სტუმრად სამზარეულოში რუსუდან გლურჯიძე

cinema

წარმატებული ადამიანი ჩვენს ქალაქში საბედნიეროდ ბევრია, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანების სია, ვინც საქართველოს სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტვალზე, ღირსეულად წარადგენს. რუსუდან გლურჯიძის ფილმმა „სხვისი სახლი“ უკვე მოიპოვა კარლოვი ვარის ფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი, ახლა კი რეჟისორი ოსკარების რიგით 89-ე დაჯილდოებისათვის ემზადება. სანამ ფილმი ნომინანტებს შორის მოხვდება, მანამდე საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი, სამზადისი უკვე დაწყებულია, რეჟისორი რამდენიმე დღეში ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, სადაც ფილმის ჩვენებებს გამართავს. გამგზავრებამდე კი რუსუდან გლურჯიძეს „კულინArt“-ის ჯგუფი სამზარეულოში ვესტუმრეთ და მისგან საინტერესო რეცეპტებიც ჩავიწერეთ.

– სამზარეულოში დამოუკიდებლად მოხვედით როცა…

– ყველა გოგონას აქვს ის პერიოდი, როდესაც მოსწონს სამზარეულოში ტრიალი და ბედნიერია, როცა ამის საშუალებას აძლევენ. აქ კი იწყება ნამდვილი ქიმიის გაკვეთილები. 13-14 წლიდან ყველამ დავიწყეთ შოკმანჟეებისა და ჟელეების აქტიური ცხობა. ოჯახის წევრები კი სიკვდილის შიშის ქვეშ სინჯავდნენ ჩვენს ექსპერიმენტებს. ჩემთან სახლში სამზარეულოზე მონოპოლია დედას და ბებიას ჰქონდათ და ამიტომ საჭმლის კეთება ოჯახში განსაკუთრებული ტრადიცია იყო. თუ სადილზე რამდენიმე კერძი არ კეთდებოდა, ეს ნამდვილ ტრაგედიად ითვლებოდა. როცა გავთხოვდი და მარტო გადავედი სახცოვრებლად, პირველად მაშინ მომიწია დამოუკიდებლად კერძების კეთება. იმდენად მიუჩვეველი ვიყავი, რომ პირველი ორი წელი დედას ტელეფონზე ვურეკავდი და ისე ვაკეთებდი საჭმელს.

– ბავშვობის გემო…

-მკვეთრად მახსოვს ახალი წლის სუფრა. ძალიან მიყვარს გოზინაყი და თუ მიმიშვეს, შემიძლია უზომოდ ბევრი ვჭამო. ასევე ვგიჟდებოდი კომშზე, რომელიც თაფლითა და ნიგვზით მზადდება და ამას ყოველვის დედა აკეთებდა. ეს სუნები ჩემში დღემდე ბავშვობის ასოციაციას იწვევს.

– საყვარელი კერძი…

-საყვარელი კერძი ბევრი მაქვს. მიყვარს გემრიელად ჭამა. ქართული კერძებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს საცივი, იმიტომ რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მზადდება და გული მწყდება სხვა დროს რომ არ ვაკეთებთ. მიყვარს ლობიოც . არაქართულ კერძებს რაც შეეხება, მიყვარს იტალიური სამზარეულო – პასტა და სალათები. თუ მოხდა საოცრება, და დედამ მიმიშვა სამზარეულოსთან, მაშინ პასტას და ლობიოს ვაკეთებ.

– კერძი, რომელსაც ვერ გასინჯავთ…

-აზიური სამზარეულო მიყვარს, მაგრამ ყველაფრის გასინჯვას ვერ ვრისკავ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე იმის კონტენტი, რასაც მივირთმევ. ერთხელ ასე შემთხვევით კურდღელი მაჭამეს, რომ მცოდნოდა რას მივირთმევდი, ნამდვლად არ მივეკარებოდი, თან არც კი მომეწონა. არ მიყვარს უცნაური ხორცის და თევზის დაგემოვნება.

– აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორ არის კერძი მოწოდებული?

-ხან კი და ხან არა. აი, მაგალითად თბილისში არის რამდენიმე ადგილი, სადაც კერძის მოწოდების მხრივ სრულ კრახს განიცდიან. სამაგიეროდ მსგავსი გემრიელი ქართული სამზარეულო სხვაგან არ მეგულება. ბასკეთში, როცა ვიყავით, საშინელ ფუნდუკში წაგვიყვანეს ბასკური ხორცის დასაგემოვნებლად. მსგავსი ფუნდუკი კიდევ არის პარიზში, შანზელიზეს გვერდით. ძალიან პატარა ოთახში ბევრი ფრანგული მაგიდა დგას და ამ ადგილს ხალხი მთელი მსოფლიოდან აკითხავს. ამიტომ ვფიქრობ მთავარია კერძი იყოს გემრილი და გამორჩეული.

– კინო და კულინარია…

-ძალიან მიყვარს ფილმების ყურება შეფ ‒ მზარეულებზე. ტელევიზორშიც, ხშირად ვუყურებ კულინარიულ გადაცმებს, განსაკუთრებით დილაობით, ენერგიაზე მოვყავარ. კინოში მაღიზიანებს ჭამის ხმები, ამიტომ თავად არასოდეს მივირთმევ ფილმის ყურების დროს. მაქსიმუმ, სახლში თუ ვარ, შეიძლება შოკოლადი მივაყოლო. ზოგადად ფილმებშიც არ მომწონს ჭამის სცენები. სასაცილოა ხოლმე სუფრის ეპიზოდების გადაღება, რადგან აქ კომიკურ სიტუაციებს ვერ აცდები. ყველა, ვინც კინოში ან კინოზე მუშაობს, საშინელი გურმანია. მართალია, გადაღებებზე კვება გასტრიტთან და კოლიტთან უფრო ასოცირდება, სამაგიეროდ მუშაობის დასრულების შემდეგ სახლის საჭმელი ნეტარებად გვეჩვენება. ძალიან ბევრ კინემატოგრაფს, ევროპაში საკუთარი რესტორანი აქვს, მათთვის კულინარია ცალკე ხელოვნებაა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ მხოლოდ რამდენიმე რესტორანმა გაითავისა ეს. ჯერ ბევრი ვერ მიხვდა, რომ კულინარია ხელოვნებაა და არა მხოლოდ პროცესი.

– თქვენთვის შეფი ქალია თუ კაცი?

– კაცი, რადგან მათ უფრო გემრიელად გამოსდით. ბაბუაჩემი აკეთებდა ხორცის კერძებს და უგემრელესი იყო. ზოგადად მამაკაცები სახლში უფრო იშვიათად აკეთებენ, მაგრამ როცა კაცი სამზარეულოში შედის ზუსტად იცი, რომ ის რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებს. ამიტომ ჩემთვის შეფ-მზარეული მამაკაცია.

– რომელია თქვენი საყვარელი სამი რესტორანი, სადაც სტუმრებს მასპინძლობთ?!…

– პირველ რიგში, თუ დედა დამთანხმდა, სახლში მომყავს, დამეთანხმებით, რომ სახლში მომზადებულ კერძებს არაფერი შეედრება. თუ სახლში ვერ ვახერხებ მაქვს ამოჩემებული ადგილები: გაბრიაძის რესტორანი, სადაც არაჩვეულებრივი, გამორჩეული ქართული კერძები აქვთ. მწერლთა სახლში „ლიტერა“, მათთანაც უგემრიელესი სამზარეულოა. სულ მაქვს მიდრეკილება, რომ სტუმრები „პლათფორმაშიც“ წავიყვანო. ესე განსაკუთრებულად არსად ამზადებენ ქართულ კერძებს. ცოტა ხნის წინ, ცნობილი კინოს პროდუსერი ‒ პიტერ რომელი იყო ჩამოსული, რომელსაც ხაჭაპური გავასინჯეთ. იმ დღის შემდეგ გამარჯობის ნაცვლად ხაჭაპურს ამბობდა. და ახლა გადაწყვიტა, რომ ბერლინში ქართული სახაჭაპურე გახსნას. კულტურის გარდა ჩვენი ქვეყნის მთავარი სავიზიტო ბარათი ‒ კულინარიაა!

წიწიბურა ქამა სოკოთი

a-IMG_8986

• წიწიბურა – 0.75 ჭიქა
• ქამა სოკო – 150 გრ.
• კარაქი – 3 ს. კ.
• მარილი გემოვნებით
• ხახვი – 2 თავი

გარეცხილ და პატარა ნაჭრებად დაჭრილ ქამა სოკოს ვთუშავთ 5-7 წუთი ხახვთან ერთად. ვუმატებთ წყალს და წინასწარ მოხალულ და გაჟღენთილ წიწიბურას ვხარშავთ და მზა კერძში ვამატებთ კარაქს… კერძი მზადაა!

კომში თაფლით და ნიგვზით 

quince-with-honey-nuts-thyme-1

• კომში – 5 ც.
• თაფლი – 150 გრ.
• ნიგოზი – 120 გრ.
• კარაქი – 50 გრ.

მოვამზადოთ გული, შევურიოთ 150 გ. თაფლი და 120 გრ. დაქუცმაცებული კაკალი. გავჭრათ კომში ორად, გავასუფთავოთ და ამოვჭრათ გულის მოსათავსებლად. ყოველ ნახევარ კომშში ჩავდოთ 5 გრ. კარაქი და ერთი კოვზი კომშის შიგთავსი. შევდგათ ლანგარი ღუმელში, დავასხათ ერთი ჭიქა წყალი. გამოვაცხოთ კომში 180 გრადუსზე 40-50 წუთი. მზა კომშს შეიძლება მოვასხათ მდნარი შოკოლადი ან უბრალოდ წავუსვათ კარაქი…

IMG_8715

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com