დამეთანხმებით, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან მარტი, ყველაზე არაპროგნოზირებადი და არეული თვეა; დღეს თუ მზეა და თბილა, ხვალ შეიძლება ქარიანმა ამინდმა შეგაწუხოს, ან ისეთი წვიმა წამოვიდეს, სახლიდან გასვლის სურვილი დაგეკარგოს.
დღევანდელი ჩემი მენიუც მარტს ჰგავს. ერთი შეხედვით ამ კერძებს არაფერი აქვთ საერთო, რადგან გთავაზობთ თევზს, ქათამს, ნამცხვარს და სალათს. ერთადერთი ლოგიკური ძაფი, რაც კერძებს აერთიანებს ისაა, რომ ყველაფერი ძალიან გემრიელია.
კრაბის სალათი
დაგვჭირდება:
•კრაბის ჩხირები – 12 ცალი
•ბოლოკი (საშუალო ზომის) – 3 ცალი
•კიტრი – 2 ცალი
•ნიორი – 2 კბილი
•დიჟონური მდოგვი
•არაჟანი – 2 ს.კ.
•კამა – 30 გრ.
•მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
წვრილად დავხეხოთ კიტრი კანიანად, დავხეხოთ ბოლოკი. წვრილად დავძენძოთ კრაბის ჩხირები. დავამატოთ დიჟონური მდოგვი, არაჟანი და ნიორი. წვრილად დაჭრილი კამა და მარილი გემოვნებით.
თევზი ციტრუსის სოუსით
დაგვჭირდება:
•კალმახის ფილე – 200 გრ.
•ფორთოხალი – 2 ცალი
•სიმინდის სახამებელი
•ლიმონი – 1 ცალი
•კარაქი – 2 ს.კ.
•შაქარი – 10 გრ.
•მარილი
•შავი წიწაკა
მომზადების წესი:
გავაცხელოთ ტაფა. დავასხათ 1 სუფრის კოვზი ზეთი და მაღალ ცეცხლზე შევწვათ დამარილებული თევზი. გაცხელებულ ტაფაზე დავაწუროთ ფორთოხალი და ლიმონი. დავამატოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი, შაქარი, წიწაკა, მარილი. დაბოლოს, ნახევარი ჩაის კოვზი სახამებელი.
თეთრი გუნდები
დაგვჭირდება:
•ქათმის ფილე – 200 გრ.
•ბრინჯის მაკარონი – 100 გრ.
•პომიდვრის წვენი
•წიწაკა დაღერღილი
•შაქარი – 1 ჩ.კ.
•კარტოფილის ფქვილი
•ზეთი – 500 მლ.
•პურის ფქვილი – 2 ს.კ.
მომზადების წესი:
კუბიკებად დავჭრათ ქათმის ფილე. ფქვილს დავასხათ ცოტა წყალი, ისე რომ არაჟნის კონსისტენციის გახდეს. ცალკე ჯამში დავტეხოთ ბრინჯის მაკარონი. ქათმის ფილე ამოვავლოთ ფქვილიან მასაში და შემდეგ დატეხილ ბრინჯის ჩხირებში ისე, რომ კარგად მიიკრას და დაიფაროს, შემდეგ კი ჩავყაროთ კარგად გაცხელებულ ზეთში. დავაცადოთ ზუსტად 30 წამი და ამოვიღოთ.
სოუსისთვის: 200 მლ. წყალში ჩავასხათ პომიდვრის წვენი, დაღერღილი წიწაკა და შაქარი კარგად წამოვადუღოთ. დაბოლოს, დავამატოთ სახამებელი, რომ შესქელდეს.
მჟავე ნამცხვარი
ბისკვიტი
დაგვჭირდება:
•კვერცხი – 4 ცალი
•ფქვილი – 100 გრ.
•შაქარი – 150 გრ.
•ვანილი
•ცილა და გული დავაცალკევოთ
•ფქვილი გავცრათ
მომზადების წესი: ავთქვიფოთ ცილა მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე. როცა იგი მსუბუქ ქაფად იქცევა, დავიწყოთ შაქრის ნელ-ნელა დამატება და მიქსერის სიჩქარეს მოვუმატოთ. საბოლოოდ მივიღებთ მკვრივ ბეზეს, რომელიც ჯამის ამოტრიალებისას არ ვარდება. ამის შემდეგ მიქსერი აღარ დაგვჭირდება. ცალკე ავთქვიფოთ გულები, ისე რომ ცოტა გათეთრდეს და მიქსერის გარეშე, ხელის სათქვეფით, აკურატულად შევურიოთ ცილას. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და სილიკონის ნიჩბის, ან ისევ სათქვეფის დახმარებით ფრთხილად ავურიოთ, ქვემოდან ზემოთ მოძრაობით. ბევრი მოძრაობა საჭირო არ არის, რათა ცომის ბუშტუკებიანი სტრუქტურა არ დაირღვეს.
ბისკვიტის დასანამად აუცილებლად დაგვჭირდება 3 სუფრის კოვზი შინდის ცოცხლად შენახული ჯემი, რომელშიც დავამატებთ ვანილს და კონიაკს. ბისკვიტი დავჭრათ 1 სანტიმეტრის სიმაღლეზე და დავნამოთ მთლიანად. ასევე შეგვიძლია სხვა მჟავე ჯემების გამოყენებაც.
კრემი
მომზადების წესი: კრემისთვის დაგვჭირდება მაღალპროცენტიანი ნაღები, რომელშიც დავამატებთ შაქარს გემოვნებით, რა სიტკბოც მოგვწონს და რაოდენობაც, თქვენით განსაზღვრეთ. მე ყოველთვის ბევრს ვუკეთებ.
ასევე ამ ნამცხვარს ძალიან უხდება ბეზე, რომელშიც მე მწვანე საღებავი გავურიე სილამაზისთვის. ფორმა ცხობის დროს არ მიმიცია, რომ უბრალოდ დამეტეხა. ასე უფრო ორიგინალურია. ფერები შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ.
ბეზე
დაგჭირდებათ:
• 3 დიდი კვერცხის ცილა
• 3/4 ჭიქა შაქრის პუდრა
• მწიკვი მარილი
• ვანილი 1 პაკეტი
მომზადების წესი: ავთქვიფოთ მარილი და კვერცხის ცილა მიქსერით ან ხელის სათქვეფით, სანამ იგი არ აქაფდება. გავაგრძელოთ თქვეფა და ნელ-ნელა დავამატოთ თითო ჩაის კოვზი შაქარი. ცილა უნდა გამაგრდეს. გავარძელოთ შეუჩერებლივ თქვეფა. შევურიოთ საღებავი და კარგად ავურიოთ. გადავიტანოთ საცხობ “ჟაროვნაზე”, მივცეთ სასურველი ფორმა და შევდოთ ღუმელში. გამოვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. გამორთვის შემდეგ 1-2 საათი დავტოვოთ გამორთულ ღუმელში და შემდეგ გამოვიღოთ.
ფოტო: ანა ბოკო