ანნა ჩირაძის კულინარია

პირველად რომ შევხვდი, ძალიან პატარა ვიყავი, კახეთში მივდიოდი. კარგად მახსოვს ის დღე და პირველი შთაბეჭდილება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო, არავის ჰგავდა… შემდეგ წითელი კაბით მახსოვს, ფრაგმენტებად ბავშვობის მოგონებებიდან. არ ვიცი ასე რატომ დამამახსოვრდა, მაგრამ ყოველთვის ვთვლიდი, რომ არავის გავდა. ჟურნალ „კულინArt“-ის ზაფხულის ნომერში, კულინარიაზე სასაუბროდ მოწვეული ჩემი სტუმარი, სწორედ ეს განსაკუთრებული ანნა ჩირაძეა.

– ანნა, რომელია თქვენი საყვარელი კერძი? 

-ყველა სახის საჭმელი მიყვარს, ზოგადად გურმანი ვარ. მიყვარს წვნიანები, შემიძლია წვნიანით ვისაუზმო, ვისადილო და ვივახშმო. ძალიან მიყვარს უმი ხორცი, ტარტარი და უმი მწვადი. 

– კულინარიით თუ ინტერესდებით? სახლში თუ ამზადებთ? 

-ადრე უფრო ხშირად ვამზადებდი; ამბობენ, რომ გემრიელი კერძები გამომდის, მომზადების პროცესში გემოს არც ვუსინჯავ, ხელით ვგრძნობ, რომელი ინგრედიენტი რა რაოდენობით უნდა დავუმატო. ჩემი პრობლემა უფრო კერძის ვიზუალური ნაწილია, ლამაზად მორთულ-მოკაზმული არ გამომდის. მინდა მეტად გავერკვე კულინარიაში; ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, რომლისთვისაც ჯერ ვერ მოვიცალე. სახლში სტუმრებისთვის იშვიათად ვამზადებ, მირჩევნია მე დამპატიჟონ. ძალიან მომწონს ბარმენობა, ხალისით დავდგებოდი ბარში და ვფიქრობ, ეს საქმე კარგად გამომივიდოდა. 

– რომელი კერძი გახსენებთ ბავშვობას? 

-ბებიაჩემის მომზადებული ჩიხირთმა და საცივი, მეც ორივე კარგად გამომდის. ერთხელ, ნიუ-იორკში ყოფნისას ახალ წელს საცივი მოვამზადე, ძალიან ჰგავდა ბებიაჩემის მომზადებულს. 

– ვიცი რომ ბევრს მოგზაურობ, სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნისას, ადგილობრივ სამზარეულოს თუ ეცნობი? 

-რადგან არ მაქვს განსხვავებული კერძების დაგემოვნების პრობლემა და არაფერი მწყენს, ამიტომ ყველაფერს მივირთმევ. ვერ ვიტყვი, რომ კულინარიული ინტერესი ჩემთვის რომელიმე ქვეყანაში ჩასვლის განსაკუთრებული მოტივია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ადგილობრივ კულინარიას გავეცნო და განსაკუთრებული კერძები დავაგემოვნო. 

– საზღვარგარეთ, რომელ რესტორანში ურჩევდით მისვლას ჩვენს მკითხველს? 

-ნიუ-იორკში ყოფნისას აუცილებლად ეწვიონ “Shanghai Asian Cuisine”-ს ელიზაბეტის ქუჩაზე, ჩაინა თაუნში. ეს არ არის გაპრანჭული ადგილი, მაგრამ საოცრად გემრიელია. ასევე, ამ ქალაქში ყოფნისას, აუცილებლად მიირთვან ბურგერები. 

– რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი რესტორანი ან კაფე სადაც ყოფილხართ? 

-სინგაპურში ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ალბათ არასდროს დამავიწყდება. ძალიან დიდ დარბაზში იყო უზარმაზარი აკვარიუმები, რომლებშიც საოცარი რაღაცები დაცურავდნენ. რესტორანს მხოლოდ გარნირის მენიუ ჰქონდა, მთავარი კერძი სწორედ ამ აკვარიუმებიდან უნდა აგერჩია, რომელსაც ხელს დაადებდი იმას მოგიმზადებდნენ. 

– რამდენად ჯანსაღად იკვებებით? 

-ადრე ვიძინებ, დილით ადრე ვდგები, პურს, საფუარით მომზადებულ პროდუქტს და მიკრო-ტალღურ ღუმელში გაცხელებულ საჭმელს არ ვჭამ. ძალიან ბევრ წყალს ვსვამ. უარს ვამბობ ზეთზე შემწვარ კერძებზე, არ მიყვარს ტკბილი, არ ვსვამ გაზიან სასმელებს. ძალიან ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო.

– რომელი სასმელი მოგწონთ ყველაზე მეტად? 

-სასმელს ძალიან მძიმედ ვიტან, არ მიყვარს არცერთის გემო, ამიტომ ალკოჰოლთან ერთად მუდმივად სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელებია ჩემი ჭიქის ირგვლივ. 

– რომელია თქვენთვის ყველაზე კულინარიული ქალაქი? 

-ალბათ, ლისაბონია ჩემთვის ყველაზე კულინარიული ქალაქი, მეგობრებთან ერთად ვიყავი და სულ რაღაც გემრიელს მივირთმევდით. 

– რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო? 

-იმდენად მიყვარს გემრიელი კერძები, რომ მიჭირს გამოვარჩიო. ვიცი სამზარეულოს და კერძების აჩემება, შემდეგ მალე მბეზრდება, ერთი კვირის განმავლობაში ყოფილა შემთხვევა, რომ მხოლოდ სუშის ვჭამდი. იტალიური სამზარეულოს კერძებს იმდენად ხშირად მივირთმევდი, რომ ახლა თითქმის აღარ ვეკარები. 

– ჩაი თუ ყავა?! 

-ჩაი, ყავა არ მიყვარს. 

– თბილისში საჭმელად სად დადიხართ? 

-ზუსტად თუ არ ვიცი, ვინ, სად და როგორ ამზადებს, ამ ბოლო დროს, თბილისში გარეთ ჭამას ძირითადად ვერიდები. 

– რას არ გასინჯავთ? 

-ვერასდროს შევჭამ ძაღლის ხორცს და კალიას. 

– ჟურნალ „კულინArt“-ის მკითხველებს რომელ კერძს შესთავაზებთ? 

-ცივი ბორშჩის მომზადების ჩემი ბელორუსი ბებიის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ძალიან გემრიელი ცივი წვნიანია და უხდება ზაფხულს. 

ცივი ბორშჩი ვაშლით 

ინგრედიენტები:
• ჭარხალი – 500 გრ.
• ვაშლი – 350 გრ. (მაგარი და მჟავე ვაშლი)
• კიტრი – 250 გრ.
• მწვანე ხახვი – 80 გრ.
• კვერცხი – 2 ც. (კარგად მოხარშული)
• ძმარი – 1/3 ს/კ (გემოვნებით)
• მარილი – ¼ ს/კ (გემოვნებით)
• შაქარი – ½ ჩ/კ (გემოვნებით)
• არაჟანი – 1 ს/კ (გემოვნებით)
• ქინძი – გემოვნებით
• ოხრახუში – გემოვნებით

მომზადების წესი: 

კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ჭარხალი. მოხარშვის შემდეგ ჭარხალს მოაცილეთ კანი და წვრილად გახეხეთ. გახეხილ მასას დაასხით ცოტა ადუღებული წყალი და გააგრილეთ 2-3 საათის განმავლობაში. გაგრილებულ მასას დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კიტრი, პატარა კუბებად დაჭრილი ვაშლი (მოაცილეთ კანი და გული) და მწვანე ხახვი. მომზადებული წვნიანი გადაიტანეთ ჭურჭელში. წვნიანს, თეფშზე დაუმატეთ კვერცხი, მწვანილები, არაჟანი, ძმარი და მარილი გემოვნებით. 

გემრიელად მიირთვით! 

ფოტო : ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com