ყველაფერი პირიქით

266

ახალი წელი ოჯახური ვახშამიცაა და ბებოს დამჭკნარი ხელიდან ნაგემი გოზინაყის ნაჭერიც, მეგობრების შუშხუნა განწყობაც და შამპანურის ვარსკვლავებიც შენს ჭიქაში, შეყვარებულის კოცნაც, რომელიც ყველა შოკოლადის ფილაზე უფრო ტკბილია და გემრიელი, შვილის განათებული თვალები, როცა ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს აღმოაჩენს, მაგრამ… ზოგჯერ ყველაფერი პირიქითაა, ახალ წელს ყველაზე მარტო რჩები და რა აზრი აქვს მიზეზს, მთავარია, რომ ეს ყველაზე კაშკაშა და ფერადი დღესასწაული შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან ‒ საკუთარ თავთან ერთად უნდა გაატარო. ასეც ხდება… 

მე რას ვაკეთებ ასეთ დროს? რამდენიმე მთავარი წესია, უნდა იცოდე, რას მოამზადებ, რას დალევ, რას მოუსმენ და რას წაიკითხავ, ყველაფერს მშვენივრად მოახერხებ, თუ იმაზე არ გექნება საფიქრალი, კარი ვის და როგორ უნდა გაუღო. ეგოისტი ვარ? დაე, ვიყო, ზოგჯერ მეც მაქვს ამის უფლება. 

რას მოვამზადებ? მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი, რა მიყვარს, იმასაც ვხვდები, საახალწლო კერძებიდან რომელი მაგრძნობინებს თავს ყველაზე უნუგეშოდ, ამიტომაც არავითარი საცივი და ლაბასხმული, მხოლოდ ის, რისი გასინჯვაც ფანჯრებსა და აივნებზე აელვარებული ფოიერვერკის ფონზე მე თვითონ მესიამოვნება. 

მაგალითად? რატომ არ დავტესტო შოკოლადის დესერტი ჯულია ჩაილდის კულინარიული წიგნიდან, ეს ხომ დიდი ხანია, მინდოდა, ან სულაც ძველ, რომაულ კერძს მოვამზადებ, თავს ცოტა ხნით ოვიდიუსის თანამედროვედ ვიგრძნობ, იქნებ საერთოდ დიუმას დიდ კულინარიულ ენციკლოპედიას ვეწვიო? ვინ დამიშლის, საუკეთესო შემფასებელი მეყოლება, ჩემს გარჯას რომ აუცილებლად დააფასებს, გურმანიცაა და თან რა ხანია, ყოვლად უმიზეზოდ ვუყვარვარ. 

რა დავლიო? ალბათ თეთრი ან ვარდისფერი ღვინო, იქნებ შინაური ლიქიორი უკეთესი იყოს? დავჯდები მშვიდად და მოვწრუპავ, არც სადღეგრძელოებით შემაწუხებს ვინმე, არც ნახევრადდაცლილ სასმისს შემივსებს, საერთოდ, რა წესია? რამდენსაც და როგორც მინდა, ისე დავლევ, ახალი წელია ბოლოს და ბოლოს! საერთოდაც, გლინტვეინი ხომ არ მოვითუხთუხო? შესანიშნავ, საახალწლო სურნელს დაატრიალებს დარიჩინი, ფორთოხალი, ვანილი და სხვა ჯადოსნობები. 

რას ვკითხულობ? ოო, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მთელი წელი საკუთარ თავთან დარჩენის სიამოვნება არ მქონია, არც მშვიდად წაკითხვის ბედნიერება, ხან საქმეები, ხან ოჯახის წევრები, ხან ტელეფონის ზარი, ხანაც მესინჯერის წკაპუნი… მოკლედ, ეს საღამო მხოლოდ ჩემია, წინასწარ ვარჩევ ‒ ცოტა აღმოსავლური პოეზია, ცოტა გერმანული პროზა, ცოტაც-საყვარელი ქართველი მწერლები ‒ რეზო ინანიშვილი, ნუგზარ შატაიძე…

მუსიკაც წინასწარ მოვამზადე, ჯერ კინომუსიკას გავიხსენებ ბერძნული ფილმებიდან, მარტივითა და ნოსტალგიურით დავიწყებ, საყვარელი მსახიობები, შავ-თეთრი კადრები, მონატრებული ათენი და ბერძნული კუნძულები, უფრო რთულით გავაგრძელებ, ჩემი საყვარელი ელენი კარაინდრუს მუსიკა და თეო ანგელოპულოსის ფილმები, კინოკადრები, რომლებსაც ცხადზე უფრო ხშირად სიზმარში ვნახულობ. არ ვიცი, როგორ შემეცვლება განწყობა ამ საღამოს განმავლობაში, მერე იქნებ სალსაც ავახმიანო, რიტმს ავყვე, ცეკვაც ვცადო.. არავინ მისაყვედურებს ზედმეტად არათანმიმდევრული და ეკლექტური ხარო.

ნაძვის ხე? საჩუქრები? აბა, ამის გარეშე როგორ? ჩემი საყვარელი თეთრი ნაძვი, ჩემს ბავშვობას, მამას, მონატრებულ-და-ძმას, ბედნიერ დედაჩემს რომ მახსენებს, უკვე ორი დღეა ბნელი ბუნაგიდან გამოვაბრძანე და ზედ სათამაშოები ჩამოვაკონწიალე. 

ნაძვის ხის სათამაშოებს განსაკუთრებული მისტიკა აქვთ, ამ შუშაში, როგორც კალეიდოსკოპში ვიხედები და რამდენ რამეებს ვხედავ, ეჰეე, აი, ორიათასი წელი რომ უნდა დადგეს და კაცობრიობა მრავალ უცნაურ რამეს ელის, ჩემმა კლასელმა ამბავი მოიტანა, თუ საბედოს პოვნა გინდა, წითელი საცვლები უნდა ჩაიცვა და მაგიდის ქვეშ შეძვრე ზუსტად ღამის 12 საათზეო, თანაც, სურვილი ფურცელზე დაწერო და მისი ფერფლი შამპანურთან ერთად შესვა. მე ვერცერთ ამ ამბავს ვერ ვრისკავ, ალბათ ამიტომაცაა, რომ თითქმის მთელი სტუდენტობა გაურკვეველი საბედოს ძიებაში დავიარები. 

მერე 2002 წლის ახალი წელი, ჩემები საბერძნეთში არიან, მე ‒ შინ, მე და ქეთო ერთად ვხვდებით ახალ წელს, თანაც ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია გვაქვს სამეცადინო. ის წიგნს მჩუქნის, მეც ‒ წიგნს, გოზინაყს ვაკრაწუნებთ, ცოლიკაურს ვატანთ. 

მერე? მერე სხვა წელია, ალბათ 2006, საბერძნეთში ვარ, და-ძმა თავიანთი ოჯახებით, ბერძნულ-ქართული ლხინი. 2009-ჩვენი პირველი ახალი წელია, მე და ზაზა დღესასწაულების ერთად შეხვედრას ვსწავლობთ, 2011, გიო იბადება… ვატრიალებ ჩემს კალეიდოსკოპს და ვტკბები მარტოობითა და ნათურების ფერადი შუქით. 

დროა, საჩუქარიც გავხსნა, საკუთარი თავი ხომ ყველაზე კარგი თოვლის ბაბუაა, არც არაფერს ისეთს შემოგასაღებს, რომ არ გჭირდება, მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ‒ სანათი მჭირდებოდა წიგნისთვის და ზუსტად ეს კაბა, რა თქმა უნდა, ჩემმა თოვლის ბაბუამ იცის, ერთად ავარჩიეთ…

კარზე ზარია,

ვაღებ, ორი ლოყებაწითლებული ადამიანი, დიდი და პატარა, მამა და შვილი, სველი ხელთათმანებითა და დაფიფქული ქუდით, იგუნდავეს, ისეირნეს და შინ დაბრუნდნენ.

ვინ გაცალა მარტოობა?

დროა, მაგიდას ორი თეფში დავამატო.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com