შუხუთის-აჯაფსანდალი

ვინ იცის, აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ, ან პირიქით მიმავალს, რამდენ ვინმეს და რამდენჯერ გადაუკვეთია გურია ისე, რომ არც კი შეუმჩნევია სოფელი შუხუთი. ეს იმიტომ, რომ ალბათ აღდგომა დღეს არ მოუწია ამ გზის გავლა. უფრო სწორად ვერ გავლა. ამ სოფელში, გარდა იმისა, რომ აღდგომას დღესასწაულობენ, ამ დღეს ლელობურთს თამაშობენ და თანაც ზედ მაგისტრალზე, რის გამოც დღისით აქ მოძრაობა წყდება. გზა გადაკეტილია იქამდე, ვიდრე აღმოსავლეთ შუხუთელები ან დასავლეთ შუხუთელები ზუსტად ერთი ფუთი – 16 კგ. სიმძიმის ტყავისგან შეკერილ ბურთს არ დაეუფლებიან და გადაიტანენ თავის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ტერიტორიას, თამაშის ეპიცენტრიდან, იქიდან, საიდანაც ბრძოლა იწყება, დასავლეთისკენ დაახლოებით 50 მეტრში ერთი ღელე გადის, ხოლო აღმოსავლეთისკენ დაახლოებით იმავე მანძილზე ‒ მეორე. რომელი გუნდიც წაართმევს მოწინააღმდეგეს ბურთს და „თავისი“ ღელეს იქით გადაიტანს, გამარჯვებულიც ის არის. კვლევების მიხედვით ლელო- ბურთს საქართველოს სხვა კუთხეებშიც თამაშობდნენ, მაგრამ დღეს მხოლოდ სოფელ შუხუთშია შემორჩენილი. ეს თამაში ძალიან ჰგავს რაგბის, თუმცა საკუთარი, განსხვავებული წესები აქვს. 

ერთხელაც პოლონეთიდან მეგობრები გვესტუმრნენ. გადავწყვიტეთ მათთან ერთად საქართველოს გარშემო მოკლე მოგზაურობაში წავსულიყავით. და აი, ჩვენ, „უმეცრებმა“ მაინცდამაინც აღდგომას მოვინდომეთ ბათუმში წასვლა. რა თქმა უნდა, შუხუთს რომ მივადექით, გზა გადაკეტილი დაგვხვდა. აუარებელი ხალხი იყო და მანქანის გაჩერება მოგვიხდა. 

ტრადიციისამებრ, თამაშის დაწყებამდე ეკლესიაში ნაკურთხი ბურთი მღვდელს თამაშის ეპიცენტრამდე მიაქვს. შემდეგ თოფს გაისვრიან, მღვდელი ბურთს ჰაერში ააგდებს და იწყება ბურთისთვის ბრძოლა. ამ დღეს შუხუთში კონცერტი, ჭიდაობა, ლახტი და სხვა ხალხური თამაშობები იმართება. ჰოდა, ჩვენც შევეგუეთ იმ აზრს, რომ ვიდრე ყველაფერი არ მორჩებოდა, ადგილიდან ვერ დავიძვრებოდით. როდესაც ჩვენს ერთ-ერთ უცხოელ მეგობარს ავუხსენით, თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, ისიც და ჩვენც, რომლებმაც ვიცოდით ლელოს არსებობის შესახებ, მაგრამ ჩვენი თვალით არასოდეს გვენახა, ძალიან დავინტერესდით. ვიყიდეთ თითო ქილა ლუდი და ხალხში შევერიეთ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. ერთმანეთში ირეოდნენ მოხუცები, ბავშვები, შუხუთელები, არაშუხუთელები და ჩვენც მათთან ერთად. კონცერტიც კარგი იყო, ქართული ჭიდაობაც, მაგრამ ცოტათი დავიღალეთ. თავად ლელო-ბურთი კი „საცხა ერთ სათში დეიწყებაო“ გვითხრეს და ჩვენც გადავწყვიტეთ, უბრალოდ გავცლოდით ხალხმრავლობას და სოფლის სიღრმეში გაგვესეირნა. გავუყევით სოფლის გზას, ვიწრო ორღობეებს. ცენტრიდან მომავალი ხმაურიც ნელ- ნელა მიჩუმდა. როდესაც ერთ-ერთ ღია ჭიშკარს გაუსწორდით, ეზოს სიღრმიდან ხმა მოგვესმა: მობრძანდით, მობრძანდით… გავიხედეთ და შევნიშნეთ კაცი, რომელიც ჩვენკენ სწრაფად მოქროდა. ევროპული გარეგნობის სტუმრების დანახვაზე (არც მე მაქვს მთლად ქართული გარეგნობა) კაცი ერთი წამითაც არ დაიბნა და ჩიქორთული რუსულით, ინგლისურით და ფრანგულითაც კი მოგვესალმა. როდესაც გაიგო, რომ ქართველები ვართ პოლონელ მეგობართან ერთად, მთლად გაებადრა სახე და კიდევ უფრო დაჟინებით შეგვიპატიჟა სახლში. ჩვენც შევუერთდით მასპინძელს და მის ბიძაშვილს, რომლებიც საბრძოლველად გასვლამდე, სამზარეულოში „თითო ჭიქას უქცევდნენ“. მოკრძალებულ სუფრას გადავხედე: კიტრი და პომიდორი, მწვანილი, ყველი, შოთი და მთავარი კერძი, აჯაფსანდალი. ეტყობა, შემამჩნია მასპინძელმა და აგვიხსნა: ასე ვართ! აბა ქალები დილიდან გევიდენ ცენტრში და დაგვტოვეს აჯაფსანდალის ამარა. შემდეგ, გამოყვანილი ჭიქები ადგილობრივი ჯიშის ღვინით, ჩხავერით შეგვივსო. ჩვენ იქ მისვლამდე ნათქვამი სადღეგრძელოები ერთ ჭიქაში გავაერთიანეთ და დავლიეთ. მასპინძლებმა კი ჩვენი სტუმრობისა გადაჰკრეს. 

– მიირთვით, მიირთვით, ე! გადაიღეთ აჯაფსანდალი, რას იზამ, გაგვექცნენ ქალები და… – ხითხითით გაიმეორა მასპინძელმა. მისი ბიძაშვილი დუმდა. პოლონელმა მეგობრებმაც გადაიღეს კერძი. კიდევ შეგვივსეს ჭიქები. ამდენი სადღეგრძელო გითქვამთ და ნასვამებმა როგორ უნდა ითამაშოთ-მეთქი, ვკითხე. ამ დროს მდუმარე ბიძაშვილმაც ამოიღო ხმა, აპა, ფხიზელი და ჭკუათმყოფელი კაცი რამფრა შევა მანდ, აბდალი თუ არააო. ყველას სიცილი აგვიტყდა. კიდევ შეივსო ჭიქები. ჩვენმა ერთ-ერთმა სტუმარმა ისევ გადაიღო აჯაფსანდალი. შემდეგ ვინმე გელას ხსოვნისა დავლიეთ; თურმე წესია, რომ მოგებულმა მხარემ ლელო რომელიმე, სამწუხაროდ, როგორც წესი, ახალგაზრდა გარდაცვლილი თანასოფლელის საფლავზე უნდა მიიტანოს და გამარჯვება მას მიუძღვნას. იმ წელს კი ეს გელა იყო. ამ ჭიქაზე დიდხანს არ გავჩერდით და ახლა სიცოცხლის და შვილების სადღეგრძელო შევსვით. პოლონელმა სტუმარმა დადგა ჭიქა და ისევ გადაიღო აჯაფსანდალი. 

– მოეწონა თუ? ‒ იკითხა მასპიძელმა. 

ამდენი ქართული კი ესმის სტუმარს და თავი დაუქნია, კიო, თან დააყოლა, მმმ, გემრიელი… მერე კი რეცეპტი მოითხოვა. მასპინძელმაც ხალისით დაიწყო: 

– ბიჯო! რა უნდა აჯაფსანდალის გაკეთებას? რავარც ლელო-ბურთში ყველას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, ე, თუნდაც თქვენ, ხო? ე, მასევე, რაც გინდა, რომელი ბოსტნეულიც გინდა, ის ჩოუშვი ქვაბში, მარა, რავარც ლელოს აქვს თავის წესი, ხო? მაგალითად, აწეულ ხელს თუ დეინახავ, ესე იგი დაშავდა ვინმე და უნდა გაჩერდე, ანდა, რო არ უნდა გედეიზარდოს ძიძგილაობა ჩხუბში, ეგრევეა აჯაფსანდალიც, არც უნდა ჩახარშო ნამეტანი და არც უმი დატოვო აი, კერძი და რავარც ლელოშია მთავარი ის, რომ ბურთი უნდა გადიტანო ღელეს იქით და მოიგო, ასევეა აჯაფსანდალიც, მთავარია გემრიელი გამოგივიდეს, ბიჯო! ‒ თქვა მასპინძელმა, ახითხითდა და ჩვენც აგვიყოლია. ამასობაში წასვლის დროც მოვიდა. დავლოცეთ ოჯახი, ბიძაშვილებმა ჭიშკრამდე მიგვაცილეს და გვითხრეს, ჩვენ ჯერ დავრჩებით და ცოტა ხანში წამოვალთო. ჩვენც გამარჯვება ვუსურვეთ. 

– რომელს? მე თუ ამას? ‒ თითი გაიშვირა ბიძაშვილისკენ მასპინძელმა. თურმე ჩვენი მასპინძელი ზედა შუხუთიდან ყოფილა, ხოლო მისი ბიძაშვილი კი ქვედადან და ცოტა ხანში ერთმანეთის პირისპირ უნდა დამდგარიყვნენ. ისევ და ისევ ბევრი ვიცინეთ. უკვე გზაზე გამოსულებს მასპინძლებმა ხითხითით რჩევა მოგვაყოლეს, თუ არ აპირებთ მონაწილეობის მიღებას, მაშინ ხეზე ან ღობეზე ადით, უკეთესადაც დეინახავთ და ტანსაცმელიც მთელი დაგრჩებათო. 

და აი, გავარდა თოფი, ავარდა ლელო და ორასამდე კაცმა ბურთის დასაუფლებლად დაიწყო ბრძოლა. ერთი ამდენი და მეტიც ბრძოლის ეპიცენტრს გარს ეხვია, რათა დაღლილი „მეომრები“ შეეცვალათ. ჩვენც გავითვალისწინეთ რჩევა და მართლაც, ხან ხეზე ვძვრებოდით, ხან ავტობუსის გაჩერების სახურავზე და ხანაც ღობეზე ძრომიალით მივყვებოდით შერკინებული შუხუთელების მოძრავ მასას. პოლონელმა მეგობრებმა თავისი ფოტოაპარატები არ გაუშვეს ხელიდან და ყოველ დეტალს აფიქსირებდნენ. შიგადაშიგ ლელობურთელები ხელებს მაღლა სწევდნენ, რაც ნიშნავდა, რომ ვიღაცის საქმე ვერ იყო კარგად. საკვირველია, მაგრამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, რომ სერიოზული ტრავმა არავის მიუღია. არ მახსოვს, რამდენ ხან გაგრძელდა ლელო და არც ის, ზემოურებმა გაიმარჯვეს თუ ქვემოურებმა, მაგრამ ის კი ნათლად დამამახსოვრდა, რომ, როდესაც მანქანით ძლივს გავარღვიეთ ხალხის უკვე გაფანტული მასა, უკნიდან გვესმოდა გამარჯვების ყიჟინა და სკანდირება: „გელა! გელა!“ – გარდაცვლილის სახელს იძახდნენ. 

ბათუმამდე მთელი გზა ვფიქრობდით, რა დროიდან მოდის ეს ტრადიცია. ვარაუდობენ, რომ ეს ტრადიცია ძალიან ძველი უნდა იყოს, წარმართობის დროინდელი. ვინ იცის?! ერთი კი ფაქტია: ქართველი რაგბისტები დღეს ძალზე წარმატებულები არიან და ამას საქართველოში ლელო-ბურთის თამაშის ტრადიციასთან ნამდვილად აქვს კავშირი. 

ბათუმში, მეგობრებმა იმ დღეს გადაღებული ფოტოები გაამჟღავნეს. საერთო პლანით გადაღებულ ფოტოებზე ლელო-ბურთსა და სოფელში სტუმრად გადაღებულ აჯაფსანდალს შორის აშკარა მსგავსება დავინახეთ. თანაც შერკინებული შუხუთელების ფოტოზე ნაცნობი „ინგრედიენტიც“ კი ამოვიცანით ‒ ჩვენი მასპინძლის ბიძაშვილი. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com