სტუმრად სამზარეულოში – გიორგი მახარაძე & მარიამ ნადირაძე

სოლოლაკი, ძველებური ორსართულიანი სახლი, იდეალური გარემო ახალგაზრდა წყვილისთვის. „კულინArt“-ს ამჯერად გიორგი მახარაძემ და მარიამ ნადირაძემ უმასპინძლა. სახლში შესვლისთანავე გემრიელი სურნელი ტრიალებდა. გეზი, რა თქმა უნდა, სამზარეულოსკენ ავიღეთ, სადაც წყვილი სპეციალურად ჩვენთვის სურნელოვან კერძს ამზადებდა. 

გიორგიმ გვითხრა: „ჩემი საფირმო გუმბაო უნდა დამეხვედრებინა, მაგრამ ვერ მოვასწარი, ამიტომ მარიამის ცნობილი ბლინების გაკეთება გადავწყვიტეთ.“ 

რაც შეეხება გუმბაოს, ინტერვიუს ბოლოს გიორგი შემპირდა, რომ ძალიან მალე ჩემს საყვარელ ჩინურ კერძსაც გამასინჯავს. 

რა ადგლი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში კულინარიას? 

მარიამი: -ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. იდეაში გურმანი ვარ, მაგრამ პრეტენზიული, გიორგის კი ‒ მხოლოდ ხახვთან აქვს პრობლემა. სანამ ერთად გადმოვიდოდით საცხოვრებლად, მანამდე გიორგის საყვარელი საჭმელი კარტოფილი იყო. ახლა მაკარონია. პასტის გარდა არაფერს ვუკეთებ. 

გიორგი: -ხახვი, ისპანახი და მსგავსი რაღაცები არ მიყვარს. შემწვარი მირჩევნია ყველაფერი. 

მარიამი: -დატვირთული რეჟიმის გამო, სამწუხაროდ ისე არ ვიკვებებით, როგორც საჭიროა. შეიძლება შუაღამისას ავდგეთ და დავიწყოთ ბუტერბროდების კეთება. როცა დრო გვაქვს, მაშინ ვცდილობთ რომ ჯანსაღი საკვები მივირთვათ. 

მარიამ, გიორგის რისი კეთება გამოსდის ყველაზე კარგად? 

გიორგის სულ ვეხვეწები შეწვას ქათამი. კიდევ გუმბაოს ამზადებს გემრიელად. ზოგადად, კარგი ხელი აქვს. გუშინ, მაგალითად, მაცივარში რაც გვქონდა, იმით გააკეთა ჰოთ-დოგი, რომელიც საოცრად გემრიელი გამოვიდა. 

გიორგი, მარიამს რა გამოსდის ყველაზე გემრიელი? 

ბევრნაირი სახეობის პასტას აკეთებს, რაც ძალიან მიყვარს. მარიამის საფირმო კერძი ბლინებია, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დესერტი. მე, ძირითადად, შეწვა რასაც ეხება იმას ვაკეთებ. 

ჯანსაღ კვებაზე რა აზრის ხართ? 

სურვილი დიდი გვაქვს, მაგრამ ვერ ვახერხებთ. აი, დილით, შეიძლება თაფლიანი წყალი დავლიოთ ხოლმე. 

საუზმეს თუ ასწრებთ? 

ორივე ვცდილობთ, რომ სახლიდან უზმოზე არ გავიდეთ, ორი ლუკმა მაინც უნდა ვჭამოთ. თუ სამსახურში დილიდან არ ვართ წასასვლელები, მაშინ საფუძვლიანად ვსაუზმობთ. 

კულინარიული ექსპერიმენტები თუ გიცდიათ? 

სიმართლე გითხრათ, სამზარეულოში დიდ დროს ვერ ვატარებთ, ამიტომ ექსპერიმენტებისთვის დრო იშვიათად გვაქვს. პრინციპში, ბლინებიც და გუმბაოც ექსპერიმენტის შედეგია. ტრადიციული რეცეპტების წიგნი არ გავაქვს, რასაც მივყვებით, რაც გვინდება იმას ვაკეთებთ, რაც არ გვიყვარს, იმას არა. 

საყვარელი დესერტი რომელია? 

ხილი გვიყვარს ძალიან. ზაფხულში, მხოლოდ ხილით ვიკვებებით. ცივი დესერტი გვიყვარს ანუ ნაყინი და ხილი ერთად. საუკეთესო კომბინაციაა! 

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დესერტის დრო მთლიანად ხილს მიაქვს. 

„კულინArt“ – ისთვის რა კერძი მოამზადეთ? 

ეს რეცეპტი ჩემმა ძმამ მასწავლა, რომელიც გარკვეული პერიოდი გერმანიაში მარტო ცხოვრობდა. იქაურმა შეფ-მზარეულმა ასწავლა ბლინების რეცეპტი, რომ ჩამოვიდა მოგვიმზადა. მაშინ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ ამის გაკეთებას მეც შევძლებდი და მგონი დღეს ჩემს ძმას ვაჯობე. გიორგისაც ძალიან უყვარს ეს ბლინები და როცა დიდი ხანი არ ვუკეთებ, ენატრება ხოლმე. 

ინგრედიენტები :

1 ლიტრი რძე

3 კვერცხი 

შაქარი გემოვნებით 

მომზადების წესი:

მომზადების წესი: პურის ფქვილი თვალის ზომით ისე, რომ ბლანტი მასა მივიღოთ (ცომი არ უნდა იყოს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი). ეს ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ და დავასხათ ზეთწასმულ ტაფაზე. 

შიგთავსი: შოკოლადი და ბანანი. ძალიან უხდება ნაყინიც. 

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com