მის შესრულების მანერასაც, კაბების ფერადოვნებასაც და ენერგეტიკასაც ყოველთვის საზაფხულო განწყობა მოაქვს. იმის მიუხედავად, სად მღერის და რას ასრულებს, ‒ გეოგრაფიული სარტყელი და თავად სივრცეც მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტის როლს თამაშობს. მთავარი „სულიკოა,“ „ქუჩაში ერთხელ,“ „გამიღე კარი“ და ყველაფერი, სულ ყველაფერი, რასაც ნინო ქათამაძე ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად წლებია სხვადასხვა სცენასა და კონტინენტზე ასრულებს. თანაც ასრულებს ისე, რომ მისი ყოველი გამოსვლა ახალი და მოულოდნელობებით აღსავსეა; კონცერტიდან კონცერტამდე, სიმღერიდან სიმღერამდე შეუძლია ადგეს და გაუგონარი ჯადოსნობით გარდაისახოს. თუმცა გვიმხელს, რომ არის რაღაც, რაც არასდროს იცვლება ‒ წინასაკონცერტო მღელვარება და კიდევ პასუხისმგებლობა მასზე შეყვარებლი აურაცხელი მსმენელის მიმართ.
– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის, რომ სამუშაო პროცესს ორგანიზებული, ყოველდღიური და მეტ-ნაკლებად რუტინული ხასიათი ჰქონდეს?
– ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში, თვითორგანიზება ერთადერთი საშუალებაა ნებისმიერ დროს მობილიზებული ვიყო იმ მასშტაბის კონცერტებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ ხოლმე. მაგალითად, ტურნეში შეიძლება ერთი კონცერტი კლუბური იყოს, მეორე – დიდ ორკესტრთან ერთად, მესამე – მარტო ჯგუფთან ერთად, მეოთხე კონცერტი – საერთოდ, ღია სივრცეში. თან ზედიზედ, დღეგამოშვებით. სხვადასხვა მუსიკალური ფორმა აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგიაში ყოფნას მოითხოვს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიური მზადყოფნის ხარჯზეა შესაძლებელი.
– სიზარმაცის მომენტი თუ გაქვთ ხოლმე?
– არა, სიზარმაცის მომენტი არ მაქვს. მუსიკა მხოლოდ სცენაზე გასვლა რომ იყოს ჩემთვის და მარტო ამ ნაწილში ვიღებდე მონაწილეობას, მაშინ, ალბათ, რაღაცებზე ვიტყოდი, რომ მეზარება. რეალურად, სცენაზე გასვლამდე ყველა დეტალი გამოივლის ხოლმე ჩემთან, შემდეგ ჯგუფთან ვათანხმებ ამ ყველაფერს. საქმის კურსში უნდა ვიყო, თუმცა არა იმიტომ, ეს რომ ყველაფერი მაინტერესებს, ‒ პირიქით, ძალიან დამღლელია რაღაც მომენტში, ‒ მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა პუნქტი სათანადო დონეზე შესრულდეს.
– ანუ ხარისხს ყველა ამ კომპონენტის ერთობლიობა ქმნის.
– რა თქმა უნდა. აბსოლუტურად.
– რა არის თქვენი აზრით ნიჭი ‒ საჩუქარი? ვალდებულება?
-მე ასე მგონია, რომ ნიჭიერება არაა ის, რაშიც თავს კარგად გრძნობ, ‒ ნიჭიერებაა, როცა შენ სხვა ადამიანის ნიჭის დანახვა, აღიარება და ამ ნიჭით სიხარულის განცდა შეგიძლია. ნიჭიერებაა ის, რომ საკუთარ თავში ძალა მოიპოვო და სხვას დაეხმარო თავისი ნიჭის განვითარებაში. აი, აქ და ამ დროს ხარ ნიჭიერი. თორემ ის, რომ შენი მამა, დედა, ოჯახის წევრები ექიმები ან მუსიკოსები იყვნენ და შენც ამ გარემოში იზრდებოდი, უბრალოდ, გამართლებაა, ღვთის საჩუქარი. ყველა ადამიანს რაღაცის ნიჭი აქვს. თუ საყვარელი ბებო ფაჩუჩებს ქსოვს, ის ყველაზე ნიჭიერია, იმიტომ, რომ მზრუნველია. ნიჭია, როცა შეგიძლია გემრიელი საჭმელი მოამზადო… ადამიანი თავადაა ნიჭი. მე ამის მიხედვით არავის გამოვყოფდი ერთმანეთისგან.
– რა რის თქვენთვის ოჯახი?
– იცით როგორაა? ოჯახი, რა თქმა უნდა, საწყისია ‒ შენი ბავშვობა, მზრუნველი ადამიანები, რომლებიც შენთვის შრომობენ და ეს ყველაფერი, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, მეორე მხრივ, ხომ არსებობენ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც ოჯახი, დედა საერთოდ არ ჰყოლიათ, ძალიან რთულ პირობებში გაიზარდნენ. ოჯახი არის ადგილი, სადაც შენი მინუსებიც კი უყვართ; სადაც მშვიდ გარემოში შეგიძლია იზრუნო შენი შეცდომებისა და სისუსტეების გამოსწორებაზე.
– როგორი ურთიერთობა გქონდათ ბავშვობაში დედასთან?
– ოჯახში ოთხი შვილი ვიყავით. გარდა ამისა, იქ, სადაც ვცხოვრობდით, კიდევ სხვა დედ-მამიშვილები ცხოვრობდნენ და, საერთო ჯამში, 14-15 ბავშვი ვიყავით. თან ეს სოფელში ხდებოდა, სადაც ბევრი საქმეა ‒ სტუმრები, მეურნეობა… ვსწავლობდით, მე პირველი კლასიდან დამატებით მუსიკალურ სასწავლებელში დავდიოდი, ძალიან გვიან ვბრუნდებოდი. თუმცა ოჯახში უზარმაზარი სითბო ტრიალებდა და ეს არამარტო დედიდან მოდიოდა. როცა პატარები ვიყავით, ჩვენთან ცხოვრობდა ბებიის მამა, ასევე ბაბუის და. ხო რამდენად საყვარელია ბებია-ბაბუისთვის შვილიშვილი და აქ კიდევ მეტი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. ზაფხულში, როცა ნათესავები ჩამოდიოდნენ ხოლმე, უამრავი ბავშვი ვიკრიბებოდით. სრული სიგიჟე იყო და დიდი სიხარული! არასდროს ვისჯებოდით ჩვენი ხულიგნობის გამო. ზოგადად, ურთიერთობები ძალიან სპეციფიკურია ხოლმე სოფელში, ტკბილი. მახსენდება ხოლმე ღამე, ‒ როცა სითბო გინდა და ვერც ხვდები რას ეძებ, ამ დროს კი შენი დედიკო შემოგიწვება… ეს სითბო მახსენდება, როცა ჩემს შვილს ვეფერები.
– დღეს მეგობრობთ დედასთან?
– ყველაფერს შემიძლია მოვუყვე, ყველაფერში გავენდო, მაგრამ, იცით, როგორი რამეა? მე უკვე მრავალი წელია შორს ვცხოვრობ, ჩემი დედ-მამიშვილები დედასთან ახლოს არიან და ეს დაშორება სხვანაირ მორიდებას ბადებს, სხვა ურთიერთობა ყალიბდება. გულწრფელი რომ ვიყო, ასეა, თორემ ზღაპრულ ისტორიებს მეც მოვყვებოდი, როგორიც მრავლად არის, და დავიჯერებდი კიდეც. მე უფრო მზრუნველის ფუნქცია მაქვს და სულ მონატრებული ვარ დედას, მის ყურადღებას, მის ჩახუტებას. ვშრომობ, რომ ჩემები ბედნიერები იყვნენ. რამდენად გამომდის, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, შინაგანად ასე მინდა რომ იყოს.
– მეოცნებე ხართ?
– უფრო მეზღაპრე ვარ. ზღაპრებში ვცხოვრობ. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც მღერის მხოლოდ ქართულ ენაზე და რომელმაც წელი შეიძლება დაიწყოს კამჩატკით და დაამთავროს ნიუ-იორკში. ეს ზღაპარია არაა?
– ფიქრობდით ხოლმე მომავალზე?
– არა, მე ლომი ვარ ჰოროსკოპით და ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა იყოს ყველაფერი მყარად და სავსედ.
– რა არის თქვენი ძლიერი მხარე და, პირიქით, საკუთარ სისუსტედ რას მიიჩნევთ?
-მივხვდი იმას, რომ ყველა ჩემი ძლიერი მხარე ამავე დროს ჩემი სუსტი მხარეცაა. მაგალითად, ჩემი სიძლიერე თუ ერთგულებაა, ის, ამავე დროს სისუსტეცაა, რადგან ყველაფერი შეიძლება გამაკეთებინო იმისთვის, რომ მუსიკას არ დავშორდე.
– განწყობას მნიშვნელობა აქვს მუშაობისთვის?
– არა, ყველანაირი განწყობის უფლება გაქვს, მთავარია, არ იტყუებოდე.
– რთულია თქვენთან მუშაობა?
– კი, რთულია, იმ თვალსაზრისით, რომ მე არ ვიღლები და ზეპუნქტუალურობით ვღლი ყველას. ჩემთვის ურთიერთობაში თავისუფლებაა მთავარი, აუცილებლად ყველას ვაძლევ ამ თავისუფლებას. ჩვენი, „ინსაითის“ მუსიკაც თავისუფალი მუსიკაა, ჯგუფის თითოეული წევრი საკუთარ თავს ეძებს, სასურველ ფორმას ირგებს და მათი თავისუფლების შერწყმის ხარჯზე მსმენელი, მუსიკის საშუალებით, საკუთარ თავსა და თავისუფლებას პოულობს.
– საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ხართ?
– რა თქმა უნდა. სხვანაირად უხერხულია მოსთხოვო ადამიანს ის, რისთვისაც შენ თვითონ მზად არ ხარ.
– სიმშვიდის განცდას რა გიქმნით?
– როცა საკუთარ თავს გამოწვევას ვუსახავ და მას დადებითად ვპასუხობ. სიმშვიდე არ არის ჩემთვის მხოლოდ სიჩუმე, ან უმოქმედობა, ან ფიზიკური დასვენება. სიმშვიდეა, როდესაც ვიცი ყველა რესურსი გამოვიყენე ადამიანებისთვის, მათი კეთლდღეობისთვის, ჩემი კონცერტისთვის, ჩემი ჯგუფის წევრებისთვის. ეს ძალიან ბევრია, მაგრამ შენ თუ ღია ხარ, ყველაფერს ასწრებ, ყველაფერი შეგიძლია.
– დედაც ასეთივე ორგანიზებული ხართ?
– როგორც დედა ძალიან გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ჩემი შვილი 9 წლის არის და ბევრჯერ მუსიკა ავირჩიე და არა მისი დაბადების დღე. ამ შემთხვევაში, მე მგონი, ჩემი შვილი უფრო გულისხმიერია ჩემ მიმართ, ვიდრე ‒ მე და ეს მკლავს, მანგრევს.
– დაგყავთ ხოლმე თქვენს კონცერტებზე?
– წლის დასაწყისში მე და ნიკუშამ მოვილაპარაკეთ, რომ ფრანგულს ისწავლიდა და, სამაგიეროდ, მე აპრილში ნიუ-იორკში წავიყვანდი. ორი კვირა გავატარეთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სამი კონცერტი მქონდა, ‒ ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში, ‒ ორივემ ისე ვისიამოვნეთ, რომ იმის მერე მეუბნება, მოდი, რა, ტრადიცია იყოსო.
– ვიზუალური მხარე ‒ ის თუ როგორ გამოიყურებით სცენაზე ‒ თვითგამოხატვის მნიშვნელოვანი ნაწილია?
– ავთანდილთან ვმუზიცირებ დიდი ხანია და სრული სიმშვიდე მაქვს, როდესაც ვეუბნები მასშტაბს, ქალაქს ან როდესაც ვამბობ, რომ ახლა მე მჭირდება კოსტუმი ჯაზ-ფესტივალისთვის ან დიდი კონცერტისთვის. მან ზუსტად იცის რა მჭირდება, ხან ხელზე აკეთებს აქცენტს, ხან მხარზე. იცის, მაგალითად, რომ სცენისკენ ზურგით მიყვარს დგომა და მუსიკოსებთან თვალით ურთიერთობა. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, როდესაც დიდი ხანია თანამშრომლობ. საოცარი კომფორტია. ანალოგიურადაა თმის შემთხვევაში. მაგალითად, მქონია ისტორია, როცა დავმჯდარვარ მატარებელში, გავმგზავრებულვარ ერთი ქალაქიდან მეორეში, ნაწნავი გამიკეთებია და კონცერტზე დავბრუნებულვარ. ან ჩამოვფრენილვარ თბილისში ალა ჯიბლაძესთან, რომელიც 17 წელია ჩემს ვარცხნილობაზე ზრუნავს, გამიკეთებია თმა და გავფრენილვარ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.
– 21 აგვისტოს კონცერტს საკუთარ დაბადების დღეს ამთხვევთ. როგორ გაჩნდა იდეა?
– რაღაც მომენტში ვფიქრობდი, ცოტა უხერხული ხომ არ არის დაბადების დღისა და კონცერტის დამთხვევა-მეთქი. მაგრამ იმდენი სტუმარი მომდის, პირველი გამართლება ეს მოვუგონე. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, მადლიერი ვარ, რომ დავიბადე. როცა უცხო ქვეყანაში ინტერვიუს ვაძლევ ხოლმე, ასე ვიწყებ: ჩემივე ნებით დავიბადე საქართველოში. შემდეგ ცხოვრებაშიც საქართველოში უნდა დავიბადო. მართლა ძალიან მიყვარს! მიყვარს ყველა დღე, რაც გამოვიარე, მე თვითონ მოვიპოვე ყველა დღე, მე თვითონ შევხვდი ყველა დღესა და ყველა ღამეს, ყველა გამოწვევას. ვიპოვე ადამიანები, დავარქვი მათ მეგობრები, ვიღაცებს დავჭირდი, შევძელი დახმარება, სადღაც ვერ შევძელი, ‒ ამან გამზარდა. დაბადების დღის იდეაც აქედან წამოვიდა, რომ კონცერტს საქველმოქმედო დატვირთვა ჰქონდეს. “Black Sea Arena”-მ დაგვპატიჟა, 45 წლის ვხდები და მინდა, რომ სცენაზე შევხვდე ამ ასაკს. ამბობენ, დაბადების დღეზე უკეთესად მღერიანო. ყველაზე კარგი ის არის, რომ დიდ სცენაზე დიდი საშუალებები გეძლევა, მე და ჩემს „ინსაითს“ სიმებიანი ორკესტრი, ჩასაბერი ისტრუმენტები, სამების გუნდი, ასევე ლონდონელი დიჯეი შემოგვიერთდება, რომელიც ჩვენს სიმღერებს გამიქსავს. გვინდა სურპრიზები მოვამზადოთ. ყოველ დღე რაღაცას ვფიქრობთ, რაღაცას ვეძებთ, რაღაცას ვაკეთებთ. ცოტა ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მინდა ამდენი ადამიანი მხოლოდ იმისთვის შევკრიბოთ, რომ სიყვარული გავიღოთ.
– თავისუფალი დრო თუ გაქვთ?
– მთელი გონება, მთელი არსება, ყველაფერი მუსიკაშია ჩართული. ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, ძალიან ბევრი რამე გავაკეთე, თქვენგან რომ წავალ, კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ. ფიზიკურად ვერ ვეთიშები ამ პროცესს იმისთვის, რომ საღამოს დავმშვიდდე და რაღაც სხვა სამყაროში გადავიდე. თავისუფალი დრო, როგორც ასეთი, არ არსებობს, წლებია ასეა. ყოველწამიერი ხასიათი აქვს მუსიკასთან ურთიერთობას.
– როგორ უძლებთ ამხელა დატვირთვას?
– იცით, როგორი რამეა? გულწრფელად რომ გითხრათ, საქართველოში რაღაცის ორგანიზებით უფრო ვიღლები, ვიდრე უცხოეთში. როცა ფილარმონიაში მაქვს კონცერტი, ყველაფრის ორგანიზებას ჩემს თავზე ვიღებ, ძირითადად, იმის გამო, რომ ფასები ვაკონტროლო. მინდა, რომ ჩემი მსმენელისთვის ეს იყოს დღესასწაული და ამის გამო ვცდილობ ბილეთს დაბალი ფასი ჰქონდეს. როცა სხვა აკეთებს ორგანიზებას, ამ პროცესს ვეღარ ვაკონტროლებ. მსგავსი ტიპის ორგანიზებით ვიღლები. მაგრამ, აი, ტურნეში როცა მივდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გეტყვით, რა სირთულეებზეა ლაპარაკი, ყველაფერი წინასწარაა გაწერილი. დღეს უკვე ზუსტად ვიცი ოქტომბრის 28-ში 3 საათზე სად ვიქნები. ეს აუცილებელია, სხვანაირად ვერ დაგეგმავ, საუნდ ჩექი როდის უნდა გქონდეს, რომელ საათზე უნდა გაფრინდე, ინტერვიუ როდის გაქვს ‒ ამ გრაფიკს ნახევარი წლით ადრე ადგენ, ამიტომ იქ ვისვენებ ხოლმე.
– გვიან იძინებთ?
– იძულებული ხარ არ გაათენო, იმიტომ, რომ ყელისთვის ეს ძალიან ცუდია. როდესაც თვითმფრინავით გადაფრენა გვაქვს, მინდა ‒ არ მინდა თვალებს ვხუჭავ და ვიცი უნდა დავიძინო ძალის აღსადგენად.
– რომელი სეზონი გიყვართ?
– ზამთარი და გვიანი შემოდგომა.
– კულინარია რამდენად გაინტერესებთ? არის ის ხელოვნების ერთგვარი ფორმა თქვენთვის? შეიძლება როგორც ხელოვანი რეალიზდე ამ სფეროში?
– სიამოვნებით გადავერთვებოდი კულინარიის ხელოვნებაში. ესაა ერთდროულად მხატვრობაც, სილამაზეც, ‒ ყველაზე სასურველი, ყველაზე საპასუხისმგებლო. გემოს აქვს მეხსიერება, თავისი ვნება, ამიტომ ეს უდიდესი ხელოვნებაა.
– კარგი დეგუსტატორი ხართ?
– ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სამზარეულო, მზადებაც მიყვარს. დრო არ მაქვს, მაგრამ დროის არქონაც პირობითია. რა თქმა უნდა, სწრაფადაც შეიძლება რაღაც გემრიელი მოამზადო.
– რომელი ქვეყნის სამზარეულო გხიბლავთ?
– ქართულთან ერთად, ძალიან მიყვარს იტალიური, ფრანგული, ჩინური, ტაილანდური სამზარეულო. თეონა კონტრიძის წყალობით, ძალიან ბევრი რამ გავსინჯე. ის ფანტასტიკური კულინარია! დათუჩა აბულაძეც, „ინსაითის“ დრამერი, პიკანტურ გემოებს ისე გამორჩევს ხოლმე, ისე შეაფასებს!
– მოგზაურობა გიყვართ?
– გინდ ნიუ-იორკში ვიყო და გინდ თბილისში, ერთნაირად დატვირთული ვარ, თუმცა გამიმართლა და იაპონიაში საკურას ყვავილობა ვნახე, ტაილანდში ვიყავი… ერთადერთი, რაც უცხოეთში მინდება, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაში მოხვედრაა. ამიტომ მეგზური აუცილებელია ჩემთვის, რომ მარტო მუსიკალური ინსტრუმენტების ძიება არ შემრჩეს. შოპინგიც არ გამომდის ხოლმე, მეზარება დროის ამაზე ხარჯვა.
– სახლი გიყვართ?
– ძალიან მიყვარს! ჩემი დასვენება ის არის, რომ სახლში ზედიზედ სამი დღე ვიყო. მეტი არაფერი მინდა.
– ყოველდღიურად როგორ გამოიყურებით?
– აბსოლუტურად ვაანალიზებ, რომ აჯობებს სულ წამწამებდაწეპებული ვიყო, მაგრამ როცა სცენაზე არ ვდგავარ, თავს მოდუნების უფლებას ვაძლევ. ექსპერიმენტების დროც მაშინ მაქვს, როცა სცენაზე არ ვდგავარ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ თუ რამე კომფორტულს ვნახავ, ორ ცალს ვიძენ.
– როგორ ფიქრობთ, რატომ უყვარს მსმენელს შემსრულებელი. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომღერალი არამარტო მოგწონდეს, გიყვარდეს კიდეც?
– ძალიან მიხარია, რომ ამას მეუბნებით! მიზეზი? მე მიყვარს ჩემი მსმენელი, ძალიან მიყვარს! როგორც ზრდასრული ადამიანი უნდა აანალიზებდეს, ზუსტად ისე ვაანალიზებ, რომ მხოლოდ ჩემი მსმენელი წყვეტს მექნება მე ხვალ კონცერტი თუ არა. და მე ამას ძალიან ვუფრთხილდები, იმიტომ, რომ მუსიკასთან ურთიერთობის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. სუნთქვა არ შემიძლია! ამის პარალელურად, ვფიქრობ ადამიანებზე, ჩემს მეგობრებზე, ვისაც, მაგალითად, ასჯერ აქვს ჩემი სიმღერა მოსმენილი, აი, ასმეერთედ რას მოვასმენინებ. ყოველთვის ესაა ჩემი მოტივაცია, რომ რაღაც ახალი იყოს ‒ ახალი ვერსია, ახალი ნოტი, ახალი ჟღერადობა… დღევანდელი იყოს.
– რა შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი წლებთან ერთად?
– წლებია უკვე გაწონასწორებულად ვუყურებ წინასაკონცერტო პროცესებს. სამაგიეროდ, არ შემცვლია წინასაკონცერტო მღელვარება. არცერთი შტრიხი არ შეცვლილა ამ ხრივ, არ აქვს მნიშვნელობა კონცერტის ფორმატს.
– ყველაზე ხშირად რა გრძნობა გეუფლებათ?
– მთავარია მადლიერება იმის გამო, რომ შეგიძლია იყო ადამიანი.
– გაოცებთ რამე?
– მაოცებს კი. არა, კი არ მაოცებს, ‒ მახარებს, როცა ადამიანი თავის ბედნიერებას ეთანხმება.
– ბედნიერი ხართ?
– როცა ვეთანხმები ამ ბედნიერებას, კი.
ფოტო : ანა ბოკო