თითებს ჩაიკვნეტ !

ამერიკული რესტორნების ქსელი KFC (Kentucky Fried Chicken) სახელგანთქმული ქათმის მომზადების საიდუმლო, უნიკალური რეცეპტის წყალობით გახდა. 1930 წელს კენტუკის შტატში ჰარლამ სანდერსის მიერ დაარსებულმა ბრენდმა გურმანების გულები არა მხოლოდ ამერიკაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრო.

KFC ქართულ ბაზარზე 2014 წლის დეკემბერში შემოვიდა. ბრენდის პირველი რესტორნის პრეზენტაციის მოგონება დღემდე ქათმის ხორცის სრულიად ახალი შესაძლებლობების აღმოჩენით განცვიფრებას უკავშირდება. ამჯერად კი კომპანიის სპეციფიკის უკეთ გასაცნობად KFC-ის ერთ-ერთ პირველ, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალს ვსტუმრობ, სადაც თავბრუდამხვევი ტემპით 2015 წლის აპრილიდან უმასპინძლდებიან მომხმარებლებს.

ექსკურსიამძღოლობას ფილიალის დირექტორი, ჟანა შონია მიწევს. საშუალება მაქვს ზედმიწევნით გავეცნო ყველა ეტაპს, რომელსაც ქათმის ხორცი მაცივრიდან ნაგეტსებამდე, შემწვარ ფრთებამდე ან ბურგერებამდე გადის. გამიმართლა, თუმცა, როგორც ირკვევა, მე, როგორც მედიის წარმომადგენელი და ბრენდის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესებული პირი, გამონაკლისს სულაც არ წარმოვადგენ: KFC-ის რესტორანში სამზარეულოს დათვალიერება შეუძლია ყველას, ვისაც ამის ინტერესი აქვს. ცხადია, გარკვეული წესების დაცვით და წინასწარ შეთანხმებულ დროს: ყოველ კვირა დღეს, 1 საათზე, რესტორნის სამზარეულო ღიაა წინასწარ ჩაწერილი არაუმეტეს ხუთი სტუმრისთვის და მათ საკუთარი თვალით შეუძლიათ იმ ყველაფრის ნახვა, რაც დახლს მიღმა მათთვისვე მზადდება. მიხსნიან, რომ ექსკურსიის მსურველებს შორის ხშირად არიან მშობლები, რომლებმაც თავიანთი შვილებისთვის უკვე აირჩიეს KFC როგორც სანდო, ან სწორედ ახლა ეძებენ ახალ და საიმედო პროდუქციას. სამზარეულოს ხშირად სტუმრობენ ტურისტებიც – ანუ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ბრენდსა და მის პროდუქციას იცნობენ და სწორედ ცნობადობის ამ მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, თამამად ენდობიან KFC-ის რესტორნების ქსელს; ამავე დროს კი აინტერესებთ, რამდენად დაცულია, რამდენად ჰგავს მათ მიერ უკვე ნანახს მომსახურების ადგილობრივი ხარისხი და სტანდარტი.

ტური KFC-ის სამზარეულოში მაცივრების ოთახით იწყება. კომპანია თავისი პროდუქციისთვის არც ფარშს იყენებს, არც დაპრესილ და გადამუშავებულ ხორცს. ქსელი მხოლოდ და მხოლოდ ახალი, ჯანსაღი ქათმის ხორცის ნაჭრებით მარაგდება. სწორედ ქათმის ფილე განასხვავებს ქსელის პროდუქციას კონკურენტი ბრენდების მსგავსი პროდუქტებისგან. 

მაცივრებიდან ქათმის ხორცი სამზარეულოს მიეწოდება. იმის მიუხედავად, რისთვისაა განკუთვნილი ხორცის ნაჭერი – ნაგეტსისთვის, ბურგერისთვის, თუ სალათისთვის, – მიხსნიან, რომ ის უნიკალური რეცეპტის მიხედვით შეზავებულ საფანელში მუშავდება. განსხვავებულ. მხოლოდ KFC-ის ქათმისთვის დამახასიათებელ გემოს პროდუქტს სწორედ ამ სუნელებიან საფანელში ამოვლება სძენს. 11 საიდუმლო სანელებლის ჯადოსნური კომბინაცია და, შესაბამისად, ქათმის მომზადების უნიკალური რეცეპტი კენტუკის შტატში, საცავში საიდუმლოდ ინახება. მისი ზუსტი შემადგენლობა უცხოა, მაგრამ უნიკალურ გემოზე პასუხისმგებლობას სწორედ გემოს ეს საიდუმლო ფორმულა იღებს. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე KFC-ის წარმატება ქათმის მომზადების ამ საიდუმლო რეცეპტმა განსაზღვრა: გემომ, რომელსაც ყველგან და ყველანაირად მომზადებული ქათმისგან გამოარჩევ. ხორცის ხარისხი და შეწვის ფორმა, სანელებლების უნიკალური კომბინაცია KFC-ის ქათმის ხორცს დაგემოვნებისთანავე მომხმარებლის ერთმნიშვნელოვან ფავორიტად აქცევს. 

მზა პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობის დიდი წილი ზეთზე მოდის. ჟანა მიხსნის, რომ სტანდარტი ამ შემთხვევაშიც ზედმიწევნით დაცულია. კომპანია მხოლოდ ხარისხიან ზეთს იყენებს, რომელიც ყოველ მეორე დღეს იცვლება. მიხსნის იმასაც, რომ ზეთის სისტემატიური ცვლა პროდუქციის ჯანსაღად მომზადების ერთადერთი პირობა არ არის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ მუდმივად 200 გრადუსზე მეტად გაცხელებულ ზეთში მხოლოდ საჭიროების დროს იდოს ხორცისა და კარტოფილის ამოსაღები ლითონის კალათი, რამდენადაც სწორედ გავარვარებული ზეთისა და ლითონის ურთიერთქმედებით ხდება მავნე ნივთიერების გამომუშავება. 

პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპი ავტომატიზებულია. სამზარეულოში დასაქმებული პერსონალი თაიმერების ზუსტი კონტროლის შედეგად იღებს უცვლელ, გარანტირებულ და ხარისხიან გემოს. ჩვენ თვალწინ ქათმის ბარკლები იწვება. მზადების დასასრულს უკვე შებრაწული კანიც გვკარნახობს და თაიმერიც. უკვე გამზადებული ხორცი 5 წუთის განმავლობაში კალათში რჩება, სანამ ზეთი ბოლომდე ჩამოიწურება. ჩვენ თვალწინ წამებში ეწყობა ბურგერიც – პურის, ხორცის, ყველის, სალათის ფურცლებისა და პომიდვრის მონაცვლეობით. 

მთავარი, რაც ჩემს განცვიფრებას იწვევს, სწორედ მომსახურების თავბრუდამხვევი ტემპია. რიგითი მომხმარებლის როლშიც მიფიქრია იმ საათივით აწყობილ მექანიზმზე, რომელიც პრაქტიკულად დაუყოვნებელ მომსახურებას უზრუნველყოფს. განმიმარტავენ, რომ ამასაც თავისი სტანდარტი აქვს: შეკვეთის მიღება – 30 წამის, გაცემა კი 60 წამის განმავლობაში უნდა უზრუნველყონ. სიჩქარე ერთ-ერთია კომპანიის ექვს მთავარ კომპონენტს შორის, რომლებიც, მომსახურების ოპერატიულობასთან ერთად, სისუფთავეს, სტუმართმოყვარეობას, სიზუსტეს, ტექნიკურ გამართულობასა და პროდუქტის ხარისხს აერთიანებს. მომსახურე პერსონალი სწავლების სპეციალურ კურსს გადის, რამაც ქსელის საერთაშორისო სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა უნდა უზრუნველყოს. ჟანა მიხსნის, რომ სამზარეულოში წყალსაც და ჰაერსაც თავისი, მკაცრად განსაზღვრული ტემპერატურა უნდა ჰქონდეს. სტანდარტთან უზუსტეს შესაბამისობას პერმანენტული მონიტორინგი უზრუნველყოფს. ხარისხის კონტროლის მიზნით, მოულოდნელი შემოწმება ქსელში აღარავის უკვირს, დიდი ხანია მიეჩვივნენ, რომ ყოველი ახალი დღე – ახალი გამოწვევა და შანსია. 

სტანდარტთან შესაბამისობასა და KFC-ის მთელი გუნდის პროფესიონალიზმს ყოველ ზაფხულს რეგიონული შეჯიბრი ცხადყოფს, რომლის დროსაც ქართული KFC-ის წარმომადგენლები სტუმრად ჩამოსულ რუს, სომეხ, აზერბაიჯანელ კოლეგებს პროდუქციის სწრაფად და ხარისხიანად მომზადებაში ეჯიბრებიან და უპირობოდ პირველ ადგილს იმსახურებენ! 

ჩემთვისაც, ისევე როგორც ადგილობრივი მომხმარებლის დიდი ნაწილისთვის, KFC-ის პროდუქცია, ძირითადად, ქათმის ფრთებთან და ბარკლებთან ასოცირდება, თუმცა სამზარეულოში ექსკურსიის დასრულების შემდეგ ბრენდის პროდუქციის მრავალფეროვნებაში ქსელის საოპერაციო დირექტორი, პოლონელი ვალდემარ ტომკოვი მარკვევს. რაც მთავარია, დეგუსტაცია ყველაზე საიმედო გზაა იმისთვის, რომ პროდუქციის მრავალფეროვნებაში საკუთარი თვალითა და გემოს რეცეპტორებით დარწმუნდე. ვკითხულობ, რაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა; რა სარგებლობს ზაფხულში ყველაზე დიდი მოწონებით?! 

„შეფ-ბურგერს“ მთავაზობენ, სეზონის სიახლეს, რომელიც შეგიძლია მენიუსთან ერთად შეუკვეთო, შეგიძლია ცალკე, ნებისმიერ სასურველ კომბინაციასთან ერთად დააგემოვნო. საზაფხულო სასმელებიდან მოჰიტოს, მოცხარისა და საზამთროს ლიმონათებს შორის მაქვს არჩევანი. მე მაინც ჩემი უცვლელი ფავორიტის, ცივი ლატეს ერთგული ვრჩები, მოჰიტოს დაგემოვნების სიამოვნებას მომდევნო ვიზიტისთვის ვინახავ. ისევე, როგორც უკვე შეგულებული „ბოქსმასტერის“ დაგემოვნების შანსს. ისიც გადაწყვეტილი მაქვს, რომ აქაურობას ჩემს ვეგეტარიანელ მეგობართან ერთად ვესტუმრები, უხორცო ბურგერსა და სალათს გახსნისთანავე მიაკვლიეს გემრიელი ვეგეტარიანული საკვების მაძიებლებმა. 

„ორმაგ შეფ-ბურგერზე“ უარი ვთქვი, თუმცა სტანდარტულიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უგემრიელესი ქათმის ცხარე ფრთები გაჭირვებით ჩავამთავრო. მენიუს ვეცნობი, პროდუქციის ხარისხა და მრავალფეროვნებასთან ერთად, ფასების დემოკრატიული პოლიტიკაც მხიბლავს. „ლონგერი“ და „აი ტვისტერი“ მხოლოდ 2. 20 ლარი ღირს, კარტოფილი ფრის ფასიც – 2.20 ლარიდან, ბარკლების კი – 2.60 ლარიდან იწყება. საზაფხულო ლიმონათს 3.90 ლარად დააგემოვნებთ. მთავარი საზაფხულო დესერტის – ნაყინის ფასი სულ რაღაც 1 ლარია. „ტვისტერისა“ და „ბიგერის“ მენიუს უფრო მაღალი ფასი აქვს, მაგრამ ისინი სტანდარტული ბურგერებისგან ზომითაც და ინგრედიენტების რაოდენობითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. KFC-ის ქსელში მათზეც იზრუნეს, ვინც ბრენდის პროდუქციას ჯერ კიდევ არ იცნობს კარგად და ფავორიტი პროდუქტების ამორჩევამდე დეგუსტაციის სასიამოვნო პროცესი აქვთ წინ. ანდა, პირიქით, ხორცის ყველა საყვარელი პროდუქტის ერთად დაგემოვნება ხელმისაწვდომ ფასად სურს. ამისთვისაა „სთარ-ბასკეტი,“ – ყველა პროდუქტი ერთ კალათში – რომელიც 7.90 ლარად ხორცის მიმართულებით KFC-ის ყველა ცნობილ პროდუქტს აერთიანებს. 

სტანდარტის ერთგულება და მასთან აბსოლუტური შესაბამისობა KFC-ის ახლად გახსნილ, გლდანის რესტორანშიც თვალსაჩინოა. მომსახურების ტემპი, ხარისხი, სტუმრების მიმართ კეთილგანწყობა მხოლოდ მოწონებას კი არა, სიხარულის განცდასაც იწვევს! ისევე, როგორც ვანილის ნაყინის მშვიდად დაგემოვნება მახარებს ზაფხულის ამ ცხელ შუადღეს. 

KFC-ის დამაარსებელიც, ლოგოს სახეც და ბრენდ პერსონაჟიც პოლკოვნიკი ჰარლამ სანდერსია. ობოლი, შრომისმოყვარე ამერიკელი, რომელსაც დიდება და მილიონები 70 წელს მიღწეულს დაატყდა თავს, როდესაც ქათმის ხორცს მომზადების ალტერნატიული – სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, გემრიელი ფორმა მოუძებნა. სწორი, ჭკვიანური ფორმა, რომელიც წარმატებულად ამართლებს კომპანიის სლოგანს Finger lickin’ good – თითებს ჩაიკვნეტ! 

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე წარმატებული ქსელი უგემრიელესი მენიუთი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში KFC-ის 20.000-ზე მეტ რესტორანს მოიცავს. მხოლოდ ამერიკაში KFC-ის მენიუს ყოველდღიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს. მასობრივმა ბრენდმა ქათმის მოყვარულები მთელი მსოფლიოს გარშემო გააერთიანა და მათ ქათმის განთქმულ ფრთებთან და ბარკლებთან ერთად, მრავალფეროვანი მენიუ – სენდვიჩების ასორტიმენტი, გარნირები, სალათები, დესერტები და სხვადასხვა სასმელი შესთავაზა. მრავალკომპონენტიანი მენიუა ის საიდუმლო, რომელიც KFC-ის სრულიად გასხვავავებული გემოვნების მქონე ადამიანების ფავორიტად აქცევს. 

KFC-ის რესტორნები თბილისში ოთხ მისამართზეა წარმოდგენილი, კომპანიის მე-5 ფილიალი ოქტომბერში თავისუფლების მოედანზე ახალ სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ გაიხსნება. 

ს/ც „სითიმოლი“ ქავთარაძის N 1

ჭავჭავაძის გამზ. N 26

ს/ც „ისანიმოლი“ ნავთლუღის 8ა

ს/ც „სითიმოლი“ გლდანი, ხიზაბავრის N 1

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com