პატარა გოგოებმა და ბიჭებმა, ახალი წლის ღამეს თოვლის პაპას ჯადოსნურ ჯოხს უიმედოდ რომ სთხოვენ, არ იციან ერთი: გავა დრო და ეს ჯოხი აუცილებლად ჩაუვარდებათ ხელში. აი, მაშინ, დედები და მამები რომ გახდებიან, დეკემბრის მოკლე დღეები თავბრუდამხვევი სისწრაფით რომ ჩაიქროლებენ ახალი წლის მოლოდინში, ყინვა რომ გაიწკრიალებს და ყველა ნათურა აბრჭყვიალდება ნაძვის ხეზე. სიხარულით ყელამდე სავსე პატარა გოგოები და ბიჭები გვიან ღამით ძლივს მილასლასდებიან თავ-თავიანთ საწოლებამდე. მათი დაქანცული, ღიმილიანი, თითქმის ყოვლისშემძლე მშობლები კი ერთი წლით საგულდაგულოდ გადამალავენ ჯადოსნურ ჯოხს, დადგებიან განათებულ ფანჯარასთან და გაიფიქრებენ: მოთოვოს მაინც…
ქეთი ჩხიკვიშვილი – „ზღაპარს თავად ქმნი“
„შენ და ახალი წელი -ფორიაქი, გულისცემა, ბევრი ბრჭყვიალა ფიქრი, სულ სისწრაფე და სულ ვერ მოსწრება.
უცვლელია ის, რომ სანამ ახალს შევეგებები, განვლილი წლის ემოციებს ვაჯერებ და ბოლოს ყოველთვის მადლობას ვიხდი. ძალიან ბევრ მადლობას. ჩემი ნატვრა კი თითქოს მარტივია და არასდროს იცვლება -ყველა ჩემი ადამიანი გვერდით მინდა მყავდეს…
ყველაზე ნაკლებს საახალწლო სუფრაზე ვფიქრობ, ამ დროს ხვავიცა და ბარაქაც მშვიდ განწყობასა და დადებით მუხტში მინდა დავაგროვო. ყველაზე მეტად ის მინდა, სიხარულის გაცემა შევძლო… ახალი წელიც ესაა -ერთმანეთზე ზრუნვას, ერთმანეთის გახარებას თითქოს არ სჭირდება განსაკუთრებული თარიღები, მაგრამ ასეთ დღეს მეტად გვაფიქრებს, მეტად გვაღელვებს საყვარელი ადამიანებისთვის საზეიმო განწყობის შექმნა.
უკვე 7 წელია ახალ წელს დედის როლში ვხვდები, თუმცა, ეს, ალბათ, ის დღესასწაულია, რომელიც ყველაზე მეტად მაბრუნებს საკუთარ ბავშვობაში, როცა ახალი წლის ამბავი ჩემი მშობლების დაწერილია… რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ ზღაპარი არსებობს, თუნდაც ერთი ღამით, თუნდაც ერთი საათით და ამას შენ, ადამიანი, განწყობითა და ემოციით თავად ქმნი. ნაძვის ხის მორთვა ბავშვობიდან ხელოვნება მეგონა, დედა ახლაც საათობით რთავს და მთელს ემოციას აქსოვს პროცესში. ბავშვებთან ერთად ნუშის ორცხობილებს ტრადიციულად ვაცხობ, წელს კრემიანი მარწყვის სანტებიც დავამზადეთ, თიხისგან ხელნაკეთი ნაძვის ხის სათამაშოები და ოქროსფერი მამალიც გამოვძერწეთ…
რისთვის სჭირდებათ ბავშვებს ახალი წელი? ახალი წელი ყველას სჭირდება, ისევე, როგორც ოცნება და ნატვრა. პატარებს ოცნებაც ჩვენზე უკეთ გამოსდით და ნატვრაც უფრო კეთილი აქვთ. მათ იციან, რომ "სწავლა და კარგი ქცევა"-დასაჩუქრება და ამისთვის იბრძვიან… უფროსებიც ასე ვართ, გონიერება და ჰუმანურობა რომ წარმატების მომტანია -ვიცით, მაგრამ ხან "გვეზარება", ხან გვავიწყდება…
რა არის მთელი ამდენი ფაციფუცისა და ჯადოქრობის მიზანი? -ის, რომ მიხვდე -სადაც სინათლე და სითბოა, სადაც ზიარი ლხინი და სიხარულია. ისეთი ბედნიერება, ხელს რომ ჩასჭიდებ და გაშვება გიძნელდება…
ნინჩო ჯიბლაძე – „ჩემთვის ახალი წელი –სიკეთის ტრადიციაა“
„არის დღეები, როცა, უბრალოდ, ძალიან გინდა ბედნიერი იყო! იქნება ეს ახალი წელი, დაბადების დღე, აღდგომა თუ შობა! რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყოველი დღე ზეიმად გაიხადო, მაგრამ მაშინ, როცა ამ ზეიმს, ჯადოსნურობასა და ფეერიულობას ბავშვები შენგან ელიან, ვფიქრობ, მშობელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთო, რათა სადღესასწაულო პერიოდში სახლში სიხარულმა და ბედნიერებამ დაისადგუროს.
პატარაობაში ბებიასთან ვცხოვრობდი მთაწმინდის გრძელ და ლამაზ ქუჩაზე. ანძა ზედ თავზე დაგვნათოდა. ახალ წელს გავდიოდით გარეთ და 12 საათს ანძის ქვეშ ვხვდებოდით, საიდანაც ფოიერვერკებს უშვებდნენ. ჩაფუთულები ვიყავით, ბედნიერები, შოკოლადში ამოთხვრილები და გახარებულები. ეს იყო ყველაზე ლამაზი დღეები, რომლებიც არასოდეს მავიწყდება და ყველა იმ ემოციას დღემდე მძაფრად განვიცდი, როცა გამახსნდება.
მახსოვს, ბებია ორი დღის განმავლობაში ამზადებდა კერძებს საახალწლო სუფრის გასაწყობად. ქუჩიდან სახლში რომ ამოვიდოდით, თან უამრავ მეზობელს წამოიყვანდა, ყველას დააპურებდა, აჭმვდა თავის უგემრიელეს და უნიკალურ ნახელავს, გაცილებისას საჭმელს ქილებშიც ჩაუწყობდა და სახლში ატანდა.
ამ დღეებში ვფიქრობ, რა უნდა ისწავლონ ჩვენგან პატარებმა ახალ წელს ისეთი, რომ ეს ტრადიცია კეთილიც იყოს და სასიხარულოც. ახლა სხვა დროა და შეიძლება სახლიდან ქვაბებით სადილი არ დაურიგო მეზობლებს, მაგრამ ტრადიციას რაღაც ფორმით ვინარჩუნებთ -ყოველ წელს ლუკას ვთხოვ სხვებს გაუნაწილოს თავისი ის სათამაშოები, რომლებიც ემეტება და სხვას შესაძლოა არ ჰქონდეს. ეს კეთილი საქმე ტრადიციად ყალიბდება და მინდა ჩემს ბავშვებს დიდობაშიც ახსოვდეთ, რომ ოდესღაც, როცა მათი ოჯახის წევრები ჯადოსნური ახალი წლის ფაციფუცში იყვნენ გართულნი, ისინი თავიანთ უახლოეს ადამიანებთან ერთად სხვებზეც ზრუნავდნენ… მათზე, ვისაც ეს სჭირდება. ასეთი კი უამრავია, საკმარისია გაიხედ-გამოიხედო და ყველგან შეძლებ მიწვდე მათ, ვისაც ახალი წელს გაულამაზებ!