ჩინური სამზრეულო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, მრავალფეროვანი, მძაფრი, ფერადი და ეგზოტიკურია თავისი აგებულებით. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიოს კულინარიულ კულტურათა შორის. ჩინური სამზარეულო ათასობით წელს ითვლის და ამ ხნის მანძილზე ის მუდმივად ვითარდებოდა და იზრდებოდა.
ჩინეთში ხანმოკლე მოგზაურობისას მომეცა საშუალება გავცნობოდი ადგილობრივ სამზარეულოებს. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ჩინეთის კულტურაში არის კვება. სადაც შეგიძლია დააგემოვნო თითქმის ყველაფერი, რაც სხვა სამყაროს წარმომადგენლებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ. მათ უამრავი რეგიონალური კვების კულტურა აქვთ, რაც განპირობებულია ისტორიისა და კლიმატური პირობების გამო. მომიწია სამი ქალაქის მონახულება და სამივე განსხვავებული გემოთი და მომზადების წესით გამოირჩეოდა.
ჩინეთის კულტურაში და ყოველი ჩინელის ცხოვრებაში კვებას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კვებას, როგორც წამალს ისე უყურებენ, ინ-იანის პრინციპს მისდევენ, ამიტომ იქ სადაც ირღვევა ბალანსი იქედან იწყება პრობლემა. შეიძლება ითქვას, სასაუბრო თემაც კი უფრო ხშირად კვებას ეხება. ექიმთან ვიზიტის დროსაც კი თუნდაც თვალი ან ყური გტკიოდეს, ექიმი აუცილებლად გამოკითხვას კვებით დაიწყებს, თუ როგორ იკვებები, „ინის“ თუ „იანის“ ტიპის საკვებით. თუ აღმოჩნდა რომ შენს რაციონში ვთქვათ ჭარბობს „ინი“ სამკურნალოდ აუცილებლად „იანის“ ტიპის საკვებს ჩართავენ, რათა აღდგეს ბალანსი! ეს არის ჩინელების დამოკიდებულება და მიდგომა კვების მიმართ, რათა არ დაირღვეს სასიცოცხლო ბალანსი და იყვნენ დღეგრძელები!
ჩინური სამზარეულოს ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სახის საჭმელი დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, შიმშილზე მეტად უპირატესია მისი ჯანმრთელობისათვის სარგებლიანობა და შემდგომ გემური თვისებები, ასევე მათ აქვთ ჩვევა კვების რეჟიმის, რასაც ჩინელები ბავშვობიდანვე ეჩვევიან და მკაცრად იცავენ!
ამის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და გაუგო ჩინელს, რატომ იკვებება ასე, რატომ არის მათი რაციონი ასეთი ცხარე და ტკბილი, რატომ მიირთმევენ თითქმის ყველაფერს, რაც მოძრაობს მიწაზე და მიწაში, დაფრინავს ჰაერში თუ დაცურავს წყალში?!
ქვეწარმავლები
დუანძიანის საირიგაციო სისტემის სანახავად წასულები აუცილებლად მოხვდებით ქუჩაზე, სადაც უამრავ ხის ჯოხებზე წამოცმულ კალიებს, ხოჭოებს, გამომშრალ მატლებს თუ სკორპიონებს ნახავთ. მსგავსი აპეტაიზერის მოყვარულებისთვის ეს ადგილი ნამდვილად მისწრებაა.
აქტიური ომების გამო ჩინეთს ბევრჯერ ჰქონია რთული პერიოდი. ამას თან ერთვოდა კლიმატური პირობები, ამიტომ მათ თავი რაღაცით უნდა გამოეკვებათ და გადაერჩინათ. უნდა მოეძებნათ საკვები, რომელიც ომიანობის დროს ცხელ პირობებში უფრო მეტად შეინახებოდა, ექნებოდა კვებითი ღირებულებები და სამკურნალო თვისებები. აქედან გამომდინარე, იმისგან, რომ ჩვენ შეიძლება შოკი მივიღოთ, მსგავსი „სანახაობით“ ჩინელი მშვიდად გიპასუხებს ‒ „ეს ხომ სასარგებლო და სამკურნალოა შენთვის“.
ჩინელებმა ასევე საკვების შენახვის „ტექნიკაზე“ იზრუნეს, ისინი ინახავდნენ ყველაფერს: შებოლილს, დამარილებულს, დაშაქრულს, გამომშრალს, რაც უმარტივებდა მათ კვებას ბრძოლაში. ეს არ იყო ძღომისთვის განკუთვნილი რაციონი, არამედ ისინი ამით იღებდნენ საჭირო რაოდენობის ვიტამინებს, კალორიებს და მკურნალობდნენ სხვადასხვა ორგანოებს.
აქედან გამომდინარე, ჩინური სამზარეულო ხასიათდება მოქნილობით. მათ მეცნიერულ დონეზე აქვთ შესწავლილი ყველა საკვები, ბოსტნეული იქნება თუ ქვეწარმავალი, ცხოველი თუ ფრინველი და ზუსტად იციან რატომ „ერჩიან“ მათ! ალბათ მათი სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზი და დღეგრძელობაც საკვებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი საკვები დღემდე მათთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.
ნამდვილად შემზარავი სანახავია ქილიდან როგორ ამოაქვთ დამარინადებული, ზონარივით დახვეული ქვეწარმავალი, რომელსაც ჩინელი ღიმილით და სიამაყით სავსე თვალებით გაწვდის. მან კარგად იცის, რა უკვდავების წამალს გთავაზობთ. თუმცა თუ გაგახსენდა „რა პატივში ხარ“ არ არის გამორიცხული, მაშინვე გაგიქრეს აგრესიული ემოცია და სიამოვნებით თუ არა საჭიროებისათვის დააგემოვნო. აქედან გამომდინარე ჩინელები მიირთმევენ იმას რაც მხოლოდ სასარგებლოა.
როგორც ადგილობრივებმა აგვიხსნეს მსგავსი საკვები მათთვის დღეს დელიკატესს წარმოადგენს.
HOTPOT
„ჰოთ პოტი“ სიჩუანის პროვინციის ტრადიციული კერძია. დედაქალაქი ჩენდუ სიმშვიდით, სიმწვანითა და განსაკუთრებული ცხარე გემოთი გამოირჩევა. იქ ჩასულს ადგილობრივები აუცილებლად გკითხავენ დააგემოვნეთ თუ არა მათი ტრადიციულ კერძი „ჰოთ პოტი“ (ცხელი ქვაბი).
„ჰოგო“ (ჩინურად ჰოთპოტი) თავდაპირველად ჩრდილოეთში ღარიბი ხალხისთვის ცხელი წვნიანით სიცივის დასაძლევად იყო მოგონილი, დღეს კი ყველაზე პოპულარული კერძია ყველა ფენის წარმომადგენელისათვის. მისი პიკანტური გემოსა და მასში შემავალი ინგრედიენტების გამო.
„ჰოთ პოტი“ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გართობის საუკეთესო საშუალებაა. ჩინელებს უყვართ ვახშამზე დროის კარგად გატარება. „ჰოთ პოტი“ კი მათი ყველაზე საყვარელი გასართობია.
რესტორანში შესვლისას ირჩევთ მაგიდას, სადაც უკვე ჩამონტაჟებულია გაზქურა. მიმტანი გეკითხებათ თუ რისი კერძი გსურთ, რომ მიირთვათ. მას მხოლოდ მოაქვს ქვაბი, ინგრედიენტები, გინთებთ ქურას, მომზადებაზე კი თავად უნდა იზრუნოთ! მართლაც სახალისოა პირადი გამოცდილებიდან ვამბობ! ზუსტად ამაშია ეგრეთ წოდებული „ჰოთ პოტი“-ს ხიბლი!
წვნიანის ძირითადი და მნიშვნელოვანი ინგრედიენტი არის წიწაკა! ჩინელები მას უხვად იყენებენ! წვნიანი სიცხარისგან წითლდება, სიცხარის ორთქლი თვალებს გიწვავს. ამიტომ ტურისტებისთვის, რომლებიც არ არიან ასეთი ცხარე საკვების მირთმევას მიჩვეული, ჯობია სიფრთხილით მოეკიდონ წიწაკის გამოყენებას! ასეთ შემთხვევაში არის გამოსავალიც, მოგიტანენ ქვაბს, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი და შეგიძლიათ ერთ მხარეს საერთოდ არ გაუკეთოთ წიწაკა.
ქვაბის წამოდუღების შემდეგ ნელ-ნელა იწყება პროდუქტების შიგნით მოთავსება, პირველ რიგში სანელებლები და წიწაკა, შემდეგ ათავსებ უფრო მყარ ინგრედიენტს, რომელიც მეტ ხანს საჭიროებს მომზადებას, ვთქვათ, ხორცს, ფესვებს და ბოლოს უკვე ლაფშას და ბოსტნეულს.
კერძის მოსამზადებლად იყენებენ ნებისმიერ პროდუქტს დაწყებული ხორცით (საქონელი, ღორი, ქათამი, იხვი და ა.შ.) დამთავრებული სოკოთი თუ ბოსტნეულით, თევზეულით, ქვეწარმავლებით, ზღვის პროდუქტებით. აუცილებელია სანელებლები და სიცხარე სიმძაფრისთვის! „ჰოთ პოტს“ ჩინელები, როგორც სამკურნალო კერძს ისე უყურებენ, რადგან უხვად შეიცავს წიწაკას.
წიწაკაში არის დიდი რაოდენობით ვიტამინები, რკინა და კალცი. ის ხელს უწყობს სწრაფ გადამუშავებას, რადგან ცხელ ქვეყნებში საკვების სწრაფი მონელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სიცხარე ასტიმულირებს და ხელს უწყობს სწრაფ მონელებას და ორგანიზმში საკვები არ რჩება დიდხანს. ამის გარდა ძველად წიწაკას დეზინფექციისთვისაც იყენებდნენ, რადგან მაშინ შეუძლებელი იყო საკვების მაღალ ტემპერატურაზე შენახვა, წიწაკა კი იყო პრევენცია ნაწლავური დაავადებების.
სიჩუანის მუსლიმის კვარტალი
სიანში, „მუსლიმ კვარტალში“, ჩინური იეროგლიფების ფონზე მთლიანად შეგიძლიათ შეიგრძნოთ აღმოსავლური კულტურა და გემო. ის სიანის ყველაზე კოლორიტული და ყველაზე ხალხმრავალი ადგილია.
წრიული ხეივანი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს, სადაც დაახლოებით 20 000 მუსლიმი ცხოვრობს, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ რელიგიას და ცხოვრების წესს.
სიანი ტანის ეპოქაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ქალაქად ითვლებოდა. ის გახდა სავაჭრო ქარავნების დანიშნულების ადგილი. აქედან იწყებოდა დიდი აბრეშუმის გზა.
ვაჭრები შემოსული სხვა ქვეყნებიდან აქ წლობით ცხოვრობდნენ. სწორედ ამ გზით შემოვიდა უამრავი რელიგია. ისინი აშენებდნენ ტაძრებს და ხშირ შემთხვევაში აქვე მკვიდრდებოდნენ. სწორედ აქედან არის შემონახული ეს რაიონიც.
ქუჩა მუდმივად სავსეა ხალხით. მოვაჭრეები, დახლები, ფერადი განათებები, ხმები და სუნები გამუდმებით ერთმანეთში ირევა. ყველა კუთხეში რაღაც იხარშება, იწვება და იორთქლება.
რიქშები და ველოსიპედები პირდაპირ ფეხით მოსიარულეებს შორის მოდიან.
ეს არის ადგილი სადაც შეგიძლია დილიდან დაღამებამდე საცირკო წარმოდგენასავით საჭმლის მომზადების სხვადასხვა წესს უყურო, როგორ ტკეპნიან ჩაქუჩებით გოზინაყის მსგავს ტკბილ მასას, საოცარია ცომის დამუშავების წესი, რომლის ერთ ბოლოს კაუჭზე კიდებენ, მეორეს მთელს სიგრძეზე ჭიმავენ და ზამბარასავით ატრიალებენ, შედეგად ორთქლზე გამზადებულ პელმენს ან რაიმე ტკბილს მიიღებთ. სამწვადე ციკნების, რომლებიც დახლებზე ექსპონატებივით აქვთ გამოკიდებული, რომლებსაც დიდი სიამოვნებით შენ თვალწინ ჩამოაჭრიან ხორცს და შამფურზე შემწვარს მოგართმევენ. დახლებზე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალები ტკბილეულით ვაჭრობენ, მამაკაცები კი გამუდმებით ტუბეტეიკას ატარებენ.
მუსლიმის ქუჩა არის საოცარი კონტრასტი ჩინეთის და მუსულმანური სამყაროსი. ერთი საღამო ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბოლომდე ნახო, დააგემოვნო და შეიგრძნო მუსლიმის კვარტალი.