თორნიკე გოგრიჭიანი ნინო ქორიძე
ახალი წელი ზუსტად ხუთი წლის ნატაშასავით უხარიათ. ოღონდ ამ სიხარულსაც ისევე სადად გამოხატავენ, როგორ განცდასაც იწვევს, ზოგადად, ეს წყვილი. ნინო ქორიძე და თორნიკე გოგრიჭიანი.
მათ ყველგან ერთად ხვდები. უბრალოდ, ვერ წარმოგიდგენია ცალ-ცალკე ეს ორი… და ფიქრობ, უბრალოდ, უცნაური იქნებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთი რომ არ შეყვარებოდათ!
მათი ერთობლივი ინტერვიუ არც მახსენდება. ვიცი ის, რომ ყველაფერი ინტერესს იწვევს მათ ირგვლივ. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც თორნიკე შვილთან ერთად სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში“ გამოჩნდა. კითხვაზე, ჰგავს თუ არა თავის გმირს, შოთას, ორივე იცინის. ნინო მპასუხობს, რომ თორნიკე გაცილებთ ლაღი და ხალისიანია.
სერიალის გადაღებებს შორის ოჯახი „კულინArt“-ის საახალწლო ნომრისთვის პოზირებს. დეკემბრის თვე და მოახლოებული დღესასწაული ახარებთ. მე კი ინტერვიუც და ფოტოსესიაც მოულოდნელ სენტიმენტებს აღმიძრავს ‒ რა კარგია, რომ გალაქტიკაში უმისამართოდ გაბნეული ადამიანები ზოგჯერ ასე ლოგიკურად იკვეთებიან ერთმანეთთან!
როგორ ინაწილებთ საოჯახო საქმეებს? სამზარეულო ვისი სივრცეა?
ნინო: პრინციპში, ყველაფერს ვინაწილებთ. იმის მიხედვით, ვის რამდენად სცალია. ეს საოჯახო საქმეებსაც ეხება და ნატაშაზე ზრუნვასაც. ერთადერთი კულინარიაა, რითაც მარტო მე ვარ დაკავებული. თორნიკე საერთოდ ვერ ერკვევა და არც არანაირ ინტერესს არ ამჟაღავნებს ამ სფეროს მიმართ. ჩაის თუ დაისხამს. ესაა მისი მაქსიმუმი.
თორნიკე: სამაგიეროდ, ნინო მართლა კარგად ამზადებს, ყველაფერი გემრიელი გამოსდის. მე არც მოთხოვნილება მაქვს, რომ ამ მხრივ რამე ვცადო და თან მგონია, რომ არც გამომივა.
ნინო, მზადება სიამოვნებას განიჭებთ?
ნინო: ძალიან. პატარაობიდან მასწავლა ბებიაჩემმა რაღაცების მომზადება. მე თვითონ მქონდა ინტერესი. განსაკუთრებით, ცომი და ცხობა მიზიდავდა. ექვსი და-ძმა ვართ. მე როგორც უფროსი, დედას ბევრ რამეში ვეხმარებოდი, მათ შორის, საჭმლის მომზადებაშიც, და ამასობაში დავხელოვნდი. მაშინ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გართობის ფორმა ჰქონდა, მსიამოვნებდა, თუმცა მოგვიანებით ძალიან გამომადგა. მიყვარს კულინარია და ყველანაირი გემრიელი საჭმელი. თვითონაც რაღაცებს ვიგონებ ხოლმე ან თუ სადმე რამე გემრიელს დავაგემოვნებ, მერე სახლშიც ვცდილობ მის მომზადებას. რუტინულად სამზარეულოში ტრიალი არა მგონია, ვინმეს უყვარდეს და სხვა მხრივ, როცა განწყობაზე ვარ, დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
თორნიკე: ყველაზე მეტად რაც მომწონს, ისაა, რომ ხშირად ექპერიმენტატორობს ხოლმე. თავისი ვერსიით ამზადებს ბევრ კერძს და შედეგი, როგორც წესი, ძალიან საინტერესოა.
სახლში გირჩევნიათ კვება თუ გარეთ?
ნინო: ზოგადად, სახლში ყოფნა ორივეს გვიყვარს, თუმცა გარეთ გასვლა, ნატაშას გასეირნებაც დიდი სიამოვნებაა. ამ დროს, როგორც წესი, გარეთ ვსადილობთ ან ვვახშმობთ ‒ გამომდინარე იქიდან რა დროს გავალთ.
თორნიკე: ხანდახან მოვიწყობთ ხოლმე სახლში განსაკუთრებულ კულინარიულ საღამოებს. თუმცა გარეთ გასვლაც გვიყვარს, ახალი, უცხო კერძების აღმოჩენა და დაგემოვნება.
თუ არის კერძი, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად ამზადებთ?
ნინო: ბოლო დროს ერთი ჩინური კერძი ვისწავლე, თორნიკეს და ჩემს უფროს შვილს, ირაკლის, ძალიან მოსწონთ. ზოგადად, ერთი და იგივე საჭმელი სწრაფად მბეზრდება. ექსპერიმენტებს მივმართავ ხოლმე სიახლისთვის. ნატაშა ძალიან ცუდი მჭამელია, მაკარონი და მაწვნის წვნიანი უყვარს, მისი მენიუს შედგენისას დიდი მრავალფეროვნების შესაძლებლობა არ მაქვს. ბოსტნეული, სალათის ფურცლები, თევზი ან ხორცია ჩვენი ძირითადი პროდუქტები და ამ ინგრედიენტებით ვმანევრირებ.
უპირატესობას რომელ სამზარეულოს ანიჭებთ?
თორნიკე: ყველა სამზარეულოში მაქვს ჩემი საყვარელი კერძები. გარკეული ძიების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ ეს კერძები მომწონს ყველაზე მეტად და ძირითადად მათ ვუკვეთავ, თუ გარეთ ვჭამ. წვნიანები უფრო მეტად მჟავე და ცხარე მომწონს. საერთოდ, მგონია, რომ იაპონურ სამზარეულოს მაინც ყველაზე დაბალანსებული გემო აქვს. თან მსუბუქია, თან განაყრებს, ნეიტრალური და გემრიელია. თუმცა იტალიური კერძებიდანაც თითქმის ყველაფერი ძალიან მიყვარს. ჩინეთში გავსინჯე ერთი ხორციანი კერძი. სახელი არ მახსოვს, მაგრამ გავგიჟდი, ისეთი უცნაური და საინტერესო გემო ჰქონდა. მსგავსი ჩვენთან არც მანამდე და არც მერე არაფერი დამიგემოვნებია. რადიკალურად განსხვავებული გემო იყო. ისე, ჩინურ ადგილობრივ სამზარეულოსთან ადაპტაცია თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მერე ვიპოვეთ წერტილები, სადაც შეიძლებოდა ავთენტური ძალიან გემრიელი ჩინური კერძები დაგვეგემოვნებინა.
ნინო: მე ნებისმიერი გემრიელი კერძი მომწონს და კონკრეტული სამზარეულოს დასახელება, ალბათ, გამიჭირდება. ზოგადად, კარგი გემო მიყვარს. ახალ, უცხო კერძებს უპრობლემოდ ვსინჯავ. პირველი, გარეგნულმა ფაქტორმა შეიძლება მიმიზიდოს და მეორე, სურნელია, რამაც შეიძლება მომანდომოს კერძი. ვთვლი, რომ ჩვენც ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულო გვაქვს. ფხალეულობა, ხინკალი, მწვადი ‒ ყველაფერი მიყვარს.
ახალ წელს როგორ ხვდებით ხოლმე და სადღესასწაულო სუფრისთვის რას ამზადებთ?
თორნიკე: სახლში ვხვდებით ხოლმე, ტრადიციულად. იმაზე უკეთესი სივრცე, როგორიც სახლშია, სხვაგან არ მეგულება ამ დღესასწაულისთვის.
ნინო: ყოველთვის ძალიან მიყვარდა ახალი წელი და ახლაც ბავშვივით მიხარია. სამზადისზე, საჩუქრების შერჩევაზე, წინასაახლაწლო განწყობაზე ვგიჟდები! რაც ბრჭვიალაა, ანათებს და საზეიმოა, ყველაფერი ამაღლებულ განწყობას მიქმნის. საახალწლო სუფრას რაც შეეხება, საცივი აუცილებლად მაქვს. 18 წლიდან ვამზადებ. თორნიკესაც ძალიან მოსწონს და ჩემებსაც. ამიტომ ჩვენს ოჯახშიც და მშობლებთანაც ყოველ წელს აუცილებლად მე ვამზადებ საცივს.
ჯანსაღ კვებას ყურადღებას აქცევთ?
თორნიკე: ძალიან მინდა უფრო მეტადაც ვაქცევდე, უბრალოდ, რეჟიმიდან გამომდინარე, ხანდახან მიჭირს სწორად კვება, რაც ცუდად მოქმედებს, ვგრძნობ. მთლიანობაში მაინც ვცდილობ ორგანიზმს გავუფრთხილდე.
ნინო: სწრაფი კვების ობიექტები, რაღაც სასუსნავები და ტკბილეული არ მიყვარს, თითქმის გამორიცხულია მომინდეს.
სამზარეულოს ნივთები გიყვართ? როგორია თქვენი ოცნების სამზარეულო?
ნინო: ძალიან მიყვარს სამზარეულოს ნებისმიერი ატრიბუტი, მაღაზიებში გასვლა, დათვალიერება, რაღაცების მონიშვნა ამ კუთხით. იდეალურად მიმაჩნია სამზარეულო, სადაც მარტივად გადაადგილდები, ბევრი სათავსოა და თითოეულ ნივთს თავისი ადგილი აქვს. დიზაინზე რაღაც განსაკუთრებული გართულება არ მაქვს, მთავარია, პრაქტიკული იყოს.
ზოგადადაც პრაქტიკული ადამიანი ხართ?
ნინო: ძირითადად, ძალიან პრაქტიკული და რაციონალური ვარ ხოლმე და არის შედარებით ხანმოკლე პერიოდები, როცა მთლიანად ამოვვარდები ხოლმე ამ რუტინიდან და სად ვიკარგები, მე თვითონაც არ ვიცი. მერე ისევ პრაგმატულ ყოველდღიურობას ვუბრუნდები.
როგორი მშობლები ხართ?
ნინო: 18 წლის ვიყავი, ირაკლი რომ გამიჩნდა, ნატაშა ‒ მოგვიანებით. მიდგომა, მე მგონი, ზუსტად იდენტური მაქვს ორივე შვილის მიმართ. სითბოს, ყურადღებას, მგონია, რომ ერთნაირად გავცემ. უბრალოდ, ხასიათი და ინტერესები აქვთ განსხვავებული როგორც ნებისმიერ ინდივიდს. ირაკლი ძალიან ინტერესიანი ბავშვი იყო, მეგობრული, ყველგან თან დამყავდა, ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა მოსწონდა. ნატაშასაც ძალიან უყვარს ჩვენთან ერთად ყოფნა. მთავარია, ჩვენთან იყოს და ყველგან კარგად გრძნობს თავს. მისი ინტერესის სფერო ბალეტი და ხატვაა. თავისი სათამაშოებითაც კარგად ერთობა. ხანდახან არის რაღაც საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით ან შეთანხმებისთვის კამათი გვიწევს, მაგრამ, ზოგადად, ლიბერალი მშობლები ვართ.
თორნიკე: ეტაპობრივად იცვლება მიდგომა, ურთიერთობის გარკვეული ნიუანსები. თან მის განვითარებასაც აკვირდები, მის ხასიათს ‒ როგორ ადამიანად ყალიბდება ‒ და ამის მიხედვით უნდა აუხსნა და შესთავაზო რაღაცები. მთავარია, მას იმ ინტერესების გაღვივებაში დაეხმარო, რაც, ფიქრობ, რომ აქვს.
როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი, რაზეც თქვენი ოჯახური ბედნიერება დგას?
ნინო: მე მგონია, რომ რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, სიყვარული წყვეტს ყველაფერს. როდესაც გიყვარს, ბედნიერიც ხარ. ამისთვის სპეციალური რეცეპტი, არა მგონია, არსებობდეს. უბრალოდ, ბედნიერი ხარ, როდესაც გაქვს ეს გრძნობა.
თორნიკე: ნებისმიერი ადამიანი ეძებს სიყვარულს. თუ იპოვა, მერე უკვე ამ სიყვარულის განვითარებაზე იწყებს ზრუნვას. ამ დროს ყველაფერი დაძლევადი გეჩვენება. ალბათ ეს პროცესია ბედნიერება ‒ სიყვარულის არა შენარჩუნების, არამედ განვითარების გზების ძიება. ამაზე საინტერესო და სასიამოვნო ძიება, ალბათ, არ არსებობს.
„როცა სიყვარულს პოულობ, ყველაფერი დაძლევადი გეჩვენება. ალბათ, ეს პროცესია ბედნიერება ‒ სიყვარულის არა შენარჩუნების, არამედ განვითარების გზების ძიება.“
„მგონია, რომ რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, სიყვარული წყვეტს ყველაფერს. სანამ გიყვარს, ბედნიერიც ხარ. ამისთვის სპეციალური რეცეპტი, არა მგონია, არსებობდეს.“
სტილი : More Is Love / ლოკაცია : Fabrika / ვიზაჟი : ეკატერინე ჩანჩიბაძე / ფოტო : იკა პირველი