დადუნას ბლოგი

IMG_0298

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. ზოგი საჩუქრებს ეძებს, ზოგი განათებულ ქალაქში სეირნობს და საახალწლო განწყობას იქმნის, ზოგიც კიდევ ფიქრობს სად გაერთოს ახალ წელს. ჩემი საფიქრალი კი საახალწლო სუფრაა და სტუმრების სია ვინ დავპატიჟო. 

კარგად შეპიწკინებული გოჭი… უფ-რა კარგია! 

ინდაურის საცივი ‒ გადასარევია! 

ცხელი ხაჭაპურები… უგემრიელესია! 

მაგრამ ეს ხომ თითქმის ყველა ოჯახშია?! მოდით ამ ყველაფერს წელს ორიგინალური და ლამაზად გაფორმებული კერძებიც შევმატოთ. 

გილოცავთ დამდეგ 2017 წელს!

ხახვის წვნიანი 

daduna-9

დაგჭირდებათ:
• ხახვი – 5 ც.
• საშუალო ზომის ნიორი – 2 კბ.
• კარაქი – 100 გრ.
• ნაღები ან არაჟანი – 200 გრ.
• საფერავი – 500 მლ.
• მარილი
• შავი დაღერღილი წიწაკა
• მდოგვის მარცვალი – 1 ჩ/კ.

მომზადების წესი: წვნიანის მოსამზადებლად მოვთუშოთ ხახვი კარაქში! ფერს კარგად როცა შეიცვლის, დავაყაროთ წვილად დაჭრილი ნიორი, წიწაკა და მდოგვის მარცვალი. 1 წუთი კიდევ ვთუშოთ! დავასხათ საფერავი და ავადუღოთ! ვადუღოთ 5 წთ. ცალკე მიქსერით ამოვიყვანოთ ნაღები და 1 ს/კ. დავადოთ თეფშზე ამოღებულ სუპს. 

„ლაზანია˝ ლავაშებით  (ქართული ვარიანტი) 

daduna-8

დაგვჭირდება:
• სომხური ლავაში – 6 დიდი ფირფიტა
• საქონლის ხორცის ფარში – 400 გრ.
• ხახვი – 3 თ.
• ყველი – 500 გრ.
• პარმეზანი 100 გრ.
• სტაფილო – 3 ცალი
• ნიორი – 3 კბ.
• წითელი ღვინო – 200 გრ.
• პომიდვრის წვენი – 300 გრ.
• ისპანახი – 1 კგ.
• რძე – 500 მლ.
• ზეთი – 3 ს/კ.
• როზმარინი
• შავი პილპილი
• მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: ლაზანიას შიგთავსის მოსამზადებლად კარგად მოვთუშოთ ფარში, წვრილად დახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი. დავასხათ წითელი ღვინო. დავამატოთ პომიდვრის წვენი, დავაყაროთ როზმარინი, დაკეპილი ნიორი და მარილი გემოვნებით. ისპანახი წვრილად დავჭრათ, მოვთუშოთ ხახვთან ერთად, დავამატოთ ცოტა ძმარი, დაკეპილი ნიორი, მარილი და წიწაკა! 

ლაზანიას ასაწყობად ავიღოთ საცხობი ფორმა და გავზეთოთ. ჩავაფინოთ მთლიანი ლავაში ისე, რომ ნაპირები გადმოვიდეს, შემდეგ ჩავაფინოთ რძეში დასველებული ლავაში ორად გაკეცილი საცხობი ფორმის (ძირის) ზომაზე და დავაყაროთ მომზადებული ფარშის მასა. მომდევნო ფენა არის ისევ რძეში დასველებული ორად გაკეცილი ლავაში ისპანახზე მოხეხილი ყველით. ეს ყველაფერი გავიმეოროთ სანამ ფორმა არ გაივსება. ბოლოს ჩავუკეცოთ ნაპირები და დავაფინოთ რძეში დასველებული ორად გაკეცილი ლავაში. გადავუსვათ კვერცხი და მოვაყაროთ წვრილად დახეხილი პარმეზანი. შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 45 გრადუსზე! მიირთვით გემრიელად. 

ქათმის რულეტი ისპანახით 

daduna-5

დაგჭირდებათ:
• ქათმის ფილე – 1 კგ.
• ნიგოზი – 300 გრ.
• ისპანახი – 1 კგ.
• ქინძი – 40 გრ.
• უცხო სუნელი – 1 ჩ/კ
• ყვითელი ყვავილი – 1 ჩ/კ
• ხმელი ქინძი – 1 ჩ/კ
• დაღერღილი წითელი წიწაკა
• დიჟონური მდოგვი – 1 ჩ/კ
• ნიორი – 3 კბ.
• თაფლი 1 ს/კ
• კეტჩუპი ცხარე – 2 ს/კ
• სეზამის მარცვლები
• მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: ფილე დავბეგვოთ და ერთმანეთზე ისე დავალაგოთ რომ რულეტი თავისუფლად გადავხვიოთ. ბლენდერში ერთმანეთს ავურიოთ ნიორი, ნიგოზი, სუნელები და მარილი! ისპანახი მოვწალოთ და ნაწილი დავჭრათ, გავწუროთ და დავაფინოთ ქათმის ფილეს მთელ ზედაპირზე. მოვაყაროთ ცოტა მარილი. შემდეგ ნიგვზიანი მასაც გადავანაწილოთ ისპანახის ფენაზე და გადავახვიოთ რულეტი! რომ არ დიშალოს გავამაგროთ ხის ჩხირებით ან სპეციალური საცხობი ძაფით! ერთმანეთში ავურიოთ თაფლი, კეჩუპი, ნიორი დაჭყლეტილი, მარილი წიწაკა და ცოტა ზეთი! გადავუსვათ რულეტს მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და შევდგათ 180 გრადუსზე ცხობა 1 საათი! 

დრესინგი: მოხარშული ისპანახი, ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა დავაბლენდეროთ ისპანახის ნახარშ წყალთან ერთად! ჩავასხათ ჭურჭელში წამოვადუღოთ და თან დვუმატოთ 1 ჩ/კ კარტოფილის ფქვილი რომ შესქელდეს!

საახალწლო ტორტი 

daduna-4

კრემისთვის დაგჭირდებათ:
• ნაღების ფხვნილი – 400 გრ.
• რძე – 400 მლ.
• კვერცხი – 2 ც.
• ფქვილი – 20 გრ.
• კარაქი – 300 გრ.
• ვანილი – 25 გრ.
ფირფიტებისთვის დაგჭირდებათ:
• კვერცხი – 6 ც.
• შაქარი – 3 ჭიქა
• მაწონი – 2 ქილა
• სოდა ძმრით – 1 ჩ.კ.
• ფქვილი – 3 ჭიქა
• კაკაო – 60 გრ.

მომზადების წესი: ნაღების კრემის მოსამზადებლად რძე და ფხვნილი ნელნელა ერთმანეთში უნდა შევათქვიფოთ. მიღებული მასა უნდა იყოს ბეზეს კონსისტენციის. მოხარშული კრემისთვის მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში. დავასხათ რძეში ათქვეფილი კვერცხი და წამოვადუღოთ. ოდნავ თბილს შევათქვიფოთ კვერცხი და შევურიოთ ვანილი. 

ცომის მოსამზადებლად კვერცხი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს და ავთქვიფოთ, ჩავამატოთ მაწონი და სოდა ძმრით. 

ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს ავურიოთ ფქვილი და კაკაო. ორივე მასა გავაერთიანოთ. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის. ტორტი ავაწყოთ ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. საახალწლო ტორტი აუცილებლად გააფორმეთ!

ორცხობილები

daduna-2

დაგჭირდებათ:
• მაწონი – 1 ქილა
• კვერცხის გული – 2 ც.
• შაქარი – 2 ს/კ
• ფქვილი – 500 გრ.
• ვანილი
• მწიკვი მარილი
• სოდა ძმრით – 1ჩ/კ
• ზეთი – 400 მლ.

მომზადების წესი: კვერცხის გულისგან და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. მაწონში გავხსნათ სოდა ძმრით. შევურიოთ ერთმანეთს, მოვაყაროთ მარილი, ვანილი და ბოლოს დავამატოთ ფქვილი. უნდა მოვზილოთ მაგარი ცომი და დავასვენოთ მაცივარში 1 საათით! შემდეგ გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველი ფორმებით. ზეთი ჩავასხათ ღრმა ჭურჭელში, კარგად გავაცხელოთ და ჩავყაროთ ცომები! შევწვათ ორივე მხრიდან. მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გავახაროთ ბავშვები! 

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com