კულინარიული პრემიერა

ქეთი ხიტირი  ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე

ერთმანეთი წლების წინ თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს, თუმცა მათ პროფესიულ და პირად ურთიერთობაში გადამწყვეტი ეტაპი მოგვიანებით დადგა, როცა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის „პირველ სიყვარულში“ ერთ-ერთი მთავარი როლი ქეთი ხიტირს ერგო. სემუელ ბეკეტის პიესის ქართველი დამდგმელი რეჟისორი წლების შემდეგ ხუმრობს, რომ სწორედ იმ დროს „და აგერ უკვე მერამდენედ, ეწვია ის პირველი სიყვარული.“ სპექტაკლის წარმატებულ პრემიერას რუსთაველის თეატრში ქეთისა და ნიკას არაერთი თანამშრომლობა მოჰყვა, პირად იდილიურ სივრცედ კი ჯიღაურა იქცა ‒ სახლი დიდი ეზოთი და სიმწვანით. თავისუფალი დროის დიდი ნაწილი აქ კულინარიას ეთმობა, რომელსაც ორივე ისევე არტისტულად და ექსპერიმენტულად უდგება, როგორც პროფესიულ თავგადასავალს.

გამორჩეულად საყვარელი კერძი თუ გაქვთ?

ნიკა: მიუხედავად იმისა, რომ მეც და ქეთიც არა მარტო ქართული სამზარეულოს მოყვარულები ვართ, არამედ, ზოგადად, კულინარიას დიდ პატივს ვცემთ, ჩემს გამორჩეულად საყვარელ საჭმელს ძნელად თუ დაგისახელებთ. სრულიად უპრეტენზიო ვარ ამ მხრივ. ვცდილობ ნებისმიერ კერძში ვიპოვო რაღაც პლუსი, ის გემო თუ საწყისი, რითაც ის ფასდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს წიწიბურა იქნება თუ, ვთქვათ, რომელიმე რაფინირებული ფრანგული კერძი. 

ქეთი: ჩემთვის ასეთი, გამორჩეულად საყვარელი პროდუქტი კიტრი და პომიდორია. იმდენად მიყვარს, ვერც ზამთარში ვამბობ უარს. რამდენიმე ადგილი მეგულება, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს დანამდვილებით ვიცი, რომ კარგს ვიყიდი. სხვა არაფერი მახსენდება. ზოგადად, კარგი საჭმელი ორივეს გვიყვარს. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი სიამოვნებაა. ნიკა პრეტენზიული საერთოდ არაა, ყველაფერს მიირთმევს, მთავარია, გემრიელი იყოს. განსაკუთრებულად რაზეც გიჟდება, ტკბილეულია, მე კი
საერთოდ არ მიყვარს.

კულინარიაში ექსპერიმენტებს თამამად მიმართავთ?

ქეთი: ნიკუშა ნამდვილი ექსპერიმენტატორია იმ მხრივ, რომ ერთსა და იმავე კერძს ყოველთვის განსხვავებულად ამზადებს. რეცეპტს არ იმეორებს. მუდმივად ცდილობს რაღაც ახალი მოიგონოს ან აღმოაჩინოს.

ნიკა: ტრადიციულ ქართულ კერძსაც რომ ამზადებდე, იქაც ყოველთვის შესაძლებელია ექსპერიმენტს მიმართო.
მაგალითად, მწვადს გარნირად ძალიან უხდება სხვადასხვა ხილი თუ ბოსტნეული, სეზონურობის მიხედვით. ყოველ ჯერზე ვცდილობ რაღაც ახალი დავამატო, გემოს ვეძებ. რა თქმა უნდა, ხანდახან კრახით სრულდება ხოლმე ეს ექსპერიმენტები, მაგრამ წარმატებული მცდელობებიც მახსენდება.

ერთმანეთის მომზადებული რა მოგწონთ განსაკუთრებით?

ქეთი: ნიკუშა, ზოგადად, არაჩვეულებრივად ამზადებს. ხორცს, მაგალითად, მე არც კი ვეკარები, მას იმდენად გემრიელად გამოსდის. მწვადს, რომელიც ზემოთ ახსენა, ვფიქრობ, ნიკასავით ვერავინ წვავს. სტეიკსაც გასაგიჟებლად ამზადებს, სასწაულად კმაზავს სუნელებით. ასევე არაჩვეულებრივად წვავს თევზსა და ბოსტნეულსაც გრილზე.

ნიკა: ქეთიც ძალიან ბევრ რამეს ამზადებს გემრიელად. მარტივ საჭმელსაც ისე შემოგთავაზებს, რომ არ არსებობს,
არ მოგეწონოს. ერთად ვარჩევთ ხოლმე ინგრედიენტებს. თუ არჩევანის საშუალება გვაქვს, უპირატესობას ადგილობრივ პროდუქტს ვანიჭებთ. ორივე ვთანხმდებით, რომ თუ ვამზადებთ, ძალიან გემრიელი უნდა მოვამზადოთ. ვიზუალურ მხარეს მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მთავარია, გემო იყოს ნამდვილი, ნატურალური. ესაა გადამწყვეტი ჩვენთვის.

ჯანსაღ კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?

ნიკა: დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის. ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში გარეთ გვიწევს
ყოფნა. თეატრში კი გვაქვს სამზარეულო, მაგრამ სახლში შენი მომზადებული მაინც სხვაა. თან ქეთის, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, მაინც არ ეზარება სამზარეულოში შესვლა. ძალიან სწრაფად აზადებს ყველაფერს. ჰოპ, ჰოპ და უცებ გააკეთებს მაგარ რამეს. მსახიობი რომაა, კერძშიც ყოველთვის იგრძობა მისი არტისტიზმი. რაც საცხოვრებლად ჯიღაურაში გადმოვედით, ჯანსაღი კვება გაცილებით გაიოლდა. ეზოში თითქმის ყველანაირი ხეხილი გვაქვს. სტუმარი რომ მოგივა, ორ-სამ მტევან ყურძენს ჩამოწყვეტ, კაკალი გაქვს და გუდის ყველი, ბევრი არც აღარაფერი გინდა. გუდის ყველი კახეთიდან ჩამოგვაქვს. თელავთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, სპექტაკლებს ვდგამ ხოლმე იქ, ბევრი მეგობარი გვყავს. ნატურალური პროდუქტით ისინიც გვამარაგებენ და ჩვენი აქაური მეზობლებიც.

ქეთი: სამზარეულოსთან დაკავშირებული ნამდვილად არაფერი არ მეზარება, მთავარია, ცოტა დრო მაინც მქონდეს. მირჩევნია თვითონ მოვამზადო და მივირთვა, ვიდრე ვიყიდო და ის ვჭამო. ჩვენთვის კულინარია ერთ-ერთი სასიამოვნო საქმიანობაა. როცა ვისვენებთ, დილით ვთანხმდებით რისი მომზადება გვინდა, მერე ამის მიხედვით ინგრედიენტებს ვიმარაგებთ. ვცდილობთ მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტი შევარჩიოთ. საგურამოში დიდი ეზო გვაქვს. როცა ძალიან კრიტიკული ყინვებია, მარტო მაშინ შევდივართ სახლში, წლის დანარჩენ დროს ან ეზოში, ან ვერანდაზე ვატარებთ. ორივეს გვიყვარს გაზაფხულის ახალი, ცოცხალი პროდუქტის მრავალფეროვნების გამოც. ნიკა ყოველ დილით 6 საათზე დგება, თვითონ უვლის ეზოს, მცენარეებს და მეც შემაყვარა ეს ყველაფერი, ადრე არანაირი ინტერესი არ მქონდა, მარტო საყურებლად მომწონდა.

თუ არის პროდუქტი ან კერძი, რომელიც არასდროს გაგისინჯავთ?

ნიკა: მე თითქმის ყველაფერი დაგემოვნებული მაქვს. მოგზაურობა ამ მხრივაც დიდ სიამოვნებას უკავშირდება. აბსოლუტურად გახსნილი ვარ გასტრონომიული სიახლეების მიმართ. იტალიური ყველა კერძი მიყვარს, გერმანულ ხორცეულზეც ვგიჟდები.

ქეთი: მეც, სადაც მოვხვდები, ვცდილობ, ტრადიციული კერძების დაგემოვნებაზე უარი არ ვთქვა, თუმცა გველს, ბაყაყს ან ლოკოკინას, ალბათ, ვერასდროს გავსინჯავ. ჩემი უდიდესი სურვილია ტოკიოში მოვხვდე და ადგილობრივი სუში დავაგემოვნო, რომელზეც აქ ჭკუას ვკარგავ.

თქვენი საუზმე როგორია?

ნიკა: საუზმე ქეთიმ შემაყვარა, დილით საერთოდ არ ვჭამდი. რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიაში ვსწავლობდი, იქაც უდიდეს პატივს სცემენ საუზმეს. იმ პერიოდში მეც მათი გავლენის ქვეშ ვიყავი, მერე დავივიწყე საუზმე. ახლა დილით ჩემი საჭმელი, როგორც წესი, კვერცხია.

ქეთი: ნიკას როცა არ უნდა ჰკითხო საუზმეზე რას მიირთმევს, აუცილებლად კვერცხს დაგისახელებს. თოხლო კვერცხზე გიჟდება. მე დედამ მიმაჩვია საუზმობას, ამის გარეშე ვერაფრით წარმომიდგენია. დილით ჩემი საკვები, ძირითადად, რძის პროდუქტია ‒ ხაჭო და არაჟანი.

ერთმანეთის გავლენით თქვენი კულინარიული გემოვნება შეიცვალა?

ქეთი: ხორცი და ბოსტნეული ნიკას საყვარელი პროდუქტია, მეც შემაყვარა და ჩვენს მეგობრებსაც. როგორც კი დათბება, ყველას ჩვენთან უნდა მოსვლა ნიკას მწვადისა და გრილზე შემწვარი ბოსტნეულის დასაგემოვნებლად. ზოგადად, ემთხვევა ჩვენი გემოვნება. ნიკუშა დედის მხრიდან გერმანელ-პოლონელია, ამ მხრივაც საინტერესო გავლენას განიცდის. დედამისი მხატვარია, მას ძალიან პიკანტური გემოვნება აქვს. თან, რაც არ უნდა მოამზადოს, მიხვდები, რომ ხელოვანის ნახელავია.

ნიკა: ხილი, რძის პროდუქტი ორივეს ძალიან გვიყვარს. პიტნას ვიყენებთ აქტიურად, ჩაის სახითაც და საჭმელშიც. ხილის კომპოტს, მაგალითად, დაფნას ვამატებთ, მე მოვიფიქრე ეს და ძალიან საინტერესო კომბინაცია გამოვიდა, ვთამაშობთ სხვადასხვა გემოთი.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა პლუსი, როცა ადამიანი კარგად ამზადებს?

ნიკა: ნამდვილად არის პლუსი, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანისთვის ჭამა საჭიროების დაკმაყოფილებასთან ერთად სიამოვნებაცაა. თუმცა ზომიერებაა ამ მხრივ საჭირო, ზღვარი უნდა დაიცვა. როცა მაცივარში პროდუქტი გიფუჭდება, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბავშვები შიმშილით იღუპებიან.

ქეთი: საჭმლის გაფუჭება არის ის, რასაც ნიკა ვერ იტანს, ამაზე შეუძლია სერიოზულად მეჩხუბოს.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ესთეტიკურად გამოი- ყურებოდეს სივრცე, სადაც ამზადებთ?

ქეთი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლამაზ გარემოში მოვამზადო. თეფშსაც კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომელზეც საჭმელი უნდა დავდო.

ნიკა: რა თქმა უნდა, კარგია, თუ შესაძლებლობა გაქვს და ისეთ სამზარეულოს მოიწყობ, როგორიც მოგწონს. მე, პირადად, მარტივი, პროვანსული ესთეტიკაც მხიბლავს. გადამწყვეტი მაინც ისაა, რომ გემრიელი რაღაც გამოიტანო და კარგი დრო გაატარო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც შენს ნახელავს ელოდებიან.

თინუსის სალათი

ინგრედიენტები:
• თინუსი – 1 ც.
• მჟავე კიტრი – 4 ც.
• მოხარშული კვერცხი – 3 ც.
• პომიდორი ჩერი – 4 ც.
• სალათის ფურცელი – 6 ც.
• სიმინდი – 50 გრ.
• მწვანე ხახვი – 4 ც.
• მარილი – გემოვნებით
• ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი ან
მაიონეზი – გემოვნებით

მომზადების წესი:
თინუსს ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად, ვამატებთ მჟავე კიტრს, მოხარშულ კვერცს, პომიდორ ჩერის, სალათის ფურცლებს, სიმინდს, მწვანე ხახვს და სურვილის მიხედვით ან მაიონეზს, ან ზეითუნის ზეთსა და ბალზამიკოს.

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com