ნიდერლანდური სამზარეულო

ჰოლანდია, უფრო ზუსტად კი ნიდერლანდები. ჰოლანდია გერმანელების მიერ შერქმეული სახელია, რომელიც ჩრდილოეთის და სამხრეთის პროვინციას წარმოადგენს და თარგმანში „ტყიან მხარეს“ აღნიშნავს. ნიდერლანდები კი „დაბლობ მიწებს“ გულისხმობს. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ამ ტერმინით მოიხსენიებენ იმ ქვეყანას, სადაც ყველაზე კარგად იციან მოგზაურობის, ერთად ყოფნის, დროს ტარების და… მომჭირნეობის ფასი. (ბელგიელების ხუმრობაა, რომ ჰოლანდიური კულინარიული წიგნი იწყება ასე: ისესხეთ შემდეგი ინგრედიენტები…).

ნიდერლანდურ ნაციონალურ სამზარეულოს ვერ დაარქმევთ ვერც ნატიფს და ვერც დახვეწილს. ის ორიენტირებულია მარტივ საკვებზე: კარტოფილი, მოხარშული ხორცი, ბოსტნეული, საფირმო ჰოლანდიური ყველის ნაირფეროვნება და რძის პროდუქტები, რომლის მოხმარებას ადრეული ასაკიდან დიდ ყურადღებას აქცევენ. მსოფლიოს ნებისმიერ ნაციონალურ სამზარეულოში გამოიყენება ზუსტად ის პროდუქცია, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით არის ხელმისაწვდომი ან ადვილია საწარმოებლად.

წარმოუდგენელია, ნიდერლანდებში, სადაც უმეტესად მოღრუბლული ამინდია და ფართობის დიდი ნაწილი ხელოვნურად არის განაშენიანებული, სასოფლო ‒ სამეურნეო პროდუქციის წარმოება – ექსპორტით ევროპის მასშტაბით მას პირველობას ვერავინ ეცილება. სასათბურე ნაგებობების სიმრავლე უბრალო ტურისტისთვისაც თვალში საცემია. აქ მოჰყავთ პომიდორი, კიტრი, ჩილი, ვაშლი, სტაფილო, ბოსტნეულის ჩითილები.

ნიდერლანდურ სამზარეულოში, ტრადიციული ევროპული კერძების გვერდით, ადვილად შეამჩნევთ აზიური კერძების გავლენას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიდერლანდების სამეფოსგან ინდონეზიის კოლონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მეტროპოლიისკენ დაძრულმა ემიგრანტთა ნაკადმა ახალი სუნელ- სანელებლები შემოიტანეს ქვეყანაში. გარდა ამისა შეიცვალა სერვირების ფორმაც. ინდონეზიური სამზარეულოს გასაცნობად ჰოლანდიელისთვის მოსახერხებელი იყო შემოთავაზებული კერძები მომცრო ულუფებით დაეგემოვნებინა. ტრაპეზის მთავარ ელემენტს მოხარშული ბრინჯი „ნასი-პადანგი“ წარმოადგენდა, რომელიც მაგიდის შუაში იდგმებოდა და მის გარშემო იშლებოდა სუფრა. აქედან მოდის დასახელება „რაისტაფელი“ ანუ „ბრინჯის სუფრა“. დღემდე, ჰოლანდიის ინდონეზიურ რესტორნებში, რამდენიმე პერსონაზე გათვლილი სადილი, „რაისტაფელის“ სერვირებით ლაგდება.

რას მიირთმევენ ჰოლანდიელები ყველაზე მეტად? უცხოელების გაკვირვებას იწვევს ტკბილეულის ნაირფეროვნება. დღე იწყება ერთი შეხედვით უცნაური „ბუტერბროდით“ Hagelslag ‒ პურის ნაჭერი მორთულობით საბავშო ნამცხვარს წააგავს. თეთრი, შავი, ფერადი წვრილ გრანულიანი შოკოლადი საყვარელი ნუგბარია საუზმეზე, რომელსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს დიდი თუ პატარა. ჰოლანდიელები უწინ ფაფას თუ აგემოვნებდნენ (პურთან ერთად), დღეს არაჰისის პასტამ და ჯემებმა ჩაანაცვლეს დილის რაციონი.

საუზმეს მოსდევს ყავა, დილის ნამცხვარია Ontbijtkoek. ჭვავის ფქვილზე გამომცხვარი სანელებლიანი (მიხაკი, კოჭა, ჯავზი, დარიჩინი) კექსის ნაჭერს კარაქის სქელ ფენას ადებენ და ფინჯან ყავასთან ერთად შეექცევიან.

ნიდერლანდებში ძირითადად 3-ჯერ მიირთმევენ და შუალედებში რამდენჯერმე წაიხემსებენ. აქ პურის ფართო არჩევანია: შავი, რუხი, ჭვავის პურიდან მოყოლებული თეთრი ხორბლის ფუნთუშეულით დამთავრებული. ტკბილი ღვეზელის ვარიაციებია: კრენტებოლი (ცუკატითა და ქიშმიშით), სუკერბროოდი (შაქარყინულებით).

სადილზე ჰოლანდიელები ღია სენდვიჩს Uitsmijter (აუთსმაიტერს) ანიჭებენ უპირატესობას. მიირთმევენ დანა-ჩანგლით. პურის ნაჭერი, ლორი, ხანდახან მობრაწული ბეკონიც, გაუდას მსგავსი ჰოლანდიური ყველი და კვერცხის ომლეტი. იგი იმდენად გემრიელი და ნოყიერია, რომ კლასიკური კერძის მომზადების სურვილს დაგიკარგავთ. შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში და თავად შეარჩიოთ პურის, ყველის სახეობები. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეუკვეთოთ პაბში ან ქუჩის ფარდულში შეიძინოთ. საერთოდ, ამ მხარეში, მარტივი ინგრედიენტებით აწყობილ კერძს უზადოდ გაფორმებულს მოგართმევენ, თვალს რომ მოგჭრის და მადას აღგიძრავს.

გვიან შუადღეს ჰოლადიელები ჩაის მიირთმევენ. High Tea-ს ტრაპეზი ტკბილი სასუსნაოებით არის გაჯერებული. თაფლაკვერი Speculaas (სპეკულასი) ერთ-ერთი მათგანია.

თუმცა ამით არ მთავრდება დღე. ერთი სირჩა ბორელი, ლიქიორის სახით საღამოს კარგი დასაწყისია. ნიდერლანდებში ლაგერის სახეობის ლუდია გავრცელებული: ჰეინეკენი, ამსტელი, გროლში. მას მცირე (~0.2ლ) ბოკალით აგემოვნებენ. მისი დალევა მანამდე უნდა მოასწროთ, სანამ შეთბობით მშვენიერ არომატს არ დაკარგავს.

ნიდერლანდული ვახშამი რაციონის ყველაზე დატვირთულ ნაწილს წარმოადგენს. ჰოლანდიელები წვნიანს საღამოს მიირთმევენ, მაგრამ ამოღებული აქვთ მეორე, ძირითადი კერძი. საუკუნეების წინ, ტრადიციულად თუ ხორცს მოგართმევდნენ ბოსტნეულობასთან და კარტოფილთან ერთად, თანამედროვე სუფრაზე ინდონეზიური, იტალიური, ჩინური კერძები დაგხვდებათ. ნიდერლანდური სამზარეულოს კლასიკური რეცეპტები ხორცისა და გარნირის უცნაურ თავსებადობას წარმოადგენს. მაგალითად,Balkenbrij (ბალკენბრაი) არის ბულიონში და ახალ დაკლულ საქონლის სისხლში მოხარშული ხორცის ლაბა (ხალადეცი). მას დამატებული აქვს წიწიბურას ფქვილი და გაგრილების შემდეგ კარაქშია შემწვარი. გარნირად მოყვება Hete Bliksem (ჰეიტე ბლიკსემ) ‒ კარტოფილისა და ვაშლის ცხელი პიურე წითელი კომბოსტოს სალათით. ჰოლანდიელების მოსაზრებით კარტოფილის ფრიტები და ვაშლის პიურე იდეალური თანხვედრაა. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ის რაზეც ყველა ვთანხმდებით, ჰოლანდიური ზღვის პროდუქტები და თევზი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ზღვის ბიბილო, სამეფო კრევეტები, ლობსტერები, ჯუმბო მიდიები რჩეულია თავის სახეობაში, ნაკლებ ქვიშიანია და მინერალებითაა გაჯერებული.

და რა თქმა უნდა, ცნობილი ჰოლანდიური ქაშაყი Haring. ჰააგაში, სადაც სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრია განლაგებული, პარლამენტის წინ შეამჩნევთ ნაციონალურ ფერებში მორთულ ჯიხურს, აქ ქაშაყის ულუფას შეიძენთ. უნაზეს ფუნთუშაში მოთავსებული კიდევ უფრო ნაზი თევზის ფილე ხახვის წვრილ ნამცეცებთან ერთად პირში ისე დნება, რომ გააზრებას ვერ ასწრებთ. ნაციონალურ კერძის რანგში აყვანილ ქაშაყის საპატივცემულო ფესტივალი გაზაფხულზე იმართება.

სხევენინგენი (Scheveningen) ჰააგის სანაპირო ზოლს წარმოადგენს, ვერ გეტყვით ეს სახელი სწორად როგორ ითქმის, ჰოლანდიელის გარდა მგონი ვერც ვერავინ გადმოსცემს, ამიტომ უცხოელები ყოველთვის დაცინვის ობიექტები ხდებიან. შჰხევენინგენი ან რაღაც ამის მსგავსია. ეს ის ადგილია სადაც ივნისის დასაწყისში სეინერი ქაშაყის პირველი ნადავლით შემოდის და ამით ჰარინგის ჭერის სეზონი გახსნილად ცხადდება. გემბანიდან ორი კასრი გადმოაქვთ, პირველს ‒მეფეს უბოძებენ, მეორეს ‒ ხსნიან, აგემოვნებენ, აფასებენ და ჰარინგის იმ წლის ფასს ადგენენ. ყველაფერი აუქციონით იყიდება. შემოსავალი ქველმოქმედებას ხმარდება და სახალხო ზეიმიც იწყება.

ჰაერში დროშები ტკაცუნობენ, ფრანები ცაში ლივლივებენ. გემიდან მეზღვაურების შეძახილები ისმის, ნადავლს აბინავებენ. აფრიანი იახტები ნავსაყუდელს უბრუნდებიან. ცოტა ზემოთ გადავინაცვლებ, სიმონისის თევზის რესტორანს ჩავუვლი, სამსართულიან ასორტს შევავლებ თვალს. ამჯერად არ გავჩერდები. ზღვაზე ავალ და სერფერებს შევხედავ, მოქცევას როგორ ებრძვიან. დიახ, „ზღვაზე ავალ“. მასთან მისასვლელად მცირე აღმართი უნდა აიაროთ და სანაპიროზე გახვიდეთ, იქ კაფე-რესტორნების გრძელი რიგია. მუსიკა ქარის ხმაში იკარგება. ბუნგალოში დიდ სავარძელს ვირჩევ და პლედში გახვეული მიმტანს ჯენევერს ვუკვეთავ. დღეს მიწაზე გადმოსული ნამდვილი ჰოლანდიელი მეზღვაურივით „დავლევ“ და ნარინჯისფერი ჰორიზონტის ჭვრეტით დავტკბები.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com