დათო ევგენიძის თავგადასავალი

ადამიანზე წერას, როდესაც იწყებ აუცილებელია მისი წარდგენა. თუმცა, ზოგჯერ ეს სულაც არ არის საჭირო. ვხვდები, რომ დათო ევგენიძის განსაზღვრა პროფესიის ან სხვა სტატუსის მიხედვით, მისი უსასრულობის და თავისუფლების ჩარჩოში მოქცევას ნიშნავს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემი გმირის ცხოვრება, შემოქმედება და თავგადასავლები საკმარისია მის ამოსაცნობად. 

პროფესია არ შეუძენია, დაბადებიდან მოჰყვება მუსიკისა და ლექსების წერის ნიჭი, ისევე როგორც ‒ ხატვის. არ იცის ამ ყველაფერმა სათავე სად აიღო, ბუნებრივად იქმნება მისი ხელით შედევრები და ამით თავადაც გაოცებულია. მერე იყო ცნობილი სამეგობრო წრე, ბოჰემური ცხოვრება, გოგოები, მათთვის მიძღვნილი ლექსები და სიურპრიზები, ჩადენილი უამრავი სიგიჟე, ცხოვრება კანარის კუნძულებზე, საფრანგეთსა და მოსკოვში და ბოლოს, ცოტა ტრაგიზმიც… დაკარგული და, მეგობრები და შემორჩენილი შავ-თეთრი ფოტოები, რომლებზეც ცოცხალი მხოლოდ თვითონ დარჩა. 

„რაც თავი მახსოვს მუსიკას და ლექსებს ვწერ. 4 წლის ვიყავი, რომ ღამე ვდგებოდი და ვუკრავდი. მამაჩემს ფსიქიატრთან მივყავდი, ვერ არის ჭკუაზეო ამბობდა. 

არსებობს პროფესია, რომელსაც შეისწავლი. მუსიკა კი ჩემთვის საჩუქარია, მასთან ერთად დავიბადე. ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. თითქოს ჩემი არ არის ნაწარმოებები, რომლებსაც ვქმნი. გამტარი ვარ, ერთგვარი ანტენა. ჩემთან მზა პროდუქტი მოდის და საკუთარი თავის მსმენელი ვხდები ხოლმე. გაკვირვებული ვუსმენ, რას ვუკრავ. 

ლექსებშიც მუსიკაა, ბგერებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ვფიქრობ, რომ ქართული ენა საოცრებაა. მის საიდუმლოებას ბოლომდე არ ვიცნობთ. სახარების მერე მეორე წიგნია „ვეფხისტყაოსანი“. ეს არის ყველაფერზე პასუხი. საოცარია, რამდენი ათასწლეულია ენა არსებობს და არ გაქრა.“ 

54 სრულმეტრაჟიანი ფილმის, ასევე სხვადახვა სერიალის და მოკლემეტრაჟიანი კინოს საუნდტრეკის ავტორია. 

ახლახანს დაასრულა მუშაობა ნანა ჯორჯაძის ოთხსერიან ფილმზე. ამბობს, რომ რეჟისორის თანდასწრებით მუსიკის შექმნა განსაკუთრებით საინტერესო პროცესია. 

გასახსენებელი ბევრი აქვს, მით უფრო, რომ მისი მეგობრების დიდმა ნაწილმა სარეჟისორი ფაკულტეტზე ჩააბარა და მათი ნამუშევრებისთვის მუსიკას ყოველთვის დათო ქმნიდა.

„პირველად 16 წლის ვიყავი, როდესაც დათო ჯანელიძის საკურსო ნაშრომის საუნდტრეკი გავაკეთე. მსახობი და ჩემი მეგობარი ლევან აბაშიძე მეშვიდე კლასში იყო და მთავარ როლს ასრულებდა. 

ბონდარჩუკის „მეცხრე ბატალიონისთვის“ დაწერილი მუსიკისთვის 3 პრიზი ავიღე: ნიკა, ოქროს ვერძი და ოქროს არწივი. ნაკლებად ცნობილ ფილმებზეც მიმუშავია, რომლებიც ძალიან მიყვარს და მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაგალითად „პირველი ღმერთის მერე“, რომლის პროდიუსერიც მიშა კალატოზიშვილი იყო. 

განსაკუთრებით საინტერესოდ მახსენდება დათო ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნები“. ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე. მთავარი ნაწილი, რევერსში ანუ უკუღმა დავუკარი. ჯაყო კი არ ჩამოვიდა, პირიქით, უკან გავუშვი. შეიძლება ამას მსმენელი ვერც მიხვდა, მაგრამ ის ქვეცნობიერზე მაინც მუშაობს.“ 

მე სიტყვას ვეღარ ვპოულობ –
რომ გახდეს ლექსის სათავე…
შენ იად შეგქმნა უფალმა –
მე კი გაქციე სათივედ…
სიზმრებს მოპარულს ბაგიდან –
ვიცი რომ არ მაპატიებ…
რამდენი ლექსიც დავწერე –
იმდენი ღამე ვათიე…

მისი უსაზღვრო რომანტიზმი, მხოლოდ მუსიკამ ვერ დაიტია. ამიტომ, ლექსებსაც წერდა და მარტო იმ ქალებს უმხელდა, რომლებსაც უძღვნიდა. ერთხელაც, დათოს ნაწერები ჯანსუღ ჩარკვიანმა გამოაქვეყნა. სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი ამ მისი ნიჭის შესახებ. 

„ჩემს საღამოებზე ტარიელ ჭანტურია დადიოდა ხოლმე. მან ისეთი სიტყვები მითხრა, რომ მიბიძგა ჩემი ნაშრომების გამოქვეყნებისკენ. 2000 წელს გამოვუშვი კრებული „8501 სიტყვა“. კომპიუტერში დავითვალე, რამდენ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი. 

რუსთაველზე იყო თეატრალური სარდაფი, სადაც ლექციებს ვატარებდი და ძალიან ბევრი ბავშვი დადიოდა. იქ გავაკეთე პერფორმანსი სახელწოდებით „პოსტ ალიონი“. ირგვლივ მიმოფანტული იყო ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები და ბავშვები წერდნენ წერილებს. სადარბაზოებიდან მოვიტანე ფოსტის ყუთები, რომელშიც წერილებს ყრიდნენ. გამოვიდა, რომ მე ვიყავი ფოსტალიონი. მეორე დღესაც დავიბარე ყველა და დახვდათ საკუთარი წერილების გამოფენა. შემდეგ, გამოვუშვი ლექსების კრებული „საქართვლოს ფოსტა უპასუხო წერილები“. 

ბოლო პერიოდში, მხოლოდ ფეისბუქზე ვწერ. ახალ წელს, ერთმა მეგობარმა სიურპრიზი გამიკეთა და ამომიბეჭდა ლექსები თავის ლაიქებით და კომენტარებით. ამ საუკუნეში წიგნები ხომ ვირტუალურ სამყაროში გადადის და მე, პირიქით, ვგეგმავ გაკეთებას.“ 

ბავშვობიდან ხატავდა და ურჩევდნენ, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩაებარებინა. ძირითად პროფესიად თავიდანვე მუსიკა აირჩია, თუმცა ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დათოს მიერ დახატული ჯვარცმა გამორჩეულია. უკანა რაკურსით დანახული, ჯვარზე გაკრული იესო ისტორიას არ ახსოვს. ამბობს, რომ ეს ინკარნაციაა და ის სწორედ იმ ადგილას იდგა, სხვაგვარად ამას ხომ ვერ მოვიფიქრებდიო. 

„მოსკოვში მქონდა პერფორმანსი, რომლის იდეა ჩარჩოდან გადმოღვრილი ნახატები იყო. ნამუშევრების წინ ზებრა და შუქნიშანი გხვდებოდა, ვიდრე მწვანე არ აინთებოდა ვერ შეხვიდოდი. 

ზოგი ჩარჩოდან ვარსკვლავებიანი აბრეშუმის ცა იღვრებოდა და მასზე დადიოდი, ზოგიდან კი ზღვა გადმოდიოდა. 

თბილისში, ცისფერ გალერეაშიც გავაკეთე გამოფენა სახელწოდებით „თავისუფლება“. კედლებთან ბიაზი გავაკარი, დავსერე და მასზე ვიდეოები გავუშვი. მოსულ სტუმრებს ნაპრალებში თავის გაყოფა შეეძლოთ, ხან ცაში იყვნენ, ხან ზღვაში. ერთი კადრი შავ ზოლებს ქმნიდა და მასზე ადამიანების თავები ნოტებივით ჩანდა.“ 

მისი ცხოვრება 18 წლის ასაკში შეიცვალა, როდესაც და დაკარგა. მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაბარების შემდეგ, დათო ჩამოდის ქობულეთში საკუთარ აგარაკზე, ნახულობს ლიას მხოლოდ 1 დღით და მაშინვე ბიჭვინთაში, მეგობრებთან მიდის. ლია ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს… ეს იყო მათი უკანასკნელი შეხვედრა. ამბობს, რომ ამ ამბავმა უკეთეს ადამიანად აქცია. 

ვარ დის სული,
ამოსული ყვავილად…

„საკმაოდ ქედმაღალი ვიყავი. მთელ ჩემს წრეს ბოჰემური პოზიცია გვქონდა ცხოვრებაში. მივხვდი, როგორი აბსურდია ეს ყველაფერი… თუკი რამე მშვენიერება არის ჩემში, თუკი სადმე სწორად ვიქცევი, თუკი ნაკლებს ვცოდავ ‒ ეს სულ ჩემი დის ნაჩუქარია.“ 

მეგობრები –
ჩიტებივით დაიკარგნენ…
თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ და
იქვე დარჩნენ…
მე კი ალბათ ბეღურა ვარ –
და აქ დავრჩი…
თბილისს მე და
მე თბილისი გადამარჩენს

მისმა სამეგობრომ ერთი დიდი და გარდამტეხი ეპოქა შექმნა. მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები, მხატვრები, რომლებმაც თავის შემოქმედებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სათქმელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-90-იან წლებში გადმოსცეს. 

ეს იყო წრე, რომელში მოხვედრაც საოცარი გამართლება და ბედნიერება იყო. 

რეზო გიგინეიშვილის მიერ, ცოტა ხნის წინ თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმისთვის „მძევლები“, მუსიკა დათოს უნდა დაეწერა. მისთვის, როგორც გეგა კობახიძის უახლოესი მეგობრისთვის ეს ისტორია იმდენად პირადი და მტკივნეული იყო, მუშაობა გაუჭირდა. 

„იმ ისტორიების მონაწილე ვარ, რომლებზეც მუსიკა უნდა დამეწერა. ეს ძალიან მძიმეა. თავიდან, რეზიკომ გეგას ქორწილის სცენა გამომიგზავნა. იქ, რეალურად ვიყავი, გვერდით მეჯდა ირაკლი ჩარკვიანი და ლევან აბაშიძე. დღეს ორივე გარდაცვლილია. საშინელება იყო ამის გააზრება. 

როდესაც გეგას დახვრეტა მიუსაჯეს, დავწერე ცნობილი სიმღერა “Emotions” და მას მივუძღვენი. პირველად, ირაკლი ჩარკვიანს მოვასმენინე. მან ჩემზე უკეთ იცოდა ინგლისური და ტექსტი ჩაასწორა, მერე მანვე შეასრულა. 

ფანტასტიკური თაობა ვიყავით და არ მომწონს, როცა დაკარგულს გვიწოდებენ. ბევრი რამ შეცვალეს მათ: ცხოვრების წესი, ფასეულობები, ესთეტიკა შემოიტანეს. 

პროტესტს არასდროს გამოვხატავდით მიტინგის სახით. ემოციებს არა სხვის მიმართ აგრესიით, არამედ საკუთარი თავის ნგრევით გადმოვცემდით. იაპონიაში ყველაზე მაგრად შეურაცხყოფ ადამიანს ხარაკირის რიტუალით, როდესაც მის წინ იკლავ თავს. მიუხედავად საშინელი შინაარსისა, რაღაც მშვენიერება დევს ამაში. ჩვენც სუიციდი მოვიწყვეთ, რათა გვეჩვენებინა ‒ ესე არ შეიძლებოდა ცხოვრება. ასე წავიდნენ ამ ქვეყნიდან ჩემი მეგობრები. როდესაც ძველ ფოტოებს ვათვალიერებ, ვიაზრებ რომ მარტო მე დავრჩი ცოცხალი. თითქოს, ჩემი თაობის არქეოლოგი ვარ და მინდა, ამოვიღო და მისი განძი გავაცნო ყველას. რადგან დამტოვეს, ესეიგი ჩემი ვალია ეს!“ 

მზეს ჩამავლს ზღვაში —
დღე და ღამის ზღვარზე…
გაყევი და კითხე —
რა ხდებოდა ცაზე…
ჩვენს მაგივრად ღმერთი
რომ გაგაკრეს ჯვარზე…

კულინარია

„თუ არ შემახსენეს, შეიძლება საერთოდ არ ვჭამო. ასეთი მარტივი დამოკიდებულება მაქვს კულინარიასთან, თუმცა მისი ხიბლი ვიცი. მოგზაურობის დროს, განსაკუთრებით ვაკვირდები, როგორი მნიშვნელოვანია კერძის ვიზუალი, სურნელი, გემო, გაფორმება. ეს ერთგვარი ქიმიაა. სიყვარულიც, ხომ ასეა ‒ სიხშირეების თანხვედრაა. 

კარგი კერძი, რომ მოამზადო ხელოვანი უნდა იყო! 

ძალიან იშვიათად ვაკეთებ, ყოველთვის რეცეპტის გარეშე და იმპროვიზაციით. პროცესს მუდმივად კრახით ვიწყებ! იმდენად არასწორად ვმოქმედებ, ჩემს ცოლს ჰგონია, რომ ძალიან ცუდად მოვამზადებ. საბოლოოდ, საოცრად გემრიელი გამოდის კერძი და ყველას მოსწონს.“ 

მე შენთვის ჯერ ხომ
არ მიკოცნია…
არ დამინთია შენში ხანძარი…
მე შენი ღამე –
უნდა დავწვა და
ცეცხლით დავადნო შენი ზამთარი…

რომანტიკა ყველგან და ყველაფერში! მის ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს სიურპრიზების ზღვა. ერთ-ერთ ახალ წელს, საოცნებო გოგოს სახლის ძირას უზამრმაზარი ხე მორთო და ღამის 12 საათზე საზეიმოდ აანთო. მერე, მის ფანჯრებთან „ამწეკრანით“ ავიდა ყვავილების მისართმევად. ბინა შეეშალა და ყვავილების ადრესატი მოულოდნელად კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე გახდა. ასეთი უამრავი ისტორია აქვს ცხოვრებაში, მაგრამ კულინარიული რომანტიკა ყველაზე იშვიათი და გამორჩეულია. 

„კანარის კუნძულებზე რომ ვცხოვრობდი, ერთი გოგო მომწონდა. ერთხელ რესტორანში დავპატიჟე, მომსახურე პერსონალს ვთხოვე, მისთვის სიურპრიზად ვარდები მიერთმიათ. უცებ შემოვიდა მზარეული, მოიტანა ყვავილები და ღუმელი. ტაფაზე ფორთოხლის წვენი დაასხა, შემდეგ შაქრის ფხვნილი და ვარდის სხვადასხვა ფერის ფურცლები დაყარა. ცოტა ხანში სითხე შესქელდა და ნაყინს მოასხა. ეს თქვენ დათოსგანო. გაოცებულები ვიყავით…“ 

„საზოგადოებას ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს ქართულ სამზარეულოზე. ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ხშირად ვატარებ კონცერტებს რეგიონებში, ისეთ ადგილებში, სადაც იშვიათად იმართება ღონისძიებები და საკონცერტო დარბაზებიც კი არ არის. ასეთი ტურნეების დროს ვხვდები არა ტურისტულ, არამედ პატარა და ადგილობრივ რესტორნებში. აქ უამრავ საინტერესო გემოს ვეცნობი. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინი იყო, რაც შემოდიოდა რჩებოდა და კიდევ უფრო ვალამაზებდით. ეს ეხება კულინარიის და სიტყვების მრავალფეროვნებასაც. 

ყველაფერი
რწმენის გარდა –
იცვლება…
თუ არ გვჯერასაქათველოცგარდაიცვლება..

მაგალითად, არ მომწონდა სიტყვა ‒ მიყვარხარ. ვფიქრობდი, რა ლამაზად გამოითქმის სხვა ენებზე I Love You, Te quiero, Amour. მერე მივხვდი, რომ მასში მოქცეულია სიყვარულის მთელი არსი. მაშინ ვარ და მაშინ ხარ, როცა მიყ-ვარ-ხარ!” 

Dato Evgenidze in Wonderland 

მისი ცხოვრება იმდენად სავსეა ზღაპრული და მოულოდნელი თავგადასავლებით, ზოგჯერ რეალობას ყვება თუ უბრალოდ ოცნებებს და სიზმრებს, ვერც კი გაარჩევ. სადაც ის მოხვდება და კლავიშს ხელს შეახებს, მაშინვე ჯადოსნური ხდება გარემო და უეცრად ყველა სურეალისტურ სამყაროში ვჩნდებით. თუმცა, ამ ისტორიაში ყველაფერი პირიქით არის. ერთხელ, მუსიკოსი ფრანგული ზღაპრის გმირად იქცა. 

„წინა ზაფხულს, ბენდთან ერთად საფრანგეთში, ცნობილ კლოუნს სლავა პალუნინს ვსტუმრობდი. პარიზიდან 40 წუთის სავალზე, უზარმაზარ ტერიტორიაზე გაკეთებულია შატო. მთელი ეს სივრცე პერფორმანსია. თითოეულ კვადრატულ მეტრზე განსხვავებულ სამყაროში ხვდები. გადიხარ ეგზორციზმს, შემდეგ ბამბუკის ფერადი ჯოხებით ხვდები სამოთხეში, მერე ‒ ჯოჯოხეთში. აქ დგას ამოტრიალებული როიალი, სადაც ყვავი წევს, მკვდარი ჩიტები დადიან და ა.შ. 

ეს სამყარო იმდენად რეალურია, ვერ იაზრებ, რომ სინამდვილეში თეატრია. არ გაქვს უფლება ჩვეულებრივად შემოსილმა იარო. უზარმაზარი სახელოსნოა, სადაც გაძლევენ ფორმას და ირგვლივ ათასობით კოსტიუმირებული ადამიანი დადის. 

ჩვენ ამოტრიალებულ გემში გვქონდა კონცერტი. მთელი ღამე ვუკრავდით. სტუმრებისთვის, ჰოლანდიიდან ჩამოსული მზარეული იყო მოწვეული. პირველ დღეს, ყველას გვაკვირდებოდა რას მივირთმევდით და მეორე დღეს, თითოეულს ინდივიდუალურად მოგვიმზადა კერძები.“ 

ასოციაცია 

„ბახს, ალბათ კულინარიისთვის არ ეცლებოდა. თუმცა, შესაძლოა წარმოუდგენელი ინგრედიენტებით პოლიფონიური სამზარეულო შეექმნა. 

მოცარტი იმპროვიზაციას მიმართავდა. 

საუკეთესო კულინარი, კი შეიძლება მუსორგსკი ყოფილიყო.“ 

დიდი ხანია, ფილმის გადაღებაზე ოცნებობს. სცენარი აქვს და ამ სურვილს მალე აიხდენს. აქამდე, მხოლოდ კლიპებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დილეტანტიზმი არ უყვარს, ამიტომ კარგად მოემზადა და რუსეთის, საქართველოს, ამერიკის და ევროპის ურთიერთობის გადმოსაცემად საინტერესო ხერხი მოძებნა. თითოეულ მათგანს თითო ადამიანად წარმოადგენს და სათქმელს ამ გზით იტყვის. 

მე ვინ ვარ-ღვინო…
რას ვერითმები…
უფრო სწორია ვის…
ურთიერთობით
ურთიერთთრობით –
თანამეგზური ცის…
მკითხულობ ფიქრობროგორ
ვუბედავ –
ხელი არ ახლო ცას..
როგორ არ ვახლო
ხელი თუ ხელს ბანს –
თანასწორობის მწამს…

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com