ანასტასიას პირველი ახალი წელი

1_2

2_1

ნაძვის ხე, მისი მოსართავები და ახალ წელთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი ცხოვრების ყველა ეტაპზე უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებდა, თუმცა წელს მისი სადღესასწაულო სამზადისი განსაკუთრებით ამაღელვებელია. ანა მარგველაშვილი, ჩვენი მასპინძელი, ყვება, რომ თითოეულ ნიუანსს, საახალწლოდ მორთული სახლისა და ნაძვის ხის ყველა დეკორაციას 5 თვის ანასტასიას თვალით აღიქვამს. წინასადღესასწაულოდაც, ისევე, როგორც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, მისი შთაგონების მთავარი წყარო სწორედ ანასტასიაა ‒ გოგო, რომელსაც ახალბედა დედა საკვებს, გარდერობს, სათამაშოებს და ჰიგიენურ საშუალებებსაც განსაკუთრებული ყურადღებით ურჩევს.

ანა, კვებას, სამზარეულოს რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი, თუმცა ბოლო წლებში წონის პრობლემა შემექმნა და კვების მიმართ მიდგომა რადიკალურად შევიცვალე. ძირითადად, მოხარშულ, უმარილო, უცხიმო პროდუქტს ვიღებ. ჯანსაღი კვება უკვე ცხოვრების წესად მექცა.

თვითონ გეხერხებათ მომზადება?

კულინარიის მიმართ დიდი ინტერესი არასდროს მქონია. ჩემი ქმარი, გიგი, პირიქით, იმდენად მონდომებულია ამ მხრივ, რომ კულინარიული დაამთავრა და ახლა მუშაობს, მზარეულია. ძალიან უყვარს თავისი საქმე და კარგადაც გამოსდის. უნდა, რომ მეც შემეძლოს მომზადება და, სიმართლე გითხრათ, ამას მეც დიდ პლუსად ჩავუთვლიდი თავს. ისიც კი არ ვიცი, მეხერხება თუ არა, დიდად არ დამჭირვებია და უფრო, ალბათ, ამიტომ არ ვინდომებ. ჩემი დედამთლიც იმდენად გემრიელად ამზადებს ყველაფერს, გარეთ თითქმის აღარ ვჭამ.

გამორჩეულად რა გიყვართ?

გამორჩეულად იტალიური და იაპონური სამზარეულო მიყვარს. პასტა, პიცა, სუში ‒ ანუ ის, რასაც სახლში მაინცდამაინც ხშირად არავინ ამზადებს. თუმცა, ბოლო დროს, როგორც აღვნიშნე, მაქსიმალურად იშვიათად ვფიქრობ საყვარელ საჭმელზე და, ძირითადად, ბრინჯს, წიწიბურას, ხილსა და ბოსტნეულს ვიღებ.
ჯანსაღი კვება რთული საერთოდ არაა, თუ ზუსტად გაიაზრებ, რას ემსახურება ის. დღეს ვფიქრობ, რომ სიამოვნება სხვა რამით ჯობია მიიღო, კვება კი მხოლოდ იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მშიერი არ იყო. მართალია, ეს გემრიელი საჭმლისადმი ჩემს სიყვარულთან, გარკვეულწილად, წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ წონის პრობლემის გამო მტკიცედ გადავწყვიტე გასტრონომიულ სიამოვნებაზე მაღლა დავდგე.

შვილის კვების მიმართაც დიდ ყურადღებას იჩენთ?

ჩემი შვილი ჯერ პატარაა, 5 თვის გახდა. ახლახანს დავუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა და სტაფილო პიურეების სახით. ბოსტნეულით დავიწყეთ და ნელ-ნელა ხილფაფებსა და ხორცსაც მივცემთ. პედიატრის რჩევებს ზედმიწევნით მივყვები. თუ რაღაც სერიოზული მაინტერესებს, როგორიცაა, მაგალითად, დამატებითი კვება, მაშინ, მით უმეტეს, უკიდურესი სიზუსტით ვარკვევ ყველაფერს.

როცა უფრო წამოიზრდება, როგორ ფიქრობთ, რა პრინციპებით იხელმძღვანელებთ მისი კვებისას?

როგორც ახლა წარმომიდგენია, სწრაფი კვების ობიექტებში ბავშვს არასდროს წავიყვან. ბევრ ტკბილსაც არავითარ შემთხვევაში არ ვაჭმევ. ჯანსაღ კვებას მივაჩვევ. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა ასე იყოს და როცა საქმე საქმეზე მიდგება, რამდენად გამომივა, არ ვიცი.

კვებასთან ერთად, ბავშვის მოვლის საშუალებებსაც ასეთივე სიფრთხილით არჩევთ? ამ მხრივ ვისი რჩევებით ხელმძღვანელობთ?

ნებისმიერი რამ, რაც ბავშვს ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. სულ ვცდილობ, რომ ანასტასიას ყველაფერი მაქსიმალურად კარგი ავურჩიო. ამას კი სწორი რჩევები და გამოცდილება სჭირდება. მე ამ შემთხვევაშიც ყველაზე მეტად ჩემი პედიატრის რეკომენდაციებს ვენდობი. საერთოდ, ყველაფერი ინდივიდუალურია და ვის რა უფრო გამოადგება, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი. თუმცა მგონია, რომ მაინც იქმნება პროდუქტი, რომელიც ამ თვალსაზრისით პრაქტიკულად უნივერსალურია და ნებისმიერი კარგად მოირგებს. ისეთი საკითხები, როგორიც სველი ხელსახოცების, დასაბანი თუ ბავშვის ჰიგიენის სხვა საშუალებების სწორად შერჩევაა, სწორედ პედიატრის დახმარებით მოვაგვარე. მან მირჩია „პილოს“ პროდუქცია,
საფენები, სველი ხელსახოცები. ძალიან კმაყოფილები დავრჩით მეც და ანასტასიაც. საერთოდ, ამ მხრივ სულ ვშფოთავ, რომ ბავშვს რამე არ დავაკლო, რამით დისკომფორტში არ იყოს. მით უმეტეს, სანამ პატარაა და მხოლოდ მიახლოებით თუ მიგანიშნებს თავის ამ დისკომფორტს.

დედობამ შეგცვალათ?

დიახ, ყველაფერი შეცვალა დედობამ ჩემს ცხოვრებაში. თუ გარეთ ვარ, იმის მაგივრად, რომ მაქსიმალურად გავერთო, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ. მუდმივად მეჩქარება ჩემს შვილთან. ძალიან რთულია ამხელა პასუხისმგებლობა, მაგრამ ამისი კომპენსაცია იმდენად სასიამოვნოა, რომ არაფერი შეედრება დედამიწაზე!

6

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com