შვედეთის სურნელი
„მე ლიზი მქვია. გოგო ვარ. თუმცა ამას, ალბათ, თვითონაც მიხვდით. ლიზი ხომ გოგოს სახელია“
როგორ შეიძლება ასე იწყებოდეს წიგნი და მისი წაკითხვა არ მოგინდეს?! იწყებოდეს ასე მარტივი და დაუვიწყარი ხუთი სიტყვით: „მე ლიზი მქვია. გოგო ვარ.“ ამიტომაა ასტრიდ ლინდგრენი გენიალური. აბა, სხვა რა შეიძლება უწოდო მწერალს, რომელსაც შეუძლია ასე უბრალოდ, ასე შეუდარებლად დაიწყოს ამბავი.
ამბავი კი სამ სახლზე და ექვს ბავშვზეა. შვედეთის ერთ პატარა სოფელში, ბიულერბიუში, სულ სამი სახლი დგას, გვერდიგვერდ, და სულ ექვსი ბავშვი ცხოვრობს: ლასე, ბოსე, ლიზი, ულე, ბრიტა და ანა. მერე ჩერსტინიც ჩნდება ‒ ულეს დაიკო, მაგრამ ის პატარაა და ბიულერბიუელ ბავშვებში არ ითვლება.
ლიზი მთავარი გმირია. ის ყვება ისტორიებს. ლასე და ბოსე მისი უფროსი ძმები არიან. თავიდან სამივეს ერთ ოთახში ეძინა, მერე ლიზის საკუთარი ოთახი აჩუქეს და იქ გადაბარგდა თავისი თოჯინებითა და პრიალა სურათებით.
ლასე ძალიან ღონიერია და ბიულერბიუში ყველა ბავშვზე სწრაფად დარბის. როცა გაიზრდება, ეშმაკური მოწყობილობების ინჟინრობას აპირებს.
ბოსე ცოტათი ბოთეა და ყველაფერს გვიან ხვდება. სამაგიეროდ, ჩიტის კვერცხების კოლექცია აქვს. აი, ამაში ნამდვილად ვერავინ აჯობებს.
ლასე და ბოსე ის ბიჭები არიან, რომლებმაც ბავშვობაშიც და მერეც, კაი გვარიანად წამოზრდილს, ბევრჯერ მანატრებინეს ძმები მყოლოდა. ლიზი დაზე ოცნებობდა, მე კი დღესაც მინდა უფროს ძმებთან ერთად ვიწვე ბნელ ოთახში და გული მისკდებოდეს ლასეს მოყოლილ საზარელ ამბებზე. თუნდაც ყოველ დღე გავებრაზებინე ორივეს, პატარებს ინდიელობანას არ ვათამაშებთო ან ცხვარს ჰგავხარო, ეთქვათ; ან თუნდაც ჩემი საუკეთესო თოჯინისთვის, ბელასთვის, ნახშირით ულვაშები მიეხატათ; ანდა სკამისთვის თოკები გამოებათ და სიბნელეში მოჩვენებასავით ეხტუნებინათ აქეთ-იქით. მერე რა!
სამაგიეროდ, რომ არა ლასე, ვის დაებადებოდა იდეა ალუბლის არნახული მოსავალი გაფუჭებას გადაერჩინა და დიდი სოფლის შარაგზაზე გაეყიდა.
ასე შეიქმნა ალუბლის სააქციო საზოგადოება, რომელშიც ექვსივე ბიულერბიუელი ბავშვი გაერთიანდა. შარაგზაზე ყოველი მანქანის გავლისას მტვრის ისეთი კორიანტელი დგებოდა, ნაცრისფერ ბურუსში ხვევდა სააქციო საზოგადოების წევრებს. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ადგილი სწორად შეარჩიეს: იქ გზა ორად უხვევდა, მანქანებსაც შეჩერება არ უჭირდათ. პირველ მანქანაში დედა, მამა და ოთხი ბავშვი იჯდა. სწყუროდათ და სამ ჭიქა ალუბალში სიამოვნებით გადაიხადეს სამი კრონა. ბავშვების მამამ თქვა, შორს, უცხო ქვეყანაში მივდივართო. ლიზის საოცრებად მოეჩვენა, რომ მისი მსხვილ-მსხვილი, სიმწიფისგან ჩაშავებული და ტკბილზე ტკბილი ალუბალი უცხო ქვეყანაში გაემგზავრებოდა, თვითონ კი ბიულერბიუში დარჩებოდა.
ლასემ, როგორც მოსალოდნელი იყო, წყალი გადაასხა: „უცხო ქვეყანაში არა, ის არ გინდა! მაგ შენს ალუბალს რამდენიმე კილომეტრის მერე შეჭამენ!“
თუმცა ლიზი მაინც ჯიუტად იმეორებდა, სულ ერთია, მოხვდება საზღვარგარეთ, ისე თუა არა, მუცლებში მაინც ხომ ექნებათო.
ბოლოს და ბოლოს სულ გაიყიდა ალუბალი. ფულის ჩასადებად წამოღებულ სიგარის კოლოფში მთელი ოცდაათი კრონა იდო. თითოს ხუთი კრონა შეხვდა.
არც იმის მოფიქრება გასჭირვებიათ, რაში დაეხარჯათ აღებული ფული. დიდი სოფლის საშაქარლამოში ტკბილეული და ლიმონათი ელოდათ! ლიზიმ მარციპანის მწვანე ფოთლებით მორთული ტკბილღვეზელა აირჩია.
სააქციო საზოგადოების დამფუძნებელმა ლასემ ალუბლისგან კერკის გაკეთებაც სცადა, მაგრამ წარუმატებლად: გაავსო ტაფა და შედგა ფურნაკში, თვითონ კი საბანაოდ გაიქცა. მისი ალუბალი, რა თქმა უნდა, დანახშირდა.
მგონი ასი წელი გავიდა „ბიულერბიუელი ბავშვების“ აღმოჩენიდან. მაგრამ დღემდე ყოველ ზაფხულს გამოვაძვრენ ხოლმე უკვე გაცრეცილ-გადახუნებულს და ვიცინი, როგორც ვიცინოდი შვიდი წლის; სულგანაბული ვუსმენ, რას ყვება უცნაური მეწისქვილე იუხანი ‒ დიდები რომ არ უყვარდა, ბავშვებთან ლაპარაკს კი არაფერი ერჩივნა; გული მისკდება მღელვარებისგან წყლის კაცის მომლოდინეს. რამდენიმე წამიც, სულ რამდენიმე წამიც და, აი, გამოჩნდება… იდუმალებით მოცული წყლის კაცი, ნაღვლიანად რომ ამღერებს ნაცნობ მელოდიას. რა უცნაურია! ნეტავ საიდან უნდა იცოდეს წყლის კაცმა სიმღერა, დიდ სოფელში რომ ასწავლიან მუსიკის გაკვეთილზე? მაგრამ საკვირველი არც არაფერია ‒ საკმარისია კარგად დააკვირდე-ტირიფნარში წყლის კაცი კი არა, ლასე ზის შიშველ-ტიტველი და ტუჩის გარმონზე გულისმომკვლელად უკრავს!
მარტო ეს ერთი ეპიზოდიც კი, როცა არ უნდა წაიკითხო, მთელი გულით განატრებს ზაფხულს, არდადეგების უდარდელ სილაღეს, ფშანის ხმაურს და ცხენის ფლოქვების მხიარულ თქარათქურს გაფოთლილ ტყეში. აი, იმ ცხენის, შვედა რომ ერქვა და ლასეს, ბოსეს და ლიზის მამა „მაჭანკალს“ ეძახდა ‒ დედათქვენის ხელის სათხოვნელად ამ ცხენით წავედიო.
… განატრებს ბავშვობას, სადაც ვეღარასდროს მიბრუნდები. ბავშვობას, რომელშიც არასდროს ყოფილა განძის ძიების, კამანჩებზე ნადირობის, მშობლების ტანისამოსის გადაცმის, ღამის სათივეზე გათევის ან თუნდაც საშობაო თაფლაკვერების ცხობის ეპიზოდები. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც იყო. წაკითხულივით კი არა, განცდილივით!
სოფელ ბიულერბიუში ზაფხული დგას. არყის ხეები, ფურისულები და ჩიტისთავები თავს იგიჟებენ ყვავილობით. ტოტები მიწამდე აქვთ დახრილი ნაყოფით დახუნძლულ ალუბლის ხეებს. სოფლის სამად სამი სახლი გვერდიგვერდ ისე ჩამწკრივებულა, თითქოს მუჯლუგუნებს კრავენ ერთმანეთს. და უცებ ხვდები, რომ ლიზი გქვია. გოგო ხარ. ზაფხულის არდადეგებით ნეტარებ და სულ არ გენაღვლება, რომ თვალის დახამხამებაში ჩაივლის ივლისი და მერე აგვისტოც.
ლიზი გქვია და ყოველ საღამოს ანას და ბრიტას მოხუც ბაბუას გაზეთებს უკითხავ დანარჩენ ბავშვებთან ერთად.
გადიობა გაქვს გადაწყვეტილი და სიხარულით იტოვებ მოსავლელად ულეს ფუნჩულა დაიკოს. მერე რა, რომ
რამდენიმე საათში ყველა ლამაზ კაბას დაილაქავებს და თვითონაც თავფეხიანად მოითხვრება გუტალინით.
ლიზი გქვია, გოგო ხარ და ივან კუპალას დღესასწაულის ღამეს ცხრა სხვადასხვანაირ ყვავილს იდებ ბალიშის ქვეშ, რომ სიზმრად საქმრო ნახო.
ბაია, კესანე, მზეყვავილა, ენდრონიკა, მაჩიტა, გვირილა, ქვატეხია და კიდევ ორი ყვავილი ადგილზეა, მაგრამ არც საქმრო გესიზმრება და არც არაფერი. არ გესიზმრება და არც დარდობ ‒ მაინც იცი, რომ ულეს
გაყვები ცოლად! წიგნის მთავარ გმირს ლიზი ჰქვია. გოგოა. თუმცა ამას ალბათ თვითონაც მიხვდით. ლიზი ხომ გოგოს სახელია.
ალუბლის კერკი ბიულერბიუდან
კერკის მოსამზადებლად ალუბალს ღუმელში ახმობენ, ტილოს პარკებში ინახავენ და მთელი ზამთრის განმავლობაში იყენებენ კომპოტის მოსახარშად.