Fitness Menu

studio-5

ნინი კიწი შავიშვილი  – "Studio 7"-ის დამფუძნებელი

სივრცე სახელად  Studio 7 

უცებ ვერც კი ხვდები, რა უფრო მთავარია ‒ თავად ჩანაფიქრი, რომ აქაურობა მყუდრო სტუდიას ჰგავდეს თუ იდეის სისრულეში მოსაყვანად აბსოლუტური სიზუსტით შერჩეული ფორმა. რაც მთავარია, ჩაფიქრებულ შინაურულ განწყობას მაშინვე გრძნობ ‒ იმავე წამში, როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებ. ერთი სიტყვით, ჭირს კიდეც სახელი მოუძებნო სივრცეს, სადაც ზოგი თმას იღებავს, ზოგი პედიკურს იკეთებს, ზოგიც ‒ წარბის კორექციას. იქვე მასაჟის კაბინეტია და ვიღაც დაძაბული დღის სტრესს ებრძვის. გვერდით, დახურულ კარს მიღმა ენერგიული მუსიკის თანხლებით აერობიკის გაკვეთილი მიმდინარეობს. Body-Slim ერთ-ერთია „Studio 7“-ის სავარჯიშო პროგრამებიდან. ნინი კიწი შავიშვილი ‒ ჩვენი მასპინძელი და „Studio 7“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ‒ განგვიმარტავს, რომ ვარჯიშების ამ პროგრამას ენერგიულობის მოსამატებლად, კალორიების დაწვის მიზნით და სტრესთან გასამკლავებლად ირჩევენ. სასურველი შედეგი მოკლე დროში მიიღწევა, ამდენად, ის იდეალურია ადამიანებისთის, რომლებსაც სამსახურის გამო მთელი დღის განმავლობაში ჯდომა უწევთ. 

„Studio 7“-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, მის მრავალპროფილიანობასთან ერთად, სწორედ საქმიან, „ურეჟიმო“ ქალებზე ორიენტირებული სამუშაო გრაფიკია. აქაურობა გვიანობამდე ღიაა, მთავარია, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ნებისყოფამ არ გიმტყუნოს და სახლში მისვლამდე ჭონქაძის ქუჩისკენ აიღო გეზი. მთავარია, აქ მოსვლა გიხაროდეს ‒ როგორც წლების წინ ამ სივრცის ავტორმა დებმა ‒ ლიკა და ნინი კიწი შავიშვილებმა ჩაიფიქრეს.

ნინი კიწი შავიშვილი – "Studio 7"-ის დამფუძნებელი

„ჩვენი ერთგული მომხმარებლები სწორედ მყუდრო გარემოს უსვამენ ხაზს“

„პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ. სპორტი კი სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. ვცეკვავდი, მოგვიანებით ცხენოსნობამ გამიტაცა. მეც და ჩემი დაც ბავშვობიდან აქტიურ რეჟიმში ვიყავით. დროთა განმავლობაში ეს ცხოვრების წესად იქცა. დღემდე სისტემატურად ვვარჯიშობთ და ჯანსაღად ვიკვებებით. 

"Studio 7" ხუთი წლის წინ გავხსენით. ამ სივრცეში ყველაფერია, რაც ქალს სილამაზისა და ფიზიკური აქტივობისთვის სჭირდება. თავიდანვე ჩაფიქრებული გვქონდა შეგვექმნა გარემო, სადაც ქალბატონები შეძლებდნენ სწრაფად, ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასად ევარჯიშათ, მასაჟი გაეკეთებინათ თუ სხვაგვარად მოეწესრიგებინათ თავი. გვინდოდა კომფორტული, მეგობრული გარემო შეგვეთავაზებინა ჩვენი სტუმრებისთვის და, ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც. ჩვენი ყველა ერთგული მომხმარებელი სწორედ ამ გარემოს უსვამს ხაზს, რაც ძალიან გვსიამოვნებს. 

ჩვენი მეორე მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო. იმისთვის, რომ ვარჯიში შეგიყვარდეს და ის შენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდეს, მიზანი უნდა გქონდეს, ნებისყოფა და საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი. სტიმული ერთიორად იზრდება, როდესაც შედეგს ხედავ. ეს შედეგი კი აბსოლუტურად ინდივიდუალურია: ვიღაცისთვის 3 თვეშია თვალსაჩინო, ვიღაცას 1 წელი სჭირდება, ვინაიდან არ არსებობს საამისო იდეალური ფორმულა და თითოეული ადამიანი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ის, რაც სხვას უხდება, შეიძლება შენ არ მოგიხდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ვარჯიში ავირჩიოთ, რომელიც კონკრეტულად ჩვენს სხეულს სჭირდება. 

გვაქვს ჯგუფური ვარჯიშების სხვადასხვა პროგრამა, რომლებსაც ექვსი მწვრთნელი უძღვება. ფიზიკური დატვირთვის მრავალფეროვნება დამატებითი კომფორტია ვარჯიშის ნებისმიერი მსურველისთვის. შეგიძლია მოხვიდე, სხვადასხვა მიმართულება სცადო და საბოლოოდ შენი სხეულისთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს მიაგნო. ამდენად, ეს მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ინდივიდუალური მიდგომა სწორი და გამართლებულია! 

როცა აქაურობის სახელწოდებაზე ვფიქრობდით, გვინდოდა მას ცენტრის ასოციაცია არ გამოეწვია. სტუდია შინაურულ გარემოსთან, სიმყუდროვესთან ასოცირდება და ასე შეირჩა სასურველი სახელიც. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი კვების მხურვალე მიმდევარი ვარ, კატეგორიულ აკრძალვებს არ ვემხრობი. ვფიქრობ, გარკვეული დოზით ორგანიზმმა ყველა პროდუქტი უნდა მიიღოს, მათ შორის პურიც. ერთმნიშვნელოვან უარს მხოლოდ სწრაფ კვებაზე ვამბობ. ყავას არ ვსვამ, არ მიყვარს, მაგრამ, ზოგადად, ბევრ სითხეს ვიღებ, ასევე ბოსტნეულს, ხილს. ცხოველურ საკვებს ნაკლებად ვეტანები. ჩემთვის გემრიელია ის ყველაფერი, რაც ვიცი, რომ ჯანსაღია. მაგალითად, გრილზე ბოსტნეულთან ერთად შემწვარ თევზს ვერაფერს შევადარებ! 

დღეში სამჯერ მაინც უნდა მივიღოთ საკვები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საუზმეა. ის ნოყიერი უნდა იყოს. შუალედებში, თუ რაღაცას გთხოვს ორგანიზმი და წონის პრობლემამაც არ გინდა შეგაწუხოს, ხილი, შავი შოკოლადი და ნუში საუკეთესო ვარიანტია. 

ბოლო ერთი წელია ჩემი სპორტული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იოგა გახდა. შეუდარებელია! ერთი მხრივ, ფიზიკური დატვირთვაა, რაც ფორმებზე არაჩვეულებრივად აისახება და პლუს სუნთქვითი ვარჯიშები ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავებაში ძალიან გეხმარება. დამატებით, ჯანსაღი საკვებისადმი მისწრაფებას ამჩნევ საკუთარ თავს, სხეულს ფლობ და ეს ძალიან სასიამოვნოა. 

studio-4

სალომე ბაგრატიონ- დავითიშვილი  – ფიტნეს-მწვრთნელი 

„ორგანიზმმა ზომიერად ყველაფერი უნდა მიიღოს!“

მთელი ცხოვრება ბალეტითა და ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. პარალელურად, უკვე 12 წელია სხვების ვარჯიშზე ვზრუნავ. ჩემი პროგრამის ზედმიწევნით სწორად შესრულება დიდ ყურადღებასა და კონტროლს მოითხოვს. ამიტომ თითოეულ მოსწავლეს დეტალურად ვუხსნი, ვაჩვენებ, ვუსწორებ. რაც უფრო დიდი სიზუსტით სრულდება, მით უფრო სწრაფი და თვალსაჩინოა შედეგიც. სხეულის ფორმის ცვლილება ვარჯიშის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე იწყება. დატვირთვა ყველა კუნთზე ნაწილდება, არ არსებობს, რომ რომელიმე კუნთი ინტენსიური დამუშავების გარეშე დარჩეს. მიზანი ისაა, რომ ამ კუნთებმა უხეში, გაბერილი შესახედაობა კი არ მიიღოს, ლამაზად, გრძლად განვითარდეს. ვარჯიშის მსვლელობის დროს კუნთი მუშავდება და მკვრივდება, გაწელვებით კი მათ სასურველ მიმართულებას ვაძლევთ, რათა სიგრძეში წავიდეს და ქალური ფორმა მიიღოს. 

ყველაზე მეტად პირველი კვირა ჭირს. როცა ვარჯიშს იწყებენ, ბევრი კუნთი იმდენად „მიძინებული“ აქვთ, რომ მისი არსებობაც კი არ ახსოვთ სხეულზე. ამდენად, პირველი დღეები ცოტა მტკივნეულია: ეტაპობრივად ყველა კუნთი იღვიძებს, მყესები იწელება. ძირითადი პრობლემა, რაც დღეს ქალების დიდ ნაწილს აწუხებს, წელის ან ხერხემლის ტკივილია. ჩვენ მას ვარჯიშით ვშველით. მუცლისა და ზურგის კუნთების გამკვრივებით ხერხემლისთვის მყარი კედელი იქმნება და ტკივილიც უკვალოდ ქრება.

ვარჯიშის შედეგად სხეულის ფორმა მთლიანად იცვლება და იხვეწება. როდესაც გახდომის მიზნით, მაგალითად, სირბილს იწყებენ, ფიგურა სხვა მიმართულებით ყალიბდება: კუნთები მკვრივდება, წვივები იკუნთება, სხეული მამაკაცურ ფორმებს იძენს. ჩვენი ვარჯიში აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს გაძლევს: რაც უფრო ინტენსიურია ის, ამით კუნთს, მთლიან სხეულს სწორ მიმართულებას აძლევ, რომ სიგრძეში წავიდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ დატვირთვა უკვე თვითონაც სიამოვნებთ, ცვლილებას გრძობენ და ეს დიდი სტიმულია!

თუ ვარჯიშთან ერთად კვებასაც გააკონტროლებ, შედეგს უფრო სწრაფად იღებ. ანუ ფორმების ცვლილების პროცესი გაცილებით დაჩქარდება. თუმცა მე, პირადად, მთელი ცხოვრება იმდენს ვვარჯიშობ, კვების მხრივ თავის შეზღუდვა აღარ მიწევს. რაც მინდა, იმას ვიღებ, თუმცა თუ წონის პრობლემა შემექმნა, ზუსტად ვიცი რამდენიმე დღეში როგორ დავიკლო. საერთოდ, ორგანიზმმა ყველაფერი უნდა მიიღოს, ოღონდ ზომიერად. მე ძალიან ნელა ვჭამ და სხვასაც იგივეს ვურჩევდი. კუჭს ვაძლევ საშუალებას ‒ ტვინს სიგნალი მიაწოდოს, რომ უკვე დავნაყრდი. ამიტომ არასდროს მომდის მეტი. შეიძლება ყველაფერი მივირთვა, რაც მინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრს ვჭამ. 

თუ მაინც მოხდა ისე, რომ ზედმეტი მოგვივიდა, შეგვიძლია განტვირთვის დღეები მოვიწყოთ. თვეში 3 დღე საკმარისია. ამ დროს უმარილო წიწიბურას, მოხარშულ კვერცხს, კიტრს, უმარილო ყველს მივირთმევთ. თუ საღამოს შიმშილის გრძობას ვერაფრით ვუმკლავდებით, ძალიან კარგია ერთი ცალი სტაფილო. 

ზოგადად, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია. ზოგს ეს ასუქებს, ზოგს-ის. უნდა აღმოაჩინო, რომელი პროდუქტია შენთვის არასასურველი და ის ან საერთოდ ამოიღო რაციონიდან, ან მსგავსი პროდუქტით ჩაანაცვლო.

2studio

სოფო მჭედლიშვილი- ფიტნეს-მწვრთნელი

„მთელი ცხოვრების ბალანსი ვარჯიშზე გადის“

მერვე წელია, ფიტნეს-მწვრთნელად ვმუშაობ. ბავშვობიდან ვცეკვავდი და სპორტიც ყოველთვის მიზიდავდა. ცეკვას რომ თავი დავანებე და ფორმის შენარჩუნების საკითხი დღის წესრიგში დადგა, გადავწყვიტე ჩემი პროგრამა შემემუშავებინა და, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მომესინჯა ეს მეთოდი. ვარჯიში ექიმთან ვიზიტით, ჯანმრთლობის საერთო მდგომარეობის ფონზე შესაბამისი დატვირთვის შერჩევით იწყება. მეცადინეობა ჯგუფურადაც მიმდინარეობს და ინდივიდუალურადაც, პროპორციებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჯგუფში მუშაობის პირობებშიც კი მიდგომა თითოეული ქალის მიმართ აბსოლუტურად ინდივიდუალურია, როგორც ფიზიკური დატვირთვის, ისე კვების თვალსაზრისით. თუ მას რეგულარურ სახეს მივცემთ და მითითებებსაც სწორად შევასრულებთ, გაკაჟებასა და ფიზიკური თვითშეგრძნების თვალსაჩინო გაუმჯობესებასთან ერთად, ცხიმი იწყებს წვას, კანი მკვრივდება, ელასტიკური ხდება, კუნთები ყველა მიმართულებით იტვირთება და ტონუსში მოდის. სხეულთან ერთად გონების ტრანსფორმაციაც იწყება. 

ესაა არასტრანდარტული შეიპინგი და კარდიოვარჯიშები. არასტანდარტული შეიპინგი კუნთების დატვირთვაზე ორიენტირებული ვარჯიშების კომპლექსია, რომლის დროსაც სხეულის აბსოლუტურად ყველა ნაწილი იტვირთება. კარდიოვარჯიშები კი ‒ ხტუნვით მოძრაობებს ითვალისწინებს ცეკვის ელემენტებით, რომლის დროსაც ცხიმის წვა და კუნთის შენარჩუნება ხდება. ვარჯიშის მიზანი სხვადასხვაა: ზოგი ორგანიზმის ტონუსში მოსაყვანად მოდის, ზოგი დასაკლებად. ჩემი დატვირთვაც ძალიან დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღე ყველა ჯგუფთან ერთად თავიდან ბოლომდე ვვარჯიშობ. ამ დატვირთვას მიჩვეულია და ითხოვს ჩემი ორგანიზმი. 

როდესაც გოგონა ჩემთან მოდის, მას ვარჯიშის დაწყებასთან ერთად ჯანსაღი კვების რეჟიმს ვუდგენ, შემდეგ კი ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდები, როგორ იკლებს, რა სისწრაფით, როგორ რეაგირებს ცხოვრების ახალ წესზე მისი სხეული. ვარჯიში და მასთან ერთად ჯანსაღი კვება რომ დაიწყო, მზად უნდა იყო, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ზოგადად, ჯანსაღი კვება რომ კარგია, ყველამ ვიცით, მაგრამ როცა პარალელურად ვარჯიშობ, ეს კიდევ სხვაა: უბრალოდ, აუცილებელია. 

ვარჯიშის დროს აუცილებელია ომეგა 3-ისა და საჭირო ნივთიერებების მიღება. თუ ამას საკვებით ვერ ვუზრუნველყოფთ, დანამატის სახით უნდა მივაშველოთ ორგანიზმს. აუცილებელია ბოსტნეული, ხილი. ასევე თხილეული: ნიგოზი, თხილი, ნუში, რაც ენერგიით ავსებს ორგანიზმს. 

რაც შეეხება აკრძალულ პროდუქტებს, მე, პირადად, შემწვარ კარტოფილს თითქმის არ ვიღებ. როცა წონის კლება გვინდა, მით უმეტეს, სრულიად აკრძალულია. უარი ვთქვი მაიონეზზეც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს. არაჟნით ჩავანაცვლე და იმასაც იშვიათად მოვიხმარ. იკრძალება ნებისმიერი ნახევარფაბრიკატი, ასევე გაზიანი და კონსერვირებული სასმელები. იოგურსტაც კი არ ვყიდულობ, თვითონ ვამზადებ ჩემი რეცეპტით. საერთოდ, რაც ჯანსაღია, ისაა გემრიელი ჩემთვის. და წყალი ‒ ნუ დაგავიწყდებათ, რომ წყალი უნდა დალიოთ ‒ როგორც დღის განმავლობაში, ასევე ვარჯიშის პროცესშიც! 

ვარჯიში მშიერ კუჭზე არ უნდა დაიწყოთ. 1.5-2 საათით ადრე ნორმალურად უნდა დანაყრდეთ, თუმცა იკრძალება ისეთი პროდუქტის მიღება, რომელიც ბერავს. მაგალითად, ბარდა, ლობიო, კომბოსტო. უშუალოდ ვარჯიშის წინ რეკომენდებულია კეფირი, იოგურტი, თხილეული. შეგვიძლია თვითონ მოვიმზადოთ ძალიან სასარგებლო ცილოვანი შეიკი: ვიღებთ ერთ ბანანს. ვამატებთ მოხარშული ორი კვერცხის ცილას, 6-8 ლებან ნიგოზს, თხილს ან ნუშს, ნახევარ ჩაის კოვზ ჩახეხილ იმბირს, ერთ ჭიქა კეფირს ან ამდენივე რძეს და 1 ჩ. კ. კაკაოს. ვაბლენდერებთ და ვსვამთ. შეგვიძლია მივიღოთ ვარჯიშის წინაც და შემდეგაც. 

ვარჯიში ერთ საათს გრძელდება. რომ ამბობენ, რომ ამის შემდეგ 3-4 საათი არაფერი არ უნდა ჭამო, მცდარი აზრია. გააჩნია რას მიირთმევთ. თუ ცილას მიიღებთ, არ გაგასუქებთ და აუცილებელიც კია. ცილა ვარჯიშის შედეგად დაზიანებული კუნთის ქსოვილის აღდგენაში გვეხმარება. როცა ვვარჯიშობთ, ცილის ნაკლებობის შემთხვევაში კუნთი თავად იწყება „წვას.“ ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან წონის კლება უნდა მოხდეს ცხიმის წვის ხარჯზე და არა კუნთის წვის ხარჯზე, რაც ჯანმრთლობისთვის საზიანოა. ამიტომ ვარჯიშის შემდეგ იდეალური ვარიანტია 150 გრამი საქონლის ან ქათმის ხორცი უკანოდ, მოხარშული კვერცხის ცილა, უცხიმო თევზი ან ინდაურის მოხარშული ხორცი, რომელშიც ყველაზე მეტი ცილაა. თუ გახდომა გვინდა, ვარჯიშის შემდეგ ბანანი, კარალიოკი, ფინიკი, ყურძენი, ლეღვი იკრძალება. ჩემი რჩევაა, ჩვეულებრივი შაქარი სტევიათი ‒ შაქრის შემცვლელი მცენარით ‒ ჩავანაცვლოთ. ან თუ უშაქრო ყავას ვერაფრით ვეგუებით, ერთი კოვზი თაფლით დავატკბოთ ის. დოზირებულად შავი შოკოლადიც შეგვიძლია მივირთვათ. მე ტკბილს, მაგალითად, შოკოლადის სახით ვიღებ, რომელიც არანორმალურად მიყვარს. იმხელა დატვირთვა მაქვს და კვებაც იმდენად დაბალანსებული, ამ მხრივ თავის შეზღუდვა, საბედნიეროდ, აღარ მიწევს. 

ვარჯიშს „ჯანსაღ ნარკოტიკს“ ვეძახი. მთელი შენი ცხოვრების ბალანსი გადის მასზე; წარმოუდგენელ კომფორტს გიქმნის, როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. 

1studio

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com