მარიამ სანოგოს ტკბილი ცდუნება

როგორია და, არავის არ ჰგავს საკუთარი თავის გარდა. აფრიკული თავსაბურავიც მისი პირადი მიგნებაა და არაა ფოტოგრაფის მხატვრული ჩანაფიქრი ‒ ხასიათის ნაწილია და ამის გამო ორმაგად მოგწონს. მოგწონს მისი ეგზოტიკური, ოდნავ პროვოკაციული ფერადოვნება. მოგწონს ისიც, რომ კამერის წინ აბსოლუტურად ბუნებრივია, თუმცა ამ ბუნებრიობას ექვსწლიანი სამოდელო გამოცდილება ამყარებს. ფოტოკამერის წინ მუშაობაც და პოდიუმზე სიარულიც სამოდელო სააგენტო „ჯეო მოდელსში“ ისწავლა. იქვე შეეჩვია კვების ნორმირებულ რეჟიმს. დიდი გასტრონომიული აურზაური მხოლოდ მაშინ იწყება, როცა კადრში ტკბილეულის მაცდური პანორამა იშლება.

მარიამ, კვებასა და სამზარეულოს რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

იქიდან გამომდინარე, რომ გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს, სამზარეულოსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ვერ მოვიტყუები, რომ თვითონაც კულინარიულ შედევრებს ვქმნი, მაგრამ კარგი შემფასებელი ნამდვილად ვარ. ჩვენს ოჯახში ბებიაა მთავარი მზარეული და, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო კულინარია, ვისაც კი ვიცნობ. მისი მომზადებული აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს. კარგად იცის ჩემი გემოვნება.

პრეტენზიული გემოვნება გაქვთ?

პრეტენზიული ნაკლებად ვარ, უბრალოდ, წვნიანები დიდად არ მიყვარს. ხანდახან თუ გეახლებით იმის გამო, რომ ჯანმრთლობისთვის მნიშვნელოვანია.

თვითონ გიყვართ მომზადება?

დროის დეფიციტიდან გამომდინარე, საკმაოდ იშვიათად ვახერხებ. თუმცა თუ დრო მაქვს, სიამოვნებით ვამზადებ. საინტერესო რეცეპტებს ვეძებ ხოლმე. ყველაზე მეტად სალათები მიყვარს და მომზადებაც სალათის მირჩევნია. 

პირველი კულინარიული ექსპერიმენტი თუ გახსოვთ?

საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ვცადე ბებიას ხაჭაპურის გამოცხობაში დავხმარებოდი. ცომი გამაგრდა და რაღაც სასწაული გამოვიდა. მოკლედ, ვერ გეტყვით, რომ დებიუტი წარმატებული იყო.

საკვების სიჯანსაღე რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?

ჯანსაღი კვების მნიშვნელობა კარგად მაქვს გააზრებული და მაქსიმალურად ვცდილობ სწორად ვიკვებო, თუმცა ისევე, როგორც ადამიანების უმრავლესობა, პერიოდულად ვერც მე ვამბობ სწრაფ კვებაზე უარს. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული მარტივად გვაძლევს საშუალებას ჯანსაღად ვიკვებოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო პროდუქტის შერჩევას, არამედ იმასაც, თუ როგორ გამოიყენებ შემდეგ ამ პროდუქტს, როგორ მოამზადებ ნებისმიერ კერძს. ბებია ამას დიდ ყურადღებას აქცევს,-ზედმეტ ცხიმს, ზედმეტ მარილს, სიმწარესაც კი მაქსიმალურად ერიდება. 

ყველაზე ხშირად რას ამზადებთ?

ბლინებს. ეს იყო პირველი, რისი გაკეთებაც ვისწავლე. ძალიან მიყვარს და კარგად გამომდის. 

რამდენად გაქვთ კვებაში შეზღუდვები როგორც მოდელს?

წონის კონტროლი იშვიათად, რომ ვინმეს არ უწევდეს. არც მე ვარ გამონაკლისი. ძირითადად, ტკბილეულის შეზღუდვა მიწევს, თუმცა ცოტა რთულია, რადგან შოკოლადივით არაფერი მიყვარს. პურს ძალიან იშვიათად ვჭამ და იმასაც შავს. თეთრ პურს საერთოდ არ ვეკარები. ზოგადად, რადიკალური შეზღუდვების წინააღმდეგი ვარ. თუ მოინდომებ, გაცილებით გონივრულად შეიძლება რაციონისა და წონის კონტროლი. ძალიან შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ დიეტის უკიდურესი ფორმა რაიმე კუთხით, თუნდაც პროფესიული მიზნით, გამართლებულია. გარეგნობასთან ერთად თუ ჯანმრთელობაზეც არ იზრუნე, არაფერი გამოვა. ამიტომ ჯანსაღი ბალანსი აუცილებელია.

ესთეტიკური თვალსაზრისით თუ მოგწონთ უკიდურესი სიგამხდრე?

ესთეტიკურად, მე, პირადად, ლამაზი, ნავარჯიშები, ჯანსაღი სხეული მომწონს. არც ძალიან გამხდარი, არც ზედმეტად ხორციანი. 

ვისგან იღებთ საჭირო რჩევებს სწორ კვებასთან დაკავშირებით? 

სამოდელო სააგენტოში ჩემი მენეჯერის, თაკო ჩხეიძის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. თაკო პირველი იყო, ვინც კვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მომცა. გარდა ამისა, სისტემატურად ვვარჯიშობ. სწორ ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად მწვრთნელები კვების საჭირო რეჟიმსაც გიდგენენ. ვარჯიშის პარალელურად გაძლევენ რეკომენდაციას, რომ გარკვეული პროდუქტი ან ამოიღო რაციონიდან ან, პირიქით, ჩაამატო მასში.

თქვენი აზრით, პლუსია, როცა ადამიანს გემრიელად მზადება ეხერხება?

ძალიან მომწონს, როცა კარგად ამზადებენ. ზოგადად, რაიმეს კარგად კეთება პლუსია და ეს კულინარიასაც ეხება, რა თქმა უნდა. პირადად მე, გემრიელი დესერტებით ნამდვილად მომხიბლავს ადამიანი. 

თუ არის პროდუქტი, რომელსაც ვერასდროს გასინჯავთ?

ღორის ტვინს, ხაშს და მსგავს კერძებს ვერაფრით გავსინჯავ. თუმცა, ზოგადად, ახალ გემოს არ ვუფრთხი. მაგალითად, საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ბაყაყი დავაგემოვნე, ძალიან მაინტერესებდა და მომეწონა. გამიგია, რომ ბევრისთვის უცნაური და მიუღებელია ისეთი ზღვის პროდუქტები, როგორიცაა კრევეტები, მიდიები და ა. შ. ჩემთვის, პირიქით, ფავორიტია ეს პროდუქტი, ვგიჟდები, ისე მიყვარს!

ხილი გიყვართ?

ხილი, მე მგონი, ყველაზე მეტად მიყვარს. კენკრა, ბანანი, ანანასი, ვაშლი, ატამი… პრაქტიკულად ყველა ხილი. 

თქვენი საუზმე როგორია?

საუზმე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ‒ როგორც დღის ჯანსაღი და სასიამოვნო დასაწყისი. ალბათ, ათ წელზე მეტია, რაც დილით ჰერკულესის ფაფას მივირთმევ. სხვადასხვა ფორმით ვამზადებ,-ხილით, ნუშით, იოგურტით,-სეზონს გააჩნია, უამრავი რეცეპტი მაქვს. ჰერკულესი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროდუქტია სიჯანსაღის მხრივ. საუზმის სხვა ალტერნატივა არ მაქვს. 

ყავა გირჩევნიათ თუ ჩაი?

ორივეს ვსვამ, მაგრამ უპირატესობას ჩაის ვანიჭებ. ძალიან მიყვარს პიტნის, მწვანე ჩაი. მიყვარს მისი დაყენება, სხვადასხვა მცენარის შერევა, გვირილასაც აქტიურად ვიყენებ. 

ბავშვობაში თქვენი საყვარელი კერძი რომელი იყო?

შემწვარი კარტოფილი და ქათამი, რომელიც დღესაც ძალიან მიყვარს. ზოგადად, ხორცს კი მივირთმევ, მაგრამ მაქვს პერიოდები, როცა შეიძლება ორი თვე ისე გავიდეს, საერთოდ არ მომინდეს. ზაფხულში, განსაკუთრებით ვერიდები ხორცსაც და, ზოგადად, ყველანაირ მძიმე საჭმელსაც. ძირითადად, ბოსტნეულსა და ხილს ვჭამ. 

გვიან ჭამისგან თავს იკავებთ?

წესით უფრო მეტადაც უნდა ვერიდებოდე, მაგრამ გააჩნია, რამდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს. ასე ერთმნიშვნელოვნად რომ ვთქვა, გვიან ვჭამ ან არ ვჭამ-მეთქი, ტყუილი იქნება. გამონაკლისები ყოველთვისაა.

რომელი კერძია თქვენთვის რომანტიკულ განწყობასთან დაკავშირებული?

იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მიყვარს, რომანტიკულ გარემოსაც ჩემთვის ტკბილეული უხდება. 

თუ ძალიან გშიათ, სახლში სწრაფად რას მოიმზადებთ?

ალბათ, კვერცხს მოვამზადებ, სპაგეტის ან რაიმე სალათს. 

ყურადღებას აქცევთ რამდენად ლამაზად გამოიყურება საკვები თეფშზე?

ვიზუალური მხარე და ესთეტიკა, ყველანაირი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ჩემთვის. კულინარიის შემთხვევაშიც ყურადღებას, პირველ რიგში, მაინც ვიზუალი იქცევს. თუ რამეს ვამზადებ, ის აუცილებლად სასიამოვნოდ გამოიყურება თეფშზე. ზოგადად, ძალიან მიყვარს სტუმრების მიღება, ჩაის სუფრის გაშლა, თხილეულით, ნამცხვრებით, ყველანაირი ტკბილეულით ლამაზად გაფორმება.

რომელიმე ქვეყნის სამზარეულო გამორჩეულად გიყვართ?

ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო. მართლა ძალიან მიყვარს! თავისი ელარჯით, ხინკლით… ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო სამზარეულოა. დანარჩენს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამ მაქვს გასინჯული. ზოგი რამ მომწონს, ზოგი ‒ არ მომწონს. ზოგადად, გახსნილი ვარ სხვადასხვა კულტურის მიმართ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სამზარეულოც. 

თუ არის ქვეყანა, რომელიც გასტრონომიული თვალსაზრისით გიზიდავთ?

ბელგია, ისევ და ისევ შოკოლადის ცდუნებით. 

როგორ ფიქრობთ, მომავალში გაგიღრმავდებათ კულინარიის მიმართ ინტერესი?

დრო თუ მექნება, ალბათ, აუცილებლად! ზოგადად, დროის ფაქტორი განსაზღვრავს ბევრ რამეს. როცა მცალია, კულინარია დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ზაფხულში, არდადეგების პერიოდში, მაგალითად, დრო მქონდა და სიამოვნებით გავაკეთე ატმის მურაბა, რომელიც მეც ძალიან მომწონს და ჩემს სტუმრებსაც.

გასტრონომიული სურნელი ასოციაციებს აღგიძრავთ ხოლმე?

დარიჩინის, მიხაკის სუნი ჩემთვის სახლთან, შინაურ განწყობასთან, სითბოსთანაა დაკავშირებული. 

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com