სტუმრად სამზარეულოში ბაია დვალიშვილი

IMG_0989

მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებს ძირითადად მუზეუმებში ვნახულობთ, მაგრამ იშვიათად თუ ვხვდებით ისეთ ადგილას, რომელიც ერთდროულად სახლიცაა და მუზეუმიც. მე გამიმართლა და სტუმრად ბაია დვალიშვილთან მივედი. მართალია, ჩვენს რუბრიკას „სტუმრად სამზარეულოში“ ჰქვია, მაგრამ სანამ სამზარეულოში გადავინაცვლებთ და კერძოდ კულინარიაზე ვისაუბრებთ, არ შემიძლია, ჩვენს მკითხველს არ გითხრათ, რომ როგორც ბაიაა უსაზღვროდ შემოქმედებითი ადამიანი, ზუსტად ისეთივეა მისი საცხოვრებელიც. 

როგორც თავად ამბობს კარგი კულინარია, მაგრამ ოჯახის წევრები იმდენად უჭმელები ჰყავს, რომ გამოდის მხოლოდ საკუთარი თავისთვის ამზადებს ნაირ-ნაირ კერძებს. საუბრის დროს, შემთხვევით, ძველი რეცეპტების წიგნი ვიპოვეთ, რომელიც, თავის დროზე, ქალბატონ მარინა თბილელს ეკუთვნოდა. სპეციალურად „კულინArt“-ის მკითხველი ამ რეცეპტების წიგნიდან ერთი კერძის მომზადებას ისწავლის. 

IMG_1012

IMG_0964

-ბაია, რა ხდება კამერებს მიღმა, მაშინ როცა სახლში, ოჯახთან ერთად ხართ? 

-ძალიან მიყვარს სახლი. ამ სახლთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ეს არის ადგილი, სადაც ფანტაზია იღვიძებს, მაგრამ განსაკუთრებით ფანტაზიები მაწუხებს სამზარეულოში. ალბათ, იმიტომ, რომ მე თვითონ საშინელი გურმანი ვარ, რასაც ვერ ვიტყვი, ვერც ქმარზე და ვერც შვილზე, ამიტომ სულ ვწუწუნებ, რომ ამდენს ვაკეთებ და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამას ყველაფერს მხოლოდ თავად ვსინჯავ. მგონია, რომ შემოქმედება არის ყველგან, ყველა პროფესიაში, დაწყებული მეწაღიდან, ჟურნალისტი იქნება ეს თუ მსახიობი, ან მასწავლებელი. კულინარიაც ასეა ‒ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმპროვიზაციას. იმპროვიზაცია, როგორც ყველანაირ ურთიერთობაშია საჭირო, ისევე მნიშვნელოვანია საჭმელებშიც. თუ არ ხდება განახლება, გახალისება და საერთოდ ცოტა ხულიგნობა, ისე ყველაფერი აზრს კარგავს. 

-რომელია ის კერძი, რომელსაც ყველაზე ხშირად ამზადებთ? 

-ჩემს შვილს უყვარს პასტა, ამიტომ პასტის ვარიაციებს ვაკეთებ. მე თვითონ ძალიან ხორციჭამია ვარ. მერიკო გუბელაძის წყალობით იდეები არსდროს მაკლდება. ასე, რომ სულ ვცდილობ ნაირფეროვანი იყოს ჩვენი მენიუ. რაც მთავარია, ჩემმა შვილმა, ახლა სალათების ჭამაც დაიწყო და ძალიან მიხარია, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს მიირთმევს. 

-რა არის თქვენთვის ბავშვობასთან ასოცირებული კერძი, დედა რას გიმზადებდათ ხოლმე? 

-დედაჩემი ძალიან გემრიელად აკეთებდა ხორციან პეროგს და ხაჭაპურს ქურაში, მაგრამ მე, არასოდეს მიცდია იგივეს გამეორება. სხვათაშორის მისი ბევრი რეცეპტი მაქვს და ერთ-ერთს ჩაგაწერინებთ. არ ვიცი სადაური კერძია, ან ებრაულია ან სომხური, ქართული ნამდვილად არ არის ‒ „ხვოროსტი“ ჰქვია, რომელსაც დედა ძირითადად ახალ წელს აკეთებდა. ამ ნამცხვრის მომზადებას სჭირდება ბევრი ზეთი. ცომი ზეთში იხარშება, რომელიც მოზელილია კვერცხით, კონიაკით და მაღალი ხარისხის ფქვილით. შემდეგ ცომს უნდა მივცეთ ბაფთის ფორმა და ადუღებულ ზეთში შევწვათ. ბოლოს კი აუცილებლად სჭირდება შაქრის ფხვნილის მოყრა, რა თქმა უნდა, ცხელ მდგომარეობაში. მახსოვს სახლში სულ არაჩვეულებივი სუნი იდგა, ეს სუნი ახალაც ცხვირში მაქვს და სადღესასწაულო განწყობასთან ასოცირდება. 

-ახალ წელს რომელ კერძს ვნახავთ ბაია დვალიშვილის სუფრაზე? 

-გოზინაყს, რომლის გაკეთებაც სულ მესიკვდილება. მეზარება ხოლმე, ალბათ იმიტომ, რომ მე თვითონ არ მიყვარს. სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან არც ახალი წელი მიყვარს. ეს არის ჩემთვის ვალდებულება საერთო დღესასწაულის, რომელსაც არ უნდა ჩამორჩე. მე, ძირითადად, ცოტა შეშინებული ვხვდები ახალ წელს, იმიტომ რომ არ ვიცი რას მომიტანს. 

-რის რეცეპტს გვასწავლით? 

-ძირითადად ეს არის ზამთრის კერძი. მე გასწავლით საკაზმს, რისთვისაც საჭიროა მხოლოდ სამი ინგრედიენტი: უნდა გაიწუროს ერთი გრეიფრუტი, ერთი ან ორი ფორთოხალი და ნახევარი ლაიმი ან ლიმონი. ეს ყველაფერი ცხიმის გარეშე დავასხათ ტაფაზე. ნელ ცეცხლზე იდუღოს, სანამ წვენი ცოტა მაინც არ დაშრება. იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი ცოტა გემჟავებათ, მაშინ დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი. გადაასხით წვენი ჯამში, ტაფას კი ხელი არ ახლოთ და ისე დადეთ ზედ თევზი ან ნებისმიერი ზღვის პროდუქტი. თევზი ძალიან მალე შეიწვება. ბოლოს კი ცხელ კერძს დაასხით ის წვენი, რომელიც ჯამში გაქვთ შენახული. თევზი ამ საკაზმთან ერთად კიდევ უფრო გემრიელია. 

„ხვოროსტი“  მარინა თბილელის რეცეპტების წიგნიდან

IMG_1055

ინგრედიენტები:
• 1 ჭიქა ფქვილი
• 1 კვერხი
• 1 ჭიქა წყალი
• 1 სადილის კოვზი შაქარი
• ცოტა სოდა
• 50 გრ. ან არაყი ან კონიაკი

მომზადების წესი: ეს ყველაფერი ძალიან მაგრად და დიდხანს უნდა მოიზილოს. წყლის დამატება შეიძლება, ცოტა რომ დარბილდეს. შემდეგ ცომს ვაბრტყელებთ, ფორმები იჭრება ისე, რომ შემდეგ ბაფთასავით შეკრათ. ზეთს ადუღებთ ქვაბში, ცოტა მარილს უშვებით და ადღებულ ზეთში ჩაყრით ამ ცომს, რომელსაც იქვე ჩანგლით ატრიალებთ. ერთი პორციიდან გამოდის დაახლოებით 60-65 ცალი. არ დაგავიწყდეთ ბოლოს შაქრის პუდრის მოყრა. 

FIN_CULINART_159

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com