. გიჭირთ ოჯახისგან შორს ყოფნა?
– პირველად ჰონგ-კონგში წავედი. 14 წლის ვიყავი. ყველაზე რთულად ის პერიოდი მახსენდება. პირველი ოთხი თვე ძალიან გამიჭირდა. შემდეგ ევროპაში რომ გადავინაცვლე, უკვე ნელ-ნელა გამიადვილდა. დღეს ეს მომენტი საერთოდ აღარ მაწუხებს, პირიქით, ხანდახან თბილისში რომ ვარ, მინდა ხოლმე წავიდე, იმდენად მივეჩვიე მარტო ყოფნას. სულ ვმოგზაურობ და თითოეულ ქალაქში ორი თვით ვჩერდები. სამუშაოდ, რა თქმა უნდა. ახლა ნიუ-იორკშიც ორი თვით ვარ, უკვე მეოთხედ. მერე ცოტა ხნით თბილისში დავბრუნდები და ევროპაში წავალ. ჩემებთან სულ ვრეკავ სკაიპით, ყველაფერში ჩართული ვარ.
– თავისუფალი დრო გრჩებათ?
– ხშირად ისეცაა, რომ ზედიზედ სამი დღე შეიძლება არაფერი მქონდეს. შაბათ-კვირასაც, როგორც წესი, ვისვენებ ხოლმე. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს აქ და თავისუფალ დროს ერთმანეთს ვნახულობთ, რესტორნებში, კლუბებში მივდივართ ხოლმე.
– კლუბები გიყვართ?
– დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ათასში ერთხელ განტვირთვის კარგი საშუალებაა.
– რომელ ქალაქში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
– ერთადერთი ქალაქი, რომელსაც მეორე სახლად ვთვლი, პარიზია. იგივე ნიუ-იორკი მას, ალბათ, ვერასდროს შემიცვლის. პარიზში ბავშვობაში ორ წელიწადს ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. ამასთან, ყველაფერი რაც მოგვიანებით მოხდა, რითიც ჩემი წარმატება დაიწყო, პარიზს უკავშირდება.
– რას თვლით სამოდელო საქმიანობაში თქვენს დღემდე მიღწეულ ყველაზე დიდ წარმატებად?
– პარიზში პირველად რომ ჩავედი, სულ მეგონა, რომ არაფერი გამომივიდოდა უზარმაზარი კონკურენციის გამო. არადა, ისე მოხდა, რომ პირველივე კასტინგზე დამამტკიცეს, ეს იყო Versace-ს ჩვენება. იმდენად წარმოუდგენელი იყო, დღემდე დაუჯერებელად მეჩვენება, რომ ასეთი რამ მოხდა.
– რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?
– ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ისაა, რომ ძალიან ადრე უნდა გავიღვიძო. გადაღება ზოგჯერ დილის 6 საათზე იწყება ხოლმე და 10-12 საათს გრძელდება. ამის შემდეგ შეიძლება კიდევ კასტინგი მქონდეს. ძალიან დამღლელია ასეთი რიტმი, მაგრამ თანდათან მივეჩვიე.
– თუ გქონიათ მომენტი, როცა გიფიქრიათ, რომ თავს ვეღარ გაართმევდით სირთულეებს?
– ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ გადაღების მერე გავქცეულვარ კასტინგზე, მაგრამ დამიგვიანია და დამთავრებული დამხვედრია. ანდა თავი მომიკლავს, ყველაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ კასტინგზე მივსულიყავი, მივსულვარ და ზედაც არ შემოუხედავთ. ეს ძალიან მოქმე დებს, დიდი სტრესია! ისევე, როგორც კვირაში ხუთ დღეს საათობით ვარჯიში და კალორიების თვლა.
– ამ სირთულეებთან გასამკლავებელ ძალას რა გაძლევთ?
– იმდენად სასიამოვნო შეგრძნებაა ამ სირთულეების პარალელურად წარმატების მიღწევა, რომ ეს არ გაძლევს დანებების საშუალებას. ამ წარმატების გამო მიღირს ბოლომდე გავაკეთო ჩემი საქმე. თან ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. სირთულე ბევრი აქვს ამ სფეროს, მაგრამ პლუსიც ასევე ბევრია. მათ შორის ის, რომ ბევრს მოგზაურობ და უამრავ რამეს სწავლობ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ ხუთი წლის განმავლობაში და ამით კმაყოფილი ვარ.
– როგორ ფიქრობთ, შეგცვალათ წარმატებამ?
– მთელი ცხოვრება შეცვალა იმ კუთხით, რომ ყურადღების ცენტრში ვარ. სხვა მხრივ კი, ბავშვობაში როგორიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ, ხასიათზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ადამიანებთან ურთიერთობაშიც ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი ‒ უშუალო და კონტაქტური. უბრალოდ, გამოცდილება მივიღე.
– რა თვისება გაქვთ ისეთი, რაც საქმეში გეხმარებათ და, პირიქით, ისეთი თვისებაც თუ გაქვთ, რომელიც რამეში ხელს გიშლით?
– ალბათ ის, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან გამძაფრებული მაქვს. ნებისმიერ საქმეზე ადრე გავდივარ, რომ არ დამაგვიანდეს. კიდევ იმას აღვნიშნავდი, რომ მშვიდი ხასიათი მაქვს. რამეზე რომც გავბრაზდე, ემოციებს არ გამოვხატავ და მალევე მავიწყდება. მეორე მხრივ, რაც არ მომწონს და ხელს მიშლის, სიზარმაცის პერიოდული გამოვლინებებია. ხანდახან ძალიან მონდომებული ვარ, მაგრამ არის დღეები, როცა ვებრძვი ამ სიზარმაცეს, თუნდაც ვარჯიშის დროს.
– დედათქვენმა რამდენად დიდი როლი ითამაშა, თუნდაც თქვენი პროფესიული არჩევანის დროს? გიზიარებდათ საკუთარ გამოცდილებას ამ სფეროში?
– როცა მოდელობა დავიწყე, ყველაფერი დედაჩემმა მასწავლა და ძალიან შემიწყო ხელი, რომ იმ გზაზე ვყო ფილიყავი, სადაც ახლა ვარ. რჩევებს მუდმივად მაძლევდა. თვითონაც ბევრჯერ დამირეკავს და აზრი მიკითხავს უამრავ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ზოგადადაც, დედაჩემს ყველაფერს ვუყვები, აბსოლუტუ- რად ყველაფერი იცის ჩემი.
– ჩვენებაზე გამოსვლა უფრო გიყვართ თუ ფოტოგადაღება?
– პირადად ჩემთვის პოდიუმზე გამოსვლა ბევრად ემოციური და სასიამოვნია, ვიდრე ფოტოგადაღება. მით უმეტეს, თუ კარგ ჩვენებაზე გამოდიხარ, ძალიან ამაღელვებელია! გადაღებებს კი ის პლუსი აქვს, რომ ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენებებზე.
– რა ხდება კულისებში, სანამ მოდელები პოდიუმზე გამოჩნდებიან?
– ყველა მოდელი ჩვენებამდე სამი-ოთხი საათით ადრე მიდის კულისებში, სადაც თმისა და მაკიაჟის გაკეთება იწყება. ჩვენებაზე დაახლოებით ორმოცი გოგო გამოდის, ამიტომ დიდი არეულობა და ქაოსია: სწრაფი ტემპით გვარცხნიან, გხატავენ, ფოტოგრაფები „ბექსთეიჯისთვის“ იღებენ. თითოეულ მოდელს ინდივიდუალური ადამიანი ჰყავს მიმაგრებული, ვინც მას ჩვენების წინ ჩაცმაში ეხმა რება. ყველაზე დიდი პანიკა მაშინაა, როცა ორი ტანი სამოსი უნდა წარვადგინოთ, ერთხელ რომ გაივლი და დაბრუნდები, სწრაფად უნდა გამოიცვალო და ხელახლა გამოხვიდე. ეს ყველაზე გიჟური წუთებია: ერთი საყურეს გიკეთებს, მეორე ფეხსაცმელს გაცმევს, მესამე ‒ კაბას და ძალიან ამაღელვებელია ეს ყველაფერი.
– რაში გეხარჯებათ ყველაზე ბევრი ფული? თუ არის რამე ისეთი, რაზეც საკუთარი თავისთვის უარის თქმა გიჭირთ?
– ტანსაცმელი, რომელზეც ვგიჟდები! თან ისეთ ქალაქებში ვარ, ქუჩებში ვიტრინები იმდენად მაცდურია, ძალით შეყავხარ. მერე უკვე რაღაც მოგწონს და ხელცარიელი ვერ გამოდიხარ. ეს იმდენად ხშირად ხდება, უკვე მეჩხუბებიან, გეყოფაო. პარიზში, მილანსა და ლონდონში ძალიან რთულია ტანსაცმლის მიმართ გულგრილი დარჩე.
– მოგწონთ, როცა მოდელები ადრეულ ასაკში ქმნიან ოჯახს?
– პირიქით, ძალიან არ მომწონს! ჩემი აზრით, ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს, ისწავლოს, თავისი საქმე უნდა ჰქონდეს, ცხოვრება ნახოს, გაერთოს და მერე იფიქროს გათხოვებაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება შეგიყვარდეს, მაგრამ პატარა ასაკში ოჯახის შექმნა არ მგონია სწორი.
– ოცნება გიყვართ?
– აი, ღრუბლებში დავფრინავ მართლა! რაღაცები ამიხდა. ჩემი აზრით, არაა ოცნება ცუდი, პირიქით! მთავარია, ძალიან არ მოწყდე რეალობას და ისეთ რაღაცებზე იოცნებო, რაც შესაძლებელია და თუ მოინდომებ, გამოგივა.
ფოტო: გრეგორი რეჯინი
ვიზაჟი : ქეთა ნუკრაძე
ვარცხნილობა : Eleven Studio
ჩაცმულობა : სიმონ მაჩაბელი