მოგზაურის წერილები მეუღლეს
აფხაზეთი
ჩემო ძვირფასო!
უნდა იცოდეთ, რომ განზრახ თქვენს წყენას, თქვენს შეწუხებას, თავს მოვიკლავ და არ მოვინდომებ, იმიტომ რომ ერთადერთი მიზანი ჩემი ცხოვრებისა თქვენა ხართ, თქვენ და ჩვენი მშვენიერი ჰელენე. მაგრამ უპირველესად მაინც ‒ თქვენ! არ მიყვარს ამისთანების თქმა, მაგრამ რა ვქნა, რომ მათქმევინებთ ხოლმე. ღმერთს ჩემთვის ალერსის ნიჭი და უნარი არ მოუცია და როცა მეტი გზა არ არის, რომ ალერსიანი სიტყვა უნდა ვუთხრა ვინმეს, მე თვითონ ვწითლდები. გაწითლებას კიდევ გავუძლებდი, სულიერად ვიტანჯები ხოლმე, როცა წმინდად გულში შენახულ გრძნობას პირით გამოვთქვამ. ეს მართალი გრძნობაა, რომელიც კატასავით მუდამ არა ჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში. ამ სახით, ჩემო კარგო, ერთხელ და სამუდამოდ მერწმუნეთ, რომ, თუ ჩემს წერილებში მოღუშულს ან უხასიათოს მხედავთ, ან და კიდევ დიდხანს არ გწერთ, ჩემს უგემურ ხასიათს მიაწერეთ და არა იმას, რომ თქვენს ბედნიერებას მე გულგრილად ვექცევი.
დასტურად იმისა, რომ მუდამ თქვენზე ვფიქრობ, და თქვენი ინტერესის დასაკმაყოფილებად კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილის შესახებ მინდა მოგიყვეთ.
აფხაზეთად წოდებული ეს პატარა სამოთხე მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ცაში აზიდული კავკასიონის მთავარი ქედი. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ღმერთებს ამ კავკასიონის კალთაზე ამირანი (ძველბერძნული მითოლოგიით ‒ პრომეთე) მიუჯაჭვავთ. მას დღესაც უკორტნის გულ-მუცელს ყორანი და ღმერთები, მას დიდი დანაშაულის გამო არასოდეს შეიწყალებენ.
სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სამეგრელო (სამეგრელოზე და მის კერძებზე მოგვიანებით მოგწერთ), დასავლეთით კი ‒ შავი ზღვა.
აფხაზეთი მთაგორიანი მხარეა, დასერილი მდინარეებითა და მათი შენაკადებით. ჰავა რბილია, მაგრამ რელიეფის თავისებურების გამო ამ მხარეში კლიმატის ყველა გარდამავალი საფეხურია, სუბტროპიკულიდან ‒ ალპურ ზონამდე.
აფხაზეთი შეადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს და უმშვენერეს კუთხეს ბუნების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. აქ არის მთები, მუდამ თოვლით დაფარული მწვერვალებითა და მუდმივად მწვანე ველებით, უღრმესი უფსკრულებით, ხმაურიანი ჩანჩქერებით, გაუვალი ხელუხლებელი ტყეებით, მრავალი ნაკადულებითა და მდინარეებით და ბოლოს პონტოს (ანუ შავი) ზღვა, თბილი, ნაზი წყლით; ძვირფასო, აქაური წყლის ასეთი ზომიერი მარილიოანობა არსად მინახავს! მის სანაპიროზე კი აპრილში ჩაის ბუჩქები და მრავალფეროვანი ტროპიკული მცენარეები ყვავის. აქ ყველაზე დიდ ქალაქს ზოგნი დიოსკურიას, ზოგნი სებასტოპოლისს და ზოგნიც კი ცხუმს ეძახიან. მის ქუჩებს ვარდების ულამაზესი და სურნელოვანი ბუჩქები ამშვენებენ.
პონტოს ზღვას, ზოგჯერ შავ ზღვასაც უძახიან, ცუდ ამინდში, გაბრაზებული ზღვა მართლაც შავია, გეგონება, თითქოს მთელი ქვეყნიერების რვაფეხები აქ შეკრებილან და თავისი შავი მელანი გამოუშვიათო. ამ ზღვაში ულამაზესი კავკასიონის მთები და 3 ძირითადი მდინარე ჩაედინება ‒ ბზიფი, მძიმთა და კოდორი. პირველს ადგილობრივები ცოფიან მდინარეს ეძახიან, მასში ყოველწლიურად იღუპება უამრავი ადამიანი. ადიდებულ ბზიფს უჩვეულო სიჩქარით შეაქვს ზღვაში უზარმაზარი ხეები, ზოგჯერ რომელთაც ორი კაციც კი ვერ შემოახვევს გაშლილ ხელებს. ნაპირიდან რამდენიმე კილომეტრზე მოჩანს მდინარის მიერ ზღვაში შეტანილი ქვიშის და შლამისგან ამღვრეული წყალი, ხოლო ზედაპირზე, შორს ზღვაში ჩანს მცურავი უზარმაზარი ხის მორები.
აფხაზეთში მრავალფეროვანი მცენარეული საფარია. უზარმაზარი ფიჭვის ხეების გვერდით იზრდება: ზეთისხილი, აბრეშუმის და ჩაის ხე, მუხა, ჭადარი, ატამი, გარგარი, თხმელა, ბროწეული, კაკალი, კომში, წაბლი, ბალი, თუთის, მსხლის და ვაშლის ხეები. მთელი წლის განმავლობაში მწვანე ბზის და დაფნის ხეები გარს ერტყმის დიოსკურიას.
უსათნოესო, ისევე როგორც მთელს საქართველოში, აფხაზეთშიც უხვად აქვთ ვაზი. ღვინის მომზადების წესი კი განსხვავდება, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოსაგან. ღვინო აფხაზების ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს შეადგენს.
ოცნების ვარსკვლავო! გთხოვთ, განსაკუთრებით დიდის ყურადღებით, ჩვენს საერთო მეგობარს და ღვინის უბადლო დამფასებელს, ჩვენს გარგანტიუას წაუკითხოთ შემდეგი მონაკვეთი აფხაზებს ღვინის დაყენების წესი ასეთი აქვთ: ამოთხრის რა აფხაზი მიწაში ორმოს, აფხაზი მას სქლად ამოლესავს თიხით და შემდეგ, დაანთებს რა მასში ცეცხლს, გამოწვავს რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩაყრის გროვად ყურძენს, ჭყლეტს მას ფეხებით და ტოვებს წვენს ორმოში მანამდე, სანამ, იგი არ გადადუღდება. შემდეგ, დუღილის მერე, ღვინოს ამოხაპავენ, ასხამენ თიხის ჭურჭელში და მათ მარხავენ მიწაში.
აფხაზეთის საუკუნოვან ტყეებში მწიფდება გემრიელი, წვნიანი, ქარვისფერი ვაშლები და მსხლები, კაკალი, წაბლი, ღვინის კენკრა, ბროწეული და სხვა ნაყოფიერი ხეები.
აფხაზს იმდენად მდიდარი ბუნება აქვს, რომ მისთვის საკმარისია ავიდეს ფუღუროიან ხეზე და ამოიღოს იქიდან რამდენიც სჭირდება ფიჭის თაფლი, ან კი თევზიანი საჭმელი, განა იშვიათია მისთვის? ნებისმიერ ნაკადულში იგი ჩააგდებს ბადეს და ამოიყვანს ერთ ათეულ ღონიერ, ოქროსფერ, წითელკოპლებიან, გემრიელ კალმახს.
სანაპიროს მაცხოვრებლები დაკავებული არიან თევზის ჭერით, უპირატესად მთის მდინარეების შესართავებში, სადაც უხვად არის ორაგული, რომელსაც ჩვეულებრივ სხვა და სხვა მცენარის ფოთოლში გახვეულს წვავენ შამფურზე და იგი შეადგენს მეტად გემრიელ საჭმელს. თევზებიდან აღსანიშნავია: ქაშაყი, კეფალი, კამბალა, კალმახი, კობრი და სხვები. აქ განსაკუთრებული აქვთ საწებლები. გამოვყოფდი ძალიან ცხარე წიწაკის და ნიგვზის ან თხილის საწებლებს.
ზაფხულში, ზღვის ნაპირებთან ახლოს ჩნდება მრვალი დელფინი, რომლებიც კარგ ამინდში ჩერდებიან წყლის ზედაპირზე და თამაშობენ, ურმის თვლებივით ბრუნავენ თავბრუდამხვევად. აფხაზეთის მცხოვრებნი სარგებლობენ ამ დროით და ნადირობენ საბრალო ცხოველზე.
არ გავტანჯავდი თქვენს უზენაესს და უნაზესს გონებას სასტიკი სურათის აღწერით, მაგრამ ვგონებ მაინც საჭიროა ამ წესის მოყოლა. თუ თქვენი უზენაესი სურვილი იქნება, ჩვენს გარგანტიუას წააკითხეთ მხოლოდ ეს ნაკვესი და შემდეგ თავადვე განაგრძეთ.
მაშ ასე, გადიან აფხაზები ზღვაში თავიანთი ხის ერთი მორისგან გამოთლილი ნავებით, საკმარისად დიდ სივრცეს მოიცავენ გრძელი ბადით, რომლის ზედა ნაწილში დამაგრებულია ტივტივები, ხოლო ქვედა ნაწილში სიმძიმეები, რაც აიძულებს მას ინარჩუნებდეს წყალში ვერტიკალურ მდგომარეობას. ბადით მოცული სივრცის შუაში შეცურდება ორი-სამი ნავი და მეთევზეები ბარჯებს სცემენ მასში მყოფ დელფინებს, რომელთა ქონსაც ჰყიდიან შემდეგ თურქებსა და ბერძნებზე. დელფინების ჭერის ეს ხერხი უსაფრთხო არ არის, რადგანაც ნავი ზოგჯერ იძირება მოკლული თევზის სიმძიმით ან ამოყირავდება, როდესაც დელფინები ეჯახებიან მათ წყალში ტრიალისას; მაგრამ აფხაზებს ამის არ ეშინიათ, რადგანაც ცურვაში არ ჩამოუვარდებიან სამხრეთ ოკეანის კუნძულების ველურებს.
ბევრი უძველესი ტაძარია აფხაზეთში. ერთ-ერთ ასეთში, იქაურების მონათხრობების მიხედვით, დროდან დრომდე, აღესრულება წმინდა დიდმოწამის გიორგის სასწაული, ვისი ხატიც იმყოფება ეკლესიაში.
სოფელ დრანდაში არის გენუელთა ძველი ტაძარი, რომელიც სარგებლობს ხალხის განსაკუთრებული პატივისცემით. მეორე ასეთივე ტაძარი იმყოფება სოფელ ილორში.
სოფელ დრანდის ახლომახლო მცხოვრებნი ხშირად მიდიან ტაძრის ნანგრევებთან. მათ მიაქვთ იქ ყველაფერი, რასაც იპოვნიან: ნალი, ლურსმანი, ქამარი, ჩვარი და სხვა. ხშირად ტაძრის კარებთან მოჩანს ანთებული პატარა ცვილის სანთლები. გაუჩნდებათ თუ არა ცხვრებს რაიმე დაავადება ‒ აფხაზს ტაძართან მოჰყავს ბატკანი, დაკლავს მას კარიბჭესთან და ბრუნდება სახლში, სავსებით დარწმუნებული, რომ უკვე შეწყდება დაავადება, რომელიც მის ფარას ეწვია. დაკარგავს თუ არა მოულოდნელად რძეს ქალი, რომელიც მკერდით აჭმევს ჩვილს ‒ იგი მზის ჩასვლის წინ მიიჩქარის ტაძარში, ჯდება მის შუაში და მკერდზე ისხამს წყალს, თიხის პატარა დოქიდან, თანაც თავისთვის ამბობს რაღაც სიტყვებს. აფხაზების რწმენით, იყო შემთხვევები, როდესაც რძე უბრუნდებოდა მთხოვნელს.
10 ნოემბრის დღეს, რომელიც ეძღვნება წმინდა მხედრის ხსენებას, და რომელსაც პატივს სცემს ყველა იქაური, საცისკრო მსახურების დაწყების წინ, უწინდელ დროში, ეკლესიის გალავნის შიგნით ჩნდებოდა წმინდა ხარი, ოქროს რქებით. ეკლესიის ჩაკეტილ ჭიშკარს იცავდა ყარაული, ხოლო თუ საიდან ჩნდებოდა ხარი ‒ ამის ახსნა აფხაზებს არ შეუძლიათ.
საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ, ღმერთის, დიდება მის სახელს! მსახურის კურთხევით, ამ ხარს კლავდნენ და მისი ხორცის ნაჭრებს არტოსის მსგავსად ურიგებდნენ ღვთისმავედრებლებს, რომლებიც აქ იკრიბებოდნენ, არა მხოლოდ აფხაზეთის ყველა ადგილიდან, არამედ სამეგრელოდან და იმერეთიდანაც. უხუცესები ყვებიან, რომ ეს ხორცი არასდროს არ ფუჭდებოდა და ყოველგვარი ავადმყოფობისგან იხსნიდა ადამიანებს. ხარის გამოჩენა წარმოადგენდა სიმშვიდის, კარგი მოსავლისა და საერთოდ ბედნიერების საწინდარს მომავალ წელიწადში, და ამიტომ ამ დღეს აღნიშნავდნენ ზეიმითა და პატივისცემით. მაგრამ თუკი ხარი არ გამოჩნდებოდა, მაშინ ხალხი იშლებოდა მოწყენილი, სამომავლოდ უბედურებების მოლოდინით, და 10 ნოემბრის დღე აფხაზისთვის ჩაივლიდა შეუმჩნევლად. სამწუხაროდ, უტრფესოვ, უკანასკნელ დროში რაღაც არაფერი ისმის ხარის გამოჩენის თაობაზე, თორემ უთუოდ, საკუთარი თვალით ვნახავდი ამ სურათს…
ცრურწმენა და წარმართული წესები ვლინდება ყველა დღესასწაულშიც, სადაც მსხვერპლშეწირვები, როგორც რელიგიის მთავარი დოგმატი, შეადგენს აუცილებელ კუთვნილებას. არ ვიცი საიდანაა ეს წესი, მაგრამ ასე, ქრისტეს შობის წინ, სამურზაყანოსთან მომიჯნავე სოფლებში, აბჟივის ოლქში, ასრულებდნენ წესს გოუთანუ (სიტყვა, აღებული მეგრული ენიდან, სადაც უწინ ასევე არსებობდა ეს წესი, და რომელიც ნიშნავს გაუთენებელს ანუ გათენებამდელს):
თითოეულ ოჯახში კლავენ ქათმებს, ორივე სქესის სულების რიცხვის მიხედვით, და აცხობენ ოთხ-ოთხ კვაკვარს ‒ ყველით ავსებულ არცთუ დიდ ხაჭაპურს, ოჯახის თითოეული ცალკეული წევრისთვის. მანამდე, სანამ იყივლებს პირველი მამალი ღამით, საჭმელი მზად უნდა იყოს. ხაჭაპური გამომცხვარი, ხოლო ქათმები შემწვარი. მამლის პირველ ყივილზე მთელი ოჯახი დგება. დიასახლისი მაგიდაზე დგამს თიხის ჯამებს და თითოეულში დებს თითო მთლიან ქათამსა და ოთხ ფუნთუშას. ჯამზე ამაგრებენ ცვილის სანთელს, ხოლო მის წინ დგამენ განსაკუთრებულ ჭურჭელს გავარვარებული ნახშირით. ოჯახის ყველა წევრი დგება მაგიდის გარშემო მუხლებზე, თითოეული თავისი ჯამის წინ, ხოლო იქ მყოფთაგან უფროსი იხდის ქუდს, ხელისგულს დებს ნაკვერჩხლებზე და ითხოვს, რომ ყოვლად მაღალმა ღმერთმა მთელ მის ოჯახს თავიდან ააცილოს ფაღარათი, რომ კუჭები ყველას ჯანმრთელი ჰქონდეს. ლოცვის შემდეგ იქ მყოფნი ფეხზე დგებიან და, მარჯვენა მხრიდან ზურგისკენ მიბრუნებულები თაყვანს სცემენ აღმოსავლეთისკენ, სხდებიან მაგიდასთან და იწყებენ ჭამას. წესი უნდა დასრულდეს აუცილებლად გათენებამდე. საკვების მთელ ნარჩენებს აუცილებლად წვავენ…
დიახაც, უსაყვარლესო ჩემი გულის მეუფევ! აქ უძველესი ტრადიციების მიმდევარი ხალხი ცხოვრობს. მახსოვს, ერთმა ნაცნობმა აფხაზმა ოჯახში რძალი მოიყვანა. მათ წესად ჰქონიათ, რომ სანამ ნებას არ დართავენ, რძალს მამამთილთან ლაპარაკის უფლება არა აქვს.
ერთხელ ამ კაცმა მეგობრები და უცხო სტუმრები მიგვიპატიჟა, ხვალ მოდით ყველანი, პურ-მარილი მაქვსო. ჩვენც ვეახელით. მან დაკლა ხარი, სუფრა გაშალა და თქვა: საკლავი იმიტომ დავკალი, რომ დღეიდან ჩემს რძალს ჩემთან ლაპარაკის უფლება ჰქონდესო. ამის შემდეგ გავიდა ერთი თვე. როგორც ჩანს, რძალმა იმდენი ილაპარაკა, რომ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. ერთი თვის მერე ამ კაცმა ისევ მიგვიწვია სუფრასთან და გვითხრა, ჯობია, ჩვენი ძველი წესი დავაბრუნოთო…
აფხაზური კერძებიდან, ჩემო უსათნოესო, ღომს დავასახელებდი, რომელსაც ყოველთვის თავიანთ ენაზე იტყვიან ‒ აბუსთა. აფხაზურსა და მეგრულ ღომს ერთმანეთისგან სისქით განასხვავებენ ‒ აფხაზური ღომი უფრო სქელია.
აფხაზური ნაციონალური კერძია ყველითა და ქონდრით გაკეთებული აჩაჰალეიჟვ ‒ პელმენისმაგვარი რამაა, წყალში იხარშება. აჩაჰალეიჟვი სარიტუალო კერძია, რომელსაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად მისი შთამომავლები წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ აკეთებენ. მას შაბათ დღეს სტუმრები მიირთმევნენ, ხოლო კვირას ‒ ოჯახის წევრები. აფხაზებს აქვთ თავიანთი ტკბილეული, რომელსაც თვითონ ჰალვას ეძახიან. ის თქვენთვის კარგად ცნობილი ჰალვისგან განსხვავდება.
სამზარეულო მარტივი, მაგრამ გემრიელია. ბევრია საკმაზი, რომელთაგან განსაკუთრებით ერთს გამოვყოფდი. ესაა აფხაზური აჯიკა, ცხარე და ძალიან არომატული საწებელი: წიწაკას, სხვადასხვა მწვანილს, ნიორსა და ნიგოზს კარგად დანაყავენ და პასტისებრ მასად აქცევენ. აჯიკა წითელიცაა და მწვანეც, წიწაკის ჯიშსა და ფერს გააჩნია.
აქაური პატარა მოახლე გოგონა მიყვებოდა, მამაჩემს და მამიდაჩემს ჰქონდათ ფილთაქვა -ქვის როდინი. შიგ ნაყავდნენ გამხმარ წიწაკას, ნიორს, ნიგოზს, სხვადასხვა სუნელებს და აჯიკას ასე აკეთებდნენ. მთელი კვირის განმავლობაში მისი სუნი დადგებოდა ხოლმეო.
მოკითხვა გადაეცით ყველას. დომენიკოს კი ვუთვლი, რომ ბევრ წიწაკას გამოვუგზავნი, ისეთ ცხარეს, რომ სულ ცრემლები აღვრევინოს.
qondriskaci@gmail.com