ძალიან მიყვარს ახალი წელი და ამ დღესასწაულისთვის ისეთ ტრადიციულ კერძებთან ერთად, როგორიც არის საცივი და გოზინაყი, აუცილებლად ვამზადებ რაიმე განსხვავებულ კერძს. საახალწლოდ თუ თბილისში ვარ, მეგობრები ჩემთან იკრიბებიან და რადგან ყველას ერთი და იგივე საახალწლო მენიუ აქვს სახლში, ვცდილობ მათ რაიმე განსხვავებული დავახვედრო.
ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის, ისეთი კერძი შევთავაზოთ საახალწლო სუფრისთვის, რაც არ არის ჩვენს ქართულ ტრადიციულ სუფრაზე. საახალწლოდ შეგიძლიათ მოამზადოთ ღორის მედალიონები კენკრის სოუსით, ძალიან უხდება საახალწლო სუფრას, ხორცი და კენკრა ერთად ძალიან პიკანტურ გემოს იძენს. მაგალითად, ავსტრიის მთიან კურორტებზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ირმის ხორცი კენკრის სოუსით, რომელიც ასევე უხდება იხვს, ღორის ხორცს. კერძი ადვილი მოსამზადებელია, ინგრედიენტებიც არ არის იშვიათი. შეგიძლიათ ღორის სუკი დაჭრათ რამდენიმე ნაწილად, შეწვათ და კენკრის სოუსი მოასხათ. თუ ღორის სუკი არ გაქვთ, კერძი შეგიძლიათ ანტრეკოტით მოამზადოთ. ღორის მედალიონებს კენკრის სოუსით, ძალიან უხდება საახალწლო შამპანური. ადრე მისი დაგემოვნება რესტორან The Dining Room-შიც იყო შესაძლებელი. ბევრი სტუმარი ითხოვს მის მენიუში დაბრუნებას და სავარაუდოდ ასეც მოხდება.
საახალწლოდ უკვე მოვრთეთ The Dining Room და Keti’s Bistro. ორივე ობიექტში შეგიძლიათ დააგემოვნოთ გლინტვეინი, რომელიც ძალიან უხდება საახალწლო განწყობას. ახალ წელს ყველაზე მეტად სახლში ყოფნა მიყვარს. ჩემთვის ეს ოჯახური დღესასწაულია. ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად მივდივარ მთებში, ან სახლში ვარ და მეგობრები მყავს სტუმრად.
ჩემს სუფრაზე აუცილებლად არის ინდაურის საცივი, რომელიც ძალიან მიყვარს. თუმცა მე განსხვავებულად ვამზადებ. ტრადიციულ საცივს დედაჩემი აკეთებს, ბულიონიც მისგან მომაქვს და ჩემს რეცეპტს მივყვები. ვყიდულობ შესაწვავ ინდაურს, ვწვავ, ვჭრი და ინდაურის ბულიონისგან მომზადებულ წვენში ვაწყობ.
საახალწლო სუფრისთვის აუცილებლად ვამზადებ გოზინაყს მოუხალავი ნიგვზით და მისი გაკეთების პროცესში ჩემი შვილებიც სიამოვნებით მეხმარებიან. ზოგადად კულინარია, კომუნიკაციის არაჩვეულებრივი ფორმაა. გარდა ჩამოთვლილი საახალწლო კერძებისა, აუცილებლად ვწვავ ბარკალს, ბატს ან იხვს.
ჟურნალ „კულინArt“-ის მკითხველებს, The Dining Room-ის და Keti’s Bistro-ს სტუმრებს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს! ვუსურვებ წარმატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას!
ღორის მედალიონები კენკრის სოუსით
ინგრედიენტები:
• ღორის სუკი – 1 ც.
• გაყინული კენკრის მიქსი – 1
შეფუთვა (500 გრ.)
• ფორთოხალი – 1 ც.
• კარაქი – 50 გრ.
• ბრენდი – 100 გრ.
• თაფლი – 25 გრ.
• მარილი – გემოვნებით
• პილპილი – გემოვნებით
• დარიჩინი – 5 გრ.
მომზადების წესი: ღორის სუკს მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ბრენდი -20 გრ., ზეითუნის ზეთი -25 გრ. და გააჩერეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. კარგად გააცხელეთ ტაფა, ღორის სუკი ყველა მხრიდან დაბრაწეთ ტაფაზე. დაბრაწვის შემდეგ, 20-25 წუთის განმავლობაში სუკი მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. აიღეთ ტაფა, დადეთ კარაქი, დაახეხეთ ერთი ფორთოხლის ცედრა, დაუმატეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი, დააყარეთ კენკრა, დაუმატეთ თაფლი და ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, პილპილი, დარიჩინი. ბოლოს კი, დაუმატეთ დარჩენილი ბრენდი და ურიეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში, რომ წამოდუღდეს. შემწვარი სუკი დაჭერით მედალიონებად და მოასხით კენკრის სოუსი.
ფოტო: ირა კურმაევა