გემოს ჯადოქრობა შატო მუხრანიდან

თბილისიდან 35 კილომეტრით დაშორებული ზღაპრული შატო მუხრანის ისტორია ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთან, მე-19 საუკუნის ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან, ივანე მუხრანბატონთანაა დაკავშირებული. მან ჯერ კიდევ 1876 წელს საფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია, ასევე ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგია და გადაწყვიტა საქართველოში ისეთი საწარმო აეშენებინა, სადაც ღვინის ტრადიციული ქართული ტექნოლოგიისა და კლასიკური მეთოდის სინთეზი იქნებოდა შესაძლებელი. 

იდეის სისრულეში მოსაყვანად ივანე მუხრანბატონმა ფრანგი არქიტექტორები, მევენახეები, მებაღეები მოიწვია და 1873 წელს ქართლში, მუხრანის ვაკეზე ევროპული კონცეფციის შატოს შექმნა დაიწყო. სასახლის პროექტი ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით. მის გარშემო განლაგებული ბაღი, რომელიც ყველა მნახველის აღტაცებას იწვევდა, ვერსალის მებაღემ დააპროექტა. მე-19 საუკუნეში ეს იყო ყველაზე მდიდრული სასახლე, რომელიც ქართული ელიტის თავშეყრის კულტურულ ეპიცენტრად იქცა.

ელენე ოთარაშვილი – შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ბოლშევიკების პერიოდში გაპარტახებული და გაძარცვული შატო მუხრანის აღდგენის იდეა 2002 წელს გაჩნდა. დამფუძნებელთა ჯგუფის ‒ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და შვედი ინვესტორის ფრედერიკ პაულსენის ინიციატივით, შატოს ტერიტორიაზე ისევ გაშენდა ვენახები, აღდგა სასახლე. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარემომ ნელ-ნელა პირვანდელი სახე დაიბრუნა, 2011 წლიდან კი შატო მუხრანში ტურიზმის განვითარებაც დაიწყო. ბაგრატიონის მამულში მეგზურობას შატო მუხრანის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ოთარაშვილი გვიწევს. ტერიტორიას ვათვალიერებთ და აქაურობის გემოს შევიგრძნობთ. 

ქართული ეთნოგრაფიული კუთხე შატოს უცხოელი სტუმრების გასტრონომიულ შესაძლებლობებსაც ცდის და მასპინძელი ქვეყნის კიდევ უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობასაც იძლევა ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: ჩურჩხელების ამოვლება, თონეში პურის გამოცხობა, ჭაჭის გამოხდა, მასტერკლასი ხინკლის მოხვევასა და ხაჭაპურის ცხობაში. 

უზარმაზარი მწვანე მოლის ქვეშ ისტორიაში შევდივართ ‒ შატო მუხრანის მარანი 20 ფლიგელს აერთიანებს. ტემპერატურა 14-დან 16 გრადუსამდე მერყეობს. მარნების აღდგენა-რეკონსტრუქცია ძველი, ავთენტური აგურით მოხდა. იერსახე მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული მე-19 საუკუნის გვირაბსაც. კასრები, რომლებშიც მუხრანბატონის ღვინის საიდუმლო ინახება, კავკასიური, ფრანგული და ამერიკული მუხისგან საფრანგეთშია დამზადებული. ენოთეკაში თავმოყრილია ის, რაც ბაგრატიონთა მამულებში უკვე თანამედროვე ეპოქაში იქმნება. ყველაზე ძველი აქ 2007 წლის საფერავია, რომელიც სულ რამდენიმე ბოთლიღაა შემორჩენილი და უკვე ძალიან ძვირადაც ფასობს. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საუკეთესო საწარმო 17 სახეობის ღვინოს უშვებს. ყურძენი მხოლოდ შატოს ტერიტორიიდანაა, 100 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებში ქართული და ფრანგული ჯიშის ყურძენი მოჰყავთ. ლაბორატორიაში ჯერ დაკრეფილი ყურძენი მოწმდება, მოგვიანებით კი ღვინის ხარისხი. 2014 წლიდან შატოში ქვევრის ღვინის წარმოებაც დაიწყო. უცხოელი ვიზიტორების ყურადღებას იქცევს ღვინის ტრადიციული სასმისები: ყანწები, ფიალები, აზარფეშა. შემონახულია ივანე მუხრანბატონის დროინდელი ბოთლი, რომელზეც რომანოვების გერბია აღბეჭდილი. შატოს მეპატრონეებმა ეს ბოთლი კერძო კოლექციიდან შეისყიდეს და მარნის სამუზეუმო ნაწილში განათავსეს. აქვე ნახავთ ეტიკეტს, რომლითაც ივანე მუხრანბატონის ღვინომ ევროპასა და აშშ-შიც კი მიაღწია. მათთვის, ვისაც ღვინის სახეობებში, მისი მოხმარების ეტიკეტში გარკვევა სურს, სხვადასხვა სახის ღვინის ტური, ღვინის დეგუსტაციაში მასტერკლასია ხელმისაწვდომი.

ჩვენც ვაგემოვნებთ მუხრანბატონის თეთრ და წითელ საიდუმლოს, რომელსაც სწორედ ასე ჰქვია: „საიდუმლო კოლექციიდან.“ ის ყურძნის ოთხი ჯიშისგან მზადდება, რომელთაგან სამის სახელწოდება ეტიკეტზეა დატანილი, მეოთხე კი საიდუმლოდ რჩება. 

მარნის შემდეგ ფრანგულ ბაღს ვათვალიერებთ. აქ მოყვანილი ბოსტნეული სამზარეულოში ინაცვლებს განთქმული მუხრანული ხორცისა და სხვა ნატურალური პროდუქტის გვერდით. 

„სამეფო მარანი 1878“ ‒ ამ სახელწოდების რესტორანში სრულდება შატო მუხრანის გასტრონომიული ტური. თარიღი ივანე მუხრანბატონის მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმულ ღვინოს უკავშირდება. ისტორიული მუხრანისა და 21-ე საუკუნის, ქართული და ევროპული სამზარეულოს ეფექტურ სინთეზზე აქ პროფესიონალი მზარეულების გამოცდილი გუნდია პასუხისმგებელი. მენიუ რამდენიმე ტიპისაა: ა ლა კარტე, საბანკეტო და საფურშეტე. განსხვავებულ გემოს ვეძებთ, სახელწოდებებიც იძლევა გარკვეულ მინიშნებას: ხბოს ნეკნების გვირგვინი, სალათი „თავადური“, ალუბლის შეჭამანდი, ჭახრაგინი. სამეფო კარის ფუფუნების გემოც მოაქვს და ნოსტალგიასაც აღძრავს, ისევე, როგორც მთელი ეს მოგზაურობა წარსულისა და მომავლის მიჯნაზე, ივანე მუხრანბატონის თამამი იდეით რომ დაიწყო.

  

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com