დიალექტური და კულტურული კუნძული ირანში
მაინც რა არის მეხსიერება, როგორია იგი, რით ვიმახსოვრებთ მოვლენებს?
ზოგისთვის ხმაა მნიშვნელოვანი ‒ დედის სიმღერა, მამის დინჯი, ბუბუნა საუბარი, ჭრიჭინების ხმებით სავსე ზაფხული, შემცივნებული ბეღურების ჭიკჭიკი და ზამთარი.
ზოგისთვის ფერები ‒ რაღაცნაირი, სალათისფერი კედლები სკოლის დერეფანში, პირველი შეყვარებულის თაფლისფერი თვალები, პირველი სადიდო კაბა ‒ თეთრყვავილებიანი, ოდნავ პრიალა ნაჭრის…
სუნი? სუნი როგორია? ‒ პირველ პაემანზე რა სუნამო გესხათ, გახსოვთ? ან იქნებ პირველი ფაფის სუნი გახსოვთ, დედა გიმზადებდათ, ნაღებით და ოდნავ, სულ ოდნავ ვანილით. შვილის სუნი და შეყვარებულის სუნი, კიდევ თავისუფლების სუნი, როცა გადმოცდიდან გამოდიხარ, ადრიანი გაზაფხულია და უნივერსიტეტის ბაღში რომელიღაც ხე გიჟივით ყვავილობს.
შეხება, ოო, შეხება ‒ კანი, ზედაპირი, ბალახი, ხის ქერქი, დედის ხელი, რაღაცნაირი, ამობურცული შპალერი ბავშვის საწოლთან.
ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ჩემი მეხსიერებაა, მაგრამ მთავარი, მაინც გემოა ‒ სანელებელი, სტრუქტურა, სიმსუბუქე, სიმწარე, ჩაბრუნებული სიტყვისა თუ ხმაურით გადაყლაპული ცრემლის გემო, ახალშეზავებული ტყემალი თუ ოდნავ მეტი დარიჩინი ნიგვზიან საწებელში, მეზობლის მოწვდილი აჯიკა და ქართული კულინარიის უხსოვარ წიაღებში დაკარგული განძი ‒ ეს არის სამშობლო. დაკარგული, ისევ თავიდან აღმოჩენილი, ერთი, პატარა, გაცრეცილი ბამბის ძაფი, რომელიც ამ და იმ სამშობლოს შორისაა გაჭიმული, რომელზეც სიზმრებში თვალდახუჭული დადიხარ, როგორც ცისარტყელაზე, ქვეშ გაძრომა რომ სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს…
ფერეიდანზე მინდა გიამბოთ.
რა გაგახსენდათ ამ სიტყვაზე, რა იფიქრეთ? ხშირად ჩვენთვის, ასე ვთქვათ, გამოღმა მყოფებისთვის, ფერეიდანი უფრო მეტაფორა, ერთგვარი მხატვრული ხერხია, ზოგჯერ ჰიპერბოლიზირებული აბსტრაქტული პოეტური სახე, ისტორიული და ნახევრადლეგენდური ამბავი, ვიდრე კონკრეტული ადამიანებით დასახლებული კონკრეტული გეოგრაფიული წერტილი. არადა, ირანში, ფერეიდუნშაჰრის რაიონში ქართულტოპონიმიანი სოფლები, იქ მცხოვრები ქართველები და დროის კაფსულაში შენახული ქართული მეტყველება შეგხვდებათ. ეს ყველაფერი ნამდვილია, ხელშესახები, გასაზიარებელი, იქ ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ინარჩუნებენ დაკარგულ სამშობლოსთან კავშირს, ახალ-ახალ სიმბოლოებსაც ეძებენ, რომ თანამედროვე საქართველოსთან კიდევ უფრო მეტი საერთო გაიჩინონ.
რა მიგვაქვს, როცა უცხო მხარეში ძალით მიგვერეკებიან თუ ჩვენი ნებით მივდივართ? მოგონებები, გეოგრაფიული ადგილების დასახელებები, კოლექტიური მეხსიერება, რომელიც კერძებსა და გემოებსაც შეიცავს, აუცილებლად.
აი, მაგალითად:
ღოლო გახსოვთ? აი, ის, სოფლის ბოლოში რომ შემოგხვდებათ აუცილებლად, მას აღმოსავლეთ (და არა მხოლოდ) საქართველოში შეჭამანდებში იყენებენ.
„ჩოჶყრით ხალსაც მინდორსაყე წავალტყე, მოიტანყე, ხალი, ხალი [რომელი?] ‒ რომელი, მასალან, არ ვიცი, ჩონთი ვიცით, რო ღოლორი, აღჯაბაშია, ეკლიმხალ’არი დავგლეჯავთ, მოიტანთ, გავრეცხავთ, გავაჴმობთ, დავფშნეტავთ ეგრე და ეხლა ჩაჶყრით და შაჭამად შავიქთ. დაûფშნეტავთ ხურდა და იმაშინ ემეს ვიქთ შაჭამადს შავიქთ და ჲა დავარიგებთ, ჲა შაჶხრეტავთ.“
პიტნა? რამდენ კერძს უხდება, ქართული კულინარიის ერთ-ერთი მთავარი სანელებელია, ფერეიდნულ სამზარეულოში პიტნით რძის კერძებს ანელებენ.
„ჰა პიტნასაც ეგრე გამწონდების ჩონ მინდორჩი, პიტნა ეგრე მოიტანთ, დავგლეჯავთ, მოიტანთ გავაჴმობთ ხო, ელ ეგრე დაûფშნეტავთ ხურდა და ჩაჶყრით აûდუღჩი, დოჩი, ყათუღჩი და შაჶჭამთ.“
ადრეულ გაზაფხულზე მცენარეული შაჭამადების მრავალფეროვნება გაახარებს ადამიანის გულს, რა გახსენდებათ ყველაზე ცოცხალი, მომჟავო, ვიტამინებით სავსე, წვნიანს რომ მოხარშავ, ერთ კოვზ არაჟანს რომ ჩააგდებ და მთელი დღის ძალას და ენერგიას მოგცემს? რასაკვირველია, მჟაუნა, ფერეიდნულად-ჟაველა, რომელსაც აქ ასე ამზადებენ:
„ჟაველა არი ‒ ექსიდე ფოთოლი აქ, თაჩი მოდის, ორი გაზაფხულის მერე, გავფცქნით ქერქს და შავჭამთ, ხორეშტჩიგაც ჩავყრით ‒ მაჲხარშვენყე, ყათუღს დაადებენ და შაშჭამენ. ის ყალამა მუცელჩიგა ყითელ წყალი რო არი, იმას შელის.“
აქაც, ისევე როგორც ქართულ სოფლებში, ყველაზე გემრიელი და მარტივი წესით ამზადებენ პრასს, რომელსაც ხახვთან ერთად შუშავენ და მერე კვერცხს დაახლიან.
მაწიერი წვნიანი კეთდება ყურუთისგან ‒ სპეციალური წესით გამხმარი ხაჭოს გუნდებისგან, რომელსაც მერე მრავალგვარი წესით ანელებენ ან ისე ჭამენ. პოპულარულია დოც ‒ ბასტაკანი, რემელსაც ცივად თუ ცხელი წვნიანის სახით მიირთმევენ.
„ყურუთის შაჭამანდი ‒ ხალს ჩაჶყრით, ხალსა ჩონისია, ბიაბანის ხალსაჲა მოიტანთ, ჩაჶყრით და ვიტყი ‒ ხალი, ერთი საბზი’რი, ჩონ ვიტყით ხალი, ემას მოიტანთ ბატა ესჶენაჯის ქე შაჰრი’რი, გოორევთ და ჩაჶყრით, ოსპი, ნუხუდო, ბაღალი, ემებსაც ჩოოყრით.“
ამზადებენ ფუშრუკს, ფქვილისგან მომზადებული მსუბუქ საჭმელს, რომელიც მესხურ სამზარეულოშიც გვხვდება. დაღერღილი ხორბლისგან კორკოტს ხარშავენ, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ.
გამრჯეა ფერეიდნელი კაცი, მოჰყავს ოსპი, ლობიო, ნუხუდო მუხუდო, კარტოფილი, ჭარხალი, შაჰის წიწმატი, პიტნა, რეჰანი, ქინძი, მზესუმზირა, ხორბალი, მათ შორის, ორი უძველესი ქართული ჯიშისა, რომელიც გადასახლებისას მუჭა-მუჭა წაიღეს შორეულ ირანში ‒ დოლის პური და დეკა.
„ბაღებჩიაც ხილი, კაკალი არი, ჭერემი არი, ალიბოხარა არი, ტყემალი არი და ყურზენი, რაქთენ რაყამია.“ ცნობილია აქაური ყურძენი ‒ ქიშმიში, ფურის ძუძუ, ბედრი, სევერგუნი, თაბრაზა, ადრეულა, ასკარყურძენი, იაყუტი, მაჰმუდი (მამუდი), ლორქოში. ყურძნისგან ტკბილსაც ‒ შირას წურავენ, ზამთრისთვის ინახავენ, ხოლო ადრიან გაზაფხულზე ვაზის ფოთლებს კერძებშიც იყენებენ.
არ შეიძლება დავივიწყოთ გაზი /გჲაზი გაზის ხის ტკბილი მტვრისაგან დამზადებული ტკბილეული, რომელიც ფერეიდანსა და მთელს ირანში ძალიან უყვართ. გაზით მომზადებულ ტკბილეულში ფსტას, ნუშსა და კაკალს ურევენ.
ფერეიდანში განვითარებულია მეცხოველეობა, რძისა და ხორცისგან, განსაკუთრებით ცხვრისგან მომზადებული კერძები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ფერეიდნულ კულინარიაში, ხოლო ფერეიდნული ერბო და რძის პროდუქტები ‒ ძალიან ხარისხიანია და ირანულ ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს.
…
ბევრი რამ გეცნოთ არა? ამიტომაც მიყვარს კულინარია, ის ხალხსა და ქვეყანაზე უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე კონკრეტული წყაროები თუ ისტორიული ფაქტები. აბა, რა უნდა იყოს უფრო ძვირფასი, ვიდრე იმის წარმოდგენა, როგორ მიჰქონდათ შაჰ-აბაზის მიერ გადასახლებულ ჩვენს თანამოძმეებს გაუგებარ, რთულ, უცხო მომავალში ქართული ხორბლის მარცვლები თუ ვაზის კალმები სამშობლოში დაბრუნების და გადარჩენის იმედად.
ფერეიდანზე კიდევ მოგიყვებით, ამჯერად, აქ დავასრულოთ.
(გამოყენებულია ტექსტები ქართული დიალექტური კორპუსიდან – corpora.co)