ლუკას სამზარეულო

ლევან ქოქიაშვილის მთავარი გამოწვევა

ლევან ქოქიაშვილი ‒ კომპანია „გასტრონავტის“ დამფუძნებელი, რესტორან „ბარბარესთან“ კონცეფციის ავტორი ‒ გვიყვება, რომ მისი უპირველესი მიზანი ‒ ქართული გასტრონომიის განვითარებაა. თუმცა პროფესიულ გამოწვევებთან ერთად, საკუთარ თავს მიზნებს არაერთ სხვა ასპექტშიც უსახავს; დატვირთული სამუშაო განრიგის ფონზე, წარმატებით ახერხებს იმას, რომ მზრუნველობა არც საქმეს მოაკლოს და არც ოჯახის წევრებს.

– კლასიკურად დავიწყოთ ‒ მე გეტყვი ცოტაოდენს ჩემზე, შენ მითხარი ოდნავ მეტი შენზე. ვინ არის ლევან ქოქიაშვილი?

-ლევან ქოქიაშვილი არის იმ თაობის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდხანს იდგა პურის რიგში და რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ქვეყნის თავს დამტყდარი დიდი გაჭირვება. პურის ქარხანაში ტომრებით მოგვიპარავს პური და უბანში დაგვირიგებია, მაშინ რობინ ჰუდი მეგონა ჩემი თავი. შემდეგ ნელ-ნელა მოვესწარით ჩვენი სამშობლოს წინსვლას და შედარებით კარგ ამბებსაც. ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, როცა მნიშვნელოვანია ნებისმიერმა მოქალაქემ იზრუნოს ქვეყნის განვითარებაზე. ვთვლი, რომ მე ვარ გ ა ს ტ რ ო ნ ა ვ ტ ი, რომელიც ცდილობს ქართული გასტრონომიის წინსვლისთვის იბრძოლოს. 

– სერვისის ინდუსტრიაში მომუშავეთათვის ხშირად რთულია პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსება, ხშირად ერთი მეორეს „ყლაპავს,“ ბალანსის დაცვა ჭირს. როგორია შენი გამოცდილება ამ მხრივ?

-მეც გამიჭირდა. 16 საათის განმავლობაში გიწევს სამსახურში ყოფნა, კვირაში 6 დღეს, თუმცა შეიძლება ცუდად გახდეს ვინმე და მეშვიდე დღესაც გამოგიძახონ. ღამე მიდიხარ სახლში და შხაპის მიღებისთანავე ითიშები. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ კი არ იძინებ, ითიშები! სარესტორნო საქმეში ბალანსი არ არსებობს, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუმარს შეიძლება პატარა დეტალის გამო გაუჩნდეს უნდობლობა და მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს. ჩემთვის ჩემი საქმიანობა არ არის დაკავშირებული „კარიერასთან,“ უფრო ჩემი ცხოვრების სტილია, იმიტომ, რომ უსაზღვროდ მიყვარს გასტრონომია და მის გარეშე ერთი დღეც არ მინდა ცხოვრება. როდესაც რესტორანში სამუშაოდ ახალი კადრი ამყავს, თუ ვატყობ, რომ ფიზიკური გამძლეობა არ აქვს, მაშინვე ვურჩევ, რომ ეს არ არის მისი სფერო და უმჯობესია სხვა საქმე აირჩიოს.

– ჩემთვის ყველა ჩემი პროექტი შვილივითაა. პირველი სტუმარი ‒ პირველი ნაბიჯივითაა, პირველი კმაყოფილი მომხმარებელი ‒ პირველი სიტყვის ტოლფასია, კარგი შეფასებები თითქოს სკოლის პირველი კლასივითაა. შენც ამდენი კარგი პროექტი გაქვს შესრულებული, როგორ შეაფასებდი ‒ რას ნიშავს შენთვის ეს პროექტები?

-აბსოლუტურად გეთანხმები. ჩემი შვილის დაბადება და ჩემი გასტრონომიულ სფეროში მოხვედრა ერთდროულად მოხდა. როგორც შვილთან ერთად გავიზარდე, ისე გავიზარდე ჩემს პროექტებში. ბევრი შეცდომა დამიშვია და ბევრიც მისწავლია ამით. ვფიქრობ, გამოცდილება უმთავრესია ნებისმიერ საქმეში. ჩემთვის ყველა ახალი პროექტი დიდი გამოწვევა, სადაც ჩემი შესაძლებლობები უნდა დავამტკიცო. დაახლოებით იგივე შეგრძნება მაქვს პროექტის დაწყებისას, როგორიც ახალი ზელანდიის ნაკრების მიერ ჰაკას თამაშის დაწყებისას გვაქვს ხოლმე. 

– შენი როლი როგორია ოჯახში? როგორ ინაწილებთ ფუნქციებს?

მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, ვისაც კონკრეტულ დროს რისი გაკეთება შეუძლია, იმას აკეთებს.

– ვიცი, რომ შენ და შენი მეუღლე ერთად მუშაობთ პროექტებზე, მის შესაძლებლობებზე ბევრი კარგი მსმენია და საკუთარი თვალითაც მინახავს. მე და ჩემს პარტნიორსაც გვიფიქრია ერთად მუშაობაზე, საერთო პროექტებზე, მაგრამ თავს ვიკავებთ, რამდენადაც მეგობრებისა და ახლობლებისგან ბევრჯერ მსმენია, საქმისა და ოჯახის არევა საშიში რამეაო. თუმცა მაინც მაქვს იმედი, რომ ეს შესაძლებელია, როგორ ახერხებთ შენ და შენი მეუღლე ამას?

-მე ვერ დავეთანხმები აზრს, რომ „საქმისა და ოჯახის არევა საშიში რამეა,“ მთავარია, თქვენ და თქვენს მეუღლეს საერთო ინტერესები გქონდეთ, ერთმანეთს ენდობოდეთ. სიმართლე გითხრათ, პირიქით, ‒ ბევრჯერ გადავურწმუნებივარ მეუღლეს სხვადასხვა საკითხში და ამას, ალბათ, ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებდა მის გარდა. გასტრონომიულ საქმეში ორი სქესის კოლაბორაცია, როგორც წესი, ძალიან წარმატებულია ხოლმე, მათი ხედვის თავისებურებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ქალი სულ სხვა რამეს აქცევს ყურადღებას სკამთან დაჯდომისას და კაცი ‒ სულ სხვა რამეს; ქალი აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვამს ჭურჭელს და კაცი ‒ სხვანაირად, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ვავსებთ და, რაც მთავარია, ბოლომდე ვენდობით ერთმანეთს საქმეში, გვჯერა ერთმანეთის და, ფაქტობრივად, აუღებელ ციხესიმაგრედ ვიქეცით. უარყოფითი მხარე, სიმართლე გითხრათ, არც კი მახსენდება.

– ლევან, შენთვის მამობა რას ნიშნავს? რამდენადაც ვიცი, შენი შვილი პატარა აღარაა. როგორ ახერხებ მამობისა და კარიერის შეთავსებას. მე და ჩემი პარტნიორი ნელ-ნელა შვილებზე ფიქრს ვიწყებთ, ფსიქოლოგიურად ვემზადებით, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ჩემთვის.

-ჩემთვის მამობა ‒ უფროსი მეგობრის შეძენასავითაა, რომელიც არასდროს გეჩხუბება, ცდილობს აგიხსნას ესა თუ ის საკითხი, რომელიც შენთვის უცნობია და ცხოვრება გასწავლოს. სიმართლე გითხრა, ჩემი მთავარი მოტივატორი ამ საკითხში ჩემი თავია, მე ობლად ვარ გაზრდილი, დედ-მამის გარეშე, ამიტომ ყოველდღიურად ვაცნობიერებ მამობის დიდ ძალას. 20 წლის ასაკში შვილი მყავდა და თავიდან გამიჭირდა ჩემი შესაძლებლობების გააზრება, მაგრამ, ჩემი ობლობიდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ კარგი მამა ვიქნებოდი. ამჟამად არ არსებობს არავითარი საქმე, რომელსაც ჩემი შვილის გამო არ დავთმობ ან არ გადავდებ. ის ძალიან დიდ დროს ატარებს ჩემთან ერთად შეხვედრებზეც, ხანდახან წუწუნებს, მამა, რატომ დაგყავარ ამდენ ადგილას, სულ არ მინდა შენს გასტრონომიაზე საუბარიო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გაიზრდება და მიხვდება… ასევე, როდესაც არდადეგებზეა, ტელეფონით ყოველ-დღე ვეხმიანებით ერთმანეთს და ვაანალიზებთ, რა მოხდა მთელი დღის განმავლობაში. მე ჩემი საქმების შესახებ ვუყვები, ის კი იმაზე, როგორ გაატარა დღე, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და რთულ მომენტებს განვიხილავთ. მამებს მოვუწოდებ, ახლოს იყვნენ თავიანთ შვილებთან, ელაპარაკონ მათ, არ აქვს მნიშვნელობა თემას, იპოვონ და გააღვივონ მათი ინტერესები. პატარა ადამიანისთვის მთავარი ‒ საკუთარი თავის რწმენის ჩანერგვაა. სამუდამოდაა მოსაშორებელი მენტალიტეტი და მითი საქართ-ველოში, რომ დედა უფრო მთავარია, ვიდრე მამა. ჩემი აზრით, მათი როლი თანასწორია და ორივე ძალა შეუცვლელია ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის.

– იდეალურ ვარიანტში, სუპერ მამა რომ იყო და სუპერ ქმარი, ანუ, კომიქსის გმირის დონეზე, როგორი იქნებოდა ლევან ქოქიაშვილის ულტრა-მეოჯახე ვარიანტი? ანუ როგორია შენთვის იდეალური მზრუნველი მამა და მზრუნველი ქმარი?

-კარგი კითხვაა, გამახალისა. ჩემთვის „იდეალური“ ცოტა ირონიული სიტყვაა, არაფერი არ არსებობს იდეალური. ამიტომ, ვფიქრობ, კომიქსის დონეზე მამა ჰომერი ვიქნებოდი სიმფსონებიდან. იდეალური მამა და მზრუნველი ქმარი არის განათლებული მამაკაცი, რომელსაც გააზრებული აქვს, რა არის სიყვარული, პატივისცემა და ოჯახი.

– შენს შვილს რომ დაუდგება კარიერული გზის არჩევის დრო, ურჩევდი სერვისის ინდუსტრიაში გარევას?

-სერვისის ინდუსტრიაში თუ მოისურვებს ძალების მოსინჯვას, თავისთავად, წარმატების მიღწევა უფრო გაუადვილდება, მაგრამ არ მინდა საკუთარი იდეები მოვახვიო თავზე, მინდა თვითონ იპოვოს საკუთარი პროფესია. ქართველების მენტალური პრობლემა ‒ საკუთარი შვილის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფაა. ამ ეტაპზე ერთობლივად ვცდილობთ, ვიპოვოთ მისი ინტერესი და ამის მიხედვით აირჩიოს პროფესია. მიხარია, რომ ვიპოვნე ის ძაფი, რითიც წიგნის კითხვა შევაყვარე. ამჟამად 12 წლისაა და იცის, რომ საკუთარი თავის ძიების პროცესში უნდა იყოს.

– შენთვის ეს ინდუსტრია პირველი არჩევანი იყო? თუ სხვა გზას ადექი და მერე მიხვდი, რომ ეს სფერო გაინტერესებდა?

-პროფესით იურისტი ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ მიმუშავია ამ პროფესით. გასტრონომიულ სფეროში სპონტანურად მოვხვდი, უფულობის გამო, და შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი საქმე ეს იყო. ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული ვაზისა და ყურძნის ისტორიამ. ზოგჯერ მეღიმება ხოლმე, მაგრამ ქართველებს ვაზის სიყვარული სისხლში გვაქვს.

– ვიცი, რომ ღვინის ენთუზიასტი ხარ, რა არის შენთვის ღვინო, რა ასოციაციებს აღგიძრავს ღვინის დეგუსტაცია?

-ჩემთვის ვაზი ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანის ცხოვრების პირდაპირი პარალელი. ვაზიც ზუსტად ისევე იბადება, როგორც ადამიანი, შემდეგ იზრდება, საუკეთესო ნაყოფს იძლევა და ბოლოს ბერდება. ამასთან, როგორ ნიადაგზეც მოიყვან მას, ზუსტად ისეთი მოსავლის მომცემი იქნება. იგივე პარალელს გავავლებდი ჩვენი შვილების საკითხთან მიმართებაშიც-როგორ გარემოშიც გავზრდით მათ, ზუსტად ისეთები გაიზრდებიან, თუ კარგად მოვუვლით, ხარისხიან მოსავალს მივიღებთ მათი წარმატებების სახით. ღვინის დეგუსტაცია ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, თითქმის ინტიმური თემაა. ესაა მხედველობის, გემოსა და ყნოსვის გაერთიანებული შეგრძნება, რომელიც საშუალებას გაძლევს სიამოვნების პიკს მიაღწიო.

– საჭმელი? მე რომ შემომხედო, ნახავ, რომ საკმაოდ დიდი მოყვარული ვარ, როგორც მზადების, ასევე ჭამის. ფაქტია, რომ შენ ჩემნაირი არაჯანმრთელი დამოკიდებულება არ გაქვს საჭმელთან. რა არის შენთვის იდეალური საკვები?

-ჭამა ძალიან მიყვარს და ისიც მახსოვს, რამდენ კარგ კომენტარს აკეთებდი საკვების გემოსთან დაკავშირებით. ერთხელ უნდა მოგიწვიო კულინარიუმში და ვნახო, როგორ კერძებს ამზადებ. ჩემთვის იდეალური საკვები არ არსებობს, ყველაფრის გასინჯვა მიყვარს და ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამის დაგემოვნება მომიწევს, სანამ ზუსტად აღმოვაჩენ, რა მიყვარს.

– არის თუ არა რომელიმე კერძი, რომელიც ობიექტურად კულინარული გენიის ნიმუშად არ ჩაითვლება, მაგრამ შენ მიშლენის ნებისმიერ 3-ვარსკლავიან კერძს გირჩევნია?

-ჩაქაფული და შილაფლავი არის ყველაზე გემრიელი კერძები, რაც კი გამისინჯავს დედამიწაზე და ორივე ნამდვილად ღირსია ზემოთდასახელებულ რესტორნებში მოხვდეს. ვფიქრობ, მოხვდება კიდეც, უბრალოდ, დროის ამბავია.

– გარეთ კვება გირჩევნია თუ სახლში?

-სამწუხაროდ, სახლში იშვიათად ვახერხებ კვებას, მაგრამ ძალიან მიყვარს, როდესაც მეუღლე მიმზადებს. რაღაც სიყვარულის გემო აქვს მის მომზადებულ საკვებს.

– მე სახლში განებივრებული ვარ, დედაჩემი ძალიან მაგარი კონდიტერია, მამაჩემს რაღაც „ის“ უნარი აქვს, რომლის წყალობითაც ყველა კერძი გემრიელი გამოსდის, არადა პროფესიით არცერთი არაა მზარეული. ვიცი, რომ მზარეული არ ხარ, და ამიტომ იმ სტანდარტებს არ წაგიყენებ, რასაც ჩემს სტუდენტებს ვუყენებ ხოლმე, მაგრამ მაინტერესებს, გაქვს რომელიმე ისეთი კერძი, რომლის მომზადებასაც სულ გთხოვენ?

-არა, სამწუხაროდ, მსგავსი კერძი არ მაქვს. მე უფრო მთხოვენ შევამოწმო მოხარშულია თუ არა კარგად, ან შემწვარია თუ არა სათანადოდ და რაღაც მსგავსს. მომავალში მიზნად მაქვს შევისწავლო კულინარია, ამ ეტაპზე პროდუქტების შესწავლით ვარ დაკავებული და, ალბათ, ორი წელიწადი კიდევ დამჭირდება, რომ სამზარეულომდე მივიდე.

– ნახტომი გავაკეთოთ, ბოლოსკენ, ერთი თხოვნა მაქვს, მინდა, რომ ყველა ახალგაზრდა მამას ერთი რჩევა მისცე, ისეთი რამ, რაც, შენი აზრით, მათ ოჯახურ ცხოვრებას გააუმჯობესებს, ან გააადვილებს.

-მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ყველა ახალგაზრდა მამას ვურჩევ, ბევრი უსმინონ თავიანთ შვილებს, გაერკვნენ რა ხდება მათ გონებაში და ყოველდღიურად იმუშაონ მათთან. ვიმეორებ, „იმუშაონ!“ მამობა დიდი შრომაა, რომელსაც ვერასდროს აინაზღაურებ. გირჩევთ, დათმოთ ყველაფერი, ოღონდ თქვენს შვილთან იყოთ, მისთვის ცხოვრების სიყვარული თქვენ მიერ მისდამი გაცემული სიყვარულით ყალიბდება.

კამპანიისთვის „კაცები ზრუნავენ“. კამპანია ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.

ფოტო : ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com