მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ახალი პროდუქტის გასაცნობად ბევრ დროს ხარჯავს სუპერმარკეტში. სელექციონერები კვლავაც გვაკვირვებენ. თურმე, ოდესღაც სპარსეთში, სტაფილო არ ყოფილა ნარინჯისფერი. წითელი და ყვითელი ფერის ბოსტნეული ჰოლანდიელ ფერმერებს, მე-17 საუკუნეში თავიანთი დროშის საყვარელ ფერად უქცევიათ და მას შემდეგ გამხდარა სტაფილო ნარინჯისფერი.
ამერიკელმა პროფესორმა და მხატვარმა სემ ვან აკენმა შექმნა ჰიბრიდული ხე, რომელიც ხილის 40 სახეობას აერთიანებს. ქლიავი, ატამი, გარგარი, ბალი…
მისი ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, ამშვენებენ ნიუ იორკს, ილინოისს, მიჩიგანს, კალიფორნიას. საპატიო ადგილი უჭირავს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ხეები მხოლოდ 9 წლის თავზე იძლევიან შედეგს.
ბუნებასთან შეჭიდებული სელექციონერები სულ უფრო ახალ და ახალ სახეობებს გვთავაზობენ. ჩვენთვის უკვე ნაცნობი ჰიბრიდებია:
ფორთოხალი -რომელიც პომელოსა და მანდარინის ნაერთია;
გრეიპფრუტი -პომელო და ფორთოხალი;
აგლი -გრეიპფრუტი და მანდარინი;
ლიმანდარინი -ლიმონი და მანდარინი;
ორანჟელო -გრეიპფრუტი და ფორთოხალი;
ტანგორი -მანდარინი და ფორთოხალი;
ტანჟელო -პომელო და გრეიპფრუტი;
მარკეტში თუ შეამჩნევთ ვაშლს გრაპელს (Grapple), დაინტერესდით, მიირთვით. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყურძენი გასინჯეთ. თეთრი მარწყვი არ გეგონოთ, დასამწიფებლად არის გამოტანილი. პაინბერი კენკრის ვიზუალით ანანასის გემოს აფრქვევს.
საზამთროს უმეტესობას კურკები აღარ აქვს. მრგვალსაც იყიდით და კვადრატულსაც, ოღონდ მასზე მოთავსებულ წარწერას კარგად დააკვირდით (Yellow Watermelon). თუ იგი ყვითელგულიანი აღმოჩნდა, საზამთროს, ლიმონსა და მანგოს ერთდროულად დააგემოვნებთ.
კომბოსტო რომანესკო – რაღაც კოსმიურ ქმნილებას უფრო ჰგავს, ვიდრე საკვებს. ბროკოლის მსგავსი თვისებების მქონე პროდუქტი შეუცვლელია ბავშვთა კვების რაციონში. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხარშვისას სუნი საერთოდ არ აქვს, განსხვავებით წინამორბედისაგან.
განსაკუთრებული გემოს ძიებაში ზოგი ახალს აღმოაჩენს, ზოგიც ძველი რეცეპტით ხემძღვანელობს.
ალკოჰოლური სასმელების განყოფილებაში ძნელად აღწევს ახალი პროდუქტი, ძირითადად ახალი იარლიყები გვჭრის თვალს, მაგრამ ერთი იქცევს ჩემს ყურადღებას. გახსოვთ, პირველი შთაბეჭდილება, როცა ბოთლში ჩასმული აფრებიანი გემი დაინახეთ? დიდხანს ვფიქრობდი, თუ როგორ მოხვდა იქ. იგივე კითხვა გამიჩნდა, როცა „ტუსაღი მსხალი“ დავინახე. ბოთლში გამომწყვდეული ხილი არომატს ალკოჰოლში აფრქვევდა, მაგრამ ეს ზემოთ ხსენებულ შემთხვევას არ ჰგავდა. მსხალი ისეთი მსუყე და ბუთქუნა იყო, რომ აფრიანი გემის ფოკუსს ვერ გაიმეორებდა.
G.E. Massenez Poire Prisonniere Eau de Vie
ისტორია საფრანგეთში იწყება, ალზასის მხარეს, იქ სადაც მესნეს არაყ-ლიქიორის სახდელი ქარხნის მსხლის ბაღებია განთავსებული. მზადება გაზაფხულიდან იწყება. ვილიამსის ჯიშის დაყვავილებული ხეები საგულდაგულოდ მოწმდება. ახლადმოსხმული, ჯერ კიდევ უმწიფარი ხილი საფირმო ბოთლში თავსდება, ისე რომ მცენარეს არ წყდება. ბოთლი საკიდით ტოტზე მაგრდება და ამ მდგომარეობაში აგვისტოს თვემდე რჩება.
ნაყოფი ბოთლში იზრდება, სანამ სასურველ ზომას არ მიაღწევს. უფრო ადრე, ვიდრე მოსავლის აღების დრო დგება მსხალს წყვეტენ. ბოთლში დატყვევებულ ხილს სტერილიზაციას უკეთებენ და იგივე სახეობისგან შექმნილ ბრენდის ასხამენ. ამის შემდეგ, მესნეს „ტუსაღი მსხალი“ განთავისუფლებას მხოლოდ დესერტზე ელოდება.
გაზაფხულის დადგომას გილოცავთ! თქვენი ცხოვრებაც ისეთი მრავალფეროვანი და მშვენიერი ყოფილიყოს, როგორც სემ ვან აკენის ჯადოსნური ხე!