BXL Wives Club

FIN_CULINART_1517

ბრიუსელის ქალთა კლუბი 

როცა უცხოეთში ცხოვრობ და შენ ქვეყანას წარმოადგენ საერთაშორისო ასპარეზზე მთელი მონდომებით ცდილობ, რომ არა მარტო სამსახურეობრივი, არამედ ადამიანური რესურსებიც გამოიყენო, რათა შენი ქვეყანა წარმოაჩინო ყველასთვის საინტერესო კუთხით. 

ბრიუსელში რამდენიმე წელია ქალთა კლუბი BXL Wives Club დავაფუძნეთ. ყოველ წელს ახალი წევრები გვემატება, ბევრიც გვაკლდება. ეს ყველაფერი კი ჩვენი მეუღლეების დიპლომატიური სამსახურის როტაციის გრაფიკზეა დამოკიდებული. ბრიუსელის დიპლომატების ცოლების კლუბი უმეტესად დიასახლისებს აერთიანებს. მეუღლეებთან ერთად ჩვენც ქვეყნის სამსახურში ვდგევართ და სახალხო დიპლომატიას ვანვითარებთ. 

ყოველწლიურად NATO-ში საქველმოქმედო ღონისძიება ტარდება Wives Bazaar. დიპლომატებისა და სამხედრო ოფიცრების მეუღლეები ერთიანდებიან, რათა სოლიდური თანხა შეგროვდეს ბავშვთა დახმარების ფონდში გადასარიცხად. წევრები თავად ირჩევენ, თუ რა ფორმით წარსდგნენ. ერთნი თავისი ქვეყნის სამზარეულოთი იწონებენ თავს, მეორენი ხელნაკეთი სუვენირებით. ზოგიც საიუველირო შემოქმედებით. 

FIN_CULINART_1512

მარიამ ძნელაძე ნატო-სთან საქართველოს სამხედრო წარმომადგენლის მეუღლე 

FIN_CULINART_1513

NATO Wives Bazaar-ში ჩვენი მონაწილეობით მცირედი წვლილი შეგვაქვს ბავშვთა დახმარების ფონდში. ქართული ღვინო ნელ-ნელა თავის სეგმენტს იკავებს. სულ უფრო მეტი დამთვალიერებელი მოდის ჩვენ სტენდთან. მეტიც, უკვე ქართული ღვინის სახეობებს ანსხვავებენ და კონკრეტულ დასახელებებს ეძებენ შესაძენად. მოთხოვნაა ქართულ სამზარეულოზეც. გაზაფხულზე მონსში, ნატოს სამხედრო ბაზაზე ოფიცრები თავიანთი ოჯახებით იკრიბებიან და ნაციონალური კერძების ფესტივალს მართავენ. ესეთი სახის შეხვედრები ხელს გვიწყობს, პროტოკოლის დაცვის გარეშე, მეგობრულ გარემოში უშუალოდ გავიცნოთ ერთმანეთი. 

დიპლომატიური მიღების ეტიკეტი განსხვავდება ჩვეული სუფრის წესებისგან. წინასწარ შეთანხმებულია მენიუ, სტუმართა რაოდენობა, დაგეგმილი სადილის ხანგრძლივობა, კერძების მირთმევის ფორმა. 

ქვეყნის ნაციონალური დღისადმი მიძღვნილი დიპლომატიური მიღების მენიუ ეროვნულ ხასიათს უნდა ატარებდეს, მაგრამ მხედველობაში უნდა მიიღოთ სტუმრის ნაციონალური და რელიგიური ტრადიციები. წინასწარ უნდა განსაზღვროთ, ვინ მოიხმარს მხოლოდ ვეგეტარიანულ საკვებს და ვინ არ ჭამს ღორის ხორცის კერძებს. ნადირობის აკრძალვის პერიოდში ცუდი ტონია გარეული ფრინველის მირთმევა. 

ელჩის ცოლი, როგორც მიღების დიასახლისი ზრუნავს გაფორმებაზე და წინასწარ ადგენს მენიუს. 

FIN_CULINART_1514

თეა კიკნაძე ნატო-სთან საქართველოს ელჩის მეუღლე 

რადგან ქართული სამზარეულო რამდენიმე ავთენტურ კერძს მოიცავს, სტუმრები წინასწარ სურვილს გამოთქვამენ, რომ მენიუში ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალეული, ჩურჩხელა დავამატოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაქაფული წვნიანია, მის გარეშე წარმოუდგენელია ქართული სუფრის პრეზენტაცია. 

დიპკორპუსის დატვირთული გრაფიკის გამო, BXL Wives Club მონაწილეობას იღებს საორგანიზაციო საკითხებში. 26 მაისის მიღება მნიშვნელოვანი თარიღია ქვეყნის ტრადიციების წარსადგენად. საქართველოდან მოწვეული სტუმრების დახვედრა-განთავსება, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობა. ეს დღე ჩვენი ქვეყნის ქომაგების და გულშემატკივრების დიდი ზეიმია. წელს სადღესასწაულო სადილს თბილისიდან მოწვეული მზარეული ვახო დევდარიანი შეფობდა და ჩვენც მონდომებით შეუერთდით საზეიმო მზადებას. 

მთავარი გამოწვევა პროდუქტების მოძიებაა. სუნელების ძირითადი ნაწილი ინდურ მაღაზიებში გროვდება. ტარხუნა ბელგიელ ფერმერებთან გვეგულება. ჭარხლის ფოთლებს მაროკოელ გამყიდველებთან ვეძებთ. ქინძს და რეჰანს ლიბანელებთან, ხოლო კაკალს და თაფლს თურქებთან. მაგრამ მთავარი ამანათი თბილისიდან მოდის. 

ვინც უცხოეთში დიდი ხნით შეყოვნებულა ყველას გამოცდილი აქვს ეს სიხარული. ქილით ჩამოტანილი აჯიკის სურნელი სახურავის მოტრიალებისას ცხვირში რომ შეგეფეთება, ან ხარშოს სუნელს რომ დაყნოსავ და ღომში ჩამდნარი ყველი გაჩნდება მეხსიერებაში. ტყემალი, რომელიც ძალიან გემჟავება, მაგრამ მაინც აგემოვნებ რომ წარმოსახვაში შენს ბაღში ფეხშიშველამ გაირბინო. მერე შენს უცხოელ მეგობრებს უზიარებ ამ ყველაფერს. ისინი ვერ იგებენ, მაგრამ შენ იმდენად გიხარია, რომ მათაც უხარიათ. 

მზარდი ინტერესია ქართული სამზარეულოს მიმართ, გვთხოვენ მასტერკლასებს. მოყვარულთა უმეტესობა საქართველოში ნამყოფია და სურთ უკვე თავის მეგობრებში გააზიარონ ქართული კერძების რეცეპტები. საახალწლოდ გოზინაყისა და ტკბილი სუფრის პრეზენტაციას ვგეგმავთ. 

ბრიუსელის ქალთა კლუბი BXL Wives Club გილოცავთ შობა-ახალ წელს. 2017 წელი ყოფილიყოს სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული წელი! მრავალს დაესწარით! 

FIN_CULINART_1515

FIN_CULINART_1516

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com