საბჭოთა კავშირი დიდი ხანია დაიშალა, მაგრამ ის კვლავ არსებობს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცნობიერებაში, მათ შორის ჩვენს ყოველდღიურ კვების რაციონშიც. სახლებში მირთმეულ საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაჰკრავს საბჭოთა კულინარიის ელფერი.
ეს გავლენა ცხადია საახალწლო სუფრაზეც იგრძნობოდა და იგრძნობა დღემდე. თუმცა, ამასთან ერთად საახალწლო სუფრა იყო იმის მტკიცებულებაც, რომ საბჭოთა სისტემა, ასე მარტივად ვერ მოერეოდა და ვერც გადასანსლავდა ეროვნულს.
ახალი წლის ღამეს, ერთი სუფრის გარშემო იკრიბებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბედნიერები იყვნენ ამ წყობაში, ისინიც, რომლებმაც საუკეთესო წლები დაკარგეს ამ წყობაში, ისინიც ვისთვისაც ეს ბავშობის ბუნდოვანი მოგონებებია და ისინიც, ვისთვისაც ეს სისტემა უხცხოპლანეტელებისგან დატოვებული ნანგრევების სახით მოვიდა.
არ ვიცი ვის და რატომ აქვს დღემდე ნოსტალგია ტელევიზორში “გალუბოი ოგონიოკსა” და ცუდი შამპანურის გემოზე, მაგრამ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, მცდელობა იქნება გავიხსენოთ, ტრადიციულად რას გვთავაზობდა საბჭოთა კულინარია?! როგორი გემო ჰქონდა ამ ყველაზე მახინჯ სისტემას და ღირს თუ არა “ზალივნაია რიბა” და “სალათი ოლივიე” მოგვენატროს?!
საბჭოთა ახალი წელი ყველაზე კარგად ელდარ რიაზანოვის ფილმ „ბედის ირონიაში“ აისახა, რომელსაც ეკრანებზე გამოსვლის დღიდან ყოველ წელს უყურებენ პოსტ საბჭოთა სივრცეში და რომელიც ვერა და ვერ ჩაანაცვლა ფრენკ კაპრას ფილმმა „ეს მშვენიერი ცხოვრება!“.
რიაზანოვმა, შეიძლება ითქვას, კი არ აღწერა საბჭოთა ახალი წელი, ეს მისმა ფილმმა შექმნა ხატი იმისა, თუ რას ნიშნავდა ახალი წელი საბჭოთა კავშირში. ფილმი, რომელიც იყო ერთგვარი სარკე იმ ეპოქის ყოფითი ცხოვრების, რომელშიც ყოველი წლის ბოლოს იხედებოდა მახინჯი სისტემა და იცინოდა. ნიშანდობლივია, რომ წლების განმავლობაში ეს ფილმი უცვლელი სიყვარულის ობიექტი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყოველ წელს ერთი და იგივე ფილმის ყურების მსგავსად, ცვლილებების სურვილი საერთოდ არ ჰქონდათ. ფილმი, რომელიც აჩვენებდა რა საშინელებაა იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ყველა უბედურია, და ცვლილებებს არ ელიან ახალი წლის ჯადოსნურ ღამესაც კი.
სინამდვილეში, რიაზანოვის ფილმი ყველაზე სევდიანი საახალწლო ფილმია, იმედგაცრუებული პერსონაჟებით, მახინჯი კორპუსებით, მოწყენილი სიმღერებით, რუსული ყინვით, უშნო ინტერიერებით, უგემური საჭმლით…
საახალწლო სუფრა ფილმში, ერთგვარი სიმბოლოა იმ ეპოქის და ამიტომაც, მოდით თვალი გადავავლოთ საბჭოთა კულინარიის შედევრებს მის მაგალითზე.
სალათები
საბჭოთა სალათების ნაირსახეობაში რამდენიმე ლიდერი გამოირჩეოდა, რომლებსაც ფილმშიც ვხვდებით. აი, რამდენიმე მათგანი.
„ოლივიე”
სალათი „ოლივიე“, იგივე „სტოლიჩნაია“, რომლის გარეშეც ტიპიურ საბჭოურ ოჯახში საახალწლო სუფრა წარმოუდგენელი იყო. უპირობოდ, საბჭოთა სუფრის დედოფალია. მინიმუმ ჯანსაღი პროდუქტი და მაქსიმუმ მაიონეზი (თანაც ცუდი) ამ სალათს დღემდე უნარჩუნებს ლიდერობას სუფრაზე. „ოლივიე“ რუსეთში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაჩნდა. ეს ფრანგი მზარეული ლუსიენ ოლივიეს დამსახურებაა, რომელსაც საკუთარი რესტორანი ჰქონდა მოსკოვში, სახელად „ერმიტაჟი“. სავარაუდოდ, ფრანგი მზარეულის მთავარი საიდუმლო ‒ განსაკუთრებული მაიონეზი იქნებოდა, რომელიც საბჭოურ ვარიანტში მდარე ხარისხის მაიონეზმა შეცვალა. ბებიების ოსტატურად გაკეთებულ ამ სალათს, სკოლის და სტუდენტობის უდარდელ პერიოდებში მთელი თაობები კონტეინერებით ათრევდნენ დაბადების დღეებსა და „ტუსოვკებზე“, სადაც ვითომ არ იყო საჭირო საჭმელი, მაგრამ ლიტრობით უხარისხო ალკოჰოლს რაღაც მომენტში მაინც სჭირდებოდა მისაყოლებელად.
ჩვენს რეალობაში ხაჭაპური და „ოლივიე“ ყველაზე კლასიკური და ამავე დროს აბსოლუტურად შეუთავსებელი „ქორწინებაა“ ასეთ შეკრებებზე.
„მიმოზა“
არ ვიცი, რამდენს გახსოვთ ეს ყვითელი სალათი, რომელიც ასევე პოპულარული იყო საახალწლო სუფრებზე და რატომ და ვინ გადაწყვიტა, რომ კვერცხის გულის ჭარბი გამოყენების გამო მისთვის ამ ულამაზესი გაზაფხულის ყვავილის სახელი დაერქვა?! კვერცხი, ყველი, თევზის კონსერვები და მაიონეზის „ოკეანე“ ‒ სულ ეს არის სალათი „მიმოზა“.
„შუბა”
კიდევ ერთი მაიონეზიანი შედევრი. საახალწლო სუფრის კიდევ ერთი კლასიკური კერძი. ინგრედიენტები ‒ ქაშაყი, კარტოფილი, ჭარხალი, მოხარშული კვერცხი, ვაშლი და სტაფილო.
მაიონეზში „ჩამხრჩვალი“ ჭარხლისა და ქაშაყის შერწყმა ნამდვილად, საახალწლო სუიციდური განწყობის გარანტიაა, ფილმის სევდიანი მელოდების ფონზე.
ლაბასხმული თევზი
ეს კერძი ნამდვილად საბჭოთა ახალი წლის სიმბოლო და ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, როგორ შეიძლება ვინმესთვის თევზის ბულიონისგან მიღებული ცივი ჟელე გემრიელი იყოს, უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა მისი მომზადება და არა მარტო ნადია შეველიოვასთვის.
შპროტის კონსერვი
შებოლილი პატარა თევზები ზეთის ოკეანეში იყო ნომერ პირველი „ზაკუსკა“ საახალწლო სუფრაზე. შპროტის ჭარბი მიღების შემთხვევაში, ადამიანი კანცეროგენული ნივთიერებების დაახლოებით იმავე დოზას ღებულობს, რასაც ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევისას. განსაკუთრებული პოპულარობით საახალწლო სუფრაზე შპროტისა და შავი პურის ბუტერბროტები სარგებლობდნენ. როგორი არომატებით იქნებოდა გაჟღენთილი საახალწლო ღამე?! ‒ ადვილი წარმოსადგენია…
„ხალადეცი”
ხორცის გაყინული ბულიონი ხორცის ნაჭრებით, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან არის ცნობილი. ლაბასხმული თევზისგან განსხვავებით, რომელსაც ჟელატინის ან მსგავსი ინგრედიენტების დამატება სჭირდება, „ხალადეცი“ ‒ ლაბასხმული არ საჭიროებს დანამატებს: ღორის ფეხები, კანჭები, თავი, ყურები და სხვა ნაწილები ‒ მისი შემადგენელი ნაწილია. ამით ის ქართულ მუჟუჟსაც ენათესავება. როგორც წესი „ხალადეცს“ ‒ ლაბასხმულს სუფრასთან მდოგვთან ან პირშუშხასთან ერთად მიართმევენ.
ნაპოლეონი
მთავარი დესერტი ახალ წელს, დაბადების დღეებზე, საერთოდ ყველა ტიპის დღესასწაულებზე. ერთ-ერთი ყველაზე უგემური ნამცხვარი, რომელსაც ყველაფერთან ერთად, საშინელი დისკომფორტიც ახლდა თან.
ნამცხვრის ჩაკბეჩით გესვრებოდა ტანსაცმელი, ყველგან იყრებოდა ნაფშხვენები და გეჩხირებოდა კბილებში.
თუმცა არსებობს ბებიების კატეგორია, რომელთა ოქროს ხელებიდან ყველაფერი უგემრიელესი გამოსდით და ამ საზიზღარი ნამცხვრის ჯადოსნურ რეცეპტებსაც ფლობენ.
შამპანური
ახალი წლის ღამე, რასაკვირველია, საბჭოთა შამპანურის გახსნით დგებოდა, რომელიც ვაღიაროთ, რომ ძალზე შორს იდგა იმისგან, რასაც შამპანური ჰქვია და ერთი ჭიქის შემდეგ, კარგად ვიცით, სადღესასწაულო ღამეს საბჭოთა კავშირი არყის სმით აგრძელებდა.
კაცმა რომ თქვას, სხვანაირად ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ამდენი თევზის კონსერვის და ზღვა მაიონეზის მონელება.
მანდარინები
რუსული სუფრის ამ ჰორორში, მაგიდაზე უხვად დაყრილი მანდარინები მზესავით ანათებდნენ.
მანდარინებს მოჰქონდა ფერი, სუნი, გემო და რაც მთავარია ‒ განწყობა, რის გამოც ეს სუნი საბჭოთა ბავშვობა გამოვლილი თაობისთვის მართლაც ახალ წელთან ასოცირდება.