ქალაქის მთავარ ‒ გოლოვინის პროსპექტს ნება-ნება აუყვებოდნენ შეყვარებული წყვილები, სასეირნოდ გამოსული მეზობელი ქალები და დარბაისელი მოხუცებიც ‒ შლაპისა და ტროსტის თანხლებით. ქალაქში, რომელიც დედამიწის ზურგზე არცერთ ქალაქს არ ჰგავდა თავისი სულით…
1906 წელს ახლანდელ რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლები“ გაიხსნა ‒ ქალაქის საკულტო წერტილი, რომელიც 20-ე საუკუნის პოეტური თბილისის სიმბოლოდ იქცა.
ბრენდის სახელი კი კარგა ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა. „ლაღიძის წყლებს“ ჩვენი ქვეყნის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. „ლაღიძის წლების“ ავტორის, მიტროფანე ლაღიძის ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებ მისი შვილთაშვილის, ვახტანგ ლაღიძის მეუღლე, შ.პ.ს. „წყალის“ დირექტორი მაკა თავამაიშვილი გვიყვება:
მოგვიყევით ბატონი მიტროფანეს და ლაღიძის წყლების შესახებ…
გენიალური ქართული ბრენდის ისტორია XIX საუკუნეში ასე დაიწყო… 1869 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში დაბადებულმა მიტროფანე ლაღიძემ, 14 წლის ასაკში ქუთაისში, კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში დაიწყო მუშაობა. მალე ის ივანოვსკის ლიმონათის საწარმოში დასაქმდა, სადაც ხილის წყლების დამზადების მეთოდი შეისწავლა. ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ, 1887 წელს ის სათავეში ჩაუდგა წარმოებას. საქართველოში, პირველად, მიტროფანე ლაღიძემ გამოიყენა უალკოჰოლო სასმელისთვის ხილის სხვადასხვა სახეობა, შეიმუშავა ხილის სიროფების დამზადების მეთოდი, ესენციების რეცეპტურა და მათი მიღების ტექნოლოგიები. 1902 წელს, პარიზში შეისწავლა ლიმონათის დამზადების ტექნოლოგია და ქარხნისთვის სპეციალური აღჭურვილობა ‒ ხელოვნური ყინულის მისაღები დანადგარები ჩამოიტანა. აკაკი წერეთლის რჩევით და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, 1900 წელს თბილისში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა ააშენა და 1906 წელს, რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლის“ მაღაზია გახსნა.
რას გვიამბობთ მიტროფანე ლაღიძის სიკეთეებისა და ქველმოქმედების შესახებ?
მიტროფანე ლაღიძე ის განსაკუთრებული ადამიანი იყო, რომელიც საკუთარ ფინანსურ წარმატებაზე მეტად ქართული სასმელის, როგორც ეროვნული ბრენდის დამკვიდრებაზე ზრუნავდა. ყველასთვის ცნობილია მისი მეცენატობის შესახებ. წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოების წევრი, ეხმარებოდა მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს, მეცნიერებს, მუსიკოსებს, მხატვრებს, სტუდენტებს ‒ ყველას… ჩვენი ეროვნული კულტურის დიდი მოყვარული და მოამაგე იყო. მთელი მისი წარმოება თბილისსა და ქუთაისში ‒ ქართული კულტურის დაცვასა და განვითარებას ემსახურებოდა. ქართველი მწერლების ხელშესაწყობად ქუთაისში საგამომცემლო ამხანაგობა დაარსა, რომელიც წიგნებს გამოსცემდა მისი თაოსნობით გამოიცა არაერთი ლიტერატურული ნაშრომი, მათ შორის აკაკის საიუბილეო კრებული, მისი მოღვაწეობის 50 წლის აღსანიშნავად. საკუთარ წერილებში, ის მკაცრად აკრიტიკებდა მაშინდელი საზოგადოების ცხოვრების უკუღმართობას და ხალხთა სიდუხჭირეს, მუდამ აღნიშნავდა, რომ ხალხს უნდა მიეცეს თავისუფლება, რათა უფრო თავისუფლად და უკეთ შეძლონ ცხოვრება. მიტროფანე ლაღიძის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა საქართველოს მეომართა დამხმარე კომიტეტი. 2014 წელს „ლაღიძის წყალს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სად მდებარეობს ნამდვილი ლაღიძეების „ლაღიძის წყლების“ ფილიალები?
ამ ეტაპზე თბილისში სამი ფილიალი ფუნქციონირებს: ვაკეში (მრგვალ ბაღთან), გლდანში და სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ‒ რომელიც რუსთაველის გამზირზე არსებული ისტორიული კაფეს ჩამორთმევის შემდეგ, პატრიარქის კურთხევით გავხსენით. ჩვენი დიდი სურვილია, რომ თბილისის ყველა უბანში, საქართველოს ყველა კუთხეში გაიხსნას „ლაღიძის წყლები“. შეუძლებელია „ლაღიძის წყალზე“ საუბარი ს.ს. „ლაღიძეს“ (ლიმონათის ქარხანა) ხსენების გარეშე, რომელიც 1900 წელს მიტროფანე ლაღიძემ გახსნა. ქარხანას დღეს ჩემი მამამთილი თორნიკე ლაღიძე და ჩემი მეუღლის და ‒ თინა ლაღიძე ხელმძღვანელობენ.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით რაიმე თუ შეცვალეთ?
მიტროფანე ლაღიძის დროს წყლების ისეთი მრავალფეროვნება შეიქმნა, რომ რაიმე ახლის დამატება თითქმის შეუძლებელია. ეს წყალი არავითარ ქიმიურ ელემენტებს არ შეიცავს, ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტია. ეს ისეთი ბრენდია, რომელსაც ნებისმიერი სახელმწიფო მოუფრთხილდებოდა და იამაყებდა, სხვა ქვეყნებში ხელოვნურად ქმნიან საწამლავებს, მარკეტინგულად კარგად ფუთავენ და აცნობენ საზოგადოებას. ჩემი დიდი სურვილია, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება დაეთმოს ამ ეროვნულ საგანძურს და მის პოპულარიზაციას.
როგორია „ლაღიძის წყლის“ თანამედროვე მენიუ?
წყლებთან ერთად სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ხაჭაპურის და ლობიანის ყველა სახეობა. ასევე, უალკოჰოლო გლინტვეინი და გემრიელი დესერტი.
რამდენად გათანამედროვებულია სერვისი ობიექტებში?
მოქმედებს "Take Away" და გამოძახების სერვისი, ლამაზი შეფუთვებით სტუმრებს შეუძლიათ კაფედან წაიღონ, როგორც წყალი ასევე ხაჭაპური. ძალიან მახარებს, როდესაც ქუჩაში ვხედავ ახალგაზრდებს „ლაღიძის წყლის“ ბრენდირებული ჭიქებით. ინტერიერიც გათანამედროვებულია და გემოვნებიანი, თანამედროვე მუსიკა ისმის. ვიმედოვნებ, როდესაც რუსთაველის ობიექტი აღდგება, მას ძველი, ისტორიული იერსახე და ინტერიერი შეუნარჩუნდება.
ოჯახის ახალგაზრდა წევრები რამდენად ინტერესდებიან ამ არაჩვეულებრივი მემკვიდრეობით?
მე და ჩემს მეუღლეს, მიტროფანე ლაღიძის მსგავსად ხუთი შვილი გვყავს, ჩემი მეუღლის დას თინას ‒ ერთი. ჩვენს შემდეგ, სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა გააგრძელონ ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია და იზრუნონ მასზე. მუდმივად ვესაუბრებით ჩვენს შვილებს, იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საქმის სიყვარული, ვუყვებით სხვადასხვა ისტორიებს და ვცდილობთ გააცნობიერონ რომ ეს მათი საკეთებელი საქმე და პასუხისმგებლობაა. ჩემი უფროსი შვილი თორნიკე ინგლისში სწავლობს, ძალიან მოტივირებულია და „ლაღიძის წყალთან“ დაკავშირებით ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ ბაბუის და მამის საქმეს წარმატებით გააგრძელებს და-ძმებთან და მის მამიდაშვილ ლევანთან ერთად.
დღეს რა მდგომარეობაა რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით?
ისტორიული ძეგლების ნუსხაში შესული რუსთაველის ობიექტი 2007 წელს სახელმწიფოს მიერ გაიყიდა. რუსთაველის გამზირზე არსებული ობიექტის დაბრუნება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო საზოგადოების შეხვედრის, ურთიერთობების, კეთილის საქმეების კეთების და მეგობრობის ადგილი. ლაღიძის წყლებთან მდგარ ხესაც კი უამრავი ისტორია აქვს. იქ იკრიბებოდა ყველა ‒ საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, მეცნიერები მხატვრები, მსახიობები ისეთი ადამიანები როგორებიც იყვნენ აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, ილია ჭავჭავაძე და სხვები. ძალიან მნიშვნელოვანია რომ „ლაღიძის წყალი“ რუსთაველის გამზირზე, თავის ძველ მისამართზე დაბრუნდეს…