ბეთლემის კლდისუბანს შეუყვები თუ არა, აივნებიან სახლებს შორის მერცხლების ბუდეებიან ფასადს დაინახავ. ფეხით მოსიარულეებს ამ უბნის კლდოვანი რელიეფიც ხიბლავთ და ძველი თბილისის პროზაული პანორამაც.
არტ-კაფე “HOME” ერთდროულად აქაურობის ჰარმონიული ნაწილიცაა და კონტექსტიდან ერთგვარი მხატვრული ამოვარდნაც. მერცხლების ფერადი ბუდეებით დაწყებული თავგადასავალი ხუთ სართულსა და კონტრასტების უწყვეტ, მოულოდნელობებით აღსავსე ციკლს მოიცავს.
ქართველი არტისტების ფერწერა და კონცეპტუალური არტი, ბარი საუნაში, მყუდრო საძინებელში ნახევარლიტრიანი ქილებიდან მოწრუპული კენკრის ლიმონათი, ფირუზისფერი კოქტეილი; ვერანდა, საიდანაც თვალს უშტერებ ქალაქს, რომელიც გიყვარს და ბეჯითად აჯგუფებ ძველ თბილისში ჩარიგებული სახლების წითელ და მწვანე სახურავებს. აი, ესაა "HOME." ეს ყველაფერი. სახლის სიმყუდროვითა და სილაღით, რომელიც მოაქვს არტს…
თავიდან ბოლომდე ეკლექტური სივრცის სამწლიან ისტორიას მისი მეპეტრონე და ავტორი, გიორგი კეკელიძე ჰყვება.
აურზაური ძველ ქუჩაზე
გიორგი კეკელიძე: „ეს შენობა საცხოვრებელ სახლად და სახელოსნოდ იყო ჩაფიქრებული. მამაჩემმა ააშენა 1992 წელს. რამდენიმე წელიწადს ვცხოვრობდით, მერე გავაქირავეთ. ცოლი რომ მოვიყვანე, ჩვენ ორნი გადმოვედით და მაშინ გაცოცხლდა ეს სივრცე. ესპანეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, სამსახურის ძიებაში. რადგან ძებნა გართულდა და დროში გაიწელა, შემოსავლის სხვა წყარო უნდა მეპოვა. მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა კაფე-ბარი მქონოდა. პლუს, რაღაც განსხვავებულის შექმნის მოთხოვნილება მქონდა. იმას, რასაც ვეძებდი, თბილისში ვერსად მივაგენი. ამიტომ გადავწყვიტე, მე თვითონ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა და წარმომედგინა.
ესპანეთში სწავლის პერიოდში, თბილისში ერთ-ერთი ჩამოსვლისას, ბარ „ლაბორატორიუმში“ მოვხვდი და ძალიან მომეწონა. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში, როცა მე საკუთარ კაფეზე ვფიქრობდი, „ლაბორატორიუმს" სივრცის პრობლემა შეექმნა, მე კი კარგი ბარი მჭირდებოდა და შევთავაზე გვეთანამშრომლა. ასე გავხსენით ამ შენობაში პრაქტიკულად ახალი „ლაბორატორიუმი,“ რომელსაც „ლაბ-13“ დავარქვით.
ბეთლემის ქუჩა მაშინ ერთი ტალახიანი ქუჩა იყო ძველი სახლებით. თან პროსპექტზე არ იდგა ჩვენი ბარი, რომ ვიღაცას შემთხვევით თვალი მოეკრა და შემოევლო. როცა გავხსენით, საერთოდ არ მჯეროდა, რომ თავიდანვე ბევრი ხალხი მოვიდოდა, მაგრამ მაინც მინდოდა მეცადა. გამბედაობას ყოფილი „ლაბორატორიუმის“ სტუმრებიც მმატებდნენ. ჩემდა გასაკვირად, მოვიდა ხალხი. მოვიდა და შეეჩვია აქაურობას. პარასკევსა და შაბათს მთლიანად ივსებოდა კაფე, თანამშრომლებიც ახალგაზრდები იყვნენ და სულ მუსიკა და გართობა უნდოდათ. გვერდით მე, ჩემი ცოლი და ბავშვი ვცხოვრობდით. ბოლოს გავგიჟდით და მივხვდით, რომ მუშაობა და ცხოვრება ერთად აღარაფრით გამოდიოდა. ამიტომ გადაწყდა, საცხოვრებლად ქირით სხვაგან გადავსულიყავით და შენობის მეორე ნაწილიც აგვეთვისებინა საქმის მხრივ. ამჯერად უკვე დამოუკიდებლად, მარტომ წამოვიწყე გაფართოება.
„ლაბ-13“-ში ყველაფერი, მათ შორის, სასმელიც, ძალიან იაფი იყო, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ახალი ნაწილი განსხვავებული გავაკეთე. საჭმელი უფრო ძვირი ღირდა და ბარიც ცალკე იყო, ქვემოთ. თუმცა ამ სიძვირეს ის აკომპენსირებდა, რომ გარემოს გიქმნიდი სხვანაირს: რბილ დივანს გთავაზობდი მაშინ, როცა „ლაბ-13“-ში ხეზე იჯექი; და ხეზე იმიტომ იჯექი, რომ იაფად სვამდი. მოკლედ, საინტერესო სივრცე შეიქმნა. ლაუნჯი არ მინდა დავარქვა, მაგრამ უფრო ამ კონცეფციის იყო. ის ხალხი, ვისაც ცოტა მეტი კომფორტი უნდოდა, საჭმელად აქეთ მოდიოდა. საცეკვაოდ შეიძლებოდა „ლაბისკენ“ გადასულიყვნენ, მაგრამ მერე ისევ აქეთ სხდებოდნენ, კომფორტულ ზონაში. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც „ლაბ-13“ დაიხურა და სივრცე მთლიანად მე ავითვისე, ყველაფერი ინტეგრირდა.“
სიგიჟე , სახელად არტი
„ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომელზეც სამი წლის წინ ვოცნებობდით. ხალხი გვიცნობს. გავაკეთეთ ზედა სართული ანუ სახურავიც, რაც დიდხანს გვინდოდა. ზამთარში ის დახურულია, მაგრამ გაზაფხულზე ისევ ავითვისებთ. ისეთი ადგილი და ხედია, შეუძლებელია არ მოგეწონოს. რამდენიმე ღონისძიების ჩატარება მოვასწარით შარშან და სულ სავსე იყო ხალხით. ახლა სახურავის ახალ დიზაინზე ვმუშაობთ, მარტის ბოლოსთვის მზად იქნება.
დღეს, სამი წლის თავზე, ვთვლი, რომ ძალიან მაგარ ადგილას ვართ. ალბათ, საუკეთესო ადგილას, სადაც კი შეიძლება მსგავსი სივრცე შექმნა. ლესელიძეს ‒ ტურისტულად დატვირთულ ქუჩას ‒ ორი წუთი გვაშორებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც მოდის, მას კონკრეტულად ჩვენთან უნდა, რადგან "HOME" გავლით ვერ მოხვდება; და რადგან ჩვენ აგვირჩია, ესე იგი რაღაცას კარგად ვაკეთებთ. ამის გამო მოტივაციაც ორმაგია: მუდმივად ორიენტირებულები ვართ სიახლეებზე, ვცდილობთ დავიხვეწოთ, გავიზარდოთ.
სახელზეც აქაურობის კონცეფციაზე მუშაობის პარალელურად ვფიქრობდით. რეალურად, სახლი იყო, შესაბამისად, ეს ვერსია გაჩნდა ‒ „სახლი“. მაგრამ ცოტა დამაბნეველი მოგვეჩვენა ‒ სად მიდიხარ? სახლში. რომელ სახლში? და ა. შ. ბოლოს "HOME" გადაწყდა.
ის, რომ აქაურობა არტით დატვირთული მინდოდა ყოფილიყო, თავიდანვე ვიცოდი. ზოგადად, არტის მხრივ დიდხანს მინდოდა რამის გაკეთება. თან საკუთარი სივრცე ბევრ შესძლებლობას გაძლევს. ის იდეები, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში მქონდა, იგივე, ვთქვათ, ჭერზე ნახატები თუ ბევრი სხვა რამ ‒ რეალიზდა. არტი ამართლებს იმ მხრივაც, რომ უშუალობისა და „გაგიჟების“ საშუალებად შეიძლება იქცეს. შეგიძლია ხალათით დახვდე შენს სტუმრებს ან, იგივე, ვაშლი დაუყარო იატაკზე და ეს არ იქნება გასაკვირი, იმიტომ, რომ არტ-კაფეა და ამართლებს ყველანაირ პერფორმანსს.
ფერწერული თუ სხვა არტ-კოლექციები, რითაც სივრცეა გაფორმებული, მამაჩემის დამსახურებაა. 20 წლის განმავლობაში ეს კოლექცია არსად არ ყოფილა გამოფენილი, სახლიდან სახლში დაგვქონდა.“
"Home Sweet Home "
„მაშინ, ახალგახსნილ "HOME"-ში თუ ყველაფერი „ლაბ“-თან შედარებით ძვირი იყო, ახლა, პირიქით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. დღეში 1000 კაცის მომსახურების საშუალება გვაქვს. განსხვავებული ინტერესების ადამიანებს შეუძლიათ აქ დროის საინტერესოდ გატარება. მთავარი პრინციპია, რომ ესაა სახლი, და გარემოც ისეთივე ლიბერალური უნდა იყოს, როგორიც სახლში უნდა თითოეულ ჩვენგანს. რაც მთავარია, აქ არ მოქმედებს არანაირი პრივილეგია, არანაირი იერარქიული უპირატესობა. ამის გამო მეგობრებიც კი დავკარგე. მაგალითად, როცა დაკავებულ მაგიდაზე ვიღაც მირეკავს და გადამიჯავშნეო, მთხოვს, პასუხი აუცილებლად უარყოფითი იქნება.
გახსნის დღიდან უცვლელია ის, რომ აქ შემოსვლა ღამის 11 საათამდე უფასოა. ვინც გართობისა და დალევის მოყვარულია, ბევრი ფულის გარეშეც მარტივად გვსტუმრობს. იმის საშუალებას ვაძლევ, რომ ცოტა ადრე მოვიდეს და უფასოდ შემოვიდეს.
თამამად ვიტყოდი, რომ ეს სივრცე შევქმენით მე და თეო ბარამიძემ, ჩემმა მეგობარმა და აქაურობის არტ-დირექტორმა. ის პროფესიით კინოს მხატვარია. მე, შეიძლება რაღაც იდეები მქონდეს, ვთქვათ, ვიტყვი, ასეთი და ასეთი განათება გავაკეთოთ, გარედან მოვხატოთ კედელი ან დივანს გადავაკრათ-მეთქი, მაგრამ თეოს ამ იდეების სისრულეში მოყვანა შეუძლია, ხელმარჯვე ოსტატია და გაუთავებელი რემონტის დროს ძალიან მეხმარება. კონსტრუქციული თვალსაზრისით, სახლში, ფაქტობრივად, არაფერია შეცვლილი, მხოლოდ სახურავი დავაშენეთ და ვერანდები გავადიდეთ.
ვცდილობდით ინტერიერის დიზაინი არ ყოფილიყო ძვირი და აქცენტი კრეატიულობაზე გაგვეკეთებინა, რადგან ფული არასდროს გვქონდა საკმარისი. მაგალითად, ძველი კარადები დავშალეთ, მაგიდების გასაკეთებლად გამოვიყენეთ, ოთახები გარემონტების მაგივრად დავაძველეთ…“
გემო , რომელიც გიყვარს
ამჟამად სამზარეულოს ტრანსფორმაციის ეტაპი გვიდგას. ახალ მენიუში აქცენტი სოუსებსა და ხორცზე იქნება. ჩვენს ახალ შეფ-მზარეულს, ზაზა ოსეფაშვილს დიდი გამოცდილება აქვს. მან სრულიად გარდაქმნა აქაურობა გასტრონომიული თვალსაზრისით. კერძების ჩამონათვალს დაემატება, მაგალითად, ბიფსტროგანოვი, სტეიკები. ხუთშაბათობით 10-კაციან დეგუსტაციებს ‒ თემატურ სადილებს მოვაწყობთ.
თუმცა კონცეფცია, რაც თავიდანვე იყო ‒ იაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ‒ აუცილებლად შენარჩუნდება. არტ-კაფე "HOME" ძველებურად იმუშავებს პრე-კლუბად დასვენების დღეებში, კაფე-ბარად ‒ შუა კვირაში; არ ჩავრთავთ ფეხბურთს მსოფლიო ჩემპიონატის მიუხედავად, უფასო იქნება შემოსვლა ღონისძიებებზე გარკვეულ დრომდე და, ზოგადად, ეს იქნება ადგილი სადაც, ძირითადად, სვამ, ცეკვავ და საჭმელი რომ მოგინდება, იაფად და გემრიელად შეჭამ.
ჩვენს საფირმო ლიმონათს მენიუში კიდევ ერთ ახალ არაალკოჰოლურ სასმელს შევმატებთ ‒ ესაა მურ-წყალი ‒ მურაბიანი წყალი, ჩვენი ბავშვობის გემო. სპეციალურად ბებიაჩემს ვთხოვე გაეკეთებინა მურაბები და მართლა უგემრიელესია! თან ძალიან უხდება ალკოჰოლის გარევა. რაც შეეხება ნახევარლიტრიან ქილებს, რომლითაც სასმელი მიგვაქვს ‒ აზრები თავიდან ორად იყოფოდა: ზოგს მოსწონდა, ზოგს-არა. საბოლოოდ, შეეჩვივნენ. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ლამაზია, უშუალობის განწყობას ქმნის და ძალიან ჰგავს სახლს, რომელსაც ჰქვია "HOME".