სიახლე ქართულ ბაზარზე: ჯაშუში სუნელების კრებული

IMG_2152

ამ საინტერესო ინიციატივის ავტორი მაკო ქავთარაძეა და თავად გვიამბობს, თუ როგორ გაჩნდა ჯაშუში სუნელების შექმნის იდეა: 

„თებერვლის ბოლოს, განსაკუთრებით მიმძაფრდება სურვილი, რომ მალე მოვიდეს ზაფხული. გაზაფხულზე იწყება ჩემთვის აქტიური სეზონი და მხიარულება. სამი წლის წინ გადავწყვიტე მომეარა მთელი საქართველო. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მოგზაურობა არც ისე იაფია ჩვენთვის, ამიტომაც მეგობარმა მირჩია გიდის პროფესიისთვის მიმექცია ყურადღება. ასე რომ, გიდების ასოციაციაში მოკლე კურსი გავიარე ეთიკის (პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ), საქართველოს ისტორიის და ინგლისური ენის გამოცდები ჩავაბარე და მალევე, მუშაობას შევუდექი. მოვიარე მთელი საქართველო, ვიყავი ყველგან, არა მარტო ტურისტულ ადგილებში, არამედ მზით დამწვარ სოფლებში, მიტოვებულ დაბებში, ბაყაყებს რომ ტბა დაელიოთ ისეთ დაბლობებში, მოსახლეობა ხილივით რომ ამოდის ისეთ მთაში და ლარი რომ არ მოქმედებს, ისეთ ქართულ კუთხეებშიც. ყველას თავისი ხედვა, მოსაზრება და წარმოდგენა უყალიბდება საქართველოზე, ღვინის დამწურავ ქართველებზე და გადაბრუნებული ურემივით ჭრიალა ქართულ ენაზე. 

ბევრი მოსაზრება მოვისმინე ჩემზე, თქვენზე, მასზე, წარსულზე და მომავალზე. ისეთი ქვეყნებიდანაც მყოლია დამთვალიერებელი, რომლის არსებობის შესახებ გეოგრაფიაში არ უსწავლებიათ და არც წიგნში ან ფილმში მინახავს. 

ყოველი ტურის ბოლო შეკითხვაზე „რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ჩვენთან და რის გამოსწორებას ისურვებდით“, პასუხების ტოპ სამეული ყოველთვის ასე გამოიყურებოდა: 

პირველი: ხაჭაპური 

მეორე: ნიგვზიანი ბადრიჯანი 

მესამე: ყაზბეგი (გერგეთის სამება) 

ამ ყველაფერზე ვიცინოდით ზემოთხსენებულ თებერვლის საუზმეზე მე და ჩემი ძმა პუხო. იგი დიზაინერია და ესთეტურად გამართულ ნივთებს სხვანაირად უყურებს. უბრალო სამარილეში ჩვეულებრივად ჩაყრილ სვანურ მარილს ამრეზით დახედა და ტაფამწვარს მხოლოდ ამის გამო არ მოაყარა. მერე მოვყევი, რამდენჯერ უნდა დამეწერა ტურისტებისთვის ყველა იმ კერძის რეცეპტი, რომელსაც დააგემოვნებდნენ და რამდენჯერ მოვხვდებოდი ბაზარში იმის გამო, რომ ამ კერძისთვის საჭირო სუნელების შეძენაში დავხმარებოდი მათ. ამ მომენტში დაიბადა იდეა, შემექმნა ჯადოსნური ყუთი, რომელიც იქნებოდა კომფორტული ტრანსპორტირებისთვის, სიმძიმით, ზომით, წონით გარსით და შინაარსობრივი დატვირთვით. უკვე შეზავებული, სუნელები გამზადებული კერძის მოსამზადებლად, კომფორტულ და რაც მთავარია, ლამაზ შეფუთვაში, ზედ დატანილი რეცეპტით.“ 

პროდუქტს თან ახლავს კერძის მომზადების რეცეპტი სამ ენაზე, სად მოიძიეთ ეს რეცეპტები და რომელ კერძს გაუწევდით განსაკუთრებულ რეკომენდაციას? 

მეორე ეტაპზე შევადგინე იმ კერძების ჩამონათვალი, რომელსაც აუცილებლად სინჯავს საქართველოში მოხვედრილი ყველა უცხოელი. ამ სიიდან ყველა კერძს კი დედა ამზადებს, გარდა სვანური მარილისა, რომელსაც ჩემი მეგობარი, ანა გირგვლიანი, გვიგზავნის მესტიიდან. შესაბამისად, კერძების რეცეპტები დედამ მოგვაწოდა, რომელიც შემდეგ დავაკორექტირეთ, ვთარგმნეთ და ისე გადავიტანეთ ყუთზე. განსაკუთრებულ რეკომენდაციას ნიგვზიანი ბადრიჯნის სუნელს გავუწევდი; თვითონ კერძი დახვეწილი, ბევრისმთქმელი და პიკანტურია, მისი მომზადება კი არც ისე ადვილი; განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია სუნელების შეზავების პროპორციები, რაც იდეალურადაა დაცული ჩვენს შეფუთვაში. 

თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, როგორ უყურებთ საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას? 

საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ქართული და საერთოდ, კავკასიური კერძების ჩამონათვალი ძალიან მრავალფეროვანია, პროდუქტების სიაც არანაკლებ მიმზიდველი, ხოლო ხარისხი იმდენად თვალისმომჭრელია, რომ ვისურვებდი უფრო მეტი ძალისხმევა იხარჯებოდეს გასტრო კულტურის ტურისტულ ჭრილში წარმოდგენაზე. თუ მარკეტინგული და ინფრასტრუქტურული მიმართულებით ქვეყანა მეტ ძალისხმევასა და ფინანსებს მიმართავს კულინარიული ტურიზმის განსავითარებლად, ძალიან მალე, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში გადმოვინაცვლებთ. 

რამდენი სახეობის სუნელების კრებული გაქვთ გაყიდვაში? 

გაყიდვაში გვაქვს ექვსი სახეობის სუნელების კრებული, განკუთვნილი შემდეგი კერძებისათვის: საცივი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო ქოთანში, ჩაშუშული, სვანური მარილი (კუბდარისთვის), ხინკალი. 

ამჟამად ვამზადებთ რეცეპტს და სუნელების ნაკრებს თევზიანი კერძისთვის. 

როგორი გამოხმაურება აქვს ტურისტებისაგან თქვენს ჯაშუშ სუნელებს? 

რასაკვირველია, ტურისტების მხრიდან მოწონება დაიმსახურა ჩვენმა სუნელების კრებულმა. ასევე ნაციონალობების მიხედვით სახეობების მიმართ დაინტერესების მაჩვენებელიც გამოიკვეთა, მაგალითად: არაბული და აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ძირითადად ლობიოს და ბადრიჯნის სუნელით არიან დაინტერესებული, ხინკლით უფრო ევროპელები ინტერესდებიან, საცივის შესყიდვით ‒ ძირითადად რუსულენოვანი ტურისტები, ხოლო სვანური მარილი თავისი არსით უკვე ისეთი პროდუქტია, რაც აუცილებლად უნდა წაიღო საქართველოდან. 

სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა? 

ჩვენი პროდუქციის შეძენა შეიძლება ძველ თბილისში, ყველის სახლებში, მომავალში ვგეგმავთ გაყიდვების წერტილების გაფართოებას. 

(მაღაზიები: ქართული კალათა, არისტეუსი, ყველის სახლი ლესელიძეზე, ყველის სახლი ფალიაშვილზე, მეიდან ბაზარი, ლეღვთახევი, გალერეა 27, Caucasus Nature Jewels, 17 კვადრატი, მცხეთა, უფლისციხე, პაპრიკა, კაფე ლეილა. ონლაინ შესყიდვა შესაძლებელია საიტზე soplidan.ge). 

ხომ არ გეგმავთ გაფართოებას, მაგალითად, საკუთარი სარეალიზაციო პუნქტის გახსნას? 

ვგეგმავთ საკუთარი პატარა ბრენდირებული მაღაზიის გახსნას მცხეთაში, ტურისტული ბილიკის ჩაყოლებაზე. ვნახოთ რა გამოგვივა. 

გაუზიარეთ კულინარტის მკითხველს ერთი რეცეპტი საახალწლო სუფრისათვის. 

ქართველები მღერიან სანამ ფქვილში ხელს ჩაყოფენ, დანას და კოვზს ერთმანეთზე დაარტყამენ და გობში ისე ჩაამღერებენ. ასე რომ მთავარი რეცეპტი გემრიელი ქართული კერძის მოსამზადებლად, საუკეთესო გუნება-განწყობილებაა! 

IMG_022096

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com