ლუკას სამზარეულო
ბეას დაბადების წამმა ყველა მომდევნო წამი და პრიორიტეტებიც ავტომატურად განსაზღვრა. იქამდე კი დანამდვილებით იცოდა ერთი რამ – ბალანსი მსახიობების არანორმირებულ სამუშაო განრიგსა და პირად სივრცეს შორის აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა.
-გიორგი, ვიცი, რომ ძალიან დატვირთული ხარ. როგორ ახერხებ წარმატებული პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ოჯახში, ბავშვთანაც აქტიური იყო?!
– მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ეს აუცილებლად უნდა მომეხერხებინა. ბედნიერება ჩემთვის მარტო კარიერაში ან მარტო ოჯახში წარმატება არ არის. მგონია, რომ ორივეგან მეტ-ნაკლებად რეალიზებული უნდა იყო. შეიძლება ვიღაც განსხვავებულად ფიქრობს, მაგრამ ჩემთვის ორივე ძალიან ფასეულია ‒ ოჯახიც და კარიერაც.
სიმართლე არ იქნება, თუ გეტყვი, რომ სულ ვახერხებ ამას. დავუშვათ, ადამიანს ასი პროცენტი აქვს რაღაცის ‒ დროის, ენერგიის, გრძნობების გამოხატვის… არის პერიოდები, როცა საქმეს სჭირდება ასივე პროცენტი, ხანდახან ოჯახი ითხოვს მთელს რესურსს, მაგრამ ბალანსის დაცვას სულ ვცდილობ.
ბავშვთან მიმართებაში, როცა ფიზიკურად არ შემიძლია მის გვერდით ყოფნა, დისტანციურად ვცდილობ საქმის კურსში ვიყო. ვიცი, იგივე, როგორი პროდუქტით იკვებება. თუ მე ვყიდულობ, ვცდილობ ჯანსაღი და ქართული ვიყიდო, თუ სხვა ყიდულობს, ვაბარებ, რა და როგორი შეარჩიოს. სულ ვინტერესდები, რა თემებზე ელაპარაკებიან, რამით ხომ არ უბინძურდება გონება, რა მუსიკას უსმენს. ჩართული ვარ ყველაფერში. თუმცა, რა თქმა უნდა, მე არ ვარ ოჯახში ფლაგმანი ამ მხრივ. ყველანი ბავშვის გარშემო ვტრიალებთ.
-თავისუფალ დროს როგორ ატარებ? როგორია შენი იდეალური დასვენების დღე?
– მსახიობობა ისეთი პროფესიაა, რომ საქმე სამსახურში არ მთავრდება. ისე არაა, რომ სამუშაო სივრციდან გამოხვიდე, ტვინი გადართო და დამთავრდეს. ხანდახან ისეა, რომ მძინავს და მესიზმრება, როცა რაღაც მაქვს მოსაფიქრებელი. იდეალური დასვენებაა, როცა ზაფხულში პირობითად ორი კვირა მაქვს თავისუფალი და ვიცი, რომ არც ხვალ მაქვს საქმე და არც ზეგ. ამ დროს არავინ მირეკავს, არსად მისარბენი არ ვარ. ზოგადად, თავისუფალ დღებში ვსეირნობთ, ბეა დაგვყავს მე და თაკოს გასართობ ცენტრებში, ხან, უბრალოდ, დივანზე ვწევართ სამივე. ერთად ყოფნა უკვე რელაქსაციაა.
-ოჯახური სადილების ტრადიცია თუ გაქვთ?!
– ვგიჟდები ადამიანებზე, რომელთაც ასეთი ტრადიცია აქვთ, ძალიან ვაფასებ და მომწონს, როცა ოჯახში იკრიბებიან, განსაკუთრებულ კერძებს ამზადებენ და, ზოგადად, გემრიელად ჭამა უყვართ, მაგრამ ჩვენთან მსგავსი რამ, სამწუხაროდ, ვერასდროს ხერხდება.
-თუ არის გემო, რომელიც რაღაცას გახსენებს, განსაკუთრებულად გიყვარს?
– მთელი ბავშვობა ბებიაჩემი საოცრად მიწვავდა კარტოფილს. არ ვიცი, ტაფა იყო ეგეთი თუ რამე განსაკუთრებულ ზეთში წვავდა, მაგრამ ნამდვილად სხვანაირი გამოსდიოდა. არადა, კარტოფილი არ მიყვარს, არც მომინდება არასდროს, მაგრამ ის მინდება ხოლმე და ბებიასთან რომ ვხვდები, დღემდე ვთხოვ შემიწვას.
-საოჯახო საქმეში თუ იღებ მონაწილეობას, ინაწილებთ ამ საქმეებს?
– ცხოვრება გარკვეულწილად თვითონ ალაგებს ამას. მე თუ სულ გარეთ ვარ, სახლის დალაგება აღარ „შემხვდება“, ‒ ფიზიკურად ვერ მოვასწრებ. თუ ჩემი ცოლია გარეთ, მე არ მომინდება არეულობაში ჯდომა და დავალაგებ. მიდგომა ‒ ვერ დავგვი და ლურსმანს ვერ მივაჭედებ, არ მესმის. თუ რამე გასაკეთებელია, უპრობლემოდ შემიძლია.
-წელს მეორედ აღინიშნება 19 ივნისი, მამის დღე. რას ფიქრობ ამ თარიღზე?
– ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ისაა, მამები შვილის გაჩენის მომენტს რომ ტოვებენ. იქ როგორ არ უნდა იყო, უბრალოდ, არ მესმის?! ისეთი ჯადოსნური რაღაც მოხდა, ისეთი ენერგეტიკა დატრიალდა, ‒ სიცოცხლე გაჩნდა, ჩემი შვილი და მე ამ სიცოცხლის შექმნის თანამონაწილე ვიყავი! და ამ დროს გარეთ როგორ უნდა იყო, ეწეოდე და სვამდე, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია! ვინც ამბობს, მე მაგას ვერ ვუყურებო, იმას ჩემი ინტერვიუთი, ალბათ, ვერ გადმოვიბირებ, მაგრამ თუ ვინმე ყოყმანობს და არ იცის, დაესწროს თუ არა, ვურჩევდი აუცილებლად დაესწროს. ამას ვეტყოდი მამებს და მამის დღესაც მივესალმები.
-აისახება თუ არა მშობლების ოჯახური ურთიერთობის მოდელი შვილზე და განსაზღვრავს თუ არა ეს მომავალში უკვე მის ოჯახურ ურთიერთობებს?!
– მთელი ჩემი ცხოვრება ‒ პროფესიის, ცხოვრების თანამგზავრის არჩევა და ყველაფერი, ყველა არჩევანი გადაწყვიტა ჩემმა ბავშვობამ, ბავშვობაში მიღებულმა გამოცდილებამ და იმ შეგრძნებებმა. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ, რისთვისაც ჩემს მშობლებს განსაკუთებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ, ‒ მაგალითად, დედაჩემმა მამაჩემს რაღაც უთხრა ან იმან რაღაცნაირად შეხედა, ჩემს გონებაში ისე დაილექა, რომ მთელი ცხოვრება გადამიწყვიტა, არადა იმათ რომ მოვუყვე, შეიძლება არც ახსოვდეთ. ამიტომ ბავშვთან ურთიერთობა ძალიან საფრთხილო რამაა. ფსიქიკა, ყველაფერი ახლა უყალიბდება. ყოველი წამი მეორე წამს განსაზღვრავს ‒ მომდევნოს. საოცრად საინტერესოა ეს ურთიერთობა, ‒ ახლა მოევლინა სამყაროს, ყველაფერი აინტერესებს. ჩვენ კი ჩვენი კომპლექსებით უკვე ჩავიკეტეთ, ვფილტრავთ, რა ვთქვათ, რა-არა, დაბინძურებული გვაქვს გონება. არადა, უნდა იჯდე და ყოველ წამს აკვირდებოდე საკუთარ შვილს ‒ ვინაა, რა ტიპია და იხსენებდე, სად დაუშვი შეცდომები, რომ ასეთი გახდი და ისეთად არ დარჩი.
-რა იყო ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, ბარიერი, რასაც იგივე ოჯახსა და ბავშვთან ურთიერთობაში გადააწყდი? სირთულე, რომელიც არ იცოდი, რომ არსებობდა…
– საქართველოში დაოჯახებისა და, შესაბამისად, შვილის ყოლის ასაკი ძალიან დაბალია. შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე თავადაც ყოველ დღე მეცვლება, ამიტომ არასდროს ვცდილობ რადიკალური და კატეგორიული ვიყო. არის შემთხვევები, როცა თვითონაც არ ვარ დარწმუნებული, ასეა თუ არა სინამდვილეში. როცა უკვე ბევრი გიცხოვრია, ბევრი იარა მიგიღია ცხოვრებისგან, ალბათ, მაშინაც კი არ გაქვს უფლება შვილს კატეგორიულად გადაუწყვიტო რამე, ‒ ყოველთვის ჯობია ბავშვმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მგონია, რომ ყველაზე მეტად მაშინ ვაფუჭებთ ჩვენს შვილებს, როცა ვეუბნებით, რომ ეს ასეა და ის ‒ ისე. უნდა ეცადო, რომ ფიქრს მიაჩვიო, მზამზარეული არ უნდა მიაწოდო შენი აზრი.
-როგორი გინდა იყოს ბეას თვალით დანახული შენი და შენი მეუღლის ოჯახური ურთიერთობის მოდელი?
– სულ ვცდილობ, სამართლიანი ვიყო ცოლთანაც და შვილთანაც. ზოგადად, თბილი ტიპი ვარ, მაგრამ ბეასთან არ ვარ ძალიან რბილი. თაკოსაც უკვირს ხოლმე და სხვებსაც, როცა შემიძლია რაღაც მკაცრად ვუთხრა. კი მინდა, რომ მაქსიმალურად რბილი ვიყო, მაგრამ ვიცი შეცდომაა. მინდა ყველაფრისთვის მზად იყოს ცხოვრებაში, მინდა, რასაც ცხოვრება მისცემს, დამსახურებული ჰქონდეს, თვითონ რეალიზდეს და ვიღაცაზე დამოკიდებული არ იყოს. თუ, ვთქვათ, სათამაშოს ვაჩუქებ, მინდა იცოდეს, რატომ მიიღო და რით დაიმსახურა ის; თუ შენიშვნას ვაძლევ, ისიც მინდა ესმოდეს, რატომ ვაძლევ ამ შენიშვნას; არ მინდა დაიბნეს და იფიქროს, რომ ყველაფერი მოსულა. ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან ვეყვარები და ცხოვრებაც თვითონ დააჯილდოვებს, თუ დასაჯილდოვებელი იქნება.
ლუკა ნაჭყებია – შეფ მზარეული
კამპანიისთვის „კაცები ზრუნავენ“. კამპანია ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.
ფრანგული ტოსტი კარამელით და კენკრით
ინგრედიენტები:
– კვერცხი – 3 ცალი
– კარგი თეთრი პური – 4 ნაჭერი
– შაქარი – 100 გ.
– ნაღები – 70 მლ.
– მარილი – 1 გ.
– ვანილის ნაყინი – 100 გ.
– კენკრა შერეული – 70 გ.
მომზადების წესი:
გავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ 10 გ. შაქარი და 0.5 გ. მარილი, ამოვავლოთ პური, მოვამზადოთ ყიყლიყო. შემწვარი ყიყლიყო გადავდოთ გვერდზე, იმავე ტაფაზე დავყაროთ შაქარი, დაბალ ცეცხლზე დაველოდოთ გალღობას, შემდეგ დავამატოთ ნაღები, აქტიურად მოვურიოთ, დავამატოთ დარჩენილი მარილი და გავაგრძელოთ მორევა კარამელის მიღებამდე. ყიყლიყოს დავუმატოთ კარამელი, მოვაყაროთ კენკრა და მოვულაგოთ ნაყინის ნაჭრები.
ფოტო : ანა ბოკო