ვახშამი ვისკის მოყვარულთათვის

„ვისკის სახლის“ ინიციატივით, რესტორან "Le Marais"-ში, ვისკის მოყვარულთათვის, ვახშამი გაიმართა. ალკოჰოლური ინდუსტრიის გიგანტმა, „დიაჯეოს“ ბრენდ ამბასადორმა – ქენჯი ჯესიმ სამი ერთალაოიანი ვისკი: სინგლტონი, ტალისკერი და ქარდუ წარადგინა. 

„დიაჯეო“ ერთალაოიანი ვისკების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი და ზოგადად, ვისკის ბრენდების მესამედის მფლობელი კომპანიაა. 

სტუმრებმა, სასმელთან ერთად, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი გერმანული რესტორნის მზარეულის – პიტერ ვირბელის მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნეს. თითოეული ვისკისთვის შეიქმნა განსაკუთრებული კერძი, რომელიც დაეხმარა სტუმრებს ამ ვისკების ღრმა გემოსა და სტრუქტურის უკეთ აღქმაში: პროშუტო და ფინიკი ფუაგრის მუსით და ლეღვის მარმელადით; შებოლილი სიბასი დაბრაწული ხახვით, ლურჯი ყველის სოუსით და მსხლის კონფიტიურით; თხილის ნამცხვარი ნუშის და ესპრესო – შოკოლადის სოუსით. ვახშამზე, ქენჯი ჯესიმ, თითოეული ვისკის სპეციფიკურ გემოზე, ისტორიასა და უნიკალურობაზე, მის თავისებურებებზე, მოხმარებისა და დაგემოვნების მეთოდებზე ისაუბრა. 

ამ ვისკებს მრავალწლიანი ისტორია აქვთ. მაგალითად, ქარდუ, პირველი ერთალაოიანი ვისკია, რომელიც ქალის ხელით შეიქმნა. ტალისკერი – მისი შებოლილი არომატით გამოირჩევა, ხოლო სინგლტონი ნიშნავს გამორჩეულსა და ერთადერთს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მისი საგემოვნო თვისებების უნიკალურობას. სადეგუსტაციო ვახშამი ძალიან ინტერაქტიული იყო, სტუმრები თავად აღწერდნენ განსხვავებულ გემოებს და აფასებდნენ მათ შესაბამისობას კერძებთან. 

ქენჯი ჯესის თქმით, მნიშვნელოვანია ალაოსა და ქერის გამიჯვნა. შოტლანდიური ვისკისათვის აუცილებელია 100% ქერი, გაალოება კი არის პროცესი, როდესაც ხდება ქერის მარცვლის აყვავება. ზოგიერთ ვისკის სახლში, განსაკუთრებით შოტლანდიის ჩრდილოეთის კუნძულებზე, გაალოების პროცესში ტორფს იყენებენ, რაც აყვავების პროცესში ქერს შებოლილ გემოს სძენს. შოტლანდიური ვისკის 80% სწორედ მის ჩრდილოეთის კუნძულებზე მზადდება. 

ქარდუ ‒ 12 წლის დაძველებით, სფეისაიდის ველის ერთ-ერთ ვისკის სახლში მზადდება და კლასიკური გემოთი გამოირჩევა. ქარდუ, „შავ ქვას ნიშნავს“, შოტლანდიელები სახელწოდებას ხშირად ვისკის სახლის ადგილმდებარეობისა და გარემოს მიხედვით ირჩევდნენ. მისი წარმოება 1824 წელს დაიწყო, დაგემოვნებისას, რეკომენდირებულია რამდენიმე წვეთი წყლის შერევა. შეფ-მზარეულმა ამ ვისკისთვის პროშუტო და ფინიკი ფუაგრის მუსით და ლეღვის მარმელადით მოამზადა. 

ტალისკერი ‒ 10 წლის დაძველებით. ძლიერი კვამლის, ზღვის მარილის და იოდის არომატით გამოირჩევა. ტალისკერი „დამრეც ქვას“ ნიშნავს და ეს ვისკის სახლი, აღმოსავლეთ სანაპიროზე, წყალთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ხშირი შტორმების შედეგად, ტალღები ვისკის კასრებამდეც აღწევს, რაც მას მარილის, ზღვის, ბალახის და იოდის არომატს სძენს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვისკია. ტალისკერისთვის, პიტერ ვირბელმა შებოლილი სიბასი დაბრაწული ხახვით, ლურჯი ყველის სოუსით და მსხლის კონფიტიურით მოამზადა. 

სინგლტონი ‒ ქალაქ დაფთაუნის საუკეთესო ვისკია. ამ ვისკის რამდენიმე სახეობა არსებობს და სამომავლოდ მათი შეძენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. ეს ქარვისფერი ვისკი, ხილის არომატითა და რბილი გემოთი ხასიათდება. შეფ-მზარეულმა მისთვის თხილის ნამცხვარი ნუშის და ესპრესო – შოკოლადის სოუსით მოამზადა. 

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com