დადუნას ბლოგი

ზამთრში ზაფხული გვენატრება, ზაფხულში გვცხელა და ისევ ზამთარი გვინდა.ადამიანის ბუნება ხშირად დაუკმაყოფილებელია. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომელი სეზონი უყვარს გამორჩეულად. სულ ვწუწუნებთ… ვსუქდებით ‒ გახდომა გვინდა; დიეტაზე რომ დავდგებით, მერე შიმშილი გვაწუხებს და ისევ წუწუნს ვიწყებთ ‒ აღარ შემიძლია ამდენი მოხარშული ქათმის ფილეს ჭამაო.

ამ ბოლო დროს მართლა ყველა დიეტაზეა. ქალების უმრავლესობა წყლით იჭყიპება და შიმშილობს, შედეგად ვიღებთ ფსიქო-ნევროზულ მდგომარეობას და მუდმივი ცდუნების შეგრძნებას. არ იცი როდის შემოგეჭმევა მთლიანი ხაჭაპური, 20 ხინკალი და დიდი ტორტი ერთად.

სტუმრის მიღებაც აღარაა მარტივი საქმე. დაპატიჟბა ადამიანს და ტელეფონშივე გეუბნება ‒ მე არაფერი მინდა, არ შეწუხდე, მაინც ვერ შევჭამ დიეტაზე ვარო. მერე გესტუმრება, დახვდება ნამცხვარი და იწყება ტანჯვა. ვერც გელაპარაკება, არც გისმენს, სულ ამ ნამცხვრისკენ გაურბის თვალი. ბოლოს, რა თქმა უნდა, არღვევს დიეტას, იმ იმედით, რომ ხვალიდან ან ორშაბათიდან მოკვდება შიმშილით.

ჰო და რისი თქმა მინდოდა ამ მონოლოგით. რადგან ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეთ ჭამა უფრო გვანგრევს თუ უჭმელობა, მოდით ერთად ვიყოთ ბედნიერები, ვჭამოთ მსუბუქად, გემრიელად და ნუღარც სტუმარს შევაძულებთ მოსვლას. ისედაც ყველას, ვინც დიეტაზეა საკმარისი სტრესი აქვს მიღებული. 

საზამთროს ცივი სალათი

დაგვჭირდება:

საზამთრო -300 გრ. სალათის ფურცლები -200 გრ. ბრინჯის მაკარონი -100 გრ. ცოცხალი პიტნა -20 გრ. ყველი ბრინზა -130 გრ. ზეითუნის ზეთი -30 გრ. მდოგვი -10 გრ. მარილი, წიწაკა 

ამ სალათის მოსამზადებლად ბევრი დრო ნამდვილად არ დაგეკარგებათ. მთავარია სანამ მომზადებას დაიწყებთ, მანამდე ბრინჯის მაკარონი დაალბოთ თბილ წყალში. 

სოუსიც ცალკე მოამზადეთ ‒ ზეითუნის ზეთი, მდოგვი, მარილი, დაღერღილი წიწაკა ერთმანეთში კარგად აურიეთ და მოასხით სალათას. 

დამიჯერეთ ამ სალათსაც პრაქტიკულად არ აქვს კალორიები და ზაფხულსაც ძალიან უხდება. აუცილებლად გამოიყენეთ საზამთრო, სანამ სეზონია! 

ხილის ტერანი

დაგვჭირდება: 

• ატამი -300 გრ • კიტრი -200 გრ. • ჟოლო -200 გრ. • ვაშლატამა -200 გრ. • ჟელატინი -50 გრ. • ფორთოხლის წვენი -300 გრ. • ვანილი -1 შეკვრა 

ეს დესერტი ნამდვილად ზაფხულის დიეტური შედევრია. ერთადერთი, თუ სასტიკ დიეტაზე ხართ, შეგიძლიათ წვენი არ გამოიყენოთ. 

ყველა ხილი უნდა დაჭრათ სიგრძეზე და ფენა-ფენა ჩაალაგოთ ოთხკუთხედ ფორმაში. შეგიძლიათ შუშის მრგვალი საცხობი ფორმაც გამოიყენოთ. მთავარია ხილი იყოს ლამაზად დაჭრილი. 

ცალკე ადუღებამდე მიიყვანეთ ჟელატინი და მოასხით, როცა გაგრილდება. მე ერთი ფენა ფორთოხლის წვენით გავაკეთე. 

შემდეგ შედგით მაცივარში, 2 საათით მაინც და შედეგით გაოცდებით, ისეთი ლამაზი და გემრიელია. 

საზაფხულო კანაპეები

ეს კანაპეები შეგიძლიათ სტუმრების მოსვლამდე მოამზადოთ, შედოთ მაცივარში და კარგად გააციოთ. ძალიან გემრიელია და კომფორტული ალკოჰოლურ სასმელთან მისაყოლებლად. 

მე, ეს კომბინაციები ძალიან მომწონს და თქვენც გირჩევთ. რა თქმა უნდა, სხვა ხილიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მთავარი ისაა, რომ ხილი და ყველი ძალიან უხდება ერთმანეთს. 

ქათმის სალათი

დაგვჭირდება: • ქათმის ფილე -300 გრ. სალათის ფურცლები კიტრი -1 ც. სტაფილო -1 ც. ოხრახუში -30 გრ. სოიოს სოუსი -50 გრ. მდოგვი -20 გრ. წიწაკა -10 გრ. 

დრესინგისთვის: • კვერცხი -1 ც. ზეითუნის ზეთი -100 მლ. 1 ცალი ლიმონის წვენი ძმარი -30 გრ. დიჟონური მდოგვი -30 გრ. 

ქათმის ფილე დავამარინადოთ სოიოს სოუსში, მდოგვში და წიწაკაში. სასურველია ბევრი მარილის გარეშე, თუ ვდიეტობთ. 

მე, ქათამს გრილის ღუმელში ვწვავ, ზედმეტი ცხიმი რომ მოშორდეს. ძალიან მოუხდება სეზამის მარცვლებიც, მაგრამ თუ არ გაქვთ მის გარეშეც შეიძლება მომზადება და ამის გამო უარი არ თქვათ. 

დრესინგისთვის კვერცხი, მდოგვი, ლიმონის წვენი, ძმარი, მარილი და წიწაკა კარგად დააბლენდერეთ და ნელ-ნელა ამატეთ ზეითუნის ზეთი, სანამ არ შესქელდება. როცა დიეტაზე არ იქნებით შეგიძლიათ გემოვნებით შაქარიც დაამატოთ. 

კიტრის სალათი

დაგვჭირდება: • კიტრი -2 ც. ყაბაყი -1 ც. ხაჭო 0%-იანი ყველი ბრინზა -100 გრ. 

დრესინგისთვის: • მაწონი -40 გრ. აჯიკა -10 გრ. ზეითუნის ზეთი მდოგვი 

ეს სალათი მართლაც ზაფხულია: დიეტა და გემრიელობა. აუცილებლად გააკეთეთ. 

კიტრი და ყაბაყი სლაისერზე დაჭერით, თხელი ნაჭრები უფრო გემრიელია. დრესინგიც კარგად ნაწილდება და გემოსაც სხვანაირად აღიქვამთ. 

ჭარხლის და ვაშლის სალათი

დაგვჭირდება: • ჭარხალი -1 ცალი • მწვანე ვაშლი -1 ცალი 

დრესინგისთვის: • ზეითუნის ზეთი -30 მგ. • ხაჭო 0%-იანი -100 გრ. • მდოგვი -10 გრ. • მაყვალი -50 გრ. • ტარხუნა -30 გრ. • ნიორი -1 კბ. • მარილი, წიწაკა 

ეს სალათი არა მხოლოდ დიეტური, სასარგებლოცაა. 

ჭარხალი მოხარშეთ, ვაშლი ცოცხლად გამოიყენეთ. როგორც გინდათ ისე დაჭერით, გემო არ შეიცვლება. პირადად მე, ისე მომწონს, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. 

დრესინგისთვის კი ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ, ან შეგიძლიათ, უბრალოდ კარგად აურიოთ, თუ უფრო სქელი მასა მოგწონთ. 

კომბოსტოს სალათი

დაგვჭირდება: • კომბოსტო -200 გრ. წითელი ბულგარული წიწაკა -1 ც. ხახვი -1 თავი მწვანე ბულგარული წიწაკა -1 ც. საშუალო ზომის სტაფილო -1 ც. 

დრესინგისთვის: • მაწონი 0%-იანი -1 ქილა ტარხუნა -50 გრ. ნიორი ოხრახუში -30 გრ. მარილი 

ყველა ინგრედიენტი დავჭრათ ძალიან თხლად და მოვაყაროთ ცოტა მარილი. დავასხათ სოუსი და კარგად ავურიოთ. ეს დიეტური სალათი ნამდვილად გახდება თქვენი კვირის მენიუს მთავარი ფავორიტი. თითქმის არ აქვს კალორიები, მარტივია და ძალიან გემრიელი. სეზონურად შეგიძლიათ შეცვალოთ მწვანილი. მაგალითად, ტარხუნა ჩაანაცვლოთ პიტნით. 

ფოტო: იკა პირველი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com