კულინარიული მასტერკლასი

„კულინარიუმში“ მამის დღე აღინიშნა

სამზარეულო სკოლა „კულინარიუმი“ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ შეუერთდა და მამის დღეს სპეციალური ღონისძიება მიუძღვნა. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე, 19 ივნისი, საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება.

„კულინარიუმში“ ჩატარებული მასტერკლასზე, კამპანიის “კაცები ზრუნავენ” მონაწილე მამებმა ისწავლეს, თუ როგორ მოუმზადონ შვილებს ჯანსაღი და გემრიელი საკვები. სამზარეულო სკოლა „კულინარიუმის“ დირექტორის, ლევან ქოქიაშვილის თქმით, „სამზარეულოში ერთად დროის გატარება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა შვილთან კომუნიკაციისთვის. კერძის მომზადების პროცესში, შესაძლებელია, შვილს გადასცე ძალიან ღირებული ინფორმაცია, გააცნო სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ხელი შეუწყო მის მრავალმხრივ განვითარებას. სამზარეულო არ არის მხოლოდ დედებისა და შვილების ურთიერთობის ადგილი, მას აქვს პოტენციალი, იყოს სივრცე მამების, შვილების და ზოგადად, მთელი ოჯახის კულინარიული, შემეცნებითი და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისთვის.“

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანია „კაცები ზრუნავენ“ მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მამაკაცთა მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.  არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ მიხედვით მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში დავლების მომზადებაში ყოველდღიურად ჩართული კაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

მამის დღის აღნიშვნას უერთდებიან სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები. შესაბამისად, 18-19 ივნისს მათ მიერ ორგანიზებული რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო პირი:

სალომე ბენიძე

კომუნიკაციისა და ადვოკატირების ოფიცერი

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი

გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“

ტელ: +995 577 211 300

ელექტრონული ფოსტა: benidze@unfpa.org

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com