ბედნიერი ოჯახის კულინარიული მიზანსცენა

ინტერვიუ ნანა ექვთიმიშვილთან

სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევრის ‒ „გრძელი ნათელი დღეების“ შემდეგ წარმატებულია ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის უკვე მეორე კოლაბორაციაც. „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა „სანდენსის“ კინოფესტივალზე მთავარი საკონკურსო პროგრამის ფარგლებში შედგა, ევროპული პრემიერა კი ბერლინალეზე, პროგრამა „ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა. The New York Times-მა სურათის ავტორები იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ნახოს. 

კინოგამოცემამ ‒ „Variety” „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ რეცენზიაში ახსენა, რომ ფილმში სუფრის სცენებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. არც სხვა კინოკრიტიკოსებს დარჩენიათ შეუმჩნეველი, რომ სურათში ბევრი რამ ოჯახური სადილების გარშემო ტრიალებს. ნანა ექვთიმიშვილთან საუბარს ამ თემით ვიწყებთ.

ნანა ექვთიმიშვილი: ფილმში ჭამა-სმის რიტუალი და კულინარია არცთუ ისე უმნიშვნელოა. არის სუფრის სცენები, ასევე საუზმის, ვახშმის სცენები, ოჯახური სუფრები და დღესასწაულები, რაც ქართულ ყოფაში ჩვეულებრივი ამბავია. ფილმში ოჯახის ღერძი და მთავარი მზარეული არის ლამარა ‒ მთავარი პერსონაჟის დედა. წლების განმავლობაში მისი ფუნქცია დიასახლისობა და სადილების მზადებაა. ამიტომ ლამარა ხანდახან შეურაცხყოფილიც არის, თუ ვინმეს არ შია. ეს თითქოს მის ფუნქციასა და მნიშვნელობას ჩრდილს აყენებს. ასეთი ქალების მიმართ დიდ თანაგრძნობას განვიცდი. რამდენი ქალია, რომელიც სწორედ იმით არის ბედნიერი და რეალიზებული, რომ ოჯახის წევრები დააპუროს… ლამარაც ოჯახის წევრებისა და სტუმრების დაპურებაზეა შეშლილი: ხაჭაპური, შემწვარი ქათამი და კარტოფილი… ალუბლის კომპოტიც ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილია. დანარჩენს მაყურებელი თავად იხილავს. 

ზოგადად, საჭმელს, კვებას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ? 

გადამეტებულ ყურადღებას არ ვანიჭებ, მაგრამ უმნიშვნელოც არ არის. 

უწოდებდით თუ არა საკუთარ თავს გემოს მაძიებელს? გიყვართ თუ არა გასტრონომიული სიახლეები? რამდენად გახსნილი ხართ ამ ტიპის ექსპერიმენტების მიმართ? 

სამწუხაროდ, დრო არ მაქვს ასეთი ძიებებისთვის, ამიტომ თავს დიდ გურმანს ვერ ვუწოდებ. ჯანმრთელი და თუნდაც ერთფეროვანი საკვები სრულიად მაკმაყოფილებს. 

უცხოეთში ყოფნისას ადგილობრივი სამზარეულოთი თუ ინტერესდებით? 

კი, რა თქმა უნდა. საინტერესოა, სად რა უყვართ, რა კულტურა და ტრადიცია აქვთ. სამზარეულოსაც აქვს თავისი ისტორია და ის ადამიანებთან, მათ ხასიათთან, გეოგრაფიასთან და სხვა ბევრ ფაქტორთანაა კავშირში. 

რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად? 

ქართული. 

რამდენად კარგი კულინარი ხართ? 

მგონი ცუდი კულინარი ნამდვილად არ ვარ. ჩემს ოჯახში, ყოველ შემთხვევაში, უყვართ ჩემ მიერ მომზადებული სადილები. 

ვისგან ისწავლეთ მზადება? რა ასაკში დაიწყეთ? პირველი კულინარიული ექსპერიმენტი ან წარმატება თუ გახსოვთ? 

დედაჩემი ძალიან კარგი მზარეულია, და ახლა ხშირად ვფიქრობ, რომ დრო გამოვნახო და რაღაცები ვისწავლო მისგან. ერთად როცა ვცხოვრობდით, მაშინ, სამწუხაროდ, არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, თუმცა რაღაც ჩვევები მაინც გიყალიბდება. საქართველოში არ არის დიდად იმის კულტურა, რომ ბავშვი სამზარეულოში მიუშვან. 100-დან 90 დედას ნერვები ეშლება და ურჩევნია ბავშვს გამზადებული მიართვას. წარმატება არ ვიცი, მაგრამ პირველი წარუმატებლობა ნამდვილად მახსოვს: გერმანიაში ქართველ მეგობრებს ლობიო გავუკეთე, მაგრამ ვერავინ ვერ ჭამა. ძალიან ბევრი მარილი ჰქონდა. მერე ყველაფერი ვისწავლე. არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ საჭმლის მომზადება არ შეუძლიათ. ვინც კითხვა იცის და ვინც ზარმაცი არაა, ყველას შეუძლია მზარეული იყოს, თუნდაც ცუდი, ან საშუალო, მაგრამ ამ მიზეზით დედას ან ცოლს არ უნდა ამზადებინო შენთვის მთელი ცხოვრება საჭმელი. 

საყვარელი კერძი, სასმელი… 

კერძი: ყველანაირი ხილი და ბოსტნეული. სასმელი: წყალი და ფორთოხლის წვენი. ზოგჯერ ღვინოც. 

მოგწონთ თუ არა ოჯახური სადილების ტრადიცია? 

გააჩნია რას ვგულისხმობთ „ოჯახური სადილების ტრადიციაში.“ თუ ამაში იმას ვგულისხმობთ, რომ ოჯახი იკრიბება, სადილობენ, ქალი არ დარბის აქეთ-იქით, არამედ ყველა ერთადაა და ერთმანეთს საჭმლის გარდა სხვა რამესაც უზიარებენ, მაშინ ძალიან მომწონს. თუ ჭამის გარდა არაფერი გრჩება, ადამიანებს წესიერად ვერ ესაუბრები და ქალი სამზარეულოდან ვერ გამოდის, მაშინ ‒ არა. 

თუ არის გემოკერძი ან პროდუქტი, რომელიც ბავშვობის ასოციაციებს იწვევს თქვენში? 

ხაჭო პიტნით, რომელიც არ მიყვარდა… ფუნიკულიორის ნაყინი… „კორჟიკი“… ბავშვობის გემოები უფრო საბჭოთა გემოებია. ბავშვობაში არსებობდა საბჭოთა გემოები და ან სოფლის გემოები. ყველაზე გემრიელი საჭმელი ზაფხულის არდადეგებზე იყო ხოლმე, იმერეთში: დიდი მჭადა-სოკოები, ნიყვი… სოფლის თაფლი, საოცარი პომიდორი და შუშა კიტრი, მწვანე ლობიო… რეჰანი, ნედლი თხილი, ჭყინტი ყველი… თინეიჯერობის გემოები უფრო სხვანაირი იყო, 90-იანი წლების: შემწვარი მაკარონი, კარტოფილი, ტყუპი პურები და ლობიო. 

ჯანსაღ კვებას რამდენად აქცევთ ყურადღებას? 

საბედნიეროდ, ისეა, რომ ის, რაც ჯანსაღი არაა, არ მიყვარს. 

რომანტიკული ვახშამი რასთან ასოცირდება თქვენთვის? 

ცუდ ფილმებთან. 

როგორ ფიქრობთ ხშირი მზადება რუტინაა? თუ სიამოვნებას განიჭებთ? 

ჩემთვის ხშირი მზადება ნიშნავს, პირველ რიგში, დროის ქონას და ოჯახთან ერთად ყოფნას, რაც დიდ სიხარულს მანიჭებს. თან თუ ადამიანს შეუძლია ის მოამზადოს, რაც მას უნდა, ნამდვილად დიდი ბედნიერებაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი ქალი ამას ვერ იტყვის. თუ ცხოვრებაში ბევრი ყოფითი მხარე მოგვარებული არ გაქვს, ნამდვილად შეიძლება სამზარეულოში დგომა რუტინად და ტანჯვადაც გექცეს. ბევრი ქალი მინახავს, რომლისთვისაც საჭმლის კეთება დამღლელ მოვალეობად არის ქცეული: ან დაძაბული ოჯახური ურთიერთობების გამო, ან ფინანსური მდგომარეობის გამო, ან ყველაფრის მარტო, საკუთარ მხრებზე ზიდვის გამო… ძნელია ასეთ დროს სადილები ხალისიანად აკეთო. ჩვენთან, ძირითადად, სამზარეულოში ტრიალი ქალის მხრებზეა, როცა საკვები ორივეს სჭირდება ‒ ქალსაც და კაცსაც. კაცს თუ საჭმლის კეთება გამოსდის, ხშირად პროფესიით მზარეული ხდება, ამ დროს კი ქალი ამ „პროფესიით“ მთელი ცხოვრება სხვებს ემსახურება, სრულიად უხელფასოდ, უანგაროდ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს და იუკადრისოს, მაგრამ ჯობია გავცდეთ თბილისის ერთ-ორ უბანს, სადაც ამ მხრივ შედარებით უზრუნველყოფილი ოჯახები ცხოვრობენ, ძიძებითა და დამლაგებელი ქალებით. ქართული საზოგადოების ზოგადი სურათი ეს ნამდვილად არ არის. 

ჭამა სიამოვნებაა?! 

როცა გშია, კი. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად არასაჭირო რამაა და ძალიან გადამეტებული მნიშვნელობაც აქვს მინიჭებული, უფრო კი ‒ არასწორი მნიშვნელობა. ნაკლები ჭამა არ ნიშნავს ცუდად ჭამას. პირიქით. ჩვენს დროში ადამიანი ძალიან ბევრ საკვებს მოიხმარს. საშუალო მოქალაქეს ვგულისხმობ, ურბანულ სივრცეში. ბევრი საკვები ადამიანისთვის არ არის კარგი, რადგან მას გაცილებით ნაკლები სჭირდება. თან ადამიანი უამრავ საკვებს ყრის. ერთი ძალიან კარგი ფილმია, ფრანგული, აგნეს ვარდაა  რეჟისორი, „შემგროვებელი“ ჰქვია და იმაზეა, თუ როგორ აგროვებენ ადამიანები საკვებს იქ, სადაც სხვები ყრიან. ამ ადამიანებს არ უჭირთ, მაგრამ პროტესტის გრძნობა უჩნდებათ ამ მთელი არასწორი ინდუსტრიის გამო. მსოფლიოში უამრავი საკვები იყრება. გამოთვლილია: იმ საკვებს რომ მოვიხმარდეთ, რასაც ყრიან, დედამიწაზე არცერთი ადამიანი აღარ იშიმშილებდა. ადამიანი ექსპლუატაციას უწევს ბუნებას, ცხოველებს… ამ დროს კი უამრავ ბავშვს სწყურია და შიმშილობს. 

სუფრის ლამაზად გაშლა, სერვირება ‒ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? 

სპეციალურად არ ვფიქრობ. ყველაზე კარგი „სერვირება“ კარგ ხასიათზე ყოფნაა და ადამიანები, რომლებთან ერთად ყოფნაც გიხარია. დანარჩენი სპონტანურად ხდება. 

თვლით თუ არა, რომ კულინარია ხელოვნების ერთგვარი ფორმაა? შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი როგორც ხელოვანი რეალიზდეს კულინარიაში? 

რა თქმა უნდა. ადამიანმა შეიძლება საკუთარი შემოქმედებითი ენერგია ნებისმიერ საქმეში გამოავლინოს. მით უმეტეს, კულინარიაში, სადაც ამდენი იდეა შეიძლება გაჩნდეს. 

როგორ ფიქრობთ, ხელოვანი ადამიანები კულინარიასაც შემოქმედებითად უდგებიან და, შესაბამისად, უფრო კრეატიულად ამზადებენ? 

არა მგონია ამ ორ რამეს ერთმანეთთან აუცილებელი კავშირი ჰქონდეს. შეიძლება შემოქმედება კულინარიას ხელს უწყობდეს, შეიძლება ‒ არა. პრუსტი, მაგალითად, უაღრესად შთამბეჭდავად აღწერს გემოსთან და საჭმელთან დაკავშირებულ შეგრძნებებს, მისი ეს სცენები ლიტერატურული შედევრია, როცა თავად ასკეტურად იკვებებოდა და საჭმელი არ აინტერესებდა. 

არის თუ არა პლუსი ადამიანისთვის კარგად მზადება? 

ადამიანისთვის ნებისმიერი ცოდნა და უნარი პლუსია. 

რა არის თქვენთვის ოჯახი, სახლი? რა არის „ბედნიერი ოჯახი?“ 

ოჯახი არის ჩემი უახლოესი ადამიანები. ბედნიერი, ალბათ, ის ოჯახია, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, მაშინაც კი, როცა ერთმანეთს ვერ უგებენ. 

როგორ ფიქრობთ, რა აქვს თქვენს ფილმებს ისეთი, რის გამოც ისინი მარტივად აღწევენ ადამიანების გულებამდე; აფიქრებენ მაყურებელს; დიდხანს არ ავიწყებენ თავს?! 

არ ვიცი, ალბათ, სიმარტივე. კინო არ არის მეცნიერება და მას საქმის ვითარების ახსნა, განმარტება და დასაბუთება არ მოეთხოვება. მაყურებლის წინაშე სურათი მარტივად, ბუნებრივად უნდა გაცოცხლდეს… არ უნდა მოგინდეს, რომ ძალით გახადო საინტერესო, დაძაბული და ემოციური. ანდა ჭკვიანური. მე რომ მაყურებელი ვიყო, ასე ვიფიქრებდი, მაგრამ თუ ჩვენი მაყურებელიც ასე ფიქრობს, არ ვიცი. 

რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის როგორც თვითგამოხატვის ფორმა ‒ მწერლობა თუ კინემატოგრაფი? 

ორივე მნიშვნელოვანია. კინოს ბევრ ადამიანთან ერთად ვიყოფ. მწერლობას არავისთან. 

ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სწავლობდით. რა მოტივით, ვისი გავლენით აირჩიეთ პროფესია? 

ფილოსოფიურზე დავიწყე სწავლა, სკოლის მერე, ჩემივე გადაწყვეტილებით. მოტივი იყო ინტერესი ამ საგნის მიმართ, ზოგადი განათლების მიღებისა და გაღრმავების სურვილი. თუმცა მალე გერმანიაში წავედი და იქ დავამთავრე კინოაკადემია, დრამატურგიისა და სცენარის განხრით. 

როგორ შეაფასებდით ქართული კინემატოგრაფის პერსპექტივას? 

საჭიროა ქართული კინო, და, ზოგადად, კულტურა სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდეს. საჭიროა შესაბამისი პოლიტიკა და მხარდაჭერა. ქართული კინო არ უნდა იყოს რაღაც გაყინული ფენომენი, ან სამუზეუმო ექსპონატი, ქართული კინო უნდა იყოს თანამედროვე, ცვალებადი, კონტრავერსული, ვიღაცას უნდა მოეწონოს და ვიღაც უნდა აღშფოთდეს კიდეც. დღეს ქართულ კინოს ბევრი რამ შეუძლია და მისი პერსპექტივა ნამდვილად არსებობს. საჭიროა, უბრალოდ, სწორი აქცენტები და სწორი გადაწყვეტილებები იმ ადამიანების მხრიდან, ვინც კულტურის პოლიტიკას ქმნის.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com