სტამბოლის ღრუბლებს მიღმა

„ყველაფერი მათ გვერდით მცხოვრები მილიონობით ადამიანის გულში დაცემული იმპერიის სიდიადის სევდას ბადებს.“ ასეთია იმ ქალაქის სული და განწყობა, რომელიც 13 მილიონამდე ადამიანს იტევს და საკუთარ სევდას აზიარებს. ქალაქი, რომელიც გაიძულებს ეკლექტურ ფასადებს მიღმა ადამიანების, მათი ყოველდღიურობისა და სევდის დანახვა შეძლო. 

ეიფორია, რომელიც თბილისის აეროპორტში მეუფლება, წლებია უცვლელია და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნით, სად და რა მიზნით მივემგზავრები. ჯერ ერთი, აეროპორტშივე ჩემი ქალაქისა და აქაური ცხოვრების რუტინას დროებით მაინც ვიფერთხავ მხრებიდან და მეორე ‒ თავად მგზავრობის პროცესი ‒ ფრენა ‒ ბავშვობის სიზმრებს, ღრუბლებში განავარდების ტკბილ განცდებს მიცოცხლებს ხოლმე. 

ხშირად ვზივარ და ვფიქრობ, რა იქნებოდა, რომ არ მემუშავა? ყოველდღე ორ სამსახურსა და ორ შვილს შორის გამოკიდებულს არ მერბინა ინტერვიუებზე, გადაღებებზე, რედაქციასა და ტელევიზიაში? და ამის მაგივრად გამეღვიძა მშვიდად, დამერიგებინა ბავშვები ბაღსა და სკოლაში, აუღელვებლად მოვბრუნებულიყავი სახლში, აივანზე პატარა მაგიდასთან ყავა მომედგა გვერდით და მეწერა ამბები, რომლებიც წლიდან წლამდე გროვდება თავისუფალი დროის მოლოდინში. 

რეალურად კი ვიცი, რომ ამ ამბების დიდი ნაწილი ვერაფრით გადამხდებოდა, რომ არა ამდენი წლის მუშაობა, თავგადასავალი, ამდენ ახალ ადამიანთან ყოველდღიური შეხვედრის შანსი, მათი ისტორიები ‒ ზოგი ჟურნალის ფურცლებზე გადატანილი, ზოგიც ‒ სატელევიზიო სიუჟეტად ქცეული და, რაც მთავარია, სამუდამოდ ჩარჩენილი გულის ღრმა კუნჭულებში. 

ეს პროფესია ‒ თავისი მრავალფეროვნებით, ყოველდღიური სიახლეებით, თავბრუდამხვევი ტემპითა და სტრესით დროდადრო ქანცგაწყვეტამდე გღლის, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ ყველაზე მოულოდნელ მომენტებში ისე გასაჩუქრებს, რომ კითხვაზე, ღირს თუ არა ამდენი დროისა და ენერგიის საქმისთვის შელევა, პასუხი ყოველთვის დადებითია: ღირს, ნამდვილად ღირს! 

Turkish Airlines-ით ბევრჯერ მიფრენია, თუმცა ჩემი რედაქტორის ზარი და სტამბოლში მოულოდნელი მივლინება, ამჯერად კომპანიის ბიზნესკლასის ფრენების დეტალურად გაცნობას უკავშირდებოდა. ანუ იმის გაგებას, რა ხდება შენი თვალთახედვის მიღმა მაშინ, როცა ბიზნესკლასით მიფრინავ, მისი ყველა უპირატესობით დამსახურებულად ტკბები და ოდნავადაც არ განაღვლებს ის, რომ ზურგს უკან ეკონომკლასის მგზავრების ნაწილი სნობად მოგიხსენიებს. 

რაც არ უნდა ირონიულად უდგებოდე ფრენის დროს ფუფუნების მოთხოვნილებას, ბიზნესკლასის უპირატესობები მაინც თვალსაჩინოა. თუმცა დეტალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ქმნის ამ უპირატესობას, როგორია მისი ზოგადი კონცეფცია და თვალით უხილავი რამდენი ნიუანსი განსაზღვრავს ჰარმონიას, ბუნებრივია, არც მქონდა და დიდი ალბათობით, არც არასდროს მექნებოდა. არ მექნებოდა რომ არა, ჯერ ერთი, ჩემი სამსახური და მეორე მხრივ, Turkish Airlines-ის კეთილგანწყობილი თანამშრომლები, რომლებმაც გაიგეს თუ არა, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მათი მუშაობის სპეციფიკაზე უნდა დამეწერა, დახმარებისთვის აბსოლუტური მზადყოფნა გამოთქვეს. 

ბიზნესკლასის კონცეფციის გაცნობა ყველაზე სასიამოვნო ‒ გასტრონომიული ნაწილით, ფაქტობრივად, აფრენისთანავე დაიწყო. ციტრუსის შინაური რეცეპტით მომზადებული ლიმონათის გემო სამუდამოდ შეერევა თებერვლის სტამბოლის თავბრუდამხვევ, თითქმის ილუზიურ მოგონებებს. ლიმონის არომატი ჯერ კიდევ ცოცხალია, როცა კეთილგანწყობილ გოგონას მენიუ მოაქვს და გულდასმით გეხმარება თითოეული კერძის შემადგენლობის გარკვევაში. თურქული მომსახურების შეუდარებელ ხარისხს დიდი დაკვირვება არაფერში სჭირდება, მაგრამ რეალურად რა შრომა, დრო და ძალისხმევა დგას ამ შედეგის მიღმა, ძნელად წარმოსადგენია. უფრო სწორედ, ვერც ვერასდროს წარმოიდგენ, თუ ისე არ გაგიმართლა, რომ ვიღაცამ, თუნდაც შენი პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, ჩემსავით არ შეგახედა შიდა სამზარეულოში. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. 

მენიუს 50% ადგილობრივი, თურქული სამზარეულოს კერძებს მოიცავს, 50% ინტერნაციონალურია. მოგვიანებით Turkish Airlines-ის აკადემიაში განგვიმარტავენ: ის, რომ მენიუ იხვეწება და მომხმარებლის მოთხოვნებს წლიდან წლამდე სულ უკეთ ერგება, ამავე მომხმარებელთან პერმანენტული ინტერაქციის შედეგია. საქმისთვის წარმატებით თავის გართმევის მთავარი ინდიკატორი სწორედ მომხმარებლის კმაყოფილებაა. კომპანიას აინტერესებს, რა აზრისაა თითოეული ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც იფრინა Turkish Airlines-ით. ეს მაჩვენებელი კი ბოლო 9 წლის განმავლობაში 49%-დან 89%-მდე გაიზარდა. 

გამონაკლისი არც მე ვარ. იგივე გოგონა, რომელიც ჯერ ციტრუსის დაუვიწყარი ლიმონათით გაგვიმასპინძლდა, შემდეგ კი ფრენის გასტრონომიულ მეგზურად იქცა, დეტალურად ინტერესდება, მომეწონა თუ არა კერძები, გამართლდა თუ არა ჩემი მოლოდინი. არადა გემოთა ეს ორკესტრი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს! თევზიც უგემრიელესია, ისპანახიანი კვერცხიც, ბრინჯის პუდინგიც და სხვადასხვა წასახემსებელიც. მოგვიანებით აკადემიაში მიხსნიან და საკუთარი თვალითაც ვხედავ, რომ გემოს ამ უნივერსალურ სტანდარტს, უპირველეს ყოვლისა, ახალი და ჯანსაღი პროდუქტი განაპირობებს. 

თეთრი ღრუბლების ნაღებში მივცურავთ, ლამის ჩამთვლიმოს, მაგრამ თურქული ყავა მაფხიზლებს. ის დედამიწის ყველა წერტილში მოხარშული მიყვარს, იმის მიუხედავად, რომ ვერსად დალევ ისეთს, როგორსაც თურქეთში. ვსვამ და ჩემი ყველა ფიქრი უკვე სტამბოლს დასტრიალებს, ქალაქს, რომელიც სულ მენატრება; რომელიც იქამდე მიყვარდა, ვიდრე პირველად ვნახავდი. 

თებერვლის სტამბოლში ოდნავ ცრის. ესაა, ალბათ, ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, სადაც, მასშტაბის მიუხედავად, ორიენტირება საერთოდ არ მიჭირს. ფეხით მივსეირნობ, არც ბარგი მაწუხებს და არც ქოლგის წაღებაზე მიზრუნია. მომწონს კიდეც, ოდნავ რომ მაწვიმს. Turkish Airlines-ის აკადემიაცა და DoCo-ც ‒ კომპანია, რომელმაც ბიზნესკლასის ფრენების სპეციფიკაში უნდა გამარკვიოს, იქვეა, აეროპორტთან სულ ახლოს. შენობაში მასპინძელი მეგებება ‒ აი, ის, ვინც ყველაფერი უნდა დამათვალიერებინოს და ამიხსნას კიდეც. 

ჩვენი ექსკურსია იმიტირებული ბორტის გაცნობით იწყება. აქაა თურქული მომსახურების ხარისხის საიდუმლოებებთან დაკავშირებული პირველი აღმოჩენები. იმიტირებულ ბორტზე პერსონალი ნიუანსების დონეზე სწავლობს ყველაფერს, რაც ჩვენი ფრენების კომფორტულობას განსაზღვრავს. აქვე კიდევ ერთხელ ვაგემოვნებ უკვე ნაცნობ მენიუს და ექსკურსიამძღოლი მისი ბალანსის საიდუმლოს მიხსნის. 

საერთაშორისო ფრენებისთვის Turkish Airlines-ის ქეითერინგის ახალი კონცეფციის განხორციელება 2007 წლიდან დაიწყო. ბიზნესკლასის ფრენები რესტორნის ხარისხის მომსახურებას გულისხმობს სიფრთხილით შერჩეული, უმაღლესი ხარისხის მენიუთი, რომელიც პერმანენტულად იცვლება და იხვეწება, რათა ავიაკომპანიის რეგულარული მგზავრებისთვის მოსაბეზრებელი არ გახდეს. მასპინძელი დეტალურად განმიმარტავს: „ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ მგზავრებს მოსწონთ განახლებული, კარგად მომზადებული და სერვირებული სამზარეულო და რომ ისინი თვითმფრინავს სასიამოვნო მოგონებებით ტოვებენ. ეს ეხება ფრენის გასტრონომიულ მხარესაც. მთელ ამ ციკლზე ‒ ბორტზე ფეხის დადგმის მომენტიდან დაწყებული, დამშვიდობებით დამთავრებული ‒ ეკიპაჟის თითოეული წევრია პასუხისმგებელი. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანია, თითოეულ მგზავრს ღრუბლების თავზე საუკეთესო მენიუ თურქული სტუმართმოყვარეობით შევთავაზოთ და ამით მას შინაურული, მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფერო შევუქმნათ.“ 

იმიტირებული ბორტიდან უზარმაზარ სამზარეულოში ვინაცვლებთ. იქ, სადაც ეს ყველაფერი მზადდება და შემდეგ ჩვენს თეფშებზე ხვდება. ულუფები კონვეირის პრინციპით, თავბრუდამხვევი ტემპით ნაწილდება ჩვენ თვალწინ. ჰიგიენის ყველა წესი ზედმიწევნით დაცულია. ბიზნესკლასის კონცეფციის ნაწილია ფაიფურის ნატიფი ჭურჭლით მირთმეული მენიუც. განმიმარტავენ კიდეც, რომ სერვირებასა და, ზოგადად, ესთეტიკურ მხარეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა ფრენისთვის საერთოა ის, რომ მგზავრებს გარანტირებულად ახალი და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან დამზადებული კერძებით უმასპინძლდებიან. თუმცა მენიუ, როგორც შეფუთვის, ისე შიგთავსის თვალსაზრისით, შეიძლება იცვლებოდეს. ეს ფრენის ხანგრძლივობასა და ჩაფრენის დროზეა დამოკიდებული. ამ პარამეტრების მიხედვით, ხანგრძლივი ფრენა ორჯერად კვებასა და დამატებით წასახემსებლებს ითვალისწინებს. 

კომპანიის ზედა სართულები საოფისე სივრცეებს აერთიანებს. აქ, სადა და საქმიან კაბინეტებში, შეიქმნა და წლიდან წლამდე იხვეწება Turkish Airlines-ის ფრენების წარმატებული კონცეფცია. 

გამოფრენამდე ექვსი საათია დარჩენილი. ბევრს ვერაფერს ვასწრებ, მაგრამ გულსაც და წითელ ტრამვაისაც ინსტინქტურად მივყავარ სანაპიროსკენ. ნიავს ზღვის მლაშე სუნი და შემწვარი წაბლის მათრობელა არომატი მოაქვს. ამ ზღვაზეა გაშენებული ქალაქი, სადაც თოლიები ყოველ დილით ყივილით გამცნობენ გათენებას; რომელსაც სევდა აქვს. „სევდა, რომელსაც ჩვენ, სტამბოლელები, სიამაყით ვატარებთ და ყველანი ერთად, შეთქმულებივით განვიცდით.“ 

ბოსფორის ნაპირთან პანორამა სტამბოლის პორტრეტია. ათასგვარი გრძნობა ერწყმის ზღვის სურნელს: ერთდროულად სიყვარულის სინაზესაც ჰგავს და გაშიშვლებულ სიმართლესაც. დამყოლიცაა და მოუხელთებელიც, როგორც თევზის სენდვიჩს წატანებული ავი თოლია. ვდგავარ და ვფიქრობ ‒ იქნებ სწორედაც რომ დაცემული იმპერიის სევდაა ეს ბურთი ყელში. სევდა, რომელიც ლამის ხელშესახებია თებერვლის სტამბოლში. თურქი რომანტიკოსი არტისტების პროზაულ სტამბოლში, რომელსაც სურს თავის სულს გაზიაროს და დაგანახოს, რომ ის ოდნავადაც არ ჰგავს სამახსოვროდ გაყოლებულ პრიალა ღია ბარათებზე აღბეჭდილ ქალაქს. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com