თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჯეოსელის ერთობლივი ლიტერატურული კონკურსი
მზადება წინა ღამეს დავიწყე. „შემოდგომის ლეგენდაზე“ მივდივარ, კახეთში, ფინალისტები უკვე ცნობილია, მე კი წელს ამ განსაკუთრებული ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი ვარ.
მზადება დავიწყე-მეთქი, გიყვებით, არა, კაბა კი არ გამიუთოვებია, არც ჩემოდანში ჩამიწყვია ორი დღის საკმარისი საწერი მასალა. ან რას ვბოდავ საერთოდ, ლეპტოპი მიმაქვს, ჩემი პერგამენტიც ისაა და ბატის ფრთაც.
მოკლედ, გადავწყვიტე, კონკურსანტ მწერლებს ლიტერატურული თამაში მოვუწყო, კულინარიული და ლიტერატურული ფანტაზიები გავუღვიძო და თანაც ერთმანეთი უკეთ გავაცნო. რა არის საუკეთესო საშუალება სხვა ადამიანის გასაცნობად? რასაკვირველია, ერთი კერძის ან დესერტის სხვადასხვაგვარად მომზადების უნარი. სწორედ აქედან არკვევ მის წარმოსახვის უნარს, გემოვნებას, გაბედულებას და ხასიათსაც, გარკვეულწილად.
ჰოდა, ასეთი მზაკვრული გეგმა მაქვს -ვაცხობ კრეპებს, როგორც საბაზისო მასალას, როგორც, ვთქვათ, მწერლისათვის ის ენაა, რომელშიც ცხოვრობს და რომელზეც წერს, რომლის ფლობაც თითქოს მარტივი და თანდაყოლილია, მაგრამ მაინც დიდ ოსტატობას მოითხოვს; ასევე, გავამზადებ სხვადასხვაგვარ სოუსს, ფერების, გემოებისა და დანიშნულების მიხედვით, მრავალფეროვანს, ერთი შეხედვით, ალოგიკურსაც კი ‒ თაფლსა და სხვადასხვაგვარ მურაბასთან ერთად, აჯიკას, მაწონს, წიწაკას, თუთის საწებელს, არაჟანს, ნაღებს, ნიგოზს, ცოცხალ ხილს და კიდევ უამრავ პატარა ეშმაკობას წავიღებ. სანელებლები? რასაკვირველია, აბა, ამის გარეშე როგორ შეიძლება? ყოველ ტექსტი ერთმანეთისგან სწორედ სანელებლების ზომიერად გამოყენებით განსხვავდება, ამიტომაც მიმაქვს ბლომად დარიჩინი, კოჭა, ხმელი ქინძი და სუნელი, პიტნა, ბაზილიკი, პაპრიკა, ფორთოხლის ცედრა…
როგორც ექიმი ილაგებს ხოლმე საჭირო ატრიბუტიკას, როგორც წითელქუდამ ჩაილაგა კალათაში ნაზუქები, როგორც მოლაშქრე იმარაგებს მათარას და ლიმონის ნაჭერს, მეც ისე სათითაოდ ჩავაწყვე ეს ჩემი ავლადიდება და კახეთში გავემგზავრე.
სანამ ფინალური, იმპროვიზაციული ტური იქნება, მონაწილეები უნდა გავიცნოთ, კონკურსის წესები ავუხსნათ, დავალება მივცეთ და ა.შ.
ჰოდა, სწორედ აქ მოდის ჩემი დრო.
ვუხსნი დავალებას, რომ ისევე, როგორც სიტყვებით აკეთებენ კომბინაციებს წერისას, ჩემი შეთავაზებული შემადგენლებით უნდა ითამაშონ, თან თავიანთი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები ან მწერალი უნდა გაახსენდეთ.
თამაშში ჟიურის წევრებიც ერთვებიან.
მაგალითს მე ვაძლევ, ოღონდ კონკრეტული ლიტერატურული რეცეპტით -ფორთოხლიანი და თაფლიანი ბლინები ჩეხოვის ერთი ნოველიდან.
სალომე სალმან რუშდის გვიმზადებს, ანუ კრეპს თაფლით, ნიგვზით, დარიჩინით და სამოთხის ვაშლის მურაბით, ბატონი გურამი -აფხაზურ მწერლობას სწვდება, ნამდვილ აფხაზურ აჯიკას უსვამს კრეპს, თანაც ნადუღით შეზავებულს, თეონა -ცხარე შოკოლადს და მარკესს ირჩევს და ყინულიანი წყლით კიდევ უფრო აკონკრეტებს თავის ალუზიას. ნაღებზე -ჰოლდენ კოლფილდი ახსენდებათ, ალუბლის მურაბაზე -ალუბლის ბაღი, არაჟანი -ჩარლი გორდონია, ნუშსა და ფორთოხალს-ფრანგული ლიტერატურის სურნელი მოაქვს და ა.შ და აშ.
გრძელდება ჩვენი ლიტერატურული თუ კულინარიული თამაში, გრძელდება ქართული ლიტერატურაც, რომელსაც შესანიშნავი ახალი თაობა ჰყავს „შემოდგომის ლეგენდის“ ამ თუ წინა წლების გამარჯვებულთა სახით.