კაფე პოეტური სახელით ამო-რამე

9

პოეტურია ყველაფერი ‒ ძველთბილისური შაბიამნისფერი ხის კარიც და ვინტაჟური სივრცეც ამ კარს მიღმა; ხის მრგვალი მაგიდებიც, ჭრელი ფარდებიც, ძველებური აბაჟურებიც და ლევან ხარანაულის ფერწერაც. უზარმაზარი გამჭვირვალე ჭიქიდან პიტნის პიკანტურ ლიმონათს წრუპავ და თვალს უშტერებ გარშემო მიმობნეულ თანამედროვე ქართულ მხატვრობას, რომელიც გაჯადოებს ‒ ნატურმორტებს, ზღაპრულ კაცუნებს, ხარანაულების შვიდშვილიანი ოჯახის მთელ ისტორიას; მათ მეგობრობასა და ურღვევ მთლიანობას; ქიტოს გაქუცულ დათუნიასა და მარიამის ბავშვობის ფეხსაცმელებს ‒ ზედმიწევნით ნატურალისტურად აღბეჭდილს მამის ტილოზე. იმ მარიამის, 16 წლის ასაკში საკუთარ კაფეს რომ ინატრებს და 10 წლის მერე გახსნის კიდეც თავის ნიკუშასთან ერთად.ახალამოყრილი ხინკლის ფორმა და ზომა თბილისის ყველა სხვა კაფე-ბარის ხინკლისგან გამოარჩევს. მას თიანეთის სურნელი მოაქვს, ბესიკ ხარანაულის პოეზიის ქროლვა: „ნოემბრის თვეში, როდესაც ხეზე თავს ვეღარ იჭერს ხმელი ფოთოლი, მე დავიბადე.“ სადაც ივრის ირიბად ატეხილი ჭალებია და იმ ჭალებში კოჭლი, გამხდარი ცხენი დადის ეულად…

პოეტური სახელის ‒ „ამო რამეს“ ავტორი პოეტი ბესიკ ხარანაულია. ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე თბილისურ- ფრანგული სტილის კაფეს სამწლიანი ისტორია კი მარიამ ხარანაულმა და ნიკუშა ივანაშვილმა შექმნეს.

3

„ცოტა სხვანაირი“ მომავალი

მარიამი: მე და ნიკუშა კლასელები ვართ, თერთმეტი წელი ერთ კლასში ვსწავლობდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ხალხური სიმღერის კონცერტზე შევხვდით, ‒ მე ვესწრებოდი, ნიკუშა კი, როგორც აღმოჩნდა, ანსამბლ „დიდგორში“ მღეროდა. დიდხანს არ გვყავდა ნანახი ერთმანეთი. ბოლო შვიდი წელია ერთად ვართ.

ნიკუშა: როცა დავქორწინდით, მეც ვმუშაობდი და მარიამიც. ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე მომავალზე, იმაზე, თუ როგორ წარმოგვედგინა წლების შემდეგ ჩვენი ცხოვრება და არასდროს არ გვხიბლავდა პერსპექტივა, რომელიც იმდროინდელი მოცემულობიდან გამომდინარე იხატებოდა. მივხვდით, რომ თუ უბრალოდ დინებას მივყვებოდით, ჩვენი ცხოვრებაც მოსაწყენი და რუტინული იქნებოდა: გაგვიჩნდებოდა შვილები, დილით წავიდოდით სამსახურებში, ბავშვებს მოუვლიდა ძიძა, საღამოს დავბრუნდებოდით სახლში და ა. შ. ჩვენ ცოტა სხვანაირად გვინდოდა.

მარიამი: უფრო ზუსტად, ჩვენ გვინდოდა მეტი დრო ერთმანეთისთვის. საკუთარი საერთო საქმე თავისუფალი გრაფიკით. მე, გალერეაზე ვფიქრობდი, ნიკუშას კაფეს იდეა ჰქონდა. ბევრი ვიფიქრეთ და მის ვერსიაზე შევჯერდით, ერთგვარი კაფე-გალერეა წარმოვიდგინეთ. ძველ თბილისში დავიწყეთ ადგილის ძებნა. ის ესთეტიკა, რაც დაახლოებით გვქონდა ჩაფიქრებული, ძველ უბნებთან მიმართებაში უფრო კონტექსტუალური ჩანდა.

ნიკუშა: ასე ზუსტად ‒ რა და როგორ გვინდოდა ‒ ჩვენც არ ვიცოდით, ზოგადი იდეა გვქონდა. ერთი, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, ის იყო, რომ მარიამი აუცილებლად შესძლებდა საინტერესო გარემოს შექმნას ინტერიერის დიზაინისა და, ზოგადად, შემოქმედებითი კუთხით. მე ტექნიკური საკითხები ჩავიბარე. სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ და რაღაცებში დამეხმარა თუნდაც ეს ინფორმირებულობა ‒ რა როგორ გამეკეთებინა და ა. შ. ფაქტობრივად, ვა ბანკზე წავედით. სესხი ავიღეთ იმდენი, რამდენიც ბანკმა მოგვცა და ინგოროყვას ქუჩაზე ფართი ვიქირავეთ. უკიდურესად შეზღუდული ბიუჯეტი გვქონდა. ინტერიერი, რომელიც ასე მოსწონთ ჩვენს სტუმრებს, მინიმალურზე მინიმალური რესურსით შეიქმნა. ავეჯის ნაწილი ‒ სავარძლები, ძველებური სანათები და ხალიჩა ‒ ჩემი აგარაკიდან ჩამოვიტანეთ. მეორადი სკამები ინტერნეტით 12 ლარად ვიყიდეთ და რესტავრაცია გავუკეთეთ. მეორადი მოხმარების მაღაზიებიდანვეა ჭრელი ნაჭრები, რომლებიც მარიამმა გადააკერა და გამოვიდა ერთი დიდი ლამაზი ფარდა. პიანინოც ოჯახიდან შევიძინეთ. მთავარი, რის იმედადაც საქმეს შევეჭიდეთ, მონდომება და დაუზარელი შრომა იყო. ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ ჩვენი წამოწყება, ეჭვით უყურებდნენ ამხელა პასუხისმგებლობას, კრედიტს. ახლა მოსწონთ საქმიანი ნიკუშა და მარიამი, ამაყობენ. კაფესა და გალერეის სინთეზის იდეამ გაამართლა. "ამო რამე" მარიამის მამის, ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენით გავხსენით. უამრავი სტუმარი და ჟურნალისტი მოვიდა. ლევანის ნახატები მუდმივ ექსპოზიციად შემორჩა კაფეს. კიდევ მარიამის ძმების ‒ ქიტოსა და ბესიკის ნამუშევრებიც დაემატა.

მარიამი: გვილოცავდნენ, ჩვენ კი საოცრად დაბნეულები ვიყავით. კი გავიხსენით, მაგრამ იმის იქით უკვე წარმოდგენა აღარ გვქონდა, რა როგორ უნდა წარგვემართა. სულ ორი თანამშრომელი გვყავდა: შეფ-მზარეულად ჩემი ბიძაშვილი მირიანი ავიყვანეთ.ის პროფესიონალი კულინარია, ტაბიძეზე ერთ-ერთ ბარში მუშაობდა და როცა გაიგო, რომ დახმარება გვჭირდებოდა, ჩვენთან წამოვიდა. პირველი ბარმენი კი ‒ ჩემი და ნიკუშას კლასელი ტატო იყო. დღემდე მისი რეცეპტით მზადდება „ამო რამეს“ პიტნის საფირმო ლიმონათი და მისივე აწყობილია ბარი მთლიანად. დანარჩენ საქმეებს მე და ნიკუშა ვინაწილებდით. ჩვენი შვილი გაბრიელი მაშინ 3 თვის იყო. ხან ერთს ეჭირა ბავშვი ხელში და მეორე ჭურჭელს რეცხავდა, ხან ‒ პირიქით. ბევრმა ასეც დაგვიმახსოვრა ‒ ცოლ-ქმარი, პატარა ბავშვი რომ ჰყავთ კაფეშიო.

1

12

„ამო რამე“ ანუ საამო რამ

ნიკუშა: გამოცდილება რომ არ გვქონდა, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. უამრავი სირთულის წინაშე დავდექით. მთავარი პრინციპი, რომელსაც გაუაზრებლად, თითქმის ინსტინქტურად ვიცავდით, ის იყო, რომ ვინც მოდიოდა, მას ზუსტად ისე გულღიად ვმასპინძლობდით, როგორც სახლში ‒ საკუთარ სტუმრებს. კაფე 12 საათზე იხსნებოდა, თუმცა მე და მარიამი დილის 8 საათიდან ბოლო სტუმრამდე აქ ვიყავით. გაბრიელიც აქვე გაიზარდა. ერთი შემთხვევა მახსოვს, ღამის 1-ის ნახევარზე შემოვიდნენ ბოლო სტუმრები და 5-ის ნახევრამდე დარჩნენ. გარეთ ისხდნენ, მარიამს და ბავშვს აქ ეძინათ, მე ვიჯექი და ველოდებოდი. როცა მიხვდნენ, რომ მათ გამო ვიყავით კაფეში, გაგიჟდნენ.

მარიამი: ჩემი აზრით, „ამო რამეს“ პოპულარიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმაც, რომელიც მას პაპაჩემმა, ბესიკ ხარანაულმა შეურჩია. როცა პაპამ გაიგო, რომ კაფეს ვხსნიდით და სახელწოდებასთან დაკავშირებით რაღაც იდეა მქონდა, დამირეკა და მითხრა, ეგ არ გინდა, დაარქვი, მაგალითად, „ამო რამეო“. მაშინვე მომეწონა! დიდი ინტერესი იყო ამ სახელის ირგვლივ, ვერ იგებდნენ, რას ნიშნავს და დიდხანს განვმარტავდით: ამო რამე ანუ საამო, სასიამოვნო რამ.

ნიკუშა: ხშირად გვეკითხებიან ხოლმე წარმატების საიდუმლოს თუ რაღაც ამდაგვარს. ალბათ დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდა ასაკმაც, იმ გამბედაობამ და რისკის გაწევის სითამამემაც, რომელიც ამ ასაკს, როგორც წესი, თან ახლავს. ვცდილობ გადაჭარბებულად არ შევაფასო ის, რაც შეიქმნა და დღემდე მოვიტანეთ, თუმცა ფაქტია, რომ ამ კაფეს ჩვენს ქალაქში ბევრი იცნობს, ზოგიც ახლა პოულობს, ეცნობა და იმახსოვრებს. მას უკვე აქვს თავისი სამწლიანი ისტორია, რომელიც სხვების ისტორიებს არ ჰგავს.

მარიამი: ისევე, როგორც ადამიანებს აქვთ თავიანთი ისტორიები, რომლებიც სხვების ისტორიებს არ ჰგვანან. აი, მე და ნიკუშა კი იმდენად ვგავართ, რომ მგონი ფიქრითაც კი ერთნაირად ვფიქრობთ. ორივეს გვიყვარს ბავშვებთან ერთად ყოფნა და ვცდილობთ მუდმივად ერთ სივრცეში ვიყოთ ჩვენ ოთხნი. გაბრიელი უკვე საბავშვო ბაღში წავიდა, ახლა აქ ჩვენი მეორე შვილი, სამი თვის ილია იზრდება. ჩემს მშობლებს შვიდი შვილი ჰყავთ. მე როგორც ამ შვიდშვილიანი ოჯახის უფროს შვილს, ურთიერთობების დიდი სკოლა მაქვს გავლილი, თუნცა ხანდახან რაღაცებში ჩემს ფშავურ ხასიათს ვამჟღავნებ ხოლმე. აი, ნიკუშას გაბრაზება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. თვით სიმშვიდეა, ყველანაირი სირთულისა და გაუგებრობის გამანეიტრალებელი. ძალიან ბევრი რამ თავის თავზე აქვს აღებული. თავის სამსახურშიც, აქაც და ოჯახშიც ერთნაირად აქტიურია. ერთი შემთხვევა, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება: ჭურჭლის მრეცხავი არ გვყავდა, დილაადრიან მოვარდი, რომ დამელაგებინა და საღამოს დაგროვილი ჭურჭლისთვის მიმეხედა. შემოვედი და დაკრიალებული დამხვდა აქაურობა, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ნიკუშა დარჩენილა და ყველაფერი გაუკეთებია.

თიანეთის გემო და სურნელი

5

ნიკუშა: დღეს ჩვენთან უკვე 15 ადამიანია დასაქმებული. გვყავს ახალი შეფ-მზარეული, რომელმაც მენიუ გადაახალისა და მაქსიმალურად მოარგო გარემოს, სადაც ამ კერძებს აგემოვნებ. მიუხედავად იმისა, რომ მართვა, ზოგადად, რთულია, ჩვენთან ამ მხრივ პრობლემა ნაკლებადაა. საბედნიეროდ, იმდენად კარგი თანამშრომლები გვყავს და ისეთი პატივისცემა გვაქვს ერთმანეთის, რომ ოჯახივით ვართ. აქ ყვირილი და რაღაცის აგრესიული ფორმით გარჩევა წარმოუდგენელია. საუბრის დონეზე წყდება ნებისმიერი პრობლემა. ყველანაირი ასაკისა და ინტერესის ხალხი დადის ჩვენთან. არამწეველებისთვის ძალიან მოსახერხებელია ის, რომ მწეველთა ზონა აბსოლუტურად იზოლირებულია. ეს დიდ მოწონებას იმსახურებს. ნელ-ნელა, პრაქტიკაში ისწავლება ყველაფერი. თვითონ პროცესში ბევრი იდეა გაჩნდა, შეცდომების ეტაპიც გამოვიარეთ, მენიუს საბოლოოდ შემუშავებასაც დრო დასჭირდა.

მარიამი: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი ჩვენთან ‒ ხინკალია, რომელსაც მხოლოდ შაბათ-კვირას თიანეთიდან მოწვეული ქალბატონი ნანა ამზადებს ერთ დამხმარესთან ერთად. ჩვენი ხინკალი ზუსტად ისეთია, როგორსაც მხოლოდ თიანეთში თუ დააგემოვნებთ: პატარა ზომის. საქონლის ხორცით მზადდება, სხვა არაფერი
არ ერევა. ხელით იჭრება, ბრტყელდება და იხვევა. ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ცოტა მეტი დრო სჭირდება.
ხანდახან მეც ვახვევ ხოლმე. ბევრისგან გამიგია, რომ ერთ-ერთი ადგილი თბილისში, სადაც კარგი ხინკლის ჭამა შეიძლება, „ამო რამეა.“ ამაზე სასიამოვნო კომპლიმენტი ძნელად წარმომიდგენია.

მართალია, ყოფილა შემთხვევა, 6 თვის ორსულს რამდენიმე ასეული ხინკალი მომიხვევია დღეში, მაგრამ ასეთი ეპიზოდები მერე ტკბილ მოგონებად იქცევა. მთავარია, მოგწონდეს და გიხაროდეს ის, რასაც აკეთებ.
ბავშვზე რომ ფორიაქობ, ისეთი განცდები მაქვს აქაურობის მიმართ. ესენი დამცინიან, მარიამს ვერაფერს დაუმალავ, ისე გრძნობს აქ ყველაფერსო. რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან დამღლელიცაა ეს უწყვეტი პროცესი, მაგრამ სოციალურ ქსელში ვიღაცის კმაყოფილ პოსტს რომ ვნახავ, ან ფოტოებზე კომენტარებს, გული მიჩუყდება სიხარულისგან და ვფიქრობ: აი, ეს არის „ამო რამე!“ და ამ საამო რამედ ღირს ცხოვრება!

6

ფოტო: იკა პირველი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com