ზაფხულის დადგომასთან ერთად Keti’s Bistro-ს და The Dining Room-ის მენიუში ცვლილებებია. განახლებულ სეზონურ მენიუში ნახავთ მანჭკვალა და ნიყვის სოკოებითა და ცუკინის ყვავილებით მომზადებულ კერძებს. სეზონური პროდუქტებითა და კერძებით მუდმივად მდიდრდება მენიუ. Keti’s Bistro-ს წვნიანების მოყვარულ სტუმრებს ძირითადად კრემ-სუპების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ, ამიტომ დავამატეთ ახალი წვნიანი წიწილით, ლიმონით, ლაიმით და ტარხუნით.
ხშირად აღვნიშნავთ, რომ ქართულ კერძებს ანალოგი არ აქვს, უმეტესად ეს მცდარი მოსაზრებაა. Keti’s Bistro-ს ახალი წვნიანი, რომლის მთავარი ინგრედიენტი არის წიწილა, ძალიან ჰგავს ჩიხირთმას, მისი ანალოგი იტალიურ სამზარეულოში არის სტრაჩატელა, ბერძნულ სამზარეულოში კი, ‒ ქათმისა და ლიმონის წვნიანი. სამივე კერძის რეცეპტი გავაერთიანე, მოვამზადე ბულიონი ბევრი ტარხუნით, ლიმონით, ლაიმით. სამივე ინგრედიენტი საოცრად არომატულია და გემოთა განსაკუთრებულ თაიგულს ჰქმნის, ჩამოთვლილს ემატება კვერცხისა და ფქვილის არომატი, მერწმუნეთ ძალიან გემრიელი წვნიანია. ქათმის ნახარშს ყველა არ მიირთმევს, ამიტომ წვნიანისთვის საჭირო ბულიონი შეგიძლიათ, ბოსტნეულის ნახარშისგან მოამზადოთ.
რაც შეეხება, საზაფხულო ცივ დესერტს, დღეს, პანაკოტას ჟოლოთი და პიტნით შემოგთავაზებთ, ის Keti’s Bistro-ს ნამდვილი ჰიტია. მსუბუქია, ცივია, ლამაზია ‒ ზაფხულს უხდება, ჟოლო და პიტნა კი დამატებით არომატს და ფერებს სძენს. არ მიყვარს პანაკოტა ბლომანჟეს როცა ემსგავსება და ძალიან ტკბილია. ზამთარში შეგიძლიათ კარამელით მოამზადოთ, ზაფხულში კი, ‒ ჟოლოთი და პიტნით. ზამთრის სეზონზე ჩვენს სტუმრებს ფსტის პანაკოტას შევთავაზებთ.
ქათმის წვნიანი ლიმონით, ლაიმით და ტარხუნით
ინგრედიენტები:
- წიწილა -1 ც.
- ხახვი -1 ც.
- სტაფილო -1 ც.
- ოხრახუში -150 გრ.
- ტარხუნა -200 გრ.
- ქინძი -50 გრ.
- ნიორი -2 კბ.
- ლიმონის წვენი -1 ც. ლიმონი
- ლაიმის წვენი -½ ლაიმი
- კვერცხის გული -2-3 ც.
- მოხალული პურის ფქვილი -3 ს/კ.
- მარილი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ქვაბში მოათავსეთ წიწილა და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ პირველი წყალი გადაასხით. ქათამს დაასხით ცივი წყალი, დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხისა და ფქვილის და ისევ დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ქათამი ამოიღეთ, მოაცილეთ კანი და ძვლები. ქვაბიდან გადაწურეთ ბულიონი, სუფთა ბულიონში ჩაასხით ფქვილის და კვერცხის გულის ათქვეფილი მასა და დადგით დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ სასურველი სისქის მიღებამდე. სასურველი სისქის მიღების შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი ჩაყარეთ ბულიონში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა, ლიმონისა და ლაიმის ცედრა.
პანაკოტა
ინგრედიენტები:
- ნაღები -400 გრ.
- რძე -600 მლ.
- ჟელატინი -80 გრ.
- შაქარი -30 გრ.
- ჟოლო -500 გრ.
მომზადების წესი :
ჟელატინი დაალბეთ ცოტა წყალში. აიღეთ ქვაბი, მოათავსეთ მასში ნაღები, რძე და შაქარი, ‒ შეათბეთ და ადუღებამდე გამორთეთ. გამზადებულ რძის მასას დაუმატეთ წყალში დამბალი ჟელატინი, აურიეთ და გადაიტანეთ მინის ჭურჭელში. პანაკოტა გააფორმეთ ჟოლოთი და პიტნით.