ორბელიანების ნუგბარი

პატარა გოგონა ხის მძიმე მაგიდის ქვეშ გაყუჩებულა და გადასაფარებლის ფოჩებს ეთამაშება. ცოტა ხანში დამალობანა ბეზრდება და სამალავიდან გამოდის, სკამზე ძვრება და ცდილობს მაგიდაზე მოცარტის მენუეტი დაუკრას. მერე ხელებს ნიკაპქვეშ ამოიდებს და ყურადღებით აკვირდება თავისი საყვარელი ბებოების ბამბის ქულასავით თეთრ და ფუმფულა თითებს, ნიგოზს რომ არჩევენ და პაწაწა ფუნჯებით თითქმის უხილავ მტვერს გულდასმით აშორებენ. ეს საოცარი, მისტიკური რიტუალია. მალე შობა მოვა და ბებოები სწორედ ამ ჯადოსნური დღისთვის ემზადებიან. კი არ ამტვრევენ, არამედ, როგორც პაწია ზარდახშებს, ვერცხლის დანებით ხსნიან კაკალს, ლებანს მთლიანად იღებენ და ასუფთავებენ.

– იცი, რა, ჩემო? ნიგოზს მტვრის არცერთი ბუსუსი არ უნდა შეჰყვეს, გაიზრდები, გამოგადგება! ‒ ეს ბებიაა! პატარა გოგონამ ჯერ არ იცის, რომ ეს ფუმფულა, ულამაზესი ხელები, შორეულ აზიაში, გადასახლებაში, ეკლიანი ბუჩქებიდან ბამბას კრეფდნენ. ამიტომაც იყო, რომ მათი მშვენიერი პატრონი მუდამ ცდილობდა, რომ ჩურჩული ბამბის შრიალივით ჩუმი ყოფილიყო. 

პატარა გოგონა კი იჯდა და უყურებდა, ნიგვზის გარჩევას, მუსისა და კარამელის მოდუღებას, ეს ყველაფერი რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. ბოლოს, ულამაზეს ძველებურ მაგიდაზე საგვარეულო გერბით აღბეჭდილ თეფშზე ჩამომწკრივებულ ნუგბარზე ოქროსფრად აირეკლებოდა ბუხრის ალი. 

ყველაზე მეტად კი ეს მიმართვა „ჩემო“ ამშვიდებდა. ეს „ჩემო“ სახლი იყო, რომელშიც ცხოვრობდა. 

***

თბილისს რამდენიმე კულინარიული არტეფაქტი, ურბანული გემო თუ საიდუმლო აქვს, ერთ-ერთი მათგანი ‒ ორბელიანების ნუგბარია, დესერტი, რომელიც ოქრომჭედლური სიზუსტით მზადდება და მხოლოდ თბილისის ზოგიერთ კაფეში დააგემოვნებთ, ან კიდევ პირადად ამ საგანძურის მფლობელს, ქალბატონ ქეთევანს დაამზადებინებთ. სრულიად შემთხვევით გავსინჯე ის და მის მიღმა უზარმაზარი ისტორიაც აღმოვაჩინე. 

საერთოდ, დამთხვევა სულაც არ მგონია, რომ კულინარიასთან ყველაზე მაგარი ქალების სახელებია დაკავშირებული, ქალები კულინარიას სულ სხვა შინაარსს ჩუქნიან, სხვა ღირებულებით ავსებენ. 

ის პატარა გოგონა ‒ ქეთევან აბაშიძე-მუჟე უკვე დიდი ქალია, ისტორიულ სახლში ცხოვრობს მოგონებების, მემორიალური ნივთების, ფოტოების, ნახატების გარემოცვაში და ორბელიანების ნუგბარის ამბავს უკვე ახლა, ამ ოცდამეერთე საუკუნეში აგრძელებს. 

მთავარი ამბები სწორედ მისგან მოვისმინე და თქვენც უნდა გიამბოთ: ამბავი მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა, „ნათლიკოსი“, მეცენატისა, ვინც თავისი დროის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის აქტიური მონაწილე და ხელშემწყობი იყო. 

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი ‒ ერეკლე მეფის ქალიშვილის, თეკლას უმცროსი ძის, პოეტ ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილი და ლამისყანელი მემამულის, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის მეუღლე იყო. 

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი და დამფუძნებელი წევრი, სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისა და სამუსიკო სასწავლებლის კომიტეტის წევრი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სამუსიკო სკოლის ჩამოყალიბებაში, „მასწავლებელ ქალთა საზოგადოების“ აქტივისტი, პირველი ქართული სკოლის დამაარსებელი, მეცენატი და ქალთა განათლების საკითხების წამომწევი. მისი თაოსნობით შეიქმნა ალიხანოვ-ავარსკის მიერ აოხრებულ გურულ გლეხთა დამხმარე კომიტეტი, მან მოაწყო დაწყებითი სასწავლებელი ლამისყანაში, ატენში გაახსნევინა სკოლა, მხარში ედგა ილია წინამძღვრიშვილს საგურამოს სასოფლო-სამეურნეო სკოლის ჩამოყალიბებაში და რაც ყველაზე მთავარია, უზარმაზარია მისი წვლილი თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1894 წელს მარიამმა გამოსცა მამის ლექსების სრული კრებული. დახმარებას უწევდა საბავშვო ჟურნალებს ‒ „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“, ქალთა საზოგადოება „განათლებას“. იცოდა რამდენიმე ევროპული ენა და თარგმნიდა ინგლისურიდან, ფრანგულიდან, შექსპირს, მოლიერს, ჰიუგოს, დოდეს… და ეს ყველაფერი, მისი მოღვაწეობის მხოლოდ ნაწილია… 

სწორედ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის სახელს უკავშირდება ორბელიანების ნუგბარის ისტორიაც. ნუგბარი მარიამმა თავის პირიფარეშ ქალთან, პელაგიასთან ერთად შექმნა, რომელსაც ბეარიცში დაამთავრებინა კულინარიული აკადემია. ორბელიანთა ნუგბარი გახლავთ მაღალი ხარისხის ტკბილეული, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, აქვს დახვეწილი გემო და გამორჩეული არომატი, იგი ითვლება პირველ ქართულ დესერტად ქუმელას და შაქარყინულის შემდეგ. 

ნუგბარის გამჭვირვალე, ოქროსფერ გარსში ნამდვილი პოეტური საიდუმლო იმალება ‒ ის მზადდება ამომავალი მზის სხივზე, მხოლოდ სპილოსძვლისფერ მარმარილოზე, კარამელი ჩამავალ მზეს უნდა ჰგავდეს ფერით და თუ დუღილისას კარამელის 18 ცალი ნაზი ბუშტუკი გასკდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მზადაა და მასში კანფეტების ამოვლებაც შეიძლება. 

ვზივარ ძველებულ სასტუმრო ოთახში, სადაც კიტა აბაშიძე და ივანე ჯავახიშვილი ‒ მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ძმისშვილთა მეუღლეები საუბრობდნენ, სადაც იმ პერიოდის თბილისის ყველაზე ჭკვიანი და კეთილშობილი ადამიანები იკრიბებოდნენ, სადაც, თავისი ცხოვრების ერთ-ერთი უკანასკნელი საღამო გაატარა ილია ჭავჭავაძემ. 

თეფშიდან საუკუნეების წინანდელი ტკბილი საიდუმლოება მიყურებს, ერთი სული მაქვს გავსინჯო და თან მთელი საუკუნის ამბებს ვისმენ ‒ ტრაგიკული და რთული, ბედნიერი და ნათელი დღეების ისტორიებს, იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომლებიც სხვადასხვაგვარ ჩარჩოებში მოთავსებული სურათებიდან მიცქერენ. 

ალექსანდრე ორბელიანის წერილი ცოლთან ‒ „შენსავით არავინ მყვარებია ჩემს სიცოცხლეში, ჩემი ცხოვრების ვარსკვლავო“… მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის 28 ნათლული და მისი მეტსახელი „ნათლიკო“… მოგონებები ილიაზე… პირველი რესპუბლიკა… გასაბჭოება… 1924 წლის აჯანყება… სახლიდან ველოსიპედით გასული ულამაზესი ჭაბუკი ‒ გია აბაშიძე, რომელიც დააპატიმრეს და შემდეგ დახვრიტეს… უსაფლავო გარდაცვლილი… ციხე და საჭმლის კალათა, რომლის მიხედვით იგებდი, შენი პატიმარი ცოცხალი იყო თუ არა… გადასახლებები შორეულ აზიაში და გზა, რომელსაც ექვს თვეზე მეტი სჭირდებოდა… მშვენიერი თამარ ორბელიანი, რომელსაც მასზე შეყვარებულმა შვედეთის პრინცმა 27 ბრილიანტიანი კოლიე გამოუგზავნა, ამ ბრილიანტთგან უმრავლესით თბილისსა და ქუთაისში სკოლები და უნივერსიტეტი აშენდა, ნიჭიერ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდათ… შინაური, თვითგამოცხადებული ტყვეობა და შიშისა და დუმილის მრავალი წელი… ლეიბში შენახული დამსხვრეულმინიანი სურათები ყველაზე საშიში ადამიანების ‒ სტალინისა და ბერიას გამოსახულებით… ეს ყველასგან დამალული შურისძიება. კედლებიდან ჩამოხსნილი იაპონური აბრეშუმი, რომლითაც დამსმენთა ცოლებმა კაბები შეიკერეს და უამრავი ასეთი ამბავი… გვიანდელიც ‒ გაძარცული სასახლე თუ მოპარული ძვირფასეულობა, ბიბლიოთეკიდან დაკარგული უნიკალური წიგნები, რთული ოთხმოცდაათიანები, ემიგრაცია… 

… თუ ორბელიანების ნუგბარს მზის სინათლეზე გავხედავ, ის შუშის ბურთსაც ჰგავს, რომელშიც თოვლის ფანტელები ბარდნის და შობის იმ საღამოებს აცოცხლებს, სადაც მუხის მძიმე მაგიდის გარშემო ნიგოზს ფრთხილად არჩევენ, მტვრისგან ასუფთავებენ და საშობაო ნუგბარს მზრუნველი ხელებით ამზადებენ. 

პატარა გოგონა კი ზის და უყურებს ნიგვზის დარჩევას, მუსის მომზადებას, კარამელის მოდუღებას, ეს ყველაფერი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ბოლოს ულამაზეს, ძველებურ მაგიდაზე საგვარეულო გერბით აღბეჭდილ თეფშზე ჩამომწკრივებულ ნუგბარზე ოქროსფრად აირეკლება ბუხრის ულამაზესი ალი. გოგონას ყველაზე მეტად ეს მიმართვა ‒ „ჩემო“ ამშვიდებს, ეს „ჩემო“ სახლია, რომელშიც დღემდე ცხოვრობს. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com