თბილისი რომ ამოუწურავი ქალაქია, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. გამორჩეული არქიტექტურა, ქუჩები, ისტორიები და საზოგადოება ‒ ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ჩემთვის ძველი თბილისი გამორჩეული უბანია. რთული მისახვედრი არაა რატომ! პირველ რიგში იქაური განწყობა მიყვარს, ხალხი, პატარ-პატარა ეზოები და ძველებური სახლები. ამ ადგილებში სეირნობა ერთი დიდი თავგადასავალია, თან მაშინ, როცა იცი, რომ თითოეული დეტალი თავისი ისტორიის მატარებელია.
ამჯერად, ბუტიკური სტილის სასტუმროზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც სამი საუკუნის წინ სასახლის ფუნქციას ასრულებდა და ორბელიანების საკუთრებას წარმოადგენდა.
მე-19 საუკუნეში არ არსებობდა გავლენიანი და წარჩინებული ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არ იყო ნამყოფი ორბელიანების სასახლეში. აქ საქართველოს ისტორია იწერებოდა.
მწერალი დათო ტურაშვილი ჰყვება, რომ ამ სასახლეს სიყვარულის მუზეუმი შეარქვეს, რადგან ამ შენობაში ყველაზე მეტი სასიყვარულო წერილი ინახებოდა. წერილებს კი პირადად მაიკო ორბელიანი იბარებდა, რომელმაც ბევრი მიჯნურის ურთიერთობის გადარჩენა შეძლო.
მართლაც, რომ ბევრი სასიყვარულო ისტორიის მომსწრეა ეს სასახლე. დღეს ამ შენობაში ფუნქციონირებას სასტუმრო „მუზეუმი“ აგრძელებს. შენობის რესტავრაციის დროს მშენებლებმა ზუსტად გაითვალისწინეს ყველა ის დეტალი, რაც თავის დროზე ამ სასახლის არქიტექტურული ღირებულებების ნაწილი იყო. შენობა დღესაც ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, ლამაზი, მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი აივნებით გაფორმებული.
შუაგულ ქალაქში სასტუმრო „მუზეუმი“ ტურისტებითაა სავსე. ამ ადგილიდან, ქალაქის ნებისმიერ ღირშესანიშნავ ადგილას მოსახვედრად სულ რამდენიმე წუთია საჭირო. თავად სასტუმროს რაც შეეხება, შესვლისთანავე რომანტიკულ განწყობაზე დგები.
იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ზაფხულია, ჩემი ყურადღება სასტუმროს ღია ტერასამ მიიპყრო, სადაც მოხვედრა როგორც გარე, ინდივიდუალური შესასვლელიდან, ისე სასტუმროს ტერიტორიიდანაც შეიძლება. ტერასა მთლიანადაა გამწვანებული. გარშემო ისეთი სიმშვიდე და კომფორტია, ვერ მიხვდებით რომ ქალაქის ცენტრში ხართ.
ტერასა „მუზეუმს“ ევროპული სამზარეულო აქვს. აქ ნებისმიერი გემოვნების სტუმარი მისთვის სასურველი კერძის არჩევას შეძლებს. ტერასის მთავარი კერძი კი სტეიკია, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. „მუზეუმის“ სტუმრობა სასტუმროს დამსვენებლების გარდა, ნებისმიერ გარედან მოსულ სტუმარს შეუძლია. „მუზეუმი“ დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს.
ცალკე ე.წ. „დესერტების მუზეუმია“ – აქაური კონდიტერის მიერ მომზადებული ნამცხვრები. უგემრიელესი „ნიუ იორკ ჩიზქეიქი“, ვაშლის შტრუდელი, ვაშლის „ჩიზქეიქი“,„ლავა ქეიქი“… მომხმარებელში დიდ მოწონებას იმსახურებს. დესერტების ნუსხას, როგორც მითხრეს, მალე კიდევ რამდენიმე ნამცხვარი შეემატება.
გარე სივრცის გარდა „მუზეუმი“ სტუმრებს შიდა ტერიტორიაზეც მასპინძლობს, რომელიც ძველებური დეტალებით არის გაფორმებული და ზუსტად ასახავს იმდროინდელ ქალაქის გამწყობას. ზოგი ამ ადგილს სარკეებიან დარბაზს ეძახის, ზოგიც მწვანე კაფეს. მე, პირადად, ძველებური ოქროსფერი ტახტი მომწონს, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სალონური შეკრებების ხასიათს.
ტერასა „მუზეუმი“ იდეალური ადგილია მეგობრების სანახავად, ლანჩისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორაციული „ივენთებისთვის“ და ქორწილისთვისაც კი. სასტუმროს ადმინისტრაცია ტერასაზე ხშირად მართავს „ივენთებს“, სადაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული მუსიკოსები ზრუნავენ.
ვფიქრობ, რომ თუ ზაფხულის ცხელი დღეების გატარება ქალაქში გიწევთ, ტერასა „მუზეუმში“ ნამდვილად შეძლებთ განტვირთვას, დასვენებას და გემრიელი კერძების დაგემოვნებას.