ანა შელია & ლაშა ლომიძე

ანა მოდელია. ლაშა – მორაგბე. ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნეს, მაგრამ ლაშა ყვება, რომ ანა გულში ბევრად ადრე ჩაუვარდა, უბრალოდ მაშინ ძალიან პატარა იყო და ასაკმა ხელი არ შეუწყო. სამწლიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბათუმში, დასასვენებლად ჩავიდა და იქ აუზზე, კვლავ ანა დაინახა. შემდეგ იყო პირველი SMS-ი. 

იმ ზაფხულს ანა ლონდონში, ორ თვიანი კონტრაქტით ჩავიდა, სადაც მოულოდნელად ლაშამ ჩააკითხა. მაშინ დაიწყო მათი ამბავიც… წელს ოქტომბერში ორი წელი გავა, რაც ერთად არიან. ანა ამბობს, რომ ლაშა ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია და სწორედ ამ თვისებების გამო მოიხიბლა. ლაშა კი ანას გარეგნობასთან ერთდა მისი ბავშვური, ალალი ხასიათი მოსწონს.

– ერთმანეთი როდის გაიცანით? 

ლაშა: გრძელი ისტორიაა… ანა ჩემს ძველ სკოლაში სწავლობდა. ყველა ჩემი მასწავლებელი მას ასწავლიდა. ანას შესახებ სწორედ, ჩემი მასწავლებლისგან გავიგე; ერთხელ დავინახე სკოლაში, მაშინ თურმე 13 წლის იყო, მე კიდევ 18-ის მეგონა. ჩემს დამრიგებელს ვკითხე სახელი და გვარი, მაგრამ ასაკი რომ გავიგე თავი შევიკავე. სამწლიანი პაუზის შემდეგ საბოლოოდ შედგა ჩვენი შეხვედრა. 

ანა: ერთხელ მომწერა და მივწერე თავი დამანებე ‒ მეთქი. მერე ერთი დღით ლონდონში ჩამომაკითხა. მას შემდეგ ერთად ვართ. 

– თუ გაქვთ თბილისში საყვარელი ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად დადიხართ? 

ლაშა: ყველაზე ხშირად ფუნიკულორზე გვნახავთ. აჭარული ხაჭაპური გვიყვარს ძალიან. 

ანა: კი, აჭარული გვიყვარს ძალიან, ამიტომ ყველაზე ხშირად სახაჭაპურეებში დავდივართ. 

– პროფესიებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ ჯანსაღად იკვებებით… 

ანა: ჯანსაღ კვებას, რა თქმა უნდა, ვაქცევ ყურადღებას. თუმცა ორ კვირაში ერთხელ თავს უფლებას ვაძლევ დავარღვიო. 

ლაშა: მე თბილისში ვერ ვაქცევ ყურადღებას. აქ ჩამოვდივარ ერთი ან ორი კვირით, ამიტომ ვცდილობ ის ვჭამო, რაც მინდა. საზღვარგარეთ რომ მივდივარ, პროფესიიდან გამომდინარე, სულ რეჟიმში ვარ. 

– პირველ რომანტიკული ვახშამს როგორ გაიხსენებთ? 

ანა: შარშან ლაშას დაბადების დღეზე ეიფელის კოშკის რესტორანში ვივახშმეთ. ლამაზი საღამო გამოვიდა, პარიზის ულამაზესი ხედით. 

– როცა სხვა ქვეყანაში ხართ, ქართული კერძებიდან რა გენატრებათ ხოლმე? 

ანა: მე ძალიან მენატრება ხინკალი. 

ლაშა: მე აჭარული ხაჭაპური. ვცდილობ გავაკეთო ხოლმე, მაგრამ ყველი არ მიწყობს ხელს, ამიტომ ნაირ-ნაირს ვურევ ხოლმე. ერთხელ გამომივიდა კიდეც. ისე რამდენიმე ქართველთან ერთად ვცხოვრობ, და მათი მეუღლეები კარგი კულინარები არიან. გემრიელად ამზადებენ, ქართული სამზარეულო არ გვაკლია. 

– რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოყოფდით? 

ანა: მე პრეტენზიული მჭამელი არ ვარ, მიყვარს სუში. პრინციპში, მგონი ყველაფერი მიყვარს, მაგრამ ქართული სამზარეულო ყველას მირჩევნია. 

ლაშა: ყველაზე მეტად მიყვარს ბურგერი. კვირაში ერთხელ განტვირთბის დღე მაქვს და “Burger King”-ი თუ ახლოს მეგულება იქ გავრბივარ ხოლმე. 

– თავად მზადება თუ გამოგდით? 

ანა: მგონი კი, ხშირად ვაკეთებ სალათებს. ერთხელ ძალიან მოვინდომე და რიზოტო გავაკეთე. ყველას ძალიან მოეწონა. 

ლაშა: სუშის ვაკეთებ, გუნდელებმა მომიწონეს და ხშირად მეწვეხებოდნენ გააკეთეო, მაგრამ საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია, ამიტომ სისტემატურად ვერ ვახერხებ. 

– ლაშა, ანას გაკეთებული რა გაგისინჯავს? 

ლაშა: პანაკოტა. 

– ანა, ლაშას რა გამოსდის ყველაზე კარგად? 

ანა: ლაშას გაკეთებული სალათი მაქვს გასინჯული. დაჭრის პომიდორს, მოასხამს მაიონეზსს და მიირთმევს გემრიელად. 

– რას ვერ გასინჯავთ ვერასოდეს? 

ლაშა: ვერასოდეს შევჭამ ბორშჩს. ერთხელ „ზბორზე“ ვჭამე და ცუდად გავდი, იმის მერე ვეღარ ვეკარები. წვნიანში არ მიყვარს მწვანილები. „კრემ ‒ სუპები“ მირჩევნია. 

ანა: მე ფაფა არ მიყვარს. აი, მაგალითად, „მანიფაფა“ არასოდეს მიჭამია. 

– რომელი კერძი ჰგავს სიყვარულს? 

ანა: შოკლადი ან შოკოლადის ნამცხვარი. 

ლაშა: რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, იმას მივასმგავსებ. ჩემთვის სიყვარულს აჭარული ხაჭაპური ჰგავს. 

– როგორ იკვებებით ზაფხულში? 

ანა: როცა ძალიან ცხელა, ცხელ კერძებს ვერ ვეკარები, ვერც ხინკალს შევჭამ და ვერც ხაჭაპურს. ზაფხულში ძირითადად კიტრი ‒ პომიდვრის სალათი, ყველთან ერთად. მჭადიც ძალიან მიყვარს და ახალი კარტოფილი. ხილი კი უცვლელია მენიუში. 

ლაშა: ზაფხულში, ჩემი მენიუ ძირითადად, საალათებისგან შედგება. ვცდილობ, მაქსიმალურად მსუბუქად ვიკვებო. 

– რა გეგმები გაქვთ ერთად და ცალ-ცალკე? 

ანა: წელს აბიტურიენტი ვარ, ამიტომ დროს მთლიანად სწავლას ვუთმობ. 

ლაშა: ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული ლონდონის გუნდთან. მინდა ეს შემოთავაზება კიდევ გავახანგრძლივო ორი ან სამი წლით. რაც შეეხება ერთობლივ გეგმებს, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა! 

ფოტო : ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com