პარმიჯანოს ქვეყანა

   

სახელგანთქმული იტალიური ბრენდის „გალბანის“ ისტორია 1882 წელს პატარა ქალაქ ვალსასინაში დაიწყო, როცა ახალგაზრდა და ენერგიულმა ეგიდიო გალბანიმ მამასთან ერთად იმ დროს პირველი, დღეს კი საყოველთაოდ ცნობილი იტალიური რბილი ყველის – რობიოლას წარმოება დაიწყო.

მთავარ მოედანზე, დუომოს საკათედრო ტაძართან, ტურისტებს შეჩვეული ფოტოგენური მტრედების გარეშე მილანს ძნელად თუ წარმოიდგენ. ზუსტად ისევე, როგორც პრაქტიკულად შეუძლებელია იტალიის წარმოდგენა ტემპერამენტიანი და უზადო გემოვნებით ჩაცმული ადამიანების, პიცის, სპაგეტის, ტირამისუსა და გულის ამაფრიალებელი ყავა ესპრესოს გარეშე. 

დღის მიწურულს, ქალაქის ცენტრში, მყუდრო და პოეტურ რესტორანში ნამდვილ იტალიურ პიცას, პასტასა და ტირამისუს ვაგემოვნებთ. დაუვიწყარი გემო კომპანია „გალბანის“ უმაღლესი ხარისხის ყველის ანგარიშზეა! 

იტალიური ყველის მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანას მილანიდან ერთსაათიანი სამანქანო გზა აშორებს. ჰიგიენის უმკაცრესი კონტროლის შემდეგ ექსკურსიაც იწყება. ინსტრუქტაჟს კეთილგანწყობილი და, რაღა თქმა უნდა, უსიმპათიურესი მაურო გვიწევს, ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობს. 

„გალბანის“ პროდუქცია „ლაქტალის“ სახელით 2006 წლიდან იყიდება. ის იტალიელების ფავორიტი და ბაზარზე უპირობოდ ლიდერი ბრენდია. 10-დან 9 იტალიური ოჯახი „გალბანის“ პროდუქციას ირჩევს. 130 წელზე მეტია „გალბანი“ – მომხმარებლის უმაღლეს შეფასებასა და უპირობო ნდობას იმსახურებს, რაც ხარისხის საუკუნოვან ტრადიციას უკავშირდება. იტალიური ყველის ნომერ პირველი მწარმოებელი ბრენდი 141 ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში, ბელგიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, ჰოლანდიაში, შვედეთსა და საქართველოშია წარმოდგენილი. 

კომპანიაში 3 248 ადამიანი მუშაობს; იტალიაში „გალბანის“ წლიური ბრუნვა წელიწადში 1 350 მილიონი ევროა. 

ბრენდის წარმატებას სამი მთავარი მომენტი განსაზღვრავს. პირველი – მიგრაციაა – მთელს მსოფლიოში, წარმოშობით იტალიელი 74 მილიონი ადამიანია დასახლებული. მათმა მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა იტალიიდან, გვარსა და ენასთან ერთად, გემრიელი და „მოხეტიალე“ ტრადიცია – კვების თავისებურება შემოინახეს. მათ სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში გაიყოლეს ტრადიციული იტალიური სამზარეულოს მთავარი საიდუმლო. 

„გალბანის“ პროდუქციის წარმატების მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი – რესტორნული კვებაა – გურმანების ფავორიტი იტალიური სამზარეულო მთელს მსოფლიოში უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. იტალიურ რესტორნებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ვხვდებით. მთელს ჩვენს პლანეტაზე. 

„გალბანის“ ყველის პოპულარობის განმსაზღვრელი კიდევ ერთი ფაქტორი – ტურიზმია. იტალიას ყოველწლიურად 76 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ქვეყნის ღირსშესანიშნაობებთან ერთად, მათ იტალიური სამზარეულოც აჯადოებთ. უფრო ზუსტად კი, კაპრეზე, პიცა, პასტა, ტირამისუ – ანუ ის, რის გარეშეც იტალიური სამზარეულო წარმოუდგენელია და რის გარეშეც ასევე, წარმოუდგენელია სრულყოფილად შეიგრძნო თავად იტალიის პიკანტური გემო და სურნელი. 

„ლაქტალის“ ჯგუფი მსოფლიოში მოცარელას ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. 1965 წელს კომპანია „გალბანიმ“ პირველი შეფუთული მოცარელა გამოუშვა. როგორც თავად პროდუქტი, ასევე შეფუთვაც პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. იტალიაში ნამდვილი მოცარელა – სწორედ „გალბანის“ მოცარელაა. 2015 წლის მონაცემებით, კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 110 000 ტონა მოცარელას აწარმოებს, რისთვისაც 460 000 ტონა რძეა საჭირო. მსოფლიოში ცნობილი იტალიური ყველი სალათებსა და პიცაში გამოიყენება. მისი წარმოების პროცესი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორიც მილანის მყუდრო კაფეში დაგემოვნებული კაპრეზე – მოცარელას, პომიდვრის, ზეითუნის ზეთისა და ბაზილიკის უბადლო სინთეზი. 

ექსკურსია გორგონზოლას წარმოების დეტალების გაცნობით გრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ყველი ლურჯი ყველის სახეობას მიეკუთვნება და მძაფრი გემოთი გამოირჩევა. მისი წარმოება ლომბარდიაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიწყეს. „გალბანი“ ერთგულად იცავს წარმოების ფაქიზ საიდუმლოებას, რაც უმაღლესი ხარისხის გორგონძოლას მიღებას უზრუნველყოფს. პიკანტური ყველი დესერტად, პასტას სოუსების მოსამზადებლად, სალათებსა და რიზოტოში გამოიყენება. 

აი, მასკარპონესგან კი უნაზესი, ჰაეროვანი ტირამისუ მზადდება. მასკარპონე – იტალიური ნაღების ყველია. მისი წარმოშობაც ლომბარდიის რეგიონს უკავშირდება. კრემისებური კონსისტენციის ყველს, როგორც წესი, სხვადასხვა დესერტის მოსამზადებლად ან ბუტერბროდებში კარაქის მაგივრად იყენებენ. 

რიკოტასაც ვაგემოვნებთ – ბავშვებისა და წონას დადარაჯებული ქალების საყვარელ ყველს. რძისგან კი არა, მისი შრატისგან მზადდება. დიეტურია, პროტეინებით მდიდარი და ამავე დროს ძალიან მსუბუქი. 

წინ კიდევ ერთი ექსკურსია გვაქვს – ამჯერად ხორცპროდუქტების მწარმოებელ ქარხანაში. პრაქტიკულად ეკოლოგიურობასა და სანდოობაზეა ტესტი! ექსკურსიამძღოლი განგვიმარტავს და საკუთარი თვალითაც ვხედავთ, როგორი უმკაცრესი მექანიზმით ხდება მიღებული ხორცის დიფერენცირება. გვიხსნიან იმასაც, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, – სანამ სოსისად და ძეხვად იქცევა, მოგვიანებით კი ჩვენს პიცასა და ბუტერბროდში აღმოჩნდება, – ვეტექიმების პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშაა. დაჭყლეტილი ნივრის ზვინები, სუნელების აღმოსავლურ ფერთა გრადაცია და გამაბრუებელი  სურნელი გემოს რეცეპტორებს პროვოკაციულ გამოცდას უწყობს. ლორსა და სალიამის ვაგემოვნებთ – მათ სხვადასხვა სახეობას – და ფავორიტის მიგნება გემოდან გემომდე რთულდება. კულინარიული მოგონებებიც მდიდრდება და თავს იმით ვინუგეშებთ, რომ, საქართველოში დაბრუნებულები, ყველა ამ გემოს უახლოეს ჰიპერმარკეტსა თუ კაფეში მივაგნებთ და უცვლელად გაცოცხლდება მჩქეფარე და ღიმილიანი ზაფხულის იტალია. 

2012 წელს „გალბანიმ“ დაარსებიდან 130 წლისთავი აღნიშნა. კომპანიის იტალიური წარმატების ისტორია წლიდან წლამდე გლობალურ კონტექსტს იძენს და ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. 

მთელი ეს მრავალფეროვნება – პარმეზანი, მოცარელა, გორგონძოლა, მასკარპონე, პრუშუტო პარმა, ნეაპოლური თუ მილანური სალიამი – ფეხის ყოველ ნაბიჯზე გხვდება იტალიაში – ყველა კაფეში, ყველა რესტორანში, ყველა პიცაში, სალათში, პასტაში, პრაქტიკულად ნებისმიერ აპეტაიზერსა თუ წასახემსებელში. და თავს სამუდამოდ გაყვარებს და გამახსოვრებს – როგორც თავად იტალია და გულღია იტალიელები. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com