FOOD ასოციაცია

ანა კორძაია-სამადაშვილი

თავად მიიჩნევს, რომ კარგი კულინარია, მე კი ვფიქრობ, რომ კარგ კულინართან FOODასოციაცია ყოველთვის განსხვავებული გამოდის. ანა კორძაია- სამადაშვილს სახლში, საღამოს ვესტუმრეთ. ფოტოები ძველებურ ხალიჩასთან გადავიღეთ და ინტერვიუ ფინჯან ჩაის თანხლებით ჩავწერეთ.

-ანა, როდის გაგიჩნდათ ინტერესი კულინარიის მიმართ? 

– სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა იძულებითი ხასიათი ჰქონდა ამ ინტერესის გაჩენას ‒ მომიწია. მე მარტო ვცხოვრობ და მე მიყვარს ჭამა ‒ ძალიან! და ვინაიდან არავინ ამოიგდებდა ბეჭს ჩემთვის საჭმლის გასაკეთებლად, გადავწყვიტე, რომ მე, თავად უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის. 

-რა არის თქვენთვის ბავშვობის გემო? 

– შემწვარი კარტოფილი. 

-პირველი კერძი, რომელიც დამოუკიდებლად მოამზადეთ? 

– ალალად არ მახსოვს, იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ, მაინც შემწვარი კარტოფილი. 

-აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორ არის კერძი მორთმეული? 

– კი აქვს, მინდა, რომ მომწონდეს. ძალიან არ მიყვარს, როდესაც მხოლოდ ერთ რაღაცას მიდგამენ ‒ არ მაინტერესებს! მინდა, რომ მაგიდაზე ქაოსი იყოს. 

-ქართულ სუფრაზე რა აზრის ხართ? 

– იმის გათვალისწინებით, რომ არ მეხება და მე დიდ სუფრებზე საკუთარი ნებით არ დავდივარ, სრულიად გულგრილი ვარ ამის მიმართ. უბრალოდ არის რაღაც წინადადებები, რომლის გამოც ჩემში მკვლელი იღვიძებს. აი, მაგალითად, ხომ შეგიძლია, ხუთი წუთი დამითმო! მე არ შემიძლია, რომ ვიღაცას ვუსმინო გაუთავებლად, მაშინ, როდესაც არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს. ამიტომ, უმჯობესია, არ წავიდე საერთოდ. 

-სახლში მომზადებული გირჩევნიათ თუ რესტორანში? 

– რა თქმა უნდა, სახლში. თუ ვინმე კარგად ამზადებს, მაგაზე კარგი რა არის! მიყვარს, როდესაც მპატიჟებენ. 

-რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ? 

– გასულ წელს აღმოვაჩინე, რომ ის რასაც მარწმუნებდნენ, რომ არის იტალიური სამზარეულო, ყოფილა დიდი ტყუილი. იმიტომ, რომ მე ვიყავი იტალიაში და მივხვდი, რომ მათი სამზარეულო არის სულ სხვა რამ. ეს არის წმინდა პეტრეს რეცეპტები. შეუძლებელია დედამიწაზე იყოს გამოგონილი, სამოთხიდანაა გამოგზავნილი. მსგავსი სამზარეულო მე არ მინახავს. როდესაც ვიწყებდი ჭამას, მე მაგიდის ქვეშ ფეხებს ვაბაკუნებდი. პირველი როდესაც მეკითხებიან თუ რა იყო იტალია, მე ვპასუხობ, რომ ძალიან გემრიელი იყო! 

-ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავთ? 

– ბასკეთში გამასინჯეს, ჭიანჭველას ბიძაშვილი, რომელიც ოკეანის შლამში ცხოვრობს. თავიდან ვერ მივხვდი რა იყო, მაგრამ ძალიან მომეწონა. 

ფოტო : ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com