თეთრ პურზე მოყრილი შაქარი, ატმის ბრენდი და რძე ერთად გაგისინჯავთ? ასეთ უცნაურ ვახშამს მიირთმევს ტელევიზორის წინ მოკალათებული ტრევისი (რობერტ დე ნირო) მარტინ სკორსეზეს საკულტო ფილმში „ტაქსის მძღოლი“. ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმის სცენარისტი პოლ შრედერი აღიარებდა, რომ მსგავს კომბინაციებს ხშირად თავად აკეთებდა ცხოვრების მძიმე პერიოდების დროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პერიოდები ალკოჰოლით იყო გაჟღენთილი.
მანიაკი სამურაი ტრევის ბიკლი გვანახებს რას ნიშნავს მარტოობა დიდ ქალაქში. ვიეტნამის ომის ვეტერანი, ღამით ტაქსის მძღოლად მუშაობს, იროკეზს ატარებს და სიგიჟის ზღვარზე დგას. ის ერთია ყველას წინააღმდეგ: პოლიტიკოსების, სუტინიორების, ბოზების, ყველაფრის, რადაც იქცა იმ ეპოქის ამერიკა ვიეტნამის შემდეგ.
ტრევისის ყოველდღიური მენიუ ე.წ. „ჯანქ ფუდისგან“ შედგება: პოპ კორნი, გაზიანი სასმელი, ჰამბურგერები, იაფფასიანი ტკბილეული, ფრენჩ ფრაისი, შავი ყავა. ამით თითქოს ფილმის ავტორები ცდილობენ, ხაზი გაუსვან
ცენტრალური გმირის დეგრადირებულ ყოფას და მის შინაგან მდგომარეობას. „რასაც ვირჩევთ, რომ მოხვდეს
ჩვენს სხეულებში, არის გამოხატულება საკუთარი თავისადმი პატივისცემის“ ‒ ამბობს კიდეც პოლ შრედერი ერთ-ერთ ინტერვიუში ‒ „ადამიანები ცუდ საკვებს მიირთმევენ იმიტომ, რომ ეს არის საკუთარი თავისადმი ზიზღის მანიფესტაცია. ასეთი საკვები პორნოგრაფიას გავს, რომელიც მხოლოდ მომენტალურ დაკმაყოფილებას იწვევს…“
პატარა კაფეტერიაში ტრევისი ქალის იდეალს, ოქროსფერთმიან ბეთსის (სიბილ შეფარდი) ხვდება, ვაშლის ღვეზელს უკვეთავს მდნარი ყველით, მაგრამ ლუკმასაც ვერ იდებს, რადგან თვალს ვერ წყვეტს ბეთსის მშვენიერებას. ბეთსი მსუბუქ ხილის სალათს მიირთმევს და ამით კიდევ ერთხელ ხაზი ესმევა მისი იდეალურობის შარავანდედს. ამ სცენის კულინარიული გადაწყვეტა სრულ კონტრასტში მოდის ფილმის კიდევ ერთ ეპიზოდთან, როდესაც ტრევისის წინ ბეთსის მაგივრად თინეიჯერი მეძავი აირისი (ჯოდი ფოსტერი) იჯდება და დიდი, თეთრი გახუხული პურის ნაჭერს ჯერ ჯემს წაუსმევს და შემდეგ უხვად შაქარს მოაყრის. „მე და სკორსეზე ვიცნობდით ერთ არასრულწლოვან მეძავს, რომელიც ასეთ საუზმეს მიირთმევდა. ამიტომაც შევიტანეთ ეს სცენა ფილმში“ ‒ ამბობდა შრედერი.
ფრენჩ ფრაის (French Fries), იგივე კარტოფილი „ფრი“, როგორც ეძახიან ჩვენთან, ტრევისის მენიუს შემადგენელი ნაწილია და ფილმშიც არაერთხელ გაიელვებს იაფფასიან კაფეტერიებსა და ბისტროებში. ბევრ ზეთში შემწვარი კარტოფილის ნაჭრები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ფასტ ფუდ კვების ობიექტის უცვლელი სიმბოლოა და დიდი ხანია მათ კვების რაციონში შედის, ვინც სირბილში ჭამას არის მიჩვეული.
კარტოფილი ფრი პოპ კულტურაშიც ხშირად ჩნდება, ფილმებში, სიმღერის ტექსტებში, თანამედროვე მხატვრობაში…
«How's this for a headline? French Fries!» („გამოგადგებათ სათაურად? ფრენჩ ფრაის!“) ‒ ეს ფრაზა წამოიყვირა ცნობილმა ამერიკელმა დამნაშავემ, ჯეიმ ფრენჩმა, ელექტრონულ საკამზე და ამით იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათაური უკარნახა ჟურნალისტებს მეორე დღის გამოცემებისთვის.
ჯგუფ Morphine-ის აქვს სიმღერა «French fries with pepper» (კარტოფილი ფრი პილპილთან ერთად).
გახსოვთ ალბათ, ტრავოლტას გმირი ფილმში „მაკულატურა“, რამდენს კამათობს, რომ ჰოლანდიაში კარტოფილ ფრის კეტჩუპის მაგივრად მაიონეზთან ერთად მიირთმევენ.
რომელი სოუსი შევუხამოთ ფრის? კეტჩუპი და მაიონეზი, ძირითად რასაც გვთავაზობენ ფასტ ფუდ რესტორნები, უკვე არავის აკმაყოფილებს. რადგან კარტოფილი ფრი დაბადების დღეების, პიკნიკების და სხვადასხვა წვეულებების განუყოფელი ნაწილია. სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მოამზადოთ ტომატის საწებელი ნივრით, არაჟანი სოიოს ზეთით, აიოლი (ნიორი, ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ლიმონის წვენი), ყველის სოუსი (დაბალ ცეცხლზე გამდნარი კარაქი, კეტჩუპი, ფქვილი, ცოტა რძე და წვრილად გახეხილი ყველი) და სხვ.
ყველას კარგად ახსოვს რა უყვარს აგენტ დეილ კუპერს ამქვეყნად ყველაზე მეტად. ეს არის შავი, მაგარი ყავა. პატარა პროვინციულ ქალაქ, თვინ ფიქსში ჩასული დეტექტივი აღმოაჩენს, რომ აქ, ყველაზე გემრიელ ყავას აკეთებენ ("Damn good coffee!"), დღის განმავლობაში დონათსების განუსაზღვრელი რაოდენობით იკვებებიან,
ქალაქის ყველაზე ცნობილ Double R Diner კაფეტერიაში კი მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ალუბლის ღვეზელი ცხვება.
საერთოდ, სერიალში მრავლადაა კულინარიულ-ლინჩური ეპიზოდები. მაგალითად სცენა, რომელშიც პიტ
მარტელი შერიფ ტრუმანსა და დეტექტივ კუპერს ყავით უმასპინძლდება და აღმოაჩენს, რომ ყავის საწურში
გაუგებარი მიზეზების გამო თევზი აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ეპიზოდია სერიალიდან.
ანდა სცენა, რომელშიც სახლში დაბრუნებული ჯერი ჰორნი (უმცროსი, ბინძური და გასაიდუმლოებული საქმიანობებით ცნობილ ძმებს შორის) ოჯახის წევრებთან საფრანგეთიდან ჩამოტანილი სენდვიჩით იწონებს თავს და ტკბება ნამდვილი ფრანგული ბაგეტის ღირსებით.
აგენტ კუპერის გამონათქვამები მისი კულინარიული გემოვნების შესახებ ხომ თითქმის ყველა მფრინავ ფრაზად
არის ქცეული. კუპერის და მისი ვნების ობიექტში, ოდრის პირველი შეხვედრაც სწორედ, საუზმეზე ხდება, რომელიც კუპერისთვის საკრალური რიტუალია.
ამ სცენების გახსენება/გადამეორება განსაკუთრებით სასიამოვნოა მათთვის, ვინც სერიალის მრავალრიცხოვანი
ფანების სიაში შედის და ელოდება იანვარს, როცა 25 წლის შემდეგ, „ეს ისევ მოხდება” და შოუთაიმის ეთერში
მაყურებელი კიდევ ერთხელ შეხვდება ტვინ ფიქსისის მაცხოვრებლებს.
მაგრამ ყველაზე მეტად თუ საქმე ტვინ ფიქსურ კულინარიას ეხება, სერიალიდან მაინც ყავა, დონატები და ალუბლის ღვეზელი გვამახსოვრდება.
დონატი ეს არის შუაში გახვრეტილი ტკბილი ფუნთუშა შიგთავსით, ან ზემოდან მოსხმული შაქრის მინანქრით, ჯემით, შიკოლადით, კონფიტიურით და ა.შ.
პირველი დონატი ნიუ იორკის ქუჩებში, ჰოლანდიური სახელით Olykoek გამოჩნდა, რაც ზეთიან ბისკვიტს ნიშნავს. დონათს, რომლის დღევანდელი ფორმა რუსულ ბუბლიკს მოგვაგონებს, თავდაპირველად არ ჰქონდა ხვრელი. „ლეგენდის” თანახმად მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, გემ „ელიზაბეტ გრეგორიზე”, რომელსაც სუნელები გადაჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში, კაპიტანმა ჰანსონმა გემის საჭის ერთ-ერთ ჯოხს დედის გამომცხვარი ფუნთუშა წამოაცვა, რადგან ქარიშხლის გამო ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა. აქედან გაჩნდა ხვრელიანი დონათსი, ფუნთუშა შუაგულში სივრცით.
დონატსის ტიპის ფუნთუშები თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოში გვხვდება სხვადასხვა ვარიაციებით. ინდური ბალუშაი, იგივე ბადუშა (ზეთში შემწვარი ფქვილის მასა შაქრის სიროფით), ძიპული და ძეპოლე კალაბრიულ სამზარეულოში, ბომბოლონი ტოსკანურში, პონჩიკი და პიშკა რუსეთში, პამპუშკი უკრაინაში, ბერლინური ფუნთუშა (ზეთში გამომცხვარი ცომი კონფიტიურის შიგთავსით და შაქრის პუდრით მოყრილი), „პე დე ნონ” ანუ პონჩიკები ფრანგულად, სმულტრინგი და ჰიორტეტაკი ნორვეგიულად (ფუნთიუშები სხვადასხვა შიგთავსით, კარდამონით და ზოგჯერ ბრენდით, საშობაო დღესასწაულების ტრადიციული ნუგბარი), ფინური მუნკი და ა.შ. არ არის გასაკვირი რომ ყველა ქვეყნის კულინარიულ ტრადიციაში არსებული ფუნთუშა, ემიგრანტების ქვეყანაში დონატსად იქცა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნთუშის სახეობაა.
მეორე დესერტი, რომლითაც ცნობილია ტვინ ფიქსის Double R Diner კაფე და მისი მფლობელი, ყოფილი მის ტვინ ფიქსი – ნორმა ჯენკისნი, არის ალუბლის ღვეზელი.
ტრადიციული ალუბლის ღვეზელის მოსამზადებლად ძირითადად მორელო ალუბალს და ტარტის ნაჭრებს იყენებენ, თუმცა ბებიების „ვაშლის პეროგის” რეცეპტში, თუ ვაშლის მაგივრად ალუბალს გამოიყენებთ, შეიძლება არანაკლებ საინტერესო შედეგი მიიღოთ. ალუბლის ღვეზელი ძირითადად ჩრდილო ამერიკასთან, გერმანიასა და ავსტრიასთან ასოცირდება და სანამ მაცივარს გამოიგონებდნენ, ძირითადად ზაფხულობით მიირთმევდნენ ხოლმე. ალუბლის ღვეზელს ნაყინთან ერთად მიირთმევენ და ხშირად ნამცხვრის ზედაპირს სხვადასხვა ორნამენტებით ფარავენ.
რატომ არის ალუბლის ღვეზელი ტვინ პიქსისი სიმბოლო? თეთრ, ფხვიერი ცომიდან გადმოღვენთილ სისხლივით წითელ ალუბლებს მიაყოლეთ დეილ კუპერის საყვარელი ცხელი, შავი ყავა და დაელოდეთ კითხვებზე პასუხებს ტვინ ფიქსის მესამე სეზონში.
1958 წელი. ჰავანა. ბანქოს ცნობილი მოთამაშე ჯეკ უეილი ხვდება რობერტა დურანს, კუბელი რევოლუციონერის ცოლს. ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდება ორივესთვის და ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სასიყვარულო თავგადასავალი ამერიკულ კინოში. მიუხედავად იმისა, რომ სიდნი პოლაკისეული „კასაბლანკას” რიმეიქი ჩავარდა კინოგაქირავებაში და არც თუ ისე წარმატებულ ფილმად ითვლება, მაინც ბევრი რამ არის ამ ფილმში დასამახსოვრებელი. მათ შორის ჯეკ უელის მიერ არაერთხელ შეკვეთილი კოქტეილი ‒ დაიკირი.
დაიკირი ‒ კლასიკური კოქტეილების ჯგუფს მიეკუთვნება. დაიკირი გულისხმობს კოქტეილების სერიას, რომლებიც მზადდება რომით, ლაიმის წვენისა და შაქრის სიროფის დამატებით. ეს კოქტეილი პირველ რიგში ცნობილია იმით, რომ უყვარდათ ერნსტ ჰემინგუეის და პრეზიდენტ კენედის.
ამ მარტივად მოსამზადებელი კოქტეილის სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ სანტიაგო დე კუბას აღმოსავლეთით მდებარე სანაპიროდან (Plqyq de Daiquiri). როგორც ცნობილია, XX საუკუნის დასაწყისში სწორედ აქ, რკინის საბადოში მომუშავე ამერიკელ ინჟინრებს გამოუგონიათ ეს კოქტეილი, ბარ Venus-ში.
თავდაპირველად დაიკირის ასე ამზადებდნენ: მაღალ ბოკალს ავსებდნენ ყინულით, დებდნენ შაქრის ლერწამს, ასხამდნენ რომ ბაკარდის და ჩაწურავდნენ ორ ცალ ლაიმს. მხოლოდ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყეს შეიკერის გამოყენება და მისი კლასიკური კოქტეილის ჭიქით მირთმევა.
ჰემინგუეი თავის საყვარელი კოქტეილს თავისებურად მიირთმევდა და მას „პაპა დობლე” ანუ „ორმაგი მამიკო”
შეარქვეს. ამ კოქტეილის „ჰემინგუეის დაიკირისაც” უწოდებენ. დაიკირის ჰემინგუეისეულ ვარიანტს რომის ორი პორცია აქვს და გრეიფრუტის წვენს უმატებენ. არ ემატება შაქარი, რადგან მის ფუნქციას მარასკინის ლიქიორი ასრულებს.
დაიკირი არა მარტო ჰემინგუეის არამედ ბევრ სხვა მხატვრულ ნაწარმოებებშია ნახსენები. მათ შორის: სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში”, გრემ გრინის „ჩვენი ადამიანი ჰავანაში”, ჰარუკი მურაკამის „ოჯახური საქმეები”, ირვინ შოუს „მდიდარი ღარიბი” და სხვ.