Christmas Dinner By Mozaika

2

3

1

ზუსტად 8 წელია რაც საქართველოს ბაზარზე არსებობენ. „მოზაიკას“ წარმატების მისაღწევად დიდი გზის გავლა დასჭირდა: სახლიდან წამოღებული კომპიუტერებით, ავეჯითა და ბანკის ათასლარიანი კრედიტით დაწყებული ბიზნესი, დღეს ერთ–ერთი პირველია ქართულ სარეკლამო ბაზარზე. თავდაპირველად ბიზნესის იდეა ორ მეგობარს ‒ ანა ჩოდრიშვილსა და სალომე კობალაძეს გაუჩნდა, ორი წლის შემდეგ კი მათ კიდევ ერთი მეგობარი და პარტნიორი ქეთი ჟორჟოლიანი შეუერთდა. დღეს ისინი ბიზნესსა და მეგობრობას ერთმანეთს უთავსებენ, რაც მათი კომპანიის მთავარი უპირატესობაა. 

მიუხედავად დატვირთული სამუშო გრაფიკისა, გოგონები მაინც ახერხებენ, რომ თავისუფალი დროც ერთად გაატარონ. ანას კულინარიული გატაცების გამო მეგობრების შეკრების ძირითადი მიზეზი. მისი ახალი კულინარიული ექსპერინეტების დაგემოვნებაა. სპეციალურად „კულინArt“-ისთვის ანამ საახალწლო ვახშამი მოამზადა და რა თქმა უნდა, მთავარ შემფასებლებად მეგობრები დაპატიჟა. 

-ანა, დიდი ხანია რაც კულინარიით ხართ გატაცებული?

-ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი ორივე ბებია ძალიან გემრიელად ამზადებდა. გადავწყვიტე, რომ კულინარია საფუძვლიანად მესწავლა. მაშინ ეს მიმართულება ნაკლებად პოპულარული იყო საქართველოში. მოგვიანებით აგრარულ უნივერსიტეტში დაარსდა ფაკულტეტი, სადაც კულინარიას ასწავლიდნენ. დავინტერესდი, შევედი მათ ვებ-გვერდზე, ვნახე, რომ ნემისმიერს შეეძლო იქ სწავლა. ზაფხული დაემთხვა და სამსახურშიც არ მქონდა გადატვირთული რეჟიმი. ორი კურსი მაქვს გავლილი ‒ შეგირდი და ოსტატი. სამომავლოდ ჩემი ოცნებაა, რომ მქონდეს საკუთარი რესტორანი. ვფირობ, როცა ასეთ საქმეს ხელს ჰკიდებ, სასურველია საფუძვლიანად იცოდე რას აკეთებ, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე მესწავალა კულინარიულ აკადემიაში. შემდეგ პრაქტიკებიც გავიარე, ჩემს მეგობართან, თამთა კიკალეიშვილთან, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული შეფია. ძალიან მიყვარს ეს საქმე და იმედი მაქვს, რომ მომავალში საკუთარ თავს ამ მიმართულებითაც გამოვცდი. 

-ყველაზე ხშირად როდის გხედავენ სამზარეულოში?

-სამსახურიდან იმდენად დაღლილი მოვდივარ, რომ არ მოგატყუოთ, ძირითადად შაბათ-კვირას მიყვარს სამზარეულოში ყოფნა. საჭმლის კეთება ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა. აი, მაგალითად, როგორც კი ვიწყებ მზადებას, ტვინი ავტომატურად ითიშება და არაფერზე აღარ ვფიქრობ, კონცენტრირებული ვარ მხოლოდ იმაზე, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს. ჩემს შემთხვევაში სამსახურში ძირითადად ტვინი ფიქრობს, ფიზიკური შრომა ნაკლებად მიწევს, აქ კი ‒ პირიქით, მშველის, რომ სტრესი მოვიხსნა. 

-მეგობრებისთვის რას ამზადებთ ხოლმე?

-ჩვენ, იმის გარდა, რომ პარტნიორები ვართ, ყოველდღიურ ურთიერთობაშიც ძალიან ვმეგობრობთ, შესაბამისად ხშირად ვიკრიბებით. გოგონებს ძალიან უყვართ ჩემ მიერ მომზადებული კერძების დაგემოვნება. მე პირადად ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო და ხშირად ვაკეთებ პასტის ნაირსახეობებს. გოგონებსაც ძალიან უყვართ, ამიტომ ჩვენს სუფრაზე იტალიურ კერძები ჭარბობს. 

-ანა, თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?

-მიუხედავად იმისა რომ ვთვლი, ქართული სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია და თან ჩემი უდავო ფავორიტი, მიმაჩნია, რომ ახალ წელს შეიძლება სუფრაზე მრავალფეროვნება შეიტანო და არ მოამზადო ის ტრადიციული კერძები, რაც ყველამ კარგად ვიცით. სტუმრად შეგიძლია მიირთვა ის საყვარელი კერძები, რაც ყველას აქვს სუფრაზე, შენთან კი მეგობრები გააოცო განსხვავებული სუფრით. 

-დღევანდელი საშობაო ვახშმისთვის რა მოუმზადეთ მეგობრებს? 

-ვინაიდან ეს არის სადღესასწაულო ვახშამი, გადავწყვიტე, რომ ჩვენი სუფრაც სადღესასწაულო ყოფილიყო. ჩვენი ვახშმის მთავარი კერძია ‒ Beef Wellington-ი, ეს არის ბრიტანული კერძი, რომელსაც ძირითადად საშობაოდ ამზადებენ ხოლმე. მას გარნირად მოჰყვება კარტოფილის გრატენი შებოლილი სულგუნით და წითელი ღვინის სოუსი, რომელიც ხორცს ძალიან უხდება. და ბოლოს, ვინაიდან საშობაო განწყობაა, დესერტად გადავწყვიტე, რომ ტრადიციულად ნიგოზი და თაფლი შემომეტანა. გამოვაცხვე კომში ნიგვზით და თაფლით და ნაყინთან ერთად მივართვი ჩემს სტუმრებს.

Beef Wellington

9

ინგრედიენტები:
•750 გრ. საქონლის სუკი
•400 გრ. სოკო 2 სახეობა (შამპინიონი/პორტობელო)
•ნიორი 1 კბილი
•ღვინო 1/3 ჭიქა
•1 ღერო ტიმიანი (ქონდარი)
•6 ნაჭერი ბეკონი
•1 ს/კ ინგლისური მდოგვი
•500 გრ. ფენოვანი ცომი
•2 კვერცხის გული
•ზეითუნის ზეთი
•მარილი
•შავი პილპილი

მომზადების წესი: მარილითა და პილპილით შეკმაზული სუკი დაბრაწეთ გახურებულ ტაფაზე 2 წუთის მანძილზე თითო მხრიდან, რომ გაგრილდება წაუსვით მდოგვი. დააქუცმაცეთ სოკო კომბაინში ნიორთან და ტიმიანთან ერთად, დაუმატეთ ღვინო, მარილი, პილპილი და მოთუშეთ ტაფაზე, სანამ სითხე ბოლომდე არ ამოშრება. საკვების პოლიეთილენის პარკზე დააწყვეთ ფენა-ფენად ბეკონი, ისე რომ ერთმანეთზე ნაჭრები ნახევრად გადადიოდეს, წაუსვით სოკოს მასა, ზევიდან დაადეთ სუკი. გადაახვიეთ მჭიდროდ რულეტივით და შეინახეთ მაცივარში 15 წუთით. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი 3 მმ. მართკუთხედ ფორმაზე. საკვების პოლიეთილენის პარკზე გადაიტანეთ ცომი და შუაში მოათავსეთ ბეკონში გადახვეული სუკი, კიდეებზე წაუსვით კვერცხის გული, რომ ცომი კარგად შეიკრას და გადაახვიეთ მჭიდროდ რულეტივით. ისევ შედგით მაცივარში 15 წუთი, შემდეგ წაუსვით მთლიან ზედაპირზე კვერცხი, მოაყარეთ მარილი და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღების შემდეგ დაასვენეთ 10 წუთი, სანამ დაჭრით. 

წითელი ღვინის სოუსი

5

ინგრედიენტები:
•3 ნაჭერი ბეკონი
•1 პატარა წითელი ხახვი
•1 კბილი ნიორი
•1 ც. დაფნის ფოთოლი
•ბაჰარის მარცვლები
•პილპილის მარცვლები
•1 ღერო როზმარინი
•3 ჭიქა წითელი ღვინო
•საქონლის ბულიონი
•მარილი გემოვნებით
•შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი: ბეკონი დაჭერით კუბებად და დაბრაწეთ გახურებულ ტაფაზე; ბეკონის ცხიმში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ დაფნა, ბაჰარის მარცვლები, შავი პილპილის მარცვლები, ერთი ღერო როზმარინი და დაასხით წითელი ღვინო. შესაძლებელია საქონლის ბულიონის დამატებაც. უნდა ხარშოთ ერთი მესამედის დაშრობამდე. დაუმატეთ მარილი და შაქარი გემოვნებით. ამის შემდეგ გადაწურეთ.

კარტოფილის გრატენი შებოლილი სულგუნით

8_N

ინგრედიენტები:
• 800 გრ. კარტოფილი
• 1 კბილი ნიორი
• 450 გრ. ნაღები
• 150 გრ. შებოლილი სულგუნი
• მარილი

მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ და დაჭერით სლაისებად, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით ნაღები, დაუმატეთ ოდნავ მარილი და აადუღეთ თითქმის მოხარშვამდე. გამოსაცხობ ჭურჭელს წაუსვით ძირზე და გვერდებზე შუაზე გაჭრილი ნიორი, შემდეგ გადაიტანეთ ამ ჭურჭელში მოხარშული კარტოფილი თავისი სოუსით, მოაყარეთ გახეხილი შებოლილი სულგუნი, ისე რომ მთლიანად დაფაროს ზედაპირი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ დაახლოებით 15 წუთი, ყველის დაბრაწვამდე. 

გამომცხვარი კომში თაფლით და ნიგვზით

4

ინგრედიენტები:
• 1 ც. კომში
• 1 ჩ/კ. ყავისფერი შაქარი
• 15 გრ. ნიგოზი
• 1 ს/კ. თაფლი
• 1 ბურთულა თეთრი ნაყინი

მომზადების წესი: კომში გაჭერით შუაზე და გაუსუფთავეთ კოვზით გულები, მოაყარეთ შაქარი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, კომშის დარბილებამდე. დაჭერით ნიგოზი უხეშად და მოათავსეთ კომშის შუაგულში, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი და ისევ შედგით ღუმელში რამდენიმე წუთით. გამომცხვარი კომში სუფრასთან მიიტანეთ თეთრი ნაყინის ბურთულასთან ერთად.

ფოტო: იკა პირველი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com