წიგნები, გემოები, გეოგრაფია, თამაში

მოკლედ, მე ასეთი თამაში მოვიფიქრე ‒ თვალახვეული მივდივარ თაროსთან და შემთხვევით, ალალბედზე ვიღებ წიგნს, შემდეგ, თუ მასში არ არის, მე მაინც ვცდილობ მოვძებნო ლიტერატურა და კულინარია, ხოლო თუ უკვე არის ‒ ამას რა ჯობია.

მმმ, აი, ნახე, დავბორიალობ ბიბლიოთეკის თაროებთან, მეტი ინტრიგისთვის გეტყვი, რომ ეს განყოფილება სულაც არაა მხატვრული ლიტერატურა, აქ ლექსიკონები, ლექსიკონები და კიდევ ერთხელ ლექსიკონებია ‒ მთელი საბადო, ერთგვარი განძთსაცავი.

მე რომ მკითხო, ლექსიკონი ‒ ღმერთების წიგნია, აბა, სხვაგვარად როგორ უნდა მოახერხონ მათ ერთდროულად ყველგან და არსად ყოფნა ‒ ჰოდა, ამიტომაც მგონია, რომ ანტიკური ღმერთები ლექსიკონებში ცხოვრობენ.

ნახე, რამდენი ჯადოსნური წიგნია ‒ განმარტებითი, ორთოგრაფიული, სინონიმთა, გეოგრაფიული სახელების, ეტიმოლოგიური, სიმფონია-ლექსიკონები, უცხო ენათა…

სიტყვა გამიგრძელდა, ხელისცეცებით ვსინჯავ წიგნებს, ისე ადვილად საგრძნობია წიგნების მტვერი, სხვადასხვა ფაქტურის ყდა ‒ რბილი, მაგარი, ტყავის, მუყაოსი, ზოგი რელიეფური, ზოგი ‒ ძალიან გლუვი, მორჩა, რაც არის, არის, ერთი წიგნი მოვიხელთე ‒ ჩემს ბადეში მოხვდა.

თვალს ვახელ და ვუყურებ ‒ მოყავისფრო წიგნია, საშუალო ზომის, მაგარყდიანი ‒ „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1989 წ.

მდაას, რას იტყვი, რთული მისია მხვდა თუ არა წილად? ‒ ლიტერატურად ვაქციო, მხატვრულ ტექსტად წარმოვიდგინო მთელი ეს გეოგრაფია და ორთოგრაფია. მერე კი, არც მეტი და არც ნაკლები, სამზარეულოში, ქურასთან გადმოვიტანო. ვინ თქვა, რომ მოგზაურობა მხოლოდ გემით, მანქანით. თვითმფრინავით ან თუნდაც, დირიჟაბლით შეიძლება? არა, წიგნი და კერძი ‒ ჩემი ვიზაც ესაა და ბილეთიც ახალ, აღმოუჩენელ მხარეში. ძნელია? ვინ იცის, ჩვენ მივყვეთ.

შესავალში ვიგებ, რომ ამ შესანიშნავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორები, გამოჩენილი ენათმეცნიერები არიან ‒ ქართული ფილოლოგიის ღმერთები თუ ნახევარღმერთები ‒ ეს ჩემს პასუხისმგებლობას ზრდის.

თვალსაჩინოებისათვის პირველივე გვერდს გაჩვენებ:

აარე ‒ მდ. რაინის მარცხ. შენაკადი; შვეიცარია (პირველი შემადგენელიც მოვიმარაგე ‒ კარგი, შვეიცარიული ყველი!)

აახენ-ი ‒ ქ; ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარე (მმმ, იქნებ რამე ძალიან გერმანული გამოვაცხო?)

აბა ‒ ქ; აღმოსავლეთი ოლქი, ნიგერია; (დესერტისთვის აუცილებლად ყავას გამოვიყენებ, ყავის კრემი და ჟოლო, როგორია?)

აბადან-ი ‒ ქ; ხუზისტანის ოსტანი, ირანი; (ბროწეული მაქვს, ირანისთვის საკმარისია)

აბაი ‒ ცისფერი ნილოსის სახელწოდება ეთიოპიაში; (სანელებლებიანი უსაფუარო პური და ბევრნაირი სოუსი)

აბასიანთა სახელმწიფო ‒ ბაღდადის სახალიფო, არაბული ფეოდ. სახელმწიფო 750-1258 წლებში (მმ, აქ, რა თქმა უნდა, უნაზესი ცხვრის ხორცი მახსენდება კუსკუსით და ჰუმუსი, გაფიცხებული, არაბული პურით)

აბაშეთი ‒ ეთიოპიის ძვ. ქართული სახელწოდება; (ეთიოპიაზე უკვე ვილაპარაკე)

აბიჯანი ‒ ქ; კოტ-დ’ივუარი; (კოტ დ’ივუარის სამზარეულოზე არაფერი ვიცი, უნდა დავინტერესდე ერთი!)

აგუასკალიენტესი ‒ ქ. მექსიკა; (მმ, ფრიდა კალოს სამზარეულო და სანელებლებითა და ფერებით მდიდარი მექსიკის გემო)

ადელის მიწა ‒ ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი… (აქ კი მართლა არაფრის თქმა შემიძლია, თუმცა, კულინარიულ ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს?!)

გადავდივარ თამაშის მთავარ ნაწილზე:

მაშ ასე, აეროპლანით მოგზაურობს ჩემი წარმოსახვითი გმირი თუ თვითმფრინავით, მხოლოდ სივრცეში თუ დროშიც, ევროპიდან აფრიკამდე, სხვა პლანეტებზე, თუ სულაც პარალელურ დროში, არაფერი ისე არ აღვიძებს ფანტაზიას და ქმნის სიუჟეტს, როგორც საინტერესო ტოპონიმიკა, ხოლო ბგერითი შემადგენლობა, ემოციური აღქმა, მეხსიერების სიღრმეებიდან ამოტანილი ინფორმაცია თუ უბრალოდ, მოგონება, ან ცნობიერების ნაკადი საერთოდ ‒ ისეთ ფერად ლიტერატურულ ტილოს დახატავს, რომ წარმოდგენა შეუძლებელია.

საერთოდაც, სახელების დარქმევის ნიჭი, ერთ-ერთი პირველი ჯილდოთაგანია, რომელიც ადამიანს ებოძა.

ვმოგზაურობ ამ წიგნში, გეოგრაფიული სახელიდან გეოგრაფიულ სახელამდე, სიტყვიდან სიტყვამდე, ა წერტილიდან ბ წერტილამდე, ერთი კერძიდან მეორემდე…

თავბრუდამხვევი შთაბეჭდილებაა:

„ბარსელონა“ ‒ ბავშვობაში კატა მყავდა და მას ერქვა ასე;

„დია“, ჩემი სახელის შემოკლებული ვარიანტი, ანუ როგორც ჩემი შვილი მეძახის ‒ მდინარე ყოფილა. სწორედ, ამ მდინარის პირას დაიწყება ჩემი ამბავი, უფრო სწორად ჩემი წარმოსახვითი ტექსტის გმირის, ხოლო სად დამთავრდება, ვნახოთ, ჯერ მხოლოდ ქართული ანბანის დასაწყისია…

ივლის ჩემი პერსონაჟი და ასე იმღერებს: „სან-ტომე-დე გუაიანააა“… ‒ სიმღერა გეგონა? სინამდვილეში შტატია, ვენესუელაში.

მერე თავისი კერძის მომზადებას შეუდგება და აი, აქ დაიწყება მთავარი ამბავი…

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com